პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია
თანამედროვე პოლონეთის შემადგენლობაში შემავალ ტერიტორიებზე ქრისტიანობამ სხვადასხვა მხრიდან შეაღწია: დიდი მორავიის სამთავროდან, გერმანული მიწებიდან და კიევის რუსეთიდან. დიდი მორავიის სახელმწიფოს გაფართოების შედეგად კრაკოვი და მცირე პოლონეთი ველიკოგრადის ეპარქიაში შევიდა.

996 წელს პოლონეთის მთავარმა მეშკო I-მა ქრისტიანობა მიიღო, რასაც მთელი მოსახლეობის ნათლისღება მოჰყვა. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ მეშკოს ნათლისღებამდე პოლონეთის ტერიტორიაზე არსებობდა ბიზანტიური სტილით ნაგები ტაძრები, მაგრამ მეშკოს საქსონიელ პრინცესაზე დაქორწინების შემდეგ პოლონეთში ლათინური გავლენა გაძლიერდა.

რუსეთის ნათლისღების დროისათვის ბუგის დასავლეთი მიწები, პოლონური ქალაქებით - ხოლმითა და პერეიასლავით, კიევის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. XIII საუკუნეში, გალიციის მთავრის დანიელ რომანოვიჩის დროს, ხოლმში მართლმადიდებლური საეპისკოპოსო კათედრა იყო.

XIV საუკუნის II ნახევარში გალიცია და ხოლმშჩინა პოლონეთს შეუერთდა. ლიტვის დიდი მთავრის იაგაილოსა და პოლონეთის დედოფლის იადვიგას დაქორწინების შედეგად (1386) პოლონეთის სამეფო და ლიტვის სამთავრო გაერთიანდა.

1387 წელს იაგაილომ გაერთიანებულ სამეფოში რომაულ-კათოლიკური სარწმუნოება გამოაცხადა, რომელიც ლიტვაში იყო გამეფებული. 1413 წელს გოროდელის სეიმზე გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლის თანახმადაც მართლმადიდებლებს ეკრძალებოდათ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა.

XV და XVI საუკუნეებში დღევანდელი ლუბლინის, ბელოსტოკის და ჟეშოვოს სავოევოდოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებლობის აღმსარებელი იყო.

1569 წელს დაიდო ლუბლინის უნია, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა ლიტვის სამთავროს დამოუკიდებლობა. ბელორუსიის და უკრაინის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, რომელიც პოლონეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, კათოლიციზმის სისტემატური წნეხი იწვნია.

XVI საუკუნის ბოლოს მართლმადიდებლური იერარქიის დიდმა ნაწილმა მიტროპოლიტ მიხეილის (როგოზა) მეთაურობით, 1596 წელს ბრესტის კრებაზე გამოცხადებული უნია მიიღო და სცნო რომის ეპისკოპოსის (ე.ი. რომის პაპის) პრიმატი. უნიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა მართლმადიდებლურმა საეკლესიო საძმოებმა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილნი იყვნენ ლვოვის და ვილენის საძმოები.

XVIII საუკუნის 20-იანი წლებისთვის პოლონეთის მთელი მართლმადიდებელი მოსახლეობა მხოლოდ ერთი - ბელორუსიის ეპისკოპოსის სამწყსოდ დარჩა. XVIII საუკუნის ბოლოს პოლონეთში მართლმადიდებელმა ბერძენმა ვაჭრებმა დაიწყეს დასახლება. ხელისუფლებამ მათ ტაძრების აშენების ნება არ დართო, ამიტომ ღვთისმსახურება სამლოცველო სახლებში იმართებოდა.

მღვდლებს იწვევდნენ ბუკოვინიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან. რეჩ-პოსპოლიტას დაშლის (1795) შემდეგ და ვენის კონგრესის (1814-1815 წწ) გადაწყვეტილებების თანახმად, არსებითად შეიცვალა მართლმადიდებლების მდგომარეობა ყოფილ პოლონეთის მიწებზე, რომლებიც რუსეთის იმპერიას შეუერთდა. გაძლიერდა უნიატების დაბრუნების პროცესი მართლმადიდებლურ წიაღში.

1834 წელს ვარშავაში უკვე დაფუძნდა ვოლინის ეპარქიის სავიკარიატო, ხოლო 1840 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ეპარქია. 1875 წელს ხოლმის უნიატები შეუერთდნენ მართლმადიდებლობას, 1905 წელს კი ხოლმის დამოუკიდებელი ეპარქია შეიქმნა.

I მსოფლიო ომის (1918 წ) დამთავრების შემდეგ პოლონეთის სახელმწიფო აღორძინდა. რიგის 1921 წლის ხელშეკრულების თანახმად, დასავლეთ ბელორუსია და დასავლეთ უკრაინა პოლონეთის შემადგენლობაში შევიდა. 1921 წლის სექტემბერში მოსკოვის საპატრიარქომ ვარშავის კათედრაზე დანიშნა მინსკის ყოფილი მთავარეპისკოპოსი გიორგი (იაროშევსკი), რომელიც 1922 წლის იანვარში მიტროპოლიტი გახდა, პოლონეთის ეკლესიას ავტონომიური თვითმმართველობის უფლები მიეცა. 1922 წელს ვარშავაში შემდგარმა პოლონეთის მართლმადიდებელი ეპისკოპოსების კრებამ, სახელმწიფოს გავლენით, გადაჭრით მოითხოვა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

1923 წლის 8 თებერვალს ვოლინის სასულიერო სემინარიის ყოფილმა რექტორმა არქიმანდრიტმა სმარაგდმა (ლატიშენკომ), რომელსაც აკრძალული ჰქონდა ღვთისმსახურება, რევოლვერით მოკლა მიტროპოლიტი გიორგი.

ამ ტრაგიკული მოვლენიდან ორი დღის შემდეგ მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის თავმჯდომარის მოვალეობა თავის თავზე აიღო ვოლინის და კრემენეცკის მთავარეპისკოპოსმა დიონისემ. იმავე წლის 27 თებერვლის პოლონეთის მართლმადიდებელი ეპისკოპოსების კრებამ იგი აირჩია ვარშავის მიტროპოლიტად, ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მელეტი IV-მ 1923 წლის 13 მარტს იგი ამ წოდებაში დაამტკიცა.

1924 წლის 13 ნოემბერს, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგოლ VII-მ, პოლონეთში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ბოძების ტომოსს მოაწერა ხელი. ავტოკეფალია ოფიციალურად გამოცხადდა 1925 წლის 17 სექტემბერს, პატრიარქ ბასილი III-ის დროს, წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ვარშავის ტაძარში, მაგრამ ეს აქტი მოსკოვის საპატრიარქომ არ აღიარა.

პოლონეთის მთავრობის მიერ რომის პაპთან 1927 წელს ხელმოწერილ კონკორდატზე დაყრდნობით, რომლის ძალითაც პოლონეთში კათოლიკური სარწმუნოება გაბატონებული რელიგია იყო, 1930 წელს კათოლიკეებმა, სასამართლოს აქტით, 700 საეკლესიო ობიექტის დაბრუნება მოითხოვეს, რომელთაგან 500 გადაცემული იქნა. ვარშავაში დაანგრიეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, რომელიც ვ. მ. ვასნეცოვისა და სხვა რუსი მხატვრების მიერ იყო მოხატული (იგი აიგო 1892-1912 წწ).

XX საუკუნის 30-იან წლებში მოღვაწეობა გაააქტიურეს უნიატებმა, რომლებიც ცდილობდნენ ე.წ. "აღმოსავლური რიტუალის" დამკვიდრებას პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებს, ბელორუსებს და რუსებს შორის. 1938 წელს ხოლმშჩინასა და პოდლიასაში დაანგრიეს ასორმოცდაათამდე მართლმადიდებლური ტაძარი და სამლოცველო სახლი. ორასზე მეტი ღვთისმსახური უმწეოდ დარჩა.

1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო II მსოფლიო ომი, გერმანიის საოკუპაციო ზონაში შეიქმნა საგენერალგუბერნატორო, რომლის ტერიტორიაზე მოექცა სამი ეპარქია: ვარშავის, ხოლმის და კრაკოვის. საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობდა, ეს ეპარქიები დაემორჩილებინა ბერლინის არქიეპისკოპოს სერაფიმის (ლიდე) კანონიკური ხელისუფლებისთვის, მაგრამ მიტროპოლიტმა დიონისემ შეძლო შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი თვითმმართველობა.

ვილენის, ვოლინის და გროდნოს უმეტესი ნაწილის ეპარქიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, გადავიდნენ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. ომის დროს მიტროპოლიტი დიონისე ცდილობდა, ოკუპირებულ ზონაში მოქცეული უკრაინის და ბელორუსიის მართლმადიდებელი მრევლი თავისი კანონიკური ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინა, მაგრამ ვერ მოახერხა.

1948 წლის ზაფხულში პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებამ მიმართა მოსკოვის პატრიარქ ალექსი I-ს, სადაც 1924 წლის ავტოკეფალიის არაკანონიკურობას აუწყებდა. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ პოლონეთის ეკლესია უარს აცხადებდა მიტროპოლიტ დიონისეს თავისი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოხსენიებაზე და სთხოვდა მოსკოვის პატრიარქს, ებოძებინა მისთვის კანონიერი ავტოკეფალია. 1948 წლის 22 ივნისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებით პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ებოძა ავტოკეფალია. 1951 წელს ეკლესიის ახალ საჭეთმპყრობლად აირჩიეს მიტროპოლიტი მაკარი (ოქსიუკი). მიტროპოლიტმა დიონისემ, რომელიც, ფაქტობრივად, იზოლაციაში აღმოჩნდა, 1948 წლის აგვისტოში პატრიარქ ალექსი I-ს გაუგზავნა მონანიების წერილი. იგი რუსულმა ეკლესიამ მიიღო იმავე ხარისხში, ოღონდ "უნეტარესის" ტიტულის გარეშე.

დღეისთვის პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შედის შვიდი ეპარქია, 250-ზე მეტი სამრევლო, 410 ეკლესია, 3 მამათა და ამდენივე დედათა მონასტერი, 260 ღვთისმსახური და 600 ათასი მორწმუნე. მოქმედებს ვარშავის სასულიერო სემინარია.

1990 წლიდან პოლონეთის ეკლესიის შემადგენლობაში, ავტონომიის საწყისებზე, შევიდა პორტუგალიის და ბრაზილიის (ხუთი ეპარქია) მართლმადიდებელი ეკლესია. დღეისათვის პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელია ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი უნეტარესი საბა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1