მოგონებები
მოგონებები
ვისურვებდი, საღმრთო სიყვარულის მხურვალებით შემედნო მთელი კაცობრიობა ერთ მთლიანობად, ჩამეკრა გულში და მისი ცხონებისთვის საშინელი სატანჯველებით მოვმკვდარიყავი
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მამა იოანე კრონშტადტელზე ამბობენ, რომ "მისი სიტყვები ხელმწიფებით იყო ნათქვამი". ამ ხელმწიფებას გრძნობდნენ კაცთა სულები მამა საბას (ოსტაპენკო) ნათქვამი სიტყვიდანაც. ერთხელ, სოხუმში ყოფნისას, მამა საბამ მორჩილი აკურთხა, რათა ხმამაღლა წაეკითხა წმინდა ვასილისკოს ცხოვრება. ნაცნობმა ტექსტმა სხვანაირად გაიჟღერა, თითქოს გაცოცხლდაო: ვგრძნობდით წმინდა ვასილისკოს სიხლოვეს, თითქოს თვითონვე ეხმარებოდა მკითხველს თავისი ცხოვრების წაკითხვაში, თვალწინ გადაგვიშლიდა თავისი მოწამეობის ფურცლებს. ბოლოს, მამა საბამ თქვა, - როგორი "ძარღვიანი" ცხოვრებააო.

ლოცვებს და ასამაღლებლებს მამა საბა ცოტა მკვეთრად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვამდა, თითქოს ბრძოლის ველზე გასული მეომარი ყოფილიყო, რომელიც ხან მტრის მოახლოებას იწყებს, ხანაც მტერს გამარჯვების ყიჟინას დასცემს. როცა იგი ლოცულობდა, ისეთი შეგრძნება გქონდა, რომ ცხადად ხედავდა იმას, ვისაც მიმართავდა.

სქემიღუმენი საბა სულიერი ცხოვრების ცენტრად ზიარებას თვლიდა. ის არწმუნებდა სულიერ შვილებს, რაც შეიძლება ხშირად ზიარებულიყვნენ. მოძღვარი ხშირი ზიარების სიკეთეზე კრებდა ამონარიდებს წმინდა იოანე კრონშტადტელისა და სხვა მამათა ნაშრომებიდან. ეშმაკი მთელი ძალით ცდილობს ჩამოაშოროს კაცი წმინდა ზიარებას. ბნელი ძალა ორივე მხრიდან ებრძვის. მარცხნიდან აშკარა ცოდვებით: გულგრილობით, სიზარმაცით, სულის შერყვნით, ფანტაზიებითა და გულისთქმებით, ეკლესიაში საეკლესიო ღვთისმსახურებისთვის თავის არიდებით, გაღიზიანებით, ბოროტის ხსოვნით, სირცხვილის მიზეზით მღვდლის წინაშე აღსარებაზე უარის თქმით, ზიარების წინ არაწმინდა სიზმრის ხილვით და სხვა. მტერი ებრძვის ადამიანს მარჯვენა მხრიდანაც! აიძულებს სიწმინდეების ყალბ კეთილმსახურებას. ის შთააგონებს არა მარტო მღვდლებსა და ერისკაცებს, მღვდელმთავრებსაც კი, რომ ხშირი ზიარება წმინდა საიდუმლოებათა ბოროტად გამოყენებაა, სულიერი სიამაყის ნიშანია, რომ ხშირი ზიარებით შეიძლება შეეჩვიო და უფლის სისხლი და ხორცი შენთვის ჩვეულებრივი ხორციელი საკვები გახდეს, რომ ხშირად მაზიარებელ ადამიანს არ შეუძლია ღირსეულად მოემზადოს ამ უდიდესი საიდუმლოებისთვის. ასეთი ხალხი ეჭვიანად უყურებს ხშირად მაზიარებლებს და ხშირ ზიარებას ეკლესიაში შემოღებულ სიახლედ მიიჩნევს. მამა საბას აზრით, ადამიანისთვის წმინდა ზიარების მოკლება ისეთივე სისასტიკეა, როგორც ძუძუთა ბავშვისთვის დედის რძის აღკვეთა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად მაზიარებელნი სულიერი თვალსაზრისით უფრო ღირსეულად ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც კეთილკრძალულების საბაბით სიწმინდეს აკლდება. სინამდვილეში ეს სიმდაბლე კი არ არის, არამედ ეშმაკის ტყუილია, ზიარებისას ადამიანი იღებს ძალას ცოდვასთან საბრძოლველად, მას კი ეუბნებიან, - ხშირად ნუ ეზიარებიო. საიდან აიღებს ის ამ ძალებს? როცა ეუბნებიან, ძველად ხშირად ეზიარებოდნენ ხოლმეო, პასუხობენ, - მაშინ სხვა სულიერი დონე იყოო. მაგრამ სულიერი დონე განა ხშირ ზიარებაზე არ იყო დამოკიდებული? მამა საბა ცოდვილთ იშვიათად განაყენებდა ზიარებიდან. ამბობდა: "აღსარება თქვი, საკუთარ გულში დამდაბლდი, როგორც ყველაზე უღირსი, და ისწრაფე წმინდა ბარძიმთან მისვლა".

ერთხელ მონასტრიდან ძველი სამრევლო ეკლესიის სარემონტოდ და აღსადგენად გააზგავნეს. სააღდგომო მსახურების დასრულების შემდეგ მამა საბამ მრევლს მიმართა: "ამ საღამოს ყველას გაზიარებთ წმინდა საიდუმლოს, ყველა მოდით ბარძიმთან!"

***
მამა საბას ძალზე უყვარდა ფსალმუნნი. თვლიდა, რომ ფსალმუნთა წაკითხვა აუცილებელია იესოს ლოცვისთვის, რომ ფსალმუნნი და იესოს ლოცვა წყალიცხოველია ერთი წყაროსთვალიდან მომდინარე, ფსალმუნნი აკავებს იესოს ლოცვას, როგორც ტაძრის კედლები - სახურავს. ძველად მონასტრებში, "უძინართა" სავანეებში მონაზვნები ოცდაოთხ რიგად იყვნენ დაყოფილნი და დღე და ღამე ფსალმუნებს კითხულობდნენ. მამა საბა აკურთხებდა თავის სულიერ შვილებს, რომ მათაც გაენაწილებინათ ერთმანეთში დავითის ფსალმუნები და დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთში წაეკითხათ, რათა ფსალმუნის კითხვა მათ სულიერ ოჯახში არასოდეს შეწყვეტილიყო. ბერი ახალი აღთქმის ყოველდღიურად წაკითხვას აუცილებლად თვლიდა. იგი ურჩევდა სულიერ შვილებს, თუ შესაძლებლი იქნებოდა, სახარებისა და სამოციქულოს წასაკითხად ერთი საათი გამოეყოთ.

სქემიღუმენმა საბამ მრავალი წიგნი დაწერა შინაგან სულიერ ცხოვრებაზე. მაშინ მათი გამოცემა შეუძლებელი იყო. ამ ქადაგებებს ან ხელით გადაწერდნენ, ანდა საბეჭდი მანქანით ამრავლებდნენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მაშინ ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ამბობდა, რომ მამა საბა თავისი წიგნებით დიდად ეხმარებოდა. ეს წიგნები ნათელი და უბრალო ენითაა დაწერილი. მათში სულიერ დარიგებებს მოიძიებს სხვადასხვა ინტელექტის მქონე ადამიანი. როცა მათ კითხულობ, გგონია, თითქოს თავის შვილებს ესაუბრებაო.

სული კაცისა, რომელსაც მამა საბასთან ურთიერთობა ჰქონდა, გრძნობდა მის სულიერ ხელმწიფებას და ცდილობდა, დამორჩილებოდა ამ ხელისუფლებას, ამოჰფარებოდა მას, თავი დაეცვა ბოროტ სულთა განსაცდელთაგან, რომლებიც არყევს გონებას...

მახსოვს ის ღამე, როცა მოსკოვიდან მღვიმევში რკინიგზით მივდიოდი. გზად ვრცელი ტყე უნდა გამევლო. ჩამავალი მზე უზარმაზარ ცეცხლის ფრინველს ჰგავდა, რომელიც ტოტებს შორის ბუდეს იწნავდა, საუკუნოვანი ხეების ღრეჩოებიდან გამოღწეული სხივები კი ალისფერ ბუმბულს ანდა შორეული ტყის ხანძრიდან მოტანილ ცეცხლის ენებს. ჩამუქებული ცის ლურჯი ფერები, როგორც მდელოზე მიმობნული იის ყვავილები, იასამნის კუნძულებად გადაიქცა. მზე ეშვება ჰორიზონტს იქით. ცის კაბადონი მეწამული ქიტონით შეიმოსება, მერე კი ძვირფასი ქვებით მოოჭვილ შავ მოსასხამში გაეხვევა; დგება ღამე. გაივლის რამდენიმე საათი და თვალწინ სხვა სურათი გადაიშლება: ჭექა-ქუხილი ატყდა ტყეში. აფეთქებული ცისფერი ელვა გაკვალავს უკუნ სიბნელეს, მოჰფენს მიწას ათრთოლებულ ფოსფორულ ნათებას და გამოჰგლეჯს ღამის სიბნელეს, გულში ჩაკრულ ტყეს. წვიმის ნაკადი ვერცხლისფერი ძაფები გგონია, ძლიერი ქარი ხეებს ხრის. ფიჭვის კენწეროები მიწამდე იხრებიან, თითქოს ვიღაცას შეწყალებას სთხოვენ და ყველაფერი კვლავ ბნელში იძირება. მერე კი კვლავ დამაბრმავებლად გაიელვებს და ვაგონის სარკმელთან ქარიშხალთან მებრძოლი ვეებერთელა ტოტები წამით გაიშრიალებენ. ამ დროს სულში სიმშვიდეა, თითქოს ბავშვობა გიბრუნდება, თითქოს ეს ტყეში მოღრიალე ქარიშხალი ჩვენი მიწიერი ცხოვრებაა, თავისი განსაცდელებით, ცდომილებებითა და ვნებებით. თუ სულიერად შენი მამის გვერდით იქნები, მაშინ საუკუნოვანი ხეების მომრევი ქარიშხალი ვერ შეგეხება, მის შუაში უვნებლად გაივლი მამის ლოცვის საფარველით დაცული.

***
ხალხში ხშირად მომისმენია ასეთი გამოთქმა, - მღვდელმა აღსარებისას ცოდვები თავის თავზე აიღოო, რაც ცრურწმენად მეჩვენებოდა. როგორ შეიძლება მღვდელმა სხვისი ცოდვები იტვირთოს, განა ის მათთვის ჯვარზე გაეკრა? მაგრამ მერე მივხვდი, ამ ჩემი საღვთისმეტყველო შეცდომის საპირისპიროდ ამ სიტყვებს ერთგვარი საფუძველი აქვს. არიან სულიერი მამები, რომლებიც ლოცულობენ, რომ ღმერთმა მას მოსთხოვოს პასუხი სულიერი შვილების ცოდვათა გამო. ეს ნიჭია განსაკუთრებული, თავგანწირული სიყვარულისა. ეს აზრია არქიმანდრიტ აღაპიტეს სიტყვებში: "ვისურვებდი, საღმრთო სიყვარულის მხურვალებით შემედნო მთელი კაცობრიობა ერთ მთლიანობად, ჩამეკრა გულში და მისი ცხონებისთვის საშინელი სატანჯველებით მოვმკვდარიყავი". ასეთი სიყვარული ჰქონდა სქემიღუმენ საბას. ის ღმერთს შესთხოვდა, დაესაჯა საკუთარი სულიერი შვილების ცოდვებისთვის. ლოცულობდა, რომ მათი სნეულება მასზე გადასულიყო. ჩვენ მსუბუქნი ვიყავით, ვინაიდან იგი გრძნობდა თავს დამძიმებულად.

მონაზონი მიტროფანია მიყვებოდა: ერთხელ ძალიან გავცივდი. კბილების ტკივილისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. რამდენიმე ღამე თეთრად გავათენე. თითქოს ელექტრობამ თავში გამიარა. სახე დამისივდა, ვერანაირი წამალი ვერ მშველოდა. ბოლოს, შალის მოსასხამში გახვეული მონასტრამდე დიდი გაჭირვებით მივედი, სადაც იმ დღეს მამა საბა მსახურობდა და ვთხოვე, ჩემთვის ილოცე-მეთქი. მითხრა, - ახლა მე შენ კვეთაში მოგიხსენიებო და საკურთხეველში შევიდა. დაიწყო ლიტურგია. კუთხეში სკამზე ჩამომჯდარმა გადავწყვიტე, ღვთისმსახურების დასრულებამდე ტაძრიდან არ გავსულიყავი. თავიდან მომეჩვენა, რომ ტკივილი გამიძლიერდა, ცრემლშერეული ოფლი ღვარად ჩამომდიოდა სახეზე. უეცრად ტკივილმა მიკლო და მსახურების დასასრულს გამიქრა, დამრჩა მხოლოდ სისუსტე. მამა საბასთან ჯვარზე სამთხვევად ყველაზე ბოლოს მივედი, მინდოდა, მადლობა გადამეხადა განკურნებისთვის, მაგრამ როცა მამა საბას შევხედე, შევძრწუნდი - სახე დასიებოდა და დაძაბული დაითმენდა ტკივილს. მისი ლოცვით ჩემი ავადმყოფობა მასზე გადავიდა. მუხლებზე დავეშვი და ვთხოვე: - დაე, ავადმყოფობა თქვენგან ისევ მე დამიბრუნდეს-მეთქი, მაგრამ უჩუმრად მიბრუნდა და საკურთხეველში შევიდა.

ერთმა მღვდელმონაზონმა მიამბო: "ახალგაზრდობაში ცუდ კომპანიაში მოვხვდი. დავიწყე სმა, სიგარეტის წევა, და უარესი - უხეშად ვექცეოდი დედაჩემს, მის დარიგებას ლანძღვითა და დაცინვით ვპასუხობდი. ერთხელ, საშინელი მრისხანებისას, დედაჩემი მივიდა ხატებთან და თქვა, - წყეულიმც იყავი და წყეულიმც ვიყო მე, რომ ასეთი შვილი გაგაჩინეო. ამის შემდეგ დავინახე, როგორ შემიძვრა პირში შავი გველი. კრიჭა შევკარი, მაგრამ ის მაინც შემისრიალდა შიგნით. რაღაც ცივი არსების სიახლოვეს ფიზიკურად ვგრძნობდი სულში და სხეულშიც კი. ზოგჯერ ისეთ საშინელ ტანჯვას განვიცდიდი, თითქოს გველი შხამიანი კბილებით შინაგანს მიგესლავდა. მაშინ კი შევცვალე ცხოვრება: ეკლესიაში დავიწყე სიარული, მერე საკურთხეველში დავიწყე მსახურება. ეკლესიაში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ლიტურგიის ყველაზე წმინდა წუთებში გველი კვლავ იწყებდა ჩემს ტანჯვას. დიდ დღესასწაულებზეც ვგრძნობდი, გამძვინვარებული ქვეწარმავალი როგორ აწყდებოდა ჩემს შინაგანს, თითქოს ცეცხლით მოსწვავენო. ერთდროულად ვგრძნობდი მადლსაც და ტანჯვასაც - სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა. მღვდელმა ჩემი სემინარიაში გაგზავნა მოისურვა, მაგრამ მე მონასტერში მინდოდა წასვლა. მაშინ მირჩია, ფსკოვის მღვიმევში წავსულიყავი, სამუშაო მეშოვა, ჩავწერილიყავი, მერე იმ მონასტერში დამეწყო მუშაობა, ბოლოს კი მორჩილად შევმდგარიყავი. ასეც მოვიქეცი. გავიდა რამდენიმე წელი. მანტია შემმოსეს და მღვდლობაზე წარმადგინეს. გულწრფელად მოვუყევი მოძღვარს დედის წყევლასა და ჩემს ცოდვებზე. მითხრა: "ოღონდ ნუ იდრტვინებ დედაზე, შეუნდე, ილოცე მისი სულის განსვენებისთვის. ხელდასხმის წინ ასევე ვთხოვე მღვდელმთავარს, მოესმინა ჩემი აღსარება და მერე განესაჯა, შეიძლებოდა თუ არა ჩემი მღვდლობა. დედის წყევლა შენი ცოდვებისთვის ეპიტიმია იყო და როცა უფალი მოისურვებს, მაშინ განგკურნავსო, - მითხრა. დავიწყე მსახურება მონასტერში. ძველებურ სატანჯველს ახლა აღარ განვიცდიდი, მაგრამ დროდადრო ბნელი ძალა დამატყდებოდა ხოლმე თავს. მეგონა, ძველი ჭრილობები მეხსნებოდა, თუმცა მხოლოდ შეხორცებული ნაიარევები იყო დარჩენილი.

იმ დროს წმინდა სამების სერგისეული ლავრიდან ჩვენს მონასტერში გადმოიყვანეს მამა საბა. ერთხელ მან დაჟინებით შემომხედა და მითხრა: "მე მყავდა სულიერი შვილი, ვაჟი, რომელმაც შეურაცხყო საკუთარი დედა. დედამ დაწყევლა იგი, ამის მერე ვაჟს საქმეები აეწეწა, ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ინგრეოდა, თითქოს წყალზე აშენებდა სახლს. ღმერთმა ნუ ქნას, საკუთარი დედა გავამწაროთ". განმაცვიფრა მისმა სიტყვებმა: საიდან უნდა სცოდნოდა ჩემი უბედურების ამბავი? გაოცებულმა შევხედე თვალებში და რაღაც უჩვეულო დავინახე - თითქოს ერთი შემოხედვით ჭვრეტდა მთელ ჩემს ცხოვრებას. მის წინაშე მუხლებზე დავეცი: "მამა საბა, აქედან არ ავდგები, ვიდრე ჩემგან აღსარებას არ მიიღებ, როგორც გინდა, ისე დამსაჯე, ოღონდ დამეხმარე". მომისმინა, თუ როგორ დამწყევლა დედამ, თავზე ოლარი დამაფარა, მაგრამ მაშინვე არ წამიკითხა განხსნის ლოცვა, არამედ ჯერ ილოცა, მერე მითხრა: "წადი, ღმერთმა გაპატია". უეცრად მთელი არსებით ვიგრძენი, რომ შემენდო, რომ ამ ბნელმა ძალამ დამტოვა, თითქოს რომელიღაც ბნელი ღრუბელი გაიფანტაო, რომლითაც ჩემი სული ამდენი წელი იყო დაბურული.

შემდგომში ამგვარივე შემთხვევა წავიკითხე წმინდა იოანე კრონშტადტელის ცხოვრებაში. დედამ შვილი დაწყევლა, რადგანაც ვაჟი გალოთდა, სამსახური დაკარგა, ქურდობა დაიწყო, მერე კი აღსარებაზე მამა იოანესთან მოვიდა და მის წინაშე ტირილი დაიწყო. მამა იოანემ თქვა: "დაე, შენი წყევლა ჩემზე გადმოვიდეს" და ვაჟმა, როგორც ახალშობილმა, სხვანაირი ცხოვრება დაიწყო. შესაძლოა, მამა საბამ ჩემთვის იგივე სთხოვა ღმერთს - არ ვიცი...
ბეჭდვა
1კ1