მოგონებები
მოგონებები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ვინ ვარ და სადაური, მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტიანულ ოჯახში აღვიზარდე
მღვდლად ხელდასხმის შემდეგ ერთხანს ალექსანდრე ნეველის ტაძარში მასწავლიდნენ პრაქტიკულ ღვთისმსახურებას. ძნელად ვეუფლებოდი საეკლესიო ტიპიკონს და წეს-ჩვეულებებს. თითქოს რეალობას მოწყვეტილს არ მჯეროდა, რომ მღვდელი ვიყავი - მეჩვენებოდა, რომ საკურთხეველი, სადაც შევდიოდი, ღვთისმსახურის შესამოსელი, რომლითაც მმოსავდნენ, ყველაფერი სიზმარში იყო. გულისყურს ვერ ვიკრებდი ჩემი მასწავლებლების, უფროსი მღვდლების ნათქვამზე. ერთხელ დეკანოზმა ნიკოლოზ კიღურაძემ, ამ უკეთილშობილესმა კაცმა, იმის გამო, რომ ვერ შევძელი მასთან ერთად გამემეორებინა სწორად კმევის წესი, მოთმინება დაკარგა და დამიყვირა: "ან შენ ხარ სულელი, ან მე, ანდა ორივე!" გაჭირვებით მასწავლეს ლიტურგიკის საფუძვლები და ტიპიკონის შესწავლის გასაგრძელებლად ოლღას მონასტერში გამგზავნეს.

სწორედ მაშინ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელთანაც მცირე ხნის ნაცნობობა მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა.

ერთხელ ჩემთან მოვიდა ჩემზე შესამჩნევად უფროსი კაცი (მაშინ 24 წლისა გახლდით). ის ნანახი მყავდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში. რუსულად საუბრობდა, რუსს კი არ ჰგავდა. ტაძრის კუთხეში დგებოდა ხოლმე, სადაც ახლა მიტროპოლიტ ზინობის საფლავის ქვა ძევს. მდუმარედ იდგა მსახურებისას, ყურადღებას არავის აქცევდა და დასრულებისთანავე გადიოდა ეკლესიიდან. მინახავს ის სხვა ტაძრებშიც. ლოცვებში ჩაღრმავებულს ზოგჯერ ტკივილისგან კრუნხვები მთელ სახეზე გადაუვლიდა ხოლმე. როცა რაიმეს ეკითხებოდნენ, არ პასუხობდა, თითქოს არ ესმოდა. ეკლესიაში ბევრი სნეული მოდის, ისინი ღვთის მადლს გრძნობენ, მრევლმაც იფიქრა, ამ კაცსაც უცნაურობები სჭირსო და აღარ აქცევდნენ ყურადღებას.

ერთხელ, მსახურების მერე, ეს კაცი დამეწია ეკლესიის ეზოში და მითხრა, - თქვენთან საუბარი მინდაო. წავიყვანე ჩემი ნათესავების სახლში, სადაც დროებით ვცხოვრობდი. დავსხედით. უცნაური სიტუაცია იყო. ის დუმდა. მეც არაფერს ვეკითხებოდი. კედელზე საათი ნერვიულად წიკწიკებდა, თითქოს საუბრის დაწყებას გვაჩქარებდა. მეჩვენებოდა, რომ იგი ჩემს ოთახში მხოლოდ სხეულით იყო. მახსოვს, ეს არ გამკვირვებია, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგიდიდან წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე. უეცრად მან ტკივილით სავსე თვალებით შემომხედა და ჩუმად მკითხა: "გჯერათ დემონის არსებობისა?" არა მარტო მჯერა, განსაცდელების ჟამს ვგრძნობ კიდეც, მუდმივად როგორ მებრძვის დემონური ძალა-მეთქი. რა იცით განსაცდელებზეო (მრავალი წლის შემდეგ იგივე სიტყვები გავიგონე მეუდაბნოე ილარიონისგან. ის გულისხმობდა ფიქრებით მოგვრილ სასტიკ ბრძოლას, რომელსაც მონაზონი განიცდის უდაბნოში), - ეს ისეთი ტონით მკითხა, როგორც ბრძოლაში დაჭრილი ეუბნება ბავშვს: "რა იცი ბრძოლაზეო". გაოცებულმა შევხედე და გაღიზიანებულმა თავი ვერ შევიკავე: "ჩვენ ერთმანეთი აქამდე არ გაგვიცვნია. რა გქვიათ?" მიპასუხა: "შეიძლება ჩემი სახელი არ ვთქვა? მე ის გავყიდე". სახელის, ისევე როგორც ნათლისღების მადლის, დაკარგვა არ შეიძლება-მეთქი. თუკი სახელი ეშმაკს არის მიყიდულიო? "მთელი კაცობრიობა იყო მიცემული ეშმაკს, მაგრამ ქრისტე მოვიდა მიწაზე ჩვენს - ეშმაკის მონათა და ტყვეთა გადასარჩენად. ქრისტე იყო კი არა, არის მაცხოვარი კაცთა". ისევ მკითხა: "თუკი კაცი ამ ცხოვრებაშივე ჯოჯოხეთში იწვის?" "ქრისტე არა მარტო მიწაზე მოვიდა, სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა ეცხოვნებინა ისინი, ვინც სინანულით და მისადმი რწმენით იცხოვრა, ანდა სიცოცხლის ბოლო წუთებში შეინანა, ისევე, როგორც მრავალმა საყოველთაო წარღვნისას. ქრისტე გადაარჩენს ყველას, ვისაც ცხონება უნდა". "ხოლო თუ კაცი ეშმაკივით შესცოდავს?" "მაშინ მას სინანული აღარ მოუნდება. ესაა განსხვავება ცოდვილსა და ეშმაკს შორის: ორივე საკუთარი ნებით მიეცნენ ცოდვას, ორივე ნებაყოფლობით გახდა ღვთის მტერი, მაგრამ ცოდვილისთვის არსებობს იმედი, ეშმაკისთვის კი არა. მას სძაგს თავისი იმედი, ეჯავრება სიყვარული და დასცინის რწმენას. ღირსი ანტონის ცხოვრებაში წამიკითხავს, რომ თუ სატანა შეინანებდა, მასაც აპატიებდა უფალი. მაგრამ სატანა - სულია, სრულიად ამპარტავანი, დამდაბლება მისთვის ისევე შეუძლებელია, როგორც არსებობის შეწყვეტა-მეთქი". მან თქვა: "მე აღსარება ვთქვი და შევინანე, ვცადე, არაფერი დამემალა, მაგრამ ალბათ იმედი არ მაქვს, რადგან სულში მუდმივად შიში და კაეშანია".

ცოტა ხნის შემდეგ წიგნი განზე გადავდე. მან მითხრა: "გნებავთ, ჩემს ცხოვრებაზე მოგიყვებით?" თუ აღსარება გაქვთ ნათქვამი, ეს აუცილებელი არ არის, სჯობს წარსული ცოდვები არ გაიხსენოთ და მხოლოდ მათი მიტევებისთვის ილოცოთ-მეთქი. "ვისურვებდი, რომ ჩემთვის მაინც მოგესმინათ. ვეცდები, მოკლედ მოვყვე ყველაფერი". "თუ ფიქრობთ, რომ ეს შვებას მოგგვრით, გისმენთ". მან დაიწყო თხრობა. შევამჩნიე, რომ სადღაც სივრცეში იყურებოდა. ხმა ჰქონდა ყრუ და დათრგუნული, მზერა - ცარიელი, თითქოს ჩამქრალი.

"ვინ ვარ და სადაური, მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტიანულ ოჯახში აღვიზარდე. ჩემმა ბავშვობამ ეკლესიის საშინელი დევნის პერიოდში გაიარა. მაგრამ მშობლებმა შემინახეს ბიბლია, წმინდანთა ცხოვრება და სხვა წიგნები. მახსოვს, ჩემოდანი ჰქონდათ ამ წიგნებით სავსე, კარადაში მოწყობილ სამალავში ესვენათ ხატი და მის წინ კანდელი ენთო. ჩემი მშობლები ჩუმად ლოცულობდნენ. ეს რომ გაეგოთ, გადაგვასახლებდნენ. ნათესავებს მალულად დავყავდი სხვა ქალაქის ეკლესიაში. მახსოვს ისიც, რომ ჩვენთან სახლში საღამოობით ვიღაც კაცი მოდიოდა. ღამითაც ჩვენთან რჩებოდა და დილით მიდიოდა. ახლა ვფიქრობ, მღვდელი იყო, რომელიც მალულად მოდიოდა აღსარების მისაღებად და საზიარებლად. მე მწამდა ღმერთი და სიხარულით ვდგებოდი ლოცვაზე მშობლების გვერდით. მახსოვს, ერთხელ არ დამიძახეს. ისე გავბრაზდი, განვმარტოვდი, ვტიროდი და ვფიქრობდი, რომ ახლა ღმერთს აღარ ვეყვარებოდი.

მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა. დავამთავრე სკოლა, ინსტიტუტი, დავიწყე მუშაობა, დავქორწინდი, ორი შვილი შემეძინა. რწმენა არ დამიკარგავს, მაგრამ თანდათანობით შემისუსტდა. მხოლოდ ზოგჯერ, ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებში, ვლოცულობდი. იმ ხანებში თითქმის ერთდროულად გარდამეცვალა მშობლები. დაკრძალვაზე ჩამოვედი, მშობლებისგან კურთხევის ნიშნად ხატიც კი არ ამიღია, ის და საღმრთო წიგნები ნათესავებს გადავეცი. მერე სახლ-კარი გავყიდე. ნათესავებს ფული დავუტოვე ჩემი მშობლებისთვის წესის ასაგებად და ეკლესიაში მოსახსენიებლად. დაკრძალვის შემდეგ დედის საფლავზე აღარც მივსულვარ, შინ წამოვედი.

აქ გავიცანი სპირიტუალისტთა ჯგუფი. ვიკრიბებოდით საღამოობით და ვიძახებდით გარდაცვლილთა სულებს, რომლებიც მედიუმის საშუალებით პასუხობდნენ ჩვენს შეკითხვებს. ზოგჯერ ეს პასუხები გამაოგნებლად ზუსტი იყო, ზოგჯერ - სისულელე, ხან კი დამცინავი, თითქოს გამოხმობილი სული დაგვცინოდა. ახლა კი ვიცი, რომ იქ ბოროტი სული იმყოფებოდა და მიცვალებულ სულთა სახელით დემონები გვეცხადებოდნენ. მაგრამ ისეთი მიმზიდველი საქმიანობა იყო, რომ "მოლაპარაკე" მაგიდებთან ღამეებს ვათენებდით. მორწმუნეთა წინააღმდეგ საშინელი დევნა დამთავრებული იყო, მაგრამ ფარული დევნა მაინც გრძელდებოდა, მაგრამ ასე თუ ისე ჩვენ ხელს არ გვკიდებდნენ.

იმ სახლის პატრონს, სადაც სპირიტუალური სეანსებისა და ლიტერატურის წასაკითხად ვიკრიბებოდით, მამისგან დარჩენილი დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. რაღას არ ნახავდით იქ! წმინდა მამათა შრომების გვერდით ეწყო მაგიის სახელძღვანელო, წიგნები იოგაზე, თეოსოფიური ლიტერატურა, ინკვიზიციის ისტორია, ჟურნალ "რებუსის" ნომრები და ევროპელ მეცნიერთა შრომები ფსიქოლოგიაზე, ისტორიასა და ეთნოგრაფიაზე. ხარბად ვიწყე ამ ლიტერატურის კითხვა. და თანდათანობით მივედი იმ აზრამდე, რომ ქრისტიანობა - ეს ბავშვების რელიგიაა, თავისთავად მშვენიერია, მაგრამ სამყაროს საიდუმლოებები და ადამიანი უფრო ღრმად უნდა შევიცნო, ვიდრე ამას ქრისტიანობა გვასწავლის. შესწავლა და მართვა უნდა ადამიანში ჩადებულ ენერგეტიკულ ძალებს ისე, როგორც ამას იოგა გვასწავლის. არა მარტო უნდა ილოცო, არამედ უნდა შეასრულო მედიტაციური და ფიზიკური ვარჯიშები, რომელთა საშუალებით სულს შეუძლიან ასტრალში გასვლა და სხვა სამყაროებთან ურთიერთობა, ხოლო თუ მარტო ქრისტიანობის მიმდევარი იქნები, ნიშნავს, რომ დახუჭული თვალებით იცხოვრო. ჩვენი წრის წევრები ეკლესიაშიც დადიოდნენ. უფრო მეტიც, ჩვენთან ხშირად მოდიოდა ხოლმე მღვდელიც, რა თქმა უნდა, საერო სამოსში გამოწყობილი. წარსულში ის განმაახლებელი იყო და სპირიტუალურ სეანსებზე განმაახლებელი ეპისკოპოსების ანტონინეს (გრანოვსკი) და ევდოკიმეს (მეშერსკი) "სულებს" იძახებდა. თუმცა ერთ-ერთ სეანსზე ანტონინეს "სულმა" თქვა: "დიდება ლენინს - ქრისტიანთა შორის საუკეთესოს". ამან ისე ააღელვა იქ მყოფნი, რომ მას სთხოვეს, მეტად აღარ შეეწუხებინა გარდაცვლილი მღვდელმთავარნი.

ამ წრეში დავუახლოვდი ორ ახალგაზრდა კაცს. ისინი რომელიღაც საიდუმლო სატანურ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდნენ და მეც იქ შესვლაზე დამიყოლიეს. ამ სექტის სწავლება წარმოადგენდა უცნაურ ნაზავს ალბიგოელების მოძღვრებისა, მანიქევლობისა, შივაიზმისა, ბუდისტური ტანტრიზმისა და დემონიზმისა იმ ფორმით, რომელიც აღწერილია შავ მაგიაში. მეც უფრო ცნობისმოყვარეობის გამო დავთანხმდი. იმ დროს გამიტაცა თეოსოფიამ, შევისწავლე შტაინერისა და ბლავადსკაიას წიგნები. შტაინერი ერთ-ერთ "დიდ განდობილად" "მეჩვენებოდა, იმათ მსგავსად, ვისზეც წერს შიურე თავის წიგნში, მაგრამ მისი თხრობა (ენა) თავისი სიმშრალითა და უღიმღამობით უკუმაგდებდა. მას გერმანული პედანტიზმის ბეჭედი ედო და ძალების მოკრება გიხდებოდა, რომ წაგეკითხა, საპირისპიროდ ამისა, ბლავადსკაიას წიგნები გასართობი რომანებივით გატაცებით იკითხებოდა. მაგრამ უმთავრესი აზრი, რაც მთელი ამ ლიტერატურიდან გამოვიტანე, გახლდათ ლუციფერის განმართლება. მე ის კაცობირიობის იდუმალ კეთილისმყოფლად წარმომიდგებოდა. მის დაცემას განვიხილავდი, როგორც სასჯელს სურვილის გამო - ადამიანებს სწრაფად დაეტოვებინათ მატერიალური სამყარო, გათავისუფლებულიყვნენ ნივთიერებათა ხრწნადობისგან და კოსმოსური სულების მსგავსნი გამხდარიყვნენ. თვითონ ლუციფერიანობას წარმოვიდგენდი, როგორც უმაღლეს სპირიტუალიზმს, ლუციფერის მისიას კი მომავლის მისიად.

ჩემს ახალ მეზობლებში ვხედავდი ინტელექტუალებსა და მეგობრულ ადამიანებს. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ერთ მათგანთან სახლში ვკითხულობდით მანტრებს, ვწერდით კაბალისტურ ნიშნებს, განსაზღვრულ დროს გამოვყოფდით მდუმარე მედიტაციისთვის და ა.შ. ამ წრეში დადიოდა კიდევ რამდენიმე პიროვნება, ქალებიც. ერთი ძალზე დაინტერესებული იყო ბოშათა ცხოვრებით - მათ თავიანთი რელიგია აქვთ და მხოლოდ გარეგნულად მიეკუთვნებიან იმ ხალხთა რწმენას, სადაც ცხოვრობენ, სინამდვილეში კი დემონის თაყვანისმცემლებად რჩებიანო. მისი სიტყვებით, მკითხაობის ხელოვნება მათში თაობიდან თაობას გადაეცემა: ეს კონსპირაციული მეცნიერებაა. ბოშებს თავიანთი ენა აქვთ, თავიანთი ისტორია, მმართველობა, ბოშათა ბანაკი მსგავსია შუა საუკუნეების ებრაელთა გეტოებისა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ბოშებს თავიანთი ხალხური მედიცინა აქვთ და იშვიათად ნახავთ ავადმყოფს, თუნდაც მოხუცებულს. მერე კი მოგვითხრობდა სხვა ტომზე, მთიანი ასურეთიდან გამოსულ იეზიდებზე, რომლებიც თაყვანს სცემენ სატანას, მას მელიქ-თაუზს ეძახიან და თვლიან, რომ დადგება მელიქ-თაუზის ერა. ეშმაკს ისინი მამლის სახით გამოხატავენ, რომელიც დაძინებულ ადამიანებს აღვიძებს და პირველი მიესალმება მზეს. თავის ქურუმთან, რომელსაც შეიხს ანდა პირს ეძახიან, იეზიდებს აუცილებლად მამალი მიჰყავთ. საბოლოოდ, ვთანხმდებოდით, რომ ქრისტიანები ტყუილად ეპყრობიან აგდებით სატანას და უარყოფენ მის შეწევნას.

დადგა დრო და მკითხეს, თუ გსურს შესვლა "ლუციფერის შვილთა" კავშირშიო (მას ისინი ძმობას ეძახდნენ)... დავთანხმდი. უცნაურია, მაგრამ ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობდი. სამსახურში კარგ სპეციალისტად და წესიერ მუშაკად ვითვლებოდი, ოჯახში კი მოსიყვარულე მამად, თუმცა ცოლს აღელვებდა შინიდან ჩემი ხშირი გასვლა. ის არ იზიარებდა ჩემს გატაცებას, მისთვის მოსაწყენი იყო ის წიგნები, რომლებიც შინ მიმქონდა, თუმცა ამას არ ამჟღავნებდა, ალბათ, იმედი ჰქონდა, ეს დროთა განმავლობაში გამივლიდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)
ბეჭდვა
1კ1