მოგონებები
მოგონებები
ძნელია გამოთქმა, თუ რას ვგრძნობდი იმ დროს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
(დასასრული)
დადგა ჩემი ინიციაციის დღეც. საღამოს შევიკრიბეთ. ასეთი საღამოები კვირაში ერთხელ გვქონდა. ტრადიციული მანტრისა და ვარჯიშის მერე სატანისტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა წაიკითხა წინასწარ დაწერილი თხოვნა ლუციფერისადმი, რომელშიც მე მას ვთხოვდი მივეღე თავის "ძეთა" რიგებში, პირობას ვდებდი, რომ "ძმობის" საიდუმლოებებს შევინახავდი და დავეხმარებოდი მათ ყველა გასაჭირში, რომ ლუციფერს გადავცემდი საკუთარ სულსა და სხეულს, რათა დამხმარებოდა მიწიერ ცხოვრებაში და სიკვდილის მერე წავეყვანე თავის ცეცხლოვან სამეუფოში (სიტყვასიტყვით ეწერა "ცეცხლოვან სიმაღლეებზე"). წავიკითხე და შევყოყმანდი.

სახარებიდან ვიცოდი, რომ დემონი ბოროტი სულია, ღვთის მოწინააღმდეგე, რატომ უნდა მიმეცა მისთვის სული? შიშმა შემიპყრო, თითქოს უფსკრულში გადახტომას მთავაზობდნენ. ვკითხე: - რატომ უნდა გავაკეთო ეს? თქვენ მესაუბრებით თავისუფლებაზე, რომ ქრისტიანთა ღმერთის მონობა სამარცხვინოა, აქ კი მე მონა ვხდები უცნობი სულისა-მეთქი. ხელმძღვანელმა მითხრა: "როგორ თუ უცნობი? უკვე რახანია მას ემსახურები. ვინ გზავნიდა მკვდართა სულებს სპირიტუალურ სეანსებზე შენთან სასაუბროდ? ვის ვუკითხავდით აქ მანტრებს, ვის ვუხმობდით შეწევნისთვის, ვის ვეძახდით კაბალისტური სახელებით? ჩვენ არ ვატარებთ ჯვარს, მაგრამ გვაქვს საიდუმლო ნიშნები. შენ გიკვირს, რატომ არასოდეს ვკითხულობთ სახარებას. ჩვენ ჩვენი ბიბლია გვაქვს, "კაენის წიგნი". ჩვენ გვაქვს იუდას სახარება. ესენი საიდუმლო წიგნებია, ბიბლია კი პროფანებისთვისაა. ჩვენ ჩვენი "წმინდანები" გვყავს: კაენი და იუდა. მერე შეიტყობ, რა გააკეთეს მათ კაცობრიობისთვის, ადამიანები კი რა უმადურად მოექცნენ მათ. შენ დიდი ხანია, ლუციფერის მონა ხარ, ახლა კი გვსურს მისი ძე გახდე და შეიცნო ის აღფრენა-დაცემები, რომლებიც არასოდეს განგიცდია. თუმცა ლუციფერს მამაცი ხალხი სჭირდება; თუ გეშინია, შეგიძლია დაგვტოვო".

და კვლავ რაღაც მწველი გრძნობა დაეუფლა ჩემს გულს: რა არის ეს აღფრენა-დაცემები, ანდა რა მწვერვალებია და უფსკრულები, სადაც ლუციფერს მიჰყავს თავისი თაყვანისმცემლები? ვყოყმანობდი: წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი? მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, სიმთვრალისა თუ ძლიერი ვნების მსგავსი. მახსოვდა ოკულტისტებისა და თეოსოფების მოძღვრება: "უნდა განიცადო ყველაფერი - კეთილიც და ბოროტიც, რომ ბრძენი გახდე". ბოლოს ვთქვი: "მომეცით კალმისტარი, ხელს მოვაწერ ლუციფერისადმი თხოვნას". მაგრამ ხელმძღვანელმა მიპასუხა: "ხელი საკუთარი სისხლით უნდა მოაწერო - ეს ძველი ტრადიციაა, სისხლში ადამიანის სული იმყოფება. ადამიანები სისხლით უერთდებიან ერთმანეთს, სისხლით შეუერთდები შენც ლუციფერს". თითის დასაჩხვლეტად მომაწოდეს ნემსი, მაგრამ სამართებელი მოვითხოვე. როგორც კი შევეხე სამართებლით კანს, აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ეს მეორე გაფრთხილება იყო. სამართებელი გვერდზე გადავდე. ეს რომ დაინახა ხელმძღვანელმა, მითხრა: "ჩემთან ერთად წაიკითხე მანტრა - ლუციფერისადმი მიმართვა". ამის მერე კვლავ ავიღე სამართებელი, გავიჭერი ხელი და სისხლით მოვაწერე ფურცელზე. მომეჩვენა, თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, თითქოს გული გამიქვავდა. არც მიხაროდა და არც ვნანობდი.

შინ ცოლმა მკითხა: კარგად ხომ ხარო. როგორც შემეძლო, დავამშვიდე, მაგრამ ის სრულიად უცხო ადამიანად მომეჩვენა. დილით, როცა ჩემთან ბავშვებმა მოირბინეს, შევეცადე, თავი დამერწმუნებინა, რომ ისინი ჩემი შვილები იყვნენ - მათდამი სიყვარული დამეკარგა. გავიდა დრო. მსახიობივით ვთამაშობდი საყვარელ მეუღლესა და მამას, გულში კი ვნატრობდი, ცოლ-შვილი ან დამხოცოდა, ანდა მათ მივეტოვებინე.

სატანისტებს თავიანთი წეს-ჩვეულებები აქვთ; ეს უმეტესწილად მკრეხელური მიბაძვაა ეკლესიის საიდულოებათა. იმათ თავიანთი კალენდარი აქვთ, სადაც აღნიშნავენ ანტიკურ ფილოსოფოსთა დღეებს, პლატონის, პორფირესი, ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორებისა, განსაკუთრებით ცნობილი ოკულტისტებისა, ერესიარქებისა და ასე შემდეგ. მათი მოგონების დღეებში განსაკუთრებული კრება ეწყობოდა. ჰქონდათ რიტუალი - პაროდირებული ზიარება. რიგრიგობით ერთ ქალს უნდა განესახიერებინა საკუთარი სხეულით ცოცხალი ტრაპეზი: ახურებდნენ ძველ ჰოლანდიურ ბუხარს; გაშიშვლებული ქალი იატაკზე წვებოდა. მკერდზე ღვინით სავსე ჭურჭელს ადგამდნენ, რომელიც უფეხო ჭიქას ჰგავდა; ქალი არ უნდა განძრეულიყო, რათა ერთი წვეთი ღვინოც კი არ დაღვრილიყო, თორემ რიტუალი შესრულებულად არ ჩაითვლებოდა. მანტრის დამთავრების მერე მისი მკერდიდან თასს იღებდნენ, თითოეული მოსვამდა, ხოლო რაც რჩებოდა, ქალს უნდა დაელია. მანამდე ღვინოში კერიიდან ნაცრის მწიკვს ყრიდნენ. აღარ მოგიყვებით იმ ყველა საძაგლობაზე, რომელსაც სატანისტები ასრულებდნენ. როცა ახალგაზრდობაში "ინკვიზიციის იტორიას" ვკითხულობდი, მაშინ ასეთი რამ შეურაცხადთა ბოდვად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი თვითონ გამოვცადე. ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ეს უაზრო სისასტიკე, ღვთისადმი სიძულვილი, უახლოეს წარსულში ეკლესია-მონასტრების ნგრევა - ყველაფერი კოლექტიური სატანიზმი გახლდათ, ისინი დემონის ნებას ასრულებდნენ, რატომ ხოცავდნენ და წვავდნენ ადამიანებს - თვითონ არ იცოდნენ, მაგრამ ისინი არა მარტო ათეისტური ხელისუფლების ბრძანებით მოქმედებდნენ, არამედ სხვა უხილავი და დაუძლეველი ძალისაც. ეს იყო დემონური ორგია უზარმაზარსა და ვრცელ ქვეყანაში.

ძნელია გამოთქმა, თუ რას ვგრძნობდი იმ დროს. ზოგჯერ მთვრალივით რაღაცნაირი მხიარულების შეტევები მქონდა: როცა ხარხარი გინდა, მაგრამ არ იცი, რატომ, რომელიც სწრაფად იცვლებოდა ღრმა სევდით. იმ დროს რომ ეკითხათ, რა მინდოდა, ალბათ ვეტყოდი, თავის მოკვლა-მეთქი, ოღონდ მანამდე მთელ ამ სამყაროს ბომბით ავაფეთქებდი. რა უცნაური გრძნობაა - მხიარულებათა შეტევის განცდა, რომელიც პაროქსიზმის შეტევებს ჰგავს, მაგრამ ვერასოდეს იგრძნობ სიხარულს.

სატანისტებს გარყვნილების განსაკუთრებული კულტი აქვთ. ეს უბრალო პათოლოგია კი არ არის, არამედ სწორედაც რიტუალია ადამიანის სხეულის შებილწვისა... თვითონ გარყვნილება განიხილება როგორც ერთ-ერთი ფორმა დემონის თაყვანისცემისა. მაგრამ ყველაზე საშინელი თურმე წინ მელოდა"...

მერე ის კაცი მომიბრუნდა და მითხრა: "ალბათ დაგღალეთ, მაგრამ რატომღაც მომინდა, თქვენთვის მომეთხრო ეს. დამეხმარეთ, თუ შესაძლებელია". ყურადღებით გისმენთ, მაგრამ მალე საღამოს მსახურება დაიწყება და ტაძარში უნდა წავიდე. მე იქ მოწაფის როლში ვარ - ეს ჩემი სემინარიაა-მეთქი. ვეცდები, მოკლედ ვთქვა, თუმცა ეს ჩემთვის ადვილი არ არისო, - მითხრა და განაგრძო: "ხელმძღვანელმა ან, როგორც მას ეძახდნენ, "ლუციფერის უფროსმა ვაჟმა" ერთხელ მითხრა, შემდეგი საფეხურის ინიციაციისთვის მოემზადეო (მათ საზოგადოებაში რამდენიმე საფეხური იყო). მე ეს მშვიდად, ერთგვარი კმაყოფილებითაც კი მივიღე. თუკი რაიმე გრძნობა შემომრჩა, ეს იყო აზარტული მოთამაშის გრძნობა. მითხრეს, ამ რიტუალისას თვალებს უხვევენო. ეტყობა, ასეა საჭირო-მეთქი. მერე სადღაც წამიყვანეს. მანქანა უცხო სახლთან გაჩერდა. ჩავედით დიდ სარდაფში. ჩემთან ერთად სამი კაცი იყო: ერთი ხელმძღვანელი და ორი უცნობი. მაგიდაზე რაღაც ფუთა იდო. ხელმძღვანელმა მითხრა: "შენ უნდა შესწირო მსხვერპლი კაენს, მან კაცთაგან პირველმა შესწირა მსხვერპლი ლუციფერს". გახსნეს ფუთა. შიგ ძუძუთა ბავშვი აღმოჩნდა. უეცრად ჩემში რაღაც უჩვეულო მოხდა. თითქოს ორად გავიყავი და გვერდიდან ვუცქერდი, რასაც ჩემი სხეული აკეთებდა: ის მაგიდასთან მივიდა, ხელში დანა აიღო, თქვა: - სჯობს დავახრჩოო და ბავშვი გაგუდა, მერე მკვდარს ყელი გადაუჭრა. ხროტინი გაისმა. ხელში სისხლიანი დანა მეჭირა. უეცრად გონს მოვედი. ვერ ვიტყვი, რომ ეს შეუგნებლად, დაჰიპნოზებულმა გავაკეთე, არა, გონება სრულიად ნათელი მქონდა. მსურდა, ამით სატანისთვის მესიამოვნებინა. სრულიად მშვიდად გავწმინდე დანა ბავშვის სახვევზე. კვლავ თვალები ამიხვიეს და გამაფრთხილეს, არავისთვის არაფერი მეთქვა.

მერე კი კოშმარები დამეწყო. ჩემში ყოველივე ადამიანური გაქრა, მაგრამ ჩანს, დემონად არ გარდავსახულვარ. სინდისი მაწუხებდა. ეს იყო ჯოჯოხეთი და ახლაც ამ ჯოჯოხეთში ვარ...'

უკვე გითხარით, რომ მესმის, თუ რატომ მოეწყო ქრისტიანების სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა 30-იან წლებში. მაშინ მეც განვიცადე ღვთისადმი იმგვარივე სიძულვილი: ტაძრის გვერდით ჩავლისას ვფიქრობდი, ნეტავი დინამიტით ამაფეთქებინა ანდა საკურთხეველში ორგია მომაწყობინა-მეთქი. მაგრამ ის ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ პრელუდია იყო სამყაროს დასასრულის ჰეკატომბისა, როცა სატანიზებული გახდება კაცობრიობა. რატომ არ განიხრწნებიან ცხოველები? ადამიანების დაღუპვა დემონს უნდა, გარყვნილება კი დემონის თაყვანისცემაა, ოღონდ ამას ვერ ვხვდებით.

ეკლესიაში მივედი და მღვდელს აღსარება ვუთხარი. ის თითქოს გაოცებული მიცქერდა. მერე ცოდვათაგან განხსნის ლოცვა წამიკითხა და მითხრა: "დაე ღმერთმა გაპატიოსო". მაგრამ სინდისი არ მასვენებდა. ეკლესიაში მოქცევის შემდეგ ბნელმა ძალამ უფრო მეტი სისასტიკით დამიწყო ტანჯვა - ისე, როგორც ბატონი სცემს თავის ურჩ მსახურს. ქალაქგარეთ მცხოვრებ ერთ მამასთან მივედი და ხელახლა ვთქვი აღსარება. ყურადღებით მომისმინა და მითხრა: "თუ გული არ დაგიმშვიდდება, მაშინ წადი და გაამხილე, რომ ბავშვი მოკალი. ოღონდ თანამზრახველებს ნუ დაასახელებ, თქვი, რომ მარტო შენ ჩაიდინე". გამიხარდა მისი რჩევა და პროკურორს ვთხოვე მიღება. ეტყობა, იფიქრა, რომ რაიმე საჩივარი მქონდა და თავაზიანად შემომთავაზა დაჯდომა. ვთხოვე, სასწრაფოდ დამაპატიმრეთ, ვინაიდან ადამიანი მოვკალი-მეთქი. მომიყევითო. დავიწყე თხრობა. სახე შეეცვალა, უცნაური ღიმილი დასთამაშებდა ბაგეებზე. მითხრა: - ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმაროთ, მისაღებში დამიცადეთო. გამოვედი. ერთი საათის მერე დამიძახეს. პროკურორთან ვიღაც ხნიერი მამაკაცი იჯდა. ხელში შავი ჯოხი ეჭირა, ფეხებთან ძაღლი ეწვა. ეცვა გამომწვევად, ულაზათოდ. პროკურორი შინაურულად ესაუბრებოდა. ჩანდა, ჩემს საქმეზე ელაპარაკა. ამ კაცმა შეკითხვების დასმა დამიწყო. როგორც შემდგომში გავიგე, ის ცნობილი ფსიქიატრი ყოფილა. ოთახიდან გამოსვლისას მომესმა, ამ ფსიქიატრმა თქვა: "რელიგიური შინაარსის ბოდვაა, დევნის მანია და იმავე დროს თვითმკვლელობის აკვიატებული იდეა, დაუყოვნებლივ სჭირდება მკურნალობა. პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით შინაურებისთვის, შედეგებზე კი პასუხს არ ვაგებ".

ციხის მაგივრად საგიჟეში გამაგზავნეს და კარგა ხანს სხვადასხვა პრეპარატით მჩხვლეტდნენ. სამსახურიდან, რა თქმა უნდა, გამათავისუფლეს, მაგრამ შესაფერისი პენსია მომცეს. შესაძლოა ამ დიაგნოზმა მიშველა, თორემ ალბათ გამიჭირდებოდა სატანისტებისგან თავის დაღწევა. ახლა კი გიჟს განა რამე მოეთხოვება?

ახლა ტაძრებში დავდივარ, მაგრამ ვერავინ ხვდება ჩემს გასაჭირს. ცოლ-შვილს ჰგონია, რაღაც ცუდი შემემთხვა და ვეცოდები. აჯობებდა, გიჟი ვყოფილიყავი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არა ვარ. მე ჩემი და უმანკო ბალღის სისხლი სატანას წინდად მივედი. შეგიძლიათ დამეხმაროთ?"

ვუთხარი: - იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში კადნიერი სიტყვა წარმოთქვა, - იუდასაც რომ შეენანა, უფალი არა მარტო შეუნდობდა მას, არამედ, ვითარცა მოციქულს, მიიღებდა. მაგრამ იუდამ სასო წარიკვეთა და დაისაჯა. ამიტომაც ყველა ცოდვაზე მეტად სასოწარკვეთას უფრთხილდი-მეთქი.

მე რა გავაკეთოო, - მკითხა. ვფიქრობ, თქვენი პენსია ოჯახს უნდა დაუტოვოთ, რომელიმე მონასტერში დასახლდეთ და ეპიტიმია ატაროთ ცოდვათა გამო. თუ არადა მოძებნეთ სულიერი მამა და მთლიანად მიენდეთ მას. მაგრამ თქვენთვის უკეთესი პირველი იქნება-მეთქი.

მადლობა გადამიხადა და წავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ შემხვდა. რაღაცნაირი ფრთხილი ღიმილით მითხრა: - ვგონებ, რაღაც სისულელე მოგიყევით, დაივიწყეთ. მე ხომ ჰალუცინაციები მჭირსო.

მალე სხვა ტაძარში გადამიყვანეს და ის კაცი მეტად აღარ მინახავს. არ ვიცი, მართლა მოხდა თუ არა, რაც მიამბო, თუ ეს მხოლოდ ავადმყოფის ბოდვა იყო, მაგრამ ასეა თუ ისე, სატანურ უფსკრულებზე მომიყვა. ჩემთვის გასაგები და თითქმის ხილული გახდა, რომ დედამიწის გარსზე ვიმყოფებით, შიგნით კი მისი ბირთვია - ჯოჯოხეთის ცეცხლოვანი სამეფოა, რომლის ტალღებიც უფრო და უფრო მეტი ძალით ამოიფრქვევა ხოლმე.

ამ შეხვედრის შესახებ თითქმის 50 წლის მერე დავწერე. მისი მონათხრობი რაღაცნაირად აღსარებას ჰგავდა, ამიტომაც მათ, ვინც ამ სტრიქონებს წაიკითხავს, ილოცოს ღვთის მონისთვის, რომლის სახელიც მარტო ღმერთმა იცის...
ბეჭდვა
1კ1