პირველი განდგომილები
პირველი განდგომილები
ჭეშმარიტ სარწმუნოებას მოღალატეები ერეტიკოსების სახით ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში გამოუჩნდნენ. მსოფლიო საეკლესიო კრებებიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სწორედ ამ ერესების დასაგმობად ტარდებოდა.

დაახლოებით 318 წელს ალექსანდრიელმა მღვდელმა არიოზმა ჩამოაყალიბა ცრუ მოძღვრება, რომელსაც შემდგომში არიანელობა დაერქვა. არიოზი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე ღმერთის თანაარსი კი არა, მისი მსგავსია. მამა ღმერთი მარადიული და უცვლელია, ხოლო ქრისტე (სიტყვა, ლოგოსი) შექმნილია და მამა ღმერთზე ნაკლებ სიბრძნეს ფლობს.

ამ ერესმა მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 325 წელს რომის იმპერატორის კონსტანტინე I-ის მიერ ნიკეაში მოწვეულ იქნა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. კრების უმთავრესი განსახილველი საკითხი არიოზის ერესის დაგმობა იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დოგმატური საკითხი, რომელიც ნიკეის კრებაზე მამების ყურადღებას იქცევდა, შემდეგი იყო: მივიჩნიოთ თუ არა ძე ღმრთისა ღმერთად, რომელიც თანასწორი იქნება მამა ღმერთისა, თუ ვაღიაროთ იგი ქმნილებათა შორის სრულყოფილად, ან კიდევ მივიჩნიოთ ღმერთად, მაგრამ ღირსებით არათანასწორად მამისა.

კრებაში მონაწილეობდნენ ორი დოგმატური პარტიის მომხრეები: მართლმადიდებლები და არიოზელები.

მართლმადიდებლები, ისევე როგორც დღეს, მაშინაც თვლიდნენ, რომ წმინდა სამების საიდუმლო აღემატება ყოველგვარ გონსა და სიტყვას და სრულიად მიუწვდომელია; იგი მხოლოდ რწმენით შეიმეცნება. ასევე მსჯელობდნენ ძე ღმერთის ჰიპოსტასზე, რომლის არსის განუსაზღვრელობა წმინდა წერილით საბუთდება: "არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან" (მთ. 11,27). მათ სწამდათ (და სწამთ ახლაც), რომ ძე ღმერთი ისეთივე სრულყოფილი ღმერთია, როგორიც მამა და ასწავლიდნენ: "ქრისტემ თქვა: "მე და მამაი ჩემი ერთ ვართ" (ინ. 10,30). ამ სიტყვებით მაცხოვარი იმას კი არ გამოხატავს, რომ ორი ბუნება ერთ ჰიპოსტასს წარმოადგენს; არამედ იმას, რომ ძე ღმრთისა ზუსტად და სრულყოფილად იმარხავს და იცავს თავისი და მამის ბუნების იგივეობას.

ნიკეის კრების მთავარი წარმომადგენელი მართლმადიდებელთა მხრიდან ალექსანდრიის ეპისკოპოსი ალექსანდრე იყო.

არიოზელთა პარტიაში ორი დაჯგუფება არსებობდა: ერთი - უფრო მცირერიცხოვანი, რომელიც ერთგულად იცავდა ამ ერესის პრინციპებს და მეორე - მკაცრი არიოზელები ევსევი ნიკომედიელის მეთაურობით, რომლებიც ძე ღმრთისას ქმნილებად აცხადებდნენ. ყველა ესენი, როგორც თვით არიოზი, ანტიოქიელი ხუცესის ლუკიანეს მოწაფეებად ითვლებოდნენ. ხსენებული პირველი დაჯგუფება, შემდგომში ნახევრად არიოზელთა სახელით ცნობილი, რომელსაც ისტორიკოსი ევსევი კესარიელი ხელმძღვანელობდა, სუბორდინაციის თეორიას ემხრობოდა - ძე ღმრთისას ღმერთად კი მიიჩნევდა, მაგრამ მის ღმრთეებრიობას მამა ღმერთის ღმრთეებრიობის თანასწორად არ თვლიდა. მათი თვალსაზრისით, იგი მამა ღმერთს დაქვემდებარებული ღმერთი იყო.

პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური საქმიანობის უმნიშვნელოვანესი შედეგი სარწმუნოების სიმბოლოს შედგენაა, რომლითაც მტკიცდება ძე ღმერთის ჭეშმარიტი - ღმრთეებრივი არსის სარწმუნოება.

კრებაზე ყველა მოსაზრების მქონე ეპისკოპოსის გამოსვლა მოისმინეს. თვით არიოზსაც კი მიეცა უფლება, დაესაბუთებინა თავისი შეხედულებები. არიოზი ამტკიცებდა, რომ "ძე ღმრთისა ქმნილებაა; იყო დრო, როცა ძე არ იყო. ძე ცვალებადია არსით" და ასე შემდეგ. არიოზის ეს მოსაზრებები მაშინვე იქნა უგულებელყოფილი, რადგან საფუძველს ვერ პოულობდა წმინდა წერილში. მართლმადიდებელთა მხრიდან კი მოხმობილ იქნა იოანეს სახარების სიტყვები: "ძე მამისგანაა" (1,14,18), რომელთა უარყოფა არავის შეეძლო.

კრებაზე ევსევი კესარიელმა წარმოადგინა თავისი შედგენილი სარწმუნოების სიმბოლო. მოხერხებული მეცნიერი იმედოვნებდა, რომ მისი მეშვეობით მამასა და ძეს შორის ბუნდოვნად განსაზღვრული დამოკიდებულება წარმატებას პოვებდა. მაგრამ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა შეგონებით იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ესვევის შესთავაზა, ძე ღმერთის მამა ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრისთვის მხოლოდ ერთი სიტყვა შეეტანა სიმბოლოში: "ჰომოუსის" (ბერძნ. ერთარსი). მართალია, ეს სიტყვა წმინდა წერილში არ იხსენიება, მაგრამ წმინდა წერილიდან გამოტანილ აზრს გამოხატავს.

კრებამ გადაწყვიტა, ტერმინი "ჰომოუსის" სიმბოლოში შეეტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვის შეტანით როდი დაკმაყოფილდა; სიმბოლო იმდენად გადაკეთდა და ნათლად განიმარტა, რომ პირვანდელიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. არიოზელებს ორაზროვანი მსჯელობისთვის საბაბი აღარ დაუტოვეს.

ნიკეის კრების სიმბოლოს, გარდა ორი ეგვიპტელი ეპისკოპოსისა, ყველა მონაწილე დაეთანხმა და ხელის მოწერითაც დაადასტურა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ბევრი არიოზელი ხელისმომწერი პირფერი აღმოჩნდა და ეკლესიის ერთობაში სერიოზული განხეთქილებაც შეიტანა.

კრებამ არიანელობა, როგორც მწვალებლობა, დაგმო, არიოზის წიგნები დაწვეს, მისი მიმდევრები განდევნეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ მოღალატეებს, არიანელებს, მალე მაკედონიოსელთა ერესიც მოჰყვა.

კონსტანტინოპოლელმა ეპისკოპოსმა მაკედონმა წამოაყენა მოძღვრება, რომელიც სულიწმინდის ღვთაებრიობას უარყოფდა. მაკედონი აცხადებდა, რომ სულიწმინდა არ არის ღმერთი, იგი შექმნილი, ქმნადი ძალაა, რომელიც მამისა და ძის ნებას აღასრულებს, როგორც ანგელოზი.

მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ეს ერესიც დაგმო და მისი მიმდევრები ეკლესიიდან განდევნა.

გავიდა დრო და კონსტანტინოპოლელმა მთავარეპისკოპოსმა ნესტორმა სამების დოგმატზე დავა კვლავ გამოაცოცხლა. ნესტორი, არიანელთა საწინააღმდეგოდ, ცნობდა ძე ღმერთის მარადიულ არსებობას, მაგრამ სხვაგვარად ესმოდა ქრისტე როგორც ღმერთკაცი. ნესტორის მოძღვრების თანახმად, ქრისტე მარიამისგან იშვა როგორც კაცი, მაგრამ იგი მესია გახდა მას შემდეგ, რაც მასში გაცოცხლდა სულიწმინდა. ნესტორი ქრისტეს ორად ყოფდა: ძე ღვთისად (ლოგოსი) და კაცად (იესო ქრისტე). აქედან გამომდინარე, უარყოფდა წოდებას "ღვთისმშობელი", რადგანაც, მისი აზრით, ყოვლადწმინდა ქალწულისგან იშვა არა თვით ღმერთი, არამედ სამოსელი, რომელსაც უნდა შეემოსა ძე ღმერთი.

ნესტორი იქამდეც მივიდა, რომ განაცხადა: ქრისტე თავისი თავისთვისაც ეწამა, რადგან, როგორც ყველა ადამიანს, გამოხსნა მასაც სჭირდებოდა, ქრისტეს ხომ კაცობრივი ბუნებაც ჰქონდა და მასში ადამიანი ღმერთთან იყო შეერთებულიო. აქედან ცხადია, რომ კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი ქრისტეს უცოდველობას არ აღიარებდა.

ნესტორიანელობა არიანელობის უშუალო მემკვიდრე იყო. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ არიანელობის დამცველმა ეკლესიებმა ხალისით მიიღეს ნესტორისა და მისი მიმდევრების მწვალებლური სწავლება. ნესტორის ერესთან დაკავშირებით 431 წელს ქალაქ ეფესოში იმპერატორ თეოდოსის ბრძანებით მოწვეულ იქნა მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც ნესტორიანელობა მწვალებლობად მიიჩნია. მისი მიმდევრები განდევნეს.

ნესტორიანელობასთან ბრძოლაში ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი - მონოფიზიტობა. მის ფუძემდებლად ითვლება კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი მონასტრის ბერი ევტიქი. მონოფიზიტობის თანახმად, ძე ღმრთისა ორბუნებიანად (ღვთაებრივი და ადამიანური) შეიძლება ვაღიაროთ მხოლოდ მის განხორციელებამდე. განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ იმდენად შთანთქა ადამიანური, რომ ამ უკანასკნელმა თავისი სუბსტანცია დაკარგა. ამის შემდეგ ძე ღმრთისა მხოლოდ ერთბუნებიანია. მონოფიზიტებიც, მათი წინამორბედი განდგომილების მსგავსად, გახდნენ ერთ-ერთი მიზეზი მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისა, რომელიც ქალკედონში ჩატარდა 451 წელს. კრებამ დაგმო მონოფიზიტობა და მიიღო დიოფიზიტური დოგმატი, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: "იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი ცოდვის გარეშე. განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთპირად და შეურევნელად, განუყოფელად, განუყრელად და უქცეველად".

"განუყოფელად" იმას ნიშნავს, რომ ორი ბუნება ერთგვამოვნად არის შეერთებული, "განუყრელად" კი იმას, რომ შეერთება ორი ბუნებისა გრძელდება მარადის. კაცობა ქრისტეში არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულ პიროვნებად, არამედ ვლინდება მის ღვთაებობაში. "შეურევნელად" იმას გამოხატავს, რომ ორი ბუნება ქრისტეში არასოდეს შერეულა ისე, რომ მიგვეღო მესამე ბუნება, "უქცეველად" კი იმას აღნიშნავს, რომ ღვთის ძის მიერ კაცობრივი ბუნების მიღებით არ შეცვლილა არც ღვთაებრივი და არც კაცობრივი ბუნება: არ ქცეულა კაცობრივი ღვთაებრივად და არც ღვთაებრივი - კაცობრივად.

VII საუკუნეში ახალი ერესი - მონოთელიტობა წარმოიშვა. ამ მწვალებლობის თანახმად, ქრისტეში ერთი ნება და ერთი ღმრთეებრივი ქმედებაა, ხოლო ღმერთკაცის ადამიანურ ნებასა და ქმედებას მონოთელიტობა არ ცნობს. სწორედ მონოთელიტობა გახდა მიზეზი მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისა 680 წელს. კრების მიზანი იყო, ერთი მხრივ, მონოთელიტი ერეტიკოსების ცრუ სწავლების დაწვრილებითი გამოკვლევა და, მეორე მხრივ, ამ მწვალებლობის საწინააღმდეგოდ მიმართული მართლმადიდებლური სწავლების გადმოცემა. კრებამ, ცხადია, დაგმო მონოთელიტობა და საკითხთან დაკავშირებით მიიღო სარწმუნოებრივი განსაზღვრება, რომლის თანახმად, "ქრისტეში ორი ბუნებრივი ნებაა განუყოფელად, უცვლელად, განუყრელად, შეურწყმელად და არა ურთიერთსაწინააღმდეგო ორი ნება; მაგრამ მისი ადამიანური ნება არ ეწინააღმდეგება, არამედ ემორჩილება მის ღმრთეებრივ ნებას. ქრისტეში ასევე ორი ბუნებრივი ქმედებაა განუყოფელად, უცვლელად, განუყრელად და შეურწყმელად. ვაღიარებთ ქრისტეს ორ ბუნებრივ ნებასა და ქმედებას, ერთმანეთში თანხმობით შეთავსებულს".

ასეთია პირველ განდგომილთა ზოგადი სურათი.
ბეჭდვა