ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქრისტიანული ეპოქის დასაწყისში ალბანეთის ტერიტორია შედიოდა რომის იმპერიის პროვინციების - ილირიისა და მაკედონიის შემადგენლობაში. ქრისტიანული თემები აქ იქმნებოდა მოციქულთა ქადაგების შემდეგ. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში აღნიშნავს თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე სახარების სიტყვის გავრცელებას (რომ. 15,19; ტიტ. 3,12; 2 ტიმ. 4,10). ტრადიცია ამ რეგიონის განმანათლებლად მიიჩნევს დირარქიის (თანამედროვე დურესის) პირველ ეპისკოპოსს კესაროსს, რომელიც პავლე მოციქულის მიერ იყო დადგენილი. დირარქიაში საეკლესიო თემის არსებობის უფრო ნათელი მაგალითია 94 წელს ეპისკოპოს ასტის მოწამებრივი აღსასრული.

III საუკუნის დასასრულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ალბანეთის ტერიტორია დაყოფილი აღმოჩნდა რომის სამ პროვინციას შორის, რომელთაც თავ-თავიანთი ქრისტიანული ეპარქიები ჰქონდათ.

გვიანი რომის იმპერიის ეპოქაში ილირია და საბერძნეთი შედიოდა რომის მორჩილ თესალონიკის ვიკარიატში. დაახლოებით 732 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა პაპს წაართვა აღმოსავლეთი ილირია და კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაუმორჩილა, პაპის თესალონიკის ვიკარიატი კი გაუქმდა.

IX საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში ალბანეთი შედიოდა ბულგარეთის მეფის სამუილის სამეფოში. 1018 წელს, ბიზანტიის მიერ ბულგარეთის დაპყრობის შემდეგ, იმპერატორმა ბასილი II-მ მიტაცებულ ბულგარულ მიწებზე ეკლესიის სამართავად შექმნა ოქრიდის საარქიეპისკოპოსო და მის იურისდიქციაში შეიყვანა 32 ეპარქია - თანამედროვე ბულგარეთის, მაკედონიის, სამხრეთ სერბეთის და ალბანეთისა, XIII საუკუნის ბოლოს ოქრიდის იურისდიქციაში გადავიდა დირარქიის სამიტროპოლიტოც.

ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის (1204) შემდეგ, კათოლიკური გავლენა გაძლიერდა ალბანეთის ტერიტორიაზეც. 1273 წელს მიწისძვრის შედეგად დაღუპული დირარქიის მართლმადიდებელი მიტროპოლიტის ადგილზე დადგენილ იქნა კათოლიკე ეპისკოპოსი.

პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ალბანეთის ტერიტორიაზე გაჩნდა XII საუკუნის ბოლოს. ალბანეთის ტერიტორიის ნაწილები სხვადასხვა დროს შედიოდა ეპირის დესპოტიაში, ბიზანტიაში, ბულგარეთისა და სერბეთის სამეფოების შემადგენლობაში. XIV საუკუნის შუა პერიოდში ალბანეთი სერბეთმა დაიპყრო. 1392 წელს ტოპის გვარის თავადებმა დირარქია გადასცეს ვენეციელებს. ისინი მას 1392 წლამდე აკონტროლებდნენ. XV საუკუნეში ალბანეთის რეგიონების უმრავლესობა თურქეთის სულთნის ხელში აღმოჩნდა. 1479 წლისთვის ოსმალები მთელ ალბანეთზე გაბატონდნენ.

ოსმალთა ბატონობის პერიოდში ალბანეთის ეკლესიისთვის ალბანელების მიერ ისლამის მასობრივი აღიარება სერიოზული გამოცდა იყო. ამას ემატებოდა ქიმარიის ზღვისპირა რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა რომაულ-კათოლიკური მისია. ამ დროისთვის ალბანეთში გავრცელდა კაპტოქრისტიანობაც (მართლმადიდებლური სარწმუნოების საიდუმლოდ შენახვა და ამავე დროს გარეგნულად ისლამის მოთხოვნებისადმი მორჩილება).

1767 წელს, ოქრიდის საარქიეპისკოპოსოს თვითმმართველობის გაუქმების შემდეგ, ალბანეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაემორჩილა.

XIX-XX ს.ს.-ის დასაწყისში ალბანურ ენაზე პირველად ითარგმნა წმინდა წერილისა და საღვთისმსახურო ტექსტები.

1912 წლის 28 ნოემბერს ქალაქ ვლიორაში გამოცხადდა ალბანეთის დამოუკიდებლობა, ხოლო 1922 წლის 10-12 სექტემბერს ბერათის საეკლესიო კრებაზე - ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. კრებამ პირველ ნაციონალურ ეპისკოპოსად ეთნიკური ალბანელი, არქიმანდრიტი ბესარიონი (ჯოვანი) აირჩია (რომელიც 1925 წელს ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი იყო). კრებამ აგრეთვე აირჩია დროებითი უმაღლესი საეკლესიო საბჭო, რომელსაც 1829 წლის 18 თებერვლამდე ჰქონდა ალბანეთის ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლება. 1923 წელს დაიწყო მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლთან ალბანეთის ეკლესიის ახალი სტატუსის შესახებ. კონსტანტინოპოლი მზად იყო, მიეცა ალბანეთის ეკლესიისთვის ავტონომია იმ პირობით, რომ ეკლესიაში შენარჩუნებული იქნებოდა ღვთისმსახურება ბერძნულ ენაზე. ალბანეთმა უარი თქვა ამაზე. 1924 წელს ალბანეთის ეკლესიის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა ფან ნოლი (თეოფანე სტილიანი). იმავე წელს იგი მეთაურობდა სახალხო აჯანყებას ახმეტ ზოგუს ფეოდალურ-მუსლიმანური მთავრობის წინააღმდეგ. მანვე შექმნა ახალი მთავრობა, რომელმაც რვა თვე დაჰყო ხელისუფლებაში. ახმეტ ზოგუმ კვლავ დაიბრუნა ძალაუფლება, ეპისკოპოსმა ფან ნოლმა კი ალბანეთი დატოვა.

1926 წლის 6 ივლისს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ცნო ალბანეთის ეკლესიის ავტონომიური მმართველობა, მაგრამ ადგილობრივ ეკლესიის მოღვაწეთ სრული დამოუკიდებლობა სურდათ. 1929 წლის თებერვალში ეპისკოპოსმა ბესარიონმა, სერბ ეპისკოპოს ვიქტორთან ერთად, ხელი დაასხა კიდევ სამ ეპისკოპოსს - ეთნიკურ ალბანელებს. ამის შემდეგ ოთხმა იერარქმა შექმნა უწმინდესი სინოდი. მან 18 თებერვალს გამოაცხადა ახალი უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლება. სინოდმა ბესარიონი აირჩია სრულიად ალბანეთის არქიეპისკოპოსად. ახმეტ ზოგუმ კი, რომელიც 1928 წლიდან ალბანეთის მეფედ იჯდა, დაამტკიცა ახალარჩეული სინოდი, რომელმაც მალევე გამოაცხადა ალბანეთის ეკლესიის ავტოკეფალია. ბერძენი მღვდელმთავრები - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები - ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო ეპისკოპოს ვიქტორს კი შკოდრანის კათედრა ჩააბარეს სამწყსოდ. იმავე წელს მიიღეს ალბანეთის ეკლესიის წესდება, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ალბანეთის სამეფოს მოქალაქე ეთნიკური ალბანელი. ყოველივე ამან გამოიწვია კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბასილი
III-ის მძაფრი პროტესტი.

1936 წლის მაისში არქიეპისკოპოსი ბესარიონი გადადგა. სინადის ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (კისი) დაიწყო მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლთან. 1937 წლის 12 აპრილს გამოიცა საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი (დადგენილების სიგელი) ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიერი ავტოკეფალიის შესახებ. ამის შემდეგ თითქმის მთელი ალბანეთის იერარქია შეიცვალა. მეუფე ქრისტეფორე ტირანისა და სრულიად ალბანეთის არქიეპისკოპოსი გახდა. ტომოსის შესაბამისად, ალბანეთის ეკლესიას წმინდა მირონი კონსტანტინოპოლიდან უნდა მიეღო და ზოგადსაეკლესიო საკითხებისთვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის მიემართა.

1946 წლის იანვარში გამოცხადდა ალბანეთის სახალხო რესპუბლიკა, რომლის სათავეში ენვერ ხოჯა (1908-1985) მოვიდა. დაიწყო მორწმუნეთა დაუნდობელი დევნა. 1967 წლის 4 აპრილს გამოიცა დადგენილება ნებისმიერი რელიგიური კულტის მსახურების აკრძალვაზე. 1973 წლის ნოემბერს ციხეში გარდაიცვალა ალბანეთის ეკლესიის არქიეპისკოპოსი დამიანე. 1976 წლის კონსტიტუციამ დაადასტურა რელიგიური ორგანიზაციების სრული აკრძალვა, რელიგიური საქმიანობა და პროპაგანდა. დევნილობამ მიიღო მასობრივი ხასიათი. დაანგრიეს ასობით ტაძარი და მონასტერი. სასულიერო პირები ან ციხეში გამოამწყვდიეს, ან გადაასახლეს, ბევრი მათგანი მოწამებრივად აღესრულა.

1991 წლის გაზაფხულზე დაემხო კომუნისტური რეჟიმი. დაიწყო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება. იმის გამო, რომ ამ დროისთვის ალბანეთში არც ერთი ეპისკოპოსი ცოცხალი აღარ იყო, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ანდრუსიის ეპისკოპოსი ანასტასი (ელადის ეკლესია) დაადგინა ალბანეთის ეგზარქოსად. 1992 წლის 24 ივნისს მეუფე ანასტასი აირჩიეს ალბანეთის აღორძინებული ეკლესიის საჭეთმპყრობლად. 1992-2002 წლებში 114 ადამიანმა მიიღო საღვთისმეტყველო განათლება და ხელდასხმულ იქნენ სასულიერო პირებად. აიგო 74 ახალი ტაძარი, 65 ეკლესია და 5-მა მონასტერმა განაახლა საქმიანობა. 130 ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. 1998 წლის 21 ივლისს, ალბანეთის მთავრობასთან რამდენიმე წლის მოლაპარაკების შემდეგ, აღდგენილ იქნა ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდი.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1