თუ კაცი მორჩილებაშია, ღმერთი ყველაფერს თვითონ მოიმოქმედებს, თუმცა შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც კაცი ვარაუდობდა
თუ კაცი მორჩილებაშია, ღმერთი ყველაფერს თვითონ მოიმოქმედებს, თუმცა შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც კაცი ვარაუდობდა
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - გლინის საძმო ივერიის მიწაზე
მამა სერაფიმე. დიდებული მამა სერაფიმე დაკრძალეს სოხუმის სასაფლაოზე , ტაძრის სიახლოვეს, თავისი მორჩილის, მონაზონ იერონიმეს გვერდით, რომელიც განსაკუთრებული მორჩილებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა და სრულიად ახალგაზრდა ჭლექით გარდაიცვალა. მამა სერაფიმეს საფლავზე ხშირად იხდიან პანაშვიდებს. ეს არის მორწმუნეთა გადახდილი ხარკი მადლიერების, სიყვარულისა და იმ იმედის ნიშნად, რომ ლოცვა აერთებს ადამიანთა სულებს და მოძღვარი მათთვის ლოცულობს ზეციურ სასუფეველში. სიკვდილი საშიშია ცოდვილისთვის, მართალთათვის კი - შრომათაგან განსვენებაა და დასაწყისია სიხარულისა.

მამა სერაფიმეს მონაზვნურ და სამრევლო ცხოვრებაზე ვეკითხებოდი ხოლმე. მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა. სამწუხაროდ, მისი პასუხები მაშინვე არ ჩამიწერია, ამიტომ შევეცდები, საკუთარი სიტყვებით გადმოგცეთ ის, რაც დამამახსოვრდა.

მამა სერაფიმე სულიერი ცხოვრების საფუძვლად მორჩილებას თვლიდა. ირწმუნებოდა, კაცს, ღვთის მადლის გარეშე, არ შეუძლია სძლიოს ცდუნებებს და შეაკავოს უზარმაზარი ძალა ცოდვისა, რომელმაც, როგორც შხამმა, მოწამლა მთელი მისი არსება. მხოლოდ ღვთის მადლი მოთოკავს ცოდვას და სულიერ ბრძოლაში კაცს გაამარჯვებინებს. ამიტომაც ასკეტიკის მთავარი ამოცანა მადლის მოპოვება და შენახვაა. მადლი მდაბალ გულში მოქმედებს, სადაც სიამაყეა, იქ მარცხდება. თუ ამპარტავანს ჰგონია, რომ თავისი თვითნებური მოღვაწეობის გამო მიუწვდომელია ცოდვისა და ვნებისთვის, მაშინ სათამაშოდ იქცევა ბოროტ ძალთა ხელში. სატანას შეუძლია მას დროებით მისცეს ცრუ უვნებობა, რათა გააძლიეროს ამპარტავნებასა და ძმათა წინაშე თავმაღლობაში. მაგრამ ეს ჰგავს სვიმონ მოგვის აფრენას, რომელიც ეშმაკებმა მაღლა აღიტაცეს, მერე კი ქვემოთ ჩამოაგდეს და სასიკვდილოდ დაიმტვრა. მადლის მოსაპოვებლად, სულიერ გზაზე შესადგომად ჰაერივით აუცილებელია სრული მორჩილება საკუთარი მოძღვრისა. მორჩილების გარეშე მყოფ მონაზონს მამა სერაფიმე არ თვლიდა მონაზვნად. განმარტოებისა და მარხვის გარეგნულ ღვაწლს მამა სერაფიმე, მორჩილებასთან შედარებით, თვლიდა დამხმარე საშუალებად და არა საფუძვლად მონაზვნური ცხოვრებისა. ხორციელი ღვაწლი მოძღვრის კურთხევას უნდა ეყრდნობოდეს და ზუსტად იყოს განსაზღვრული. მორჩილების გარეშე შეუძლებელია იესოს ლოცვის მუშაკობა: ის ბგერების გამეორების დონეზე დარჩება და ვერ შეძლებს დაძრას გულში გაქვავებული სიამაყე.

ერთ მონაზონს მამა სერაფიმემ უთხრა ის, რასაც კადნიერებად ვთვლი და ალბათ ვერ გავიმეორებდი, თვითონვე რომ არ მომესმინა: "არავითარი იესოს ლოცვა შენ არ გაქვს. შენ უბრალოდ მიეჩვიე მის სიტყვებს, როგორც ზოგიერთი კაცი გინებასაა მიჩვეული" (ამ სიტყვებითაც ჩანს, რომ მამა სერაფიმე არ თანაუგრძნობდა "იმიასლაველთა" მოძღვრებას).

ერთხელ მამა სერაფიმესთან სოხუმში მივიდა მონაზონი, რომელსაც ბერმა მერკურმა თავის წიგნში, "კავკასიის მთებში", მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. მამა სერაფიმემ იცოდა, რომ იგი უჩვეულოდ მკაცრად იცავდა მარხვას და თავიდანვე უთხრა: - დღეში ერთხელ ცხელი საჭმელი უნდა მიიღოო. ის გაოცდა, - ნუთუ საჭმლის მომზადების გამო უნდა დავკარგო დრო და ლოცვას მოვწყვიტო გონებაო. მამა სერაფიმემ დიდად გამოისახა ჯვარი და უთხრა: - ჯვრის ნიშით ვადასტურებ, რომ არა გაქვს იესოს ლოცვა და არც არასოდეს გქონიაო. როცა მონაზონი წავიდა, მამა სერაფიმემ თქვა: "ვერაფერს მიხვდა. ვინც სქემაში შემოსა, თვითონ იყო ხიბლში. საცოდავი სული. რამდენი განსაცდელი მოელის".

მორჩილების გარეშე წმინდა მამათა ცხოვრების მიბაძვა, მამა სერაფიმეს აზრით, სახლის მშენებლობის სახურავიდან დაწყებას ჰგავს. ის საუბრობდა თანამედროვე მონაზვნების საცთურზე: ისინი ეძებენ ნათელმხილველ მამებს, მაგრამ თუ ხედავენ ჩვეულებრივ, მაგრამ მონაზვნური გზის გამოცდილად გამვლელ ადამიანს, იწყებენ ჭოჭმანს, არ იციან, დაემორჩილონ თუ არა მას. ისინი მოძღვრისაგან სასწაულს ითხოვენ, როგორც ფარისევლები - ქრისტესგან. სურთ, მოძღვარმა მომავალი უწინასწარმეტყველოს და მათ ღვთის ნების აღსრულება კი არ ასწავლოს, არამედ ის, საქმე წარმატებით როგორ დაასრულონ. ხომ შეიძლება მოძღვარმა გაკურთხოს, საქმე არ შესრულდეს, სამაგიეროდ, აღსრულდება ღვთის ნება და კაციც თავმდაბლობისა და საკუთარი ნების მოკვეთის გაკვეთილს მიიღებს, ანუ უმთავრესს - ღვთის მადლს. ასეთი გამოცდაც ხდება კაცის თავს: მოძღვარი აკურთხებს, საქმე კი თავიდანვე გადაულახავ დაბრკოლებას წააწყდება - ეს უკვე რწმენის გამოცდაა. ბიბლია მოგვითხრობს: ისრაელის თერთმეტმა ტომმა რამდენჯერმე ჰკითხა უფალს, შებრძოლებოდნენ თუ არა ბენიამინის ტომს, რომელთაც გაუგონარი ბოროტება ჩაიდინეს. უფალმა მღვდელმთავრის პირით უპასუხა: "წადით". მაგრამ რამდენჯერმე დამარცხდნენ, თუმცა ღმერთზე არ უდრტვინიათ და ბოლოს და ბოლოს, გაიმარჯვეს (იხ. მსაჯულთა 19-20).

თუ კაცი მორჩილებაშია, ღმერთი ყველაფერს თვითონ მოიმოქმედებს, თუმცა შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც კაცი ვარაუდობდა. თვითნებას საქმეები და სიცოცხლე კი აუცილებლად ცუდად დასრულდება, რამეთუ ის, რასაც იგი მორჩილების გარეშე გააკეთებს, სიკეთეს არ მოუტანს და ხშირად საკუთარი თვალით იხილავს თავისი ნაშრომის უეცარ განადგურებას. მოძღვარს უფალი ეხმარება მინდობილი სულიერი შვილის წინამძღვრობაში. არქიმანდრიტი სერაფიმე ჰყვებოდა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ისეთი კურთხევა ანდა რჩევა მიუცია, რომელზეც წინასწარ არ უფიქრია და პასუხი მისთვისაც მოულოდნელი ყოფილა; ასეთ დროს ღმერთი უცხადებდა, რა ეთქვა ადამიანისთვის მისი რწმენისაებრ.

ხოლო თუ მოწაფე ანდა სულიერი შვილი ბოლომდე გულწრფელი არ არის, ერთს ამბობს, მეორეს კი მალავს, ეკითხება რაღაცას, მაგრამ მის შესრულებას არ აპირებს, ცდილობს მოძღვრის დარწმუნებას, თითქოს კარნახობს მას საკუთარ გადაწყვეტილებას, მოძღვარი გრძნობს, რომ მის წინაშე ცოცხალი ადამიანი კი არა, კედელი აღმართულა, რომელსაც ვერ გააპობს მისი სიტყვები. მაშინ ამ ფარისევლობისა და მზაკვრობისთვის მოწაფე ან სულიერი შვილი შეიძლება დაისაჯოს იმით, რომ არასწორად უპასუხოს მოძღვარმა. მამა სერაფიმე ამბობდა, ურჩთან საუბარი ძალზე დამღლელიაო და გვირჩევდა, ასეთი საუბრები უყოყმანოდ შეგვეწყვიტა ასეთი სიტყვებით: "მოიქეცი, როგორც გინდა".

მოძღვარს არ უყვარდა, რომ მცირე შეკითხვის ნაცვლად მთელ ამბავს მოყვებოდნენ. რაც უფრო მოკლე და კონკრეტულია შეკითხვა, მოძღვარი მით უფრო გრძნობს თავის სულში მის პასუხს.

აღსარებისასაც არ უყვარდა მამა სერაფიმეს მრავალსიტყვაობა. უნდა შევინანოთ, ავტობიოგრაფიას კი არ უნდა მოვყვეთო, - ბრძანებდა. ხორციელი ცოდვები ერთხელ უნდა ვაღიაროთ, მერე კი კაცი თვითონ უნდა ეცადოს ამ ცოდვების წვრილმანების დავიწყებას, და მხოლოდ სინანულის გრძნობა ჰქონდეს. ეცადოს, რომ ამგვარივე ცოდვილი არ განიკითხოს, თორემ იგივე ვნებები გაიღვიძებს და განმეორებით დაეცემა. მამა სერაფიმე სულიერ შვილებს კატეგორიულად უკრძალავდა ერთმანეთთან ხორციელ ცოდვებზე საუბარს - უსარგებლოდ თვლიდა, განსაკუთრებით მეორე სქესის ადამიანებთან მათ განსჯას. ამბობდა, ასეთ საუბრებში ფარული ავხორცობა იმალებაო. ერთმა ბერმა აღშფოთებულმა უამბო, - ავტობუსში ნახევრადშიშველი ქალი ვნახეო. მამა სერაფიმემ ჰკითხა: - ნუთუ იგი აქამდე გახსოვსო. ამბობდა, ამ თემებზე საუბრები არავის გააუმწიკვლოებს, სულში კი მხოლოდ ხრწნილების სუნის მსგავსი სიმყრალე დარჩებაო.

მამა სერაფიმესთან კურთხევისა და რჩევისთვის მოსული მეუდაბნოე მონაზვნები გარეგნულადაც კი გამოირჩეოდნენ სიმშვიდით, მოკრძალებით და "მონაზვნური კეთილშობილებით" - თავმდაბლური უბრალოებით. ცდილობდნენ, შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ. ხოლო რომლებიც არ იყვნენ მორჩილებაში, გამოირჩეოდნენ უკმეხობით, სხვებზე კატეგორიული მსჯელობით ანდა პირიქით, გარეგნული, ხაზგასმული სიმდაბლით. მათ შეეძლოთ ერისკაცებთან შეხვედრისას მდაბლად მიწამდე მოედრიკათ თავი, ხელზე მთხვეოდნენ, საკუთარი თავისთვის ყველაზე დაცემული, უკანასკნელი ცოდვილი ეწოდებინათ, თუმცა მათთვის ეს არავის უკითხავს. ამ ადამიანებში იყო რაღაც შინაგანი არეულობა, დაფარული შფოთი. წინასწარმეტყველმა თქვა: წყეულია კაცი, კაცის მოიმედეო (იერემია 17,5). მაგრამ ყველაზე ცუდი იმედი - საკუთარ თავზე დაიმედებაა.

მამა სერაფიმე თვლიდა, რომ მონაზონს ერში უფრო მეტი მორჩილება მართებს, ვიდრე მონასტრულ ცხოვრებაში. ერში მონაზონი თითქოს ნარეკლიან გზაზე მიდის, მორჩილება კი კალუგარივით (პილიგრიმების ტყავის ფეხსაცმელი) ეხმარება მის გავლაში. მონაზვნისთვის მორჩილება მერვე საიდუმლოა. 90-ე ფსალმუნის სიტყვები: "რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა" (ფს. 90,11) - უპირველესად, მორჩილებას ეხება, რომელიც ანგელოზის ფრთებივით იცავს სულს. თუ მორჩილი რაიმეში შესცოდავს, მოძღვრის ლოცვებით, მისი სულიერი იარები მალე შუშდება, როგორც იმ კეთროვნისა, რომელიც, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა, შევიდა იორდანეში და იქიდან განკურნებული ამოვიდა (4 მეფეთა 5,14). ის რომც დაეცეს, ბერი (მოძღვარი), როგორც იგავისეული სამარიტელი, წამოაყენებს და ხელში აიყვანს (იხ. ლუკა 10,33-35). მაგრამ ჭეშმარიტი მორჩილება არასოდეს დავარდება.

ბერი ამბობდა, რომ მორჩილების ერთ-ერთი ნიშანი გულითადი სიხარულია, რომელიც მუდამ თან სდევს მას. მორჩილის გულში სულიერი სიხარულია მაშინაც კი, როცა ცოდვებს ინანიებს. მორჩილების მეორე თვისება ანუ ნიჭი - გულისთქმების დამშვიდებაა. მორჩილი არაფერზე ღელავს - მან საკუთარი თავი მოძღვრის მიერ ღვთის განგებულებას მიანდო, მოძღვარი მის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომაც არ აქვს მორჩილს ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები, არც მუდმივი რყევა გონებისა ეჭვებითა და გულისთქმებით: ყველაფერს მოძღვარი წყვეტს. ის არა მარტო პასუხობს მოწაფის შეკითხვებს, არამედ შეკითხვამდეც კი ეუბნება მას იმას, რაც სჭირდება. თუ კაცი თვითონ განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს, მაშინ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი, რასაც ან წარმატება მოსდევს, ანდა წარუმატებლობა. თუნდაც კეთილ საქმეში წარემატოს კაცი, მაინც ვერ შეძლებს გათავისუფლდეს სიამაყისა და მედიდურობისგან: ხედავთ, რა კარგად მოიფიქრა, რა კარგად შეასრულა. თუ საქმეები ჩაეფუშება, შეუძლებელია, იმედი არ გაუცრუვდეს და არ გაღიზიანდეს. ვერც ერთ შემთხვევაში ის ვერ პოვებს სულიერ სიმშვიდეს. მორჩილი კი ყოველგვარ სიკეთეს თავისი სულიერი მამის ლოცვებს მიაწერს, ამიტომაც თავისუფალია შინაგანი განდიდებისგან - სულის კუნჭულში მიმალული გველისგან. ხელმოცარვისას ამბობს: "ასეთია ღვთის ნება, ესე იგი, ასე უკეთესია ჩემთვის", და კვლავ დარჩება მშვიდი სულითა. მაგრამ მორჩილებაში მარცხი არ არსებობს...

ზოგიერთი ადამიანი მოძღვართან საკუთარი ნების მოსაკვეთად კი არ მიდის, არამედ როგორც ასტროლოგთან ან მკითხავთან, რათა მისგან შეიტყოს მომავალი ან რა უნდა გააკეთოს მიწიერი წარმატებისთვის. როცა ვერ მიიღებენ სასურველს, რადგანაც ღმერთი ნიჭებს ადამიანს შინაგანი მდგომარეობის მიხედვით ანიჭებს, თვლიან, რომ მოძღვარი სუსტია და უძლური. სინამდვილეში კი მორჩილება - ეს მთელი ცხოვრების ცვლილებაა და არა წარმატების საშუალება რაიმე წამოწყებაში, თუმცა უფალი მორჩილებისთვის ჯილდოდ თვით საერო საქმეებშიც კი უჩვეულოდ შეეწევა, მაგრამ ამით უფრო სუსტებს ეხმარება, რათა ისინი რწმენაში განამტკიცოს და განაძლიეროს.
ბეჭდვა
1კ1