მოგონებები
მოგონებები
ფრთხილად მოეკიდე კვეთებულის ლოცვას. ზოგიერთმა ახალგაზრდა მღვდელმა სცადა ამ თავისთვის მეტად ძნელი საქმისთვის ხელის მოკიდება, მაგრამ საკუთარ თავსაც ავნო და ვერც სხვას უშველა
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ერთხელ მამა საბას (ოსტაპენკო) ვესტუმრე. მითხრა, - დღეს წმინდა ადგილის მოსალოცად ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ვერ შევძელიო. წინა დღეს მასთან ყოფილა ოკულტიზმის მიმდევარი. მან სული ეშმაკს მიჰყიდა და ხელწერილი საკუთარი სისხლით დაუწერა. ამ კაცმა ბევრი მკრეხელური საქციელი ჩაიდინა. როცა შეიტყო, აქ მამა საბა იმყოფებაო, მივიდა მასთან და უთხრა აღსარება. "როცა წავიდა, საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, - მითხრა მამა საბამ, - ძალა აღარ მქონდა, საღამოს ლოცვები წამეკითხა. გაჭირვებით მივაღწიე საწოლამდე და ღონემიხდილმა ჩავიკითხე მოკლე ლოცვები. დილით საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი და ახლახან წამოვდექი". ჩემი უგუნურებით ვუთხარი: - მამაო, ნეტავ ამ კაცისგან აღსარება არ მიგეღოთ-მეთქი. "არა, მიხარია, რომ შევძელი მისი დახმარება. მადლობა ღმერთს - შეინანა. მე კი გავითანგე სულით და სხეულით, მაგრამ მზად ვარ, მეტი დავითმინო, ოღონდ სული მისი ცხონდეს". ვფიქრობ, რომ მოძღვრისთვის ერთია აღსარების მიღება და სხვაა - ღვთის წინაშე ლოცვით წარდგომა მათთვის, ვინც მას აღსარებას ეუბნება.

ყოფილი სატანისტის აღსარებაზე მამა საბას მონაყოლმა ერთი შემთხვევა გამახსენა, რომელსაც ხელდასხმიდან მალევე შევეჯახე, თეთრიწყაროს სამრევლო ეკლესიაში მღვდლობისას. ეს ადგილი განთქმულია საუცხოო წყაროს წყლებით. რევოლუციამდე აქ დრაგუნთა პოლკი იდგა და ოფიცერთა ოჯახები ცხოვრობდნენ. ოდესღაც აქ ჰქონია აგარაკი ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს ვიტეს. უფრო ადრე, XIX ს-ში, იგი გახლდათ საკატორღო ადგილი. თეთრიწყაროს მცხოვრებთა შორის წააწყდებოდი როგორც კატორღელთა შთამომავალს, ასევე რევოლუციის შემდგომ გადარჩენილ ოფიცერთა და თავადაზნაურთა შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებიც იმ დროს თავიანთი წარმოშობის დამალვას არჩევდნენ. ხალხი მორწმუნე გახლდათ. ტაძარში დღესასწაულებზე ბევრი იკრიბებოდა. ძველი ჩვეულებისამებრ, ეკლესიაში მამაკაცები მარჯვენა მხარეს იდგნენ, დედაკაცები - მარცხნივ. როცა თეთრიწყაროში ჩავედი, ყველაზე მეტად გამაოცა მღვდლისადმი ადგილობრივი ბავშვების დამოკიდებულებამ. მოირბინეს და გულწრფელი სიხარულით მესალმებოდნენ: "გამარჯობა, მამაო". იმ დროს ქალაქში ბავშვები მღვდელს ეჭვიანად და შიშითაც კი უცქერდნენ.

თეთრიწყაროს მახლობლად რამდენიმე ბერძნული სოფელი იყო. ყოველ დიდ დღესასწაულზე ბერძენი დედაკაცები მოდიოდნენ ტაძარში. თავიანთი ეროვნული სამოსი ეცვათ და ყელზე ოქროსა და ვერცხლისმონეტებიანი თასმა ეკიდათ. რაც გრძელი იყო თასმა, მით უფრო საპატიო ადგილი ეკავა მის პატრონს თანასოფლელთა შორის. ბერძნები ძალზე სასიამოვნო ხალხი იყვნენ. მათში იგრძნობოდა ერთგვარი თანდაყოლილი, გენეტიკური ერთგულება მართლმადიდებლობისადმი, რომელიც გამოიწრთო ისლამურ სამყაროსთან მრავალსაუკუნოვანი წინააღმდეგობისას. დიდი მარხვისას ხშირად მიწვევდნენ მოხუცების და ავადმყოფების საზიარებლად. როგორც კი გაიგებდნენ, მღვდელი ჩამოვიდაო, ლამის მთელი სოფელი იკრიბებოდა. ერთ ბერძნულ სოფელში ჩვეულებად ჰქონდათ: ყოველი კომლიდან მღვდლისთვის კვერცხი მოჰქონდათ და დიდ კალათაში აწყობდნენ. მერე ერთ-ერთი ბერძენთაგანი ყიდულობდა ამ კალათას და ფულს მღვდელს აძლევდა. ამაღელვებელი იყო მათი მზრუნველობა. თეთრიწყაროში ყოფნის მერე განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა დამრჩა ბერძნების მიმართ იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მათ მართლმადიდებლობის შესანარჩუნებლად გაიღეს და იმის გამოც, რომ დღევანდელი მორწმუნე ბერძნისთვის მაჰმადიანობა და კათოლიციზმი მსგავსი ცნებებია, ამ ორ ძალას მათი სარწმუნოების განადგურება სურს და შეთანხმებულად მოქმედებენ. ზოგიერთ სოფელში ბერძნები პონტოური დიალექტით საუბრობდნენ, სხვებში კი თურქულ ენაზე. ოდესღაც თურქეთის სულთანმა მათ შესთავაზა - ან რწმენა შეიცვალეთ, ან ენაო. მსხვერპლად ენა შესწირეს. სულთანმა ბრძანება გამოსცა: ვისაც ბერძნულად სიტყვა წამოსცდებოდა, ყველა მოეკლათ. რამდენიმე თაობის მერე იმ მხარეში ბერძნული ენა დაავიწყდათ. მაგრამ თურქულენოვანი ბერძნები არანაკლებ გულმოდგინებას იჩენდნენ ეკლესიის მიმართ. ენის შეცვლას ისინი მართლმადიდებლობის შესანარჩუნებლად გაღებულ უდიდეს მსხვერპლად თვლიდნენ.

ერთხელ ტაძარში ბერძნული ოჯახი მოვიდა: მამა, დედა და ქალიშვილი, რომელიც დემონს ჰყავდა შეპყრობილი. ის ტანზე სამოსს იხევდა, გარბოდა ტყეში, ზოგჯერ ყვიროდა, სახეს იკაწრავდა, მუშტებს თავში ირტყამდა, თმას იგლეჯდა, თითქოს მის შინაგანს უხილავი ცეცხლი წვავდა. მშობლებმა მთხოვეს, გოგონასთვის კვეთებულის ლოცვა წამეკითხა. ეშმაკთა განსხმის ლოცვა მანამდე არ წამეკითხა და ჩემი გამოუცდელობით დავთანხმდი. ჯერ კიდევ ამ შემთხვევამდე მიტროპოლიტმა, მაშინ არქიმანდრიტმა ზინობიმ მითხრა: - ფრთხილად მოეკიდე კვეთებულის ლოცვას. ზოგიერთმა ახალგაზრდა მღვდელმა სცადა ამ თავისთვის მეტად ძნელი საქმისთვის ხელის მოკიდება, მაგრამ საკუთარ თავსაც ავნო და ვერც სხვას უშველაო. ვკითხე: - რა ვქნა, უარი ვუთხრა ასეთ სათხოვარზე-მეთქი? დათანხმდი, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. უკეთესია პარაკლისი წაიკითხო დაუჯდომელთან ერთად, მერე კი ეშმაკთა განდევნის კანონი და არა შეფუცვის ლოცვებიო.

ჩანს, მეუფემ იცოდა ჩემი უძლურება და რომ ჩემი გარეგნული სიფიცხის ქვეშ საკუთარი თავის იმედი და სიამაყე იმალებოდა.

ეკლესიაში არავინ იყო იმ საცოდავ გოგონასა და მისი მშობლების გარდა. იფიქრებდი, გოგონა ვერ გვხედავს და არც არაფერი ესმისო, დუმდა, სიტყვაც კი არ დაუძრავს. ტაძრის შუაში ანალოგიაზე სახარება და ჯვარი დავასვენე, გამოვიტანე კურთხევანი და "ბოროტ სულთაგან შეპყრობილთათვის" ლოცვას დავუწყე ძებნა... უცებ გოგონამ შფოთვა დაიწყო: აქეთ-იქით იხედებოდა, თითქოს ვერ ხვდებოდა, სად მოხვდა. როცა კურთხევანში საჭირო ლოცვა ვიპოვე და მოვემზადე წასაკითხად, გოგონა მდუმარედ წამოხტა სკამიდან და კარისკენ გაიქცა. მშობლებმა გაჭირვებით დააკავეს. მაშინ განვცვიფრდი, როგორ იგრძნო, რა ლოცვის წაკითხვას ვაპირებდი-მეთქი. მშობლებმა ხელჩაკიდებული მოიყვანეს ანალოგიასთან. დედა ალერსიანად ეჩურჩულებოდა ყურში, თავსა და სახეზე ეფერებოდა. ლოცვის კითხვა დავიწყე. უეცრად გოგონას ბაგეთაგან რაღაც ბოროტი, არაადამიანური, ცხოველური ყვირილი აღმოხდა. მასში ტკივილი, სიძულვილი და უსაშველო ტანჯვა იგრძნობოდა. მოვიხედე და თვალებში შევხედე. თითქოს ამ თვალებით ეშმაკი მიყურებდა. მახსოვს, ყრმობისას დედასთან ერთად ვენახში დავსეირნობდი, უეცრად შორიახლოს ბალახი შეირხა და ქვეწარმავალმა თავი წამოსწია, ტანი დაჭიმა, თითქოს შეტევისთვის მოემზადა. ჩვენ ღრმა სარწყავი არხი გვაშორებდა. გველს არხი არ გადმოულახავს. ამ ქვეწარმავლის, როგორც შეურიგებელი მტრის, მიმართ შიში შემიძვრა გულში. დედამ ხელი მტაცა და სწრაფად მომაშორა იქაურობას. ახლა კი, როცა ამ ეშმაკეულის თვალებს ვუცქერდი, ვიგრძენი დემონური სამყაროს საშინელება. დემონი - ეს დაუნდობელი მტერი და მკვლელი, რომელიც მხოლოდ სიძულვილის გრძნობითაა აღვსებული, მე მომჩერებოდა. იმ გველის შემოხედვა ამ სულის შემწველ ბოროტებასთან ბავშვის მზერად მოგეჩვენებოდა. იმ თვალებში ჯოჯოხეთის ბნელი უფსკრული მოჩანდა. ეს გახლდათ სიკვდილი, უბრალო კი არა, როგორც გადასვლა ამ სოფლიდან სხვა ყოფიერებაში, არამედ საუკუნო სიკვდილი, სადაც არ არსებობს შებრალება, არც ცვლილება, არც დასასრული, არც გაქრობა, არც დავიწყება. ეს თითქოს თვით სულის სიკვდილი იყო. მასთან შედარებით საფლავში მდებარე მატლებისგან შეჭმული გვამის მდგომარეობა მშვიდ ძილად მოგეჩვენებოდა. გეგონებოდა, რომ მიწიდან ჯოჯოხეთი ამოიფრქვა და ამ ველურ თვალებში გაიყინა. შევხედე მას და ვიგრძენი ის, რაც გონებით ვიცოდი: სატანა არასოდეს შეინანებს, მან შებრალება არ იცის. გასაგები გახდა სხვა რამეც: ის სატანჯველი, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს აყენებენ, ის ტანჯვა-წამება, კედლებს შუა გამომწყვდეული უბრალონი რომ განიცდიან, ერების უაზრო განადგურება, ქრისტიანობის საშინელი დევნა, ტირანთა სისხლის წყურვილი - ყოველივე ეს საშინელი ჯოჯოხეთური ძალების დედამიწაზე არსებობაზე მეტყველებს. გონმიღებული ნარკომანების და სადისტების ზურგს უკან ჩრდილივით დგანან დემონური არსებები, რომლებიც უბრძანებენ თავიანთ ნებას. მე მწამდა ეკლესიის სწავლებისა სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, მაგრამ წმინდა მამათა ცხოვრებებსა და სწავლებებში აღწერილი სამოთხე და ჯოჯოხეთი მხოლოდ რთულ სიმბოლიკად მეჩვენებოდა, რომელსაც ასოციაციური მსგავსება ჰქონდა ამქვეყნიურ რეალობასთან. ხოლო ჯოჯოხეთის ხატება პირობითი ენით განსაზღვრული აბსტრაქციები მეგონა. ახალგაზრდა ბერძენი ქალის შეფუცების ლოცვამ მიჩვენა, რომ ეს ხატებანი უფრო ახლოს იყო რეალობასთან, ვიდრე ადრე მეჩვენებოდა. ლოცვის ბოლოს გოგონას პირიდან სიმყრალე ამოუვიდა. მასში ცხადად იგრძნობოდა გოგირდის სუნი... გოგონამ ბოლოს უძლურება იგრძნო, მიესვენა მშობლების მკლავებს. მათ ის იატაკზე დააწვინეს.

ეს ხალხი შეფუცების ლოცვაზე კიდევ ერთხელ მოვიდა. გოგონა უკვე ესაუბრებოდა დედას და პასუხობდა მის შეკითხვებს. ცდილობდა, რაღაც მოეყოლა, მაგრამ რუსული არ იცოდა და შეცბუნებული იღიმებოდა. როცა წიგნი გამოვიტანე შეფუცების ლოცვის წასაკითხად, სახეზე ისევ შიში გამოეხატა. ისეთი მავედრებელი თვალებით გვიყურებდა, თითქოს გვთხოვდა, ნუღარ მაწამებთო, მერე კი კვლავ ეკლესიიდან გაიქცა.

ამის მერე საშინელი და მოულოდნელი განსაცდელები დამეწყო, რომლისთვისაც მზად არ ვიყავი. მიტროპოლიტმა ზინობიმ რამდენიმე წლით ამიკრძალა შეფუცების ლოცვის წაკითხვა. მერე მარჯვენა ფეხის თითი ამტკივდა, გამიშავდა ისე, როგორც განგრენაა იწყება. მეუფემ მითხრა, შენი ჯანმრთელობისთვის ვილოცებ, მაგრამ თუ ეს განგრენაა, სჯობს მოიკვეთოო. განგრენა არ აღმოჩნდა. თითი ჩირქით იყო სავსე. ცნობილმა ექიმმა თურმანიძემ, რომელიც მმკურნალობდა, მითხრა: "კიდევ კარგი, სხვა ქირურგების ხელში არ აღმოჩნდი, თორემ თითს მაშინვე მოგაჭრიდნენო". რამდენიმე კვირით ლოგინში ჩაწოლა მომიწია.

ამის მერე მალევე ახალ სამრევლოში გადამიყვანეს.

აქვე მინდა დავუმატო, რომ შეფუცების ლოცვის მეორედ წაკითხვის შემდეგ ამ გოგონას მშობლებს ვუთხარი, შეენანებინათ თავიანთი ცოდვები. მამამისმა მიამბო, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი: შვილი მთვრალს ჩაესახა. მამამისს, გოგონას პაპას, სოფლის საბჭოში მუშაობისას ხელი მოეწერა თავიანთ სოფელში ეკლესიის დახურვაზე. მერე კი ამ დახურული და ნახევრად დანგრეული ტაძრის ქვების ნაწილით ღობე და ფარდული აეშენებინა. ამიტომ ხელების კანკალი დასწყებია, კოვზი პირამდე ვერ მიჰქონდა და სიკვდილამდე პატარა ბავშვივით აჭმევდნენ. ტაძარი არ გაუნადგურებიათ, მხოლოდ დაკეტეს. ამ კაცს ვურჩიე, მოევლო ტაძრისთვის, მინები ჩაესვა, სახურავი შეეკეთებინა. თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა, ქვები დაებრუნებინა და თანასოფლელებთან ერთად შეეკეთებინა ეკლესიის ღობე. მითხრა, უფრო მეტს გავაკეთებ, ოღონდ შვილი გამომიჯანმრთელდესო.
ბეჭდვა
1კ1