მოგონებები
მოგონებები
"როგორ ვიპოვო ჭეშმარიტება?"
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ჩემს სიცოცხლეში შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც თითქოს მუდმივ სასწაულში ცხოვრობდნენ, მათთვის არ არსებობდა ფიზიკური კანონები, უძლურება ადამიანის სხეულისა , სულის შემარყეველი ვნებები, თვით დედამიწის მიზიდულობის ძალაც არ არსებობდა. სწორედ ასეთი გახლდათ ანასტასია, რომელსაც ხალხი "მჯდომარე ანასტასიას" ეძახდა. ის ხალხს იგავებით და გამოცანებით ესაუბრებოდა, მაგრამ მისი ნათქვამი ყოველთვის ცხადდებოდა. მისი მოსაგრეობა, ისევე როგორც ძველი მესვეტეებისა, ადამიანურ ძალებს აღემატებოდა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მომესმინა ანასტასიას შესახებ, შევეჭვდებოდი, მაგრამ არიან ცოცხალი მოწმეები ამქვეყნად მოვლენილი ამ სასწაულისა. არ ვიცი, თუ როგორ ლოცულობდა ანასტასია, ან ეზიარებოდა თუ არა, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რაც მინახავს და მასზე რაც სარწმუნო კაცთაგან გამიგონია, როგორიც გახლდათ, მაგალითად, იღუმენია მარიამი (სოლოვიოვა). მონასტრის დახურვის შემდეგ იღუმენია მარიამი, რამდენიმე მონაზონთან ერთად, სოფელ ახკერპში ცხოვრობდა. ის ამბობდა: "რასაც ანასტასია იტყვის, ყოველთვის ცხადდებაო".

ანასტასია რამდენიმე ათეული წელი თავისი სახლის ეზოში, გადახურულის ქვეშ აუდგომლად იჯდა. ზამთარში მხოლოდ გრძელ შალს მიიფარებდა. ეძინა ძალზე ცოტა. დილით მუხლებში თავს ჩარგავდა და ისე მიიძინებდა. გარს ყოველთვის ხალხი ეხვია. ზოგიერთს განსაკუთრებული ალერსით იღებდა, საკუთარი ხელით აჭმევდა, ზოგიერთს - ლანძღავდა, ქვებსაც კი ესროდა. განუწყვეტლივ ესაუბრებოდა უხილავი სამყაროს მკვიდრთ.

ამბობდნენ, სიყმაწვილეში ულამაზესი იყოო. დედა ადრე გარდაცვლია და გაუზრდია დედინაცვალს, რომელსაც შურდა გერის სილამაზისა და ამიტომაც სძულდა იგი. ანასტასია ერთ გვარდიის ოფიცერს მოსწონებია და მისი ცოლად შერთვა განუზრახავს. როგორც ჩანს, ანასტასიაც თანახმა ყოფილა, მაგრამ დედინაცვალს ქალიშვილი შინ ჩაუკეტავს. ოფიცრისთვის უთქვამს, ანასტასია შეიშალა და საგიჟეთში წაიყვანესო. გულმოკლულ ოფიცერს მაშინვე უძვრია რევოლვერი და თავი მოუკლავს. ხმაურზე გამოსულ ანასტასიას თავზარი დასცემია და იმ წუთიდან დაუწყია სალოსობა - საღორეში დაუდია ბინა და თურმე ღორებისთვის მიტანილი ნარეცხით იკვებებოდა. გავიდა დრო, ანასტასიამ უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: ეზოში დაბალ სკამზე დაჯდა და იქიდან აღარც ამდგარა. როცა ოდნავ წამოწევა იყო საჭირო, მახლობლად მდებარე ქვებს ეყრდნობოდა, მაგრამ არასოდეს ფეხზე არ დგებოდა. ათეულობით წლის შემდეგ ფეხები მუხლს ქვემოთ თითქოს ერთმანეთს შეზარდა. ასეთი მოღვაწეობა, გარკვეულწილად, მესვეტეობაზე ძნელია - მესვეტეს სვეტის მოედანზე სიარული, მოაჯირზე დაყრდნობილს ძილი, ანდა შიდა ოთახში შესვლა მაინც შეუძლია. ამასთან, მესვეტეები ჩვეულებისამებრ უამრავ მეტანიას ასრულებდნენ. ანასტასია თითქმის გაუნძრევლად იჯდა. პირველსავე ზამთარს უნდა გაყინულიყო, მაგრამ მას, როგორც ქვის ქანდაკებას, თოვლი და ქარი ვერაფერს აკლებდა.

იღუმენია მარიამი მომიყვა, რომ ერთხელ ნათესავ ქალთან ერთად მივიდა ანასტასიასთან. მან ამ ქალს უხმოდ მოხსნა ჯვარი და დედა იღუმენიას ჩამოჰკიდა. ეს სამჯერ გაიმეორა. მალე ამ ქალმა იღუმენიას დიდი მწუხარება მოუტანა...

ერთმა ჩემმა ნაცნობმა - ლოვა საჰაკიანმა, რომელიც ახლა ერევანში, უცხო ენების ინსტიტუტში ფილოსოფიას ასწავლის, მითხრა, ანასტასიას მონახულება გადავწყვიტე. დედას ვთხოვე, საჩუქრისთვის ათი მანეთი მომეცი-მეთქი. იმ დროს გვიჭირდა და უარი მითხრა. დიდი ხვეწნის მერე ატირებულმა დედამ ფული მაგიდაზე დამიდო. ანასტასიას ხმა ისე გულში ჩამწვდომი და წრფელი იყო, რომ სული გამითბო. დამშვიდობებისას ფულის დატოვება მინდოდა, მაგრამ მითხრა, - უკან წაიღე, თორემ ამ ფულის გამო სკანდალში გავეხვევიო.

რამდენჯერმე ვიყავი ანასტასიასთან და როგორ ვნანობ, რომ უფრო ხშირად არ მივდიოდი! ერთხელ დედა მძიმედ ავად გამიხდა, მივედი ანასტასიასთან, ჩემი სატკივარი მოვუყევი და ვთხოვე, დედაჩემისთვის ელოცა. ანასტასიამ ვაშლი მომცა - ეს აჭამეო. ვაშლი შინ წამოვიღე, როგორი შვება ვიგრძენი სულში! სასწაულს ველოდი და მოხდა! დედამ ვაშლი შეჭამა და იმავე დღეს გამოჯანმრთელდა.

ერთხელ ანასტასიას ვკითხე, თავი როგორ ვიცხოვნო-მეთქი. ათონზეო. მაშინ ათონისკენ გზა ჩაკეტილი იყო. კვლავ ვკითხე: "ათონზე თუ ვერ მოვხვდი, მაშინ თუ ვცხონდები?" არ ვიციო, - მიპასუხა.

და აი, დადგა დრო ანასტასიას ნაიგავარის ასრულებისა. არქიმანდრიტმა ზინობიმ (შემდგომში მიტროპოლიტი) მითხრა, პატრიარქს სურს, მღვდლად ხელი დაგასხას და ლაგოდეხის სამრევლოში გაგგზავნოსო. "რომელ გზას აირჩევ, თეთრი თუ შავი სამღვდელოებისას?" - მკითხა მან. როცა ანასტასიასთან მივედი, მითხრა, - სამი დღის შემდეგ დიდ აბაზანაში განიბანებიო. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ კვლავ მივედი ანასტასიასთან. დილა იყო. თავიდან ფეხებამდე მოსასხამში გახვეული იჯდა. სახელით მივმართე. არ მიპასუხა. ვუთხარი, ბერად აღვიკვეცე და ახლა როგორ ვიცხოვრო-მეთქი. კვლავ დუმდა. დიდანს ვიდექი მის ახლოს. ის გაუნძრევლად იჯდა შავ მატყლის შალში ჭუპრივით გახვეული. გავიფიქრე: "აი შენი პასუხი - იყავი ასეთივე ამ სოფლისთვის". თუ ეს ღირსი დედის კურთხევა იყო, მე იგი არ შემისრულებია, და აქამომდე ყოველდღიურად უკეთესს უარესში ვცვლი.

ამბობდნენ, რომ ანასტასიასთან რამდენჯერმე მისულა პატრიარქი მელქისედეკი. პატრიარქი თვითონ იყო უჩვეულო პიროვნება. მიტროპოლიტი ზინობი მასზე ამბობდა, - სოფელმა ვერ გაუგოო.

ანასტასიას თურმე ომის დროს უამრავი ხალხი აკითხავდა. თუ მიწას მისცემდა, ეს ნიშნავდა, რომ ის კაცი მკვდარი იყო. ზოგჯერ მარხვის დროს სტუმარს ხორცს აძლევდა. ამით ის იგავით გვიჩვენებდა, როგორ შინაგან მარხვას ვინახავთ და რა მდგომარეობაშია ჩვენი გული.

როცა კაცი იმ სახლის ზღურბლს გადააბიჯებდა, სადაც ანასტასია იჯდა, მისთვის ჩვეული ერთი სამყაროდან ხვდებოდა მეორე, უცნობ სამყაროში. ამბობენ, როცა მას და ავად გაუხდა, ანასტასიამ თავი გადმოხურულიდან ღია ცის ქვეშ გამოაყვანინა. ოთხი თვე ლოცულობდა და ამბობდა: - მას გზა უნდა გავუმზადოო.

სოხუმის ეპარქიიდან თბილისში დაბრუნებულს მითხრეს, ანასტასია გარდაიცვალა და ზემო კუკიის სასაფლაოზე დაკრძალესო. წმინდა კეთილმსახური მეფის მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძრის მრევლმა, ვერამ მიმასწავლა საფლავი. ხატმწერ ვიქტორ კრივოროტოვთან ერთად წავედით სასაფლაოზე. ვერა საფლავებს შორის გზას გვიჩვენებდა. ზოგზე საფლავის ქვა იდგა, ზოგიც შემოღობილი იყო. ზოგზე მარმარილოს ქვა სახლივით დაედგათ. ვიქტორს ვთხოვე, გზა ჩაეხატა. მითხრა, კარგი მხედველობითი მეხსიერება მაქვს და დავიმახსოვრებო. მივედით საფლავთან, რომელზეც ჯვარი იყო აღმართული. თავი ისე ვიგრძენი, როგორც მრავალი წლის წინათ, როცა ანასტასიას ეზოში შევედი. თითქოს წარსული აწმყოდ მექცა, აწმყო კი წარსულად. არაფერზე ვფიქრობდი და არც არაფერს ვთხოვდი, მხოლოდ მის სიახლოვეს ვგრძნობდი და თვალთაგან ცრემლი მდიოდა. ხელი რომ არ შეეშალათ, ვიქტორი და ვერა საფლავს მოშორდნენ და გვერდზე მდუმარედ დადგნენ. მადლიერი ვარ მათი ამ დუმილის წუთებისთვის.

რამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორს ანასტასიას საფლავზე გაყოლა ვთხოვე. სამწუხაროდ, გზა დამავიწყდაო. ვერაც მეტად აღარ მინახავს... არ ვიცი, ვიპოვი თუ ვეღარ ანასტასიას საფლავს, მაგრამ ადრე თუ გვიან საკუთარ საფლავს მოვნახავ და მაშინ უკვე მას მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის დღეს ვიხილავ.

...მახსენდება, რომ ანასტასიას ლითონზე დაწერილი იშვიათი ხატი ჰქონდა, რომელიც ღვთისმშობლის რამდენიმე გამოსახულებისგან შედგებოდა. იგი ამბობდა, - ხატი უნდა გამოისყიდოო. შესაძლოა ამით გვახსენებდა, რომ შინ დასვენებული ხატი ლოცვას მოითხოვს, რომ ამ სულიერი "გამოსასყიდის" გარეშე ის მხოლოდ მამხილებელი იქნება ჩვენი სიზარმაცისა და რომ ცხოვრება ღვაწლით უნდა განვლო.

მახსენდება ანასტასიაზე ლოვა საჰაკიანის ნათქვამი. მან ჰკითხა ანასტასიას: "როგორ ვიპოვო ჭეშმარიტება?" ფილოსოფოსისთვის ეს პროფესიონალური შეკითხვაა. მან ძალზე მარტივად უპასუხა: "იცხოვრე ჭეშმარიტების მიხედვით და იპოვი ჭეშმარიტებას". ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო პასუხი, რომელიც შეიძლებოდა მოესმინა. მაგრამ ფილოსოფოსმა კითხვა განაგრძო. მაშინ ანასტასია იგავის ენით ალაპარაკდა ცხოვრების წიგნზე, რომელიც ბიბლიოთეკაში უნდა მოიძიო. ლოვა ვერაფერს მიხვდა. მივიდა უახლოეს ბიბლიოთეკაში, ცხოვრების წიგნი რომ ეთხოვა. იქ ორი ქალიშვილი დახვდა უტყვი სახით და უკანვე გამობრუნდა ისე, რომ არაფერი უკითხავს.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ანასტასიას სიტყვა, ჩემი აზრით, გამართლდა: ლოვა ჭეშმარიტებას ბიბლიოთეკაში ეძებდა და შტაინერმა გაიტაცა.

ანასტასიას თვალები არ ანათებდნენ იმ რბილი სინათლით, რომელიც სქემმონაზონ გაბრიელის თვალებში მინახავს. ისინი ჰგავდნენ ორი პროჟექტორის სხივს ანდა ცეცხლს, ღამეც რომ ანათებს. გამჭოლი მზერა ჰქონდა. ამ დროს კაცი უნებურად გრძნობდა შეცბუნებას, ერთგვარ შიშსაც, ხვდებოდა, რომ ეს მზერა მის სულს ხედავდა, მის წარსულსა და მომავალს.

სიცოცხლის ბოლოს ანასტასიამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ზეადამიანური მოსაგრეობა. მისი გამბანელი ქალები ამბობდნენ, რომ სკამის ქვეშ კონსერვის ცარიელ ქილას დებდა და ისე ჯდებოდა. მისი ბასრი პირები თითქმის ძვლამდე ჩადიოდა სხეულში, მაგრამ ჭრილობა არ უჩირქდებოდა.

გადის ცხოვრების წლები, ჩაიარა ახალგაზრდობამ, როგორც გაზაფხულმა, ვნებების სეტყვასა და ქარიშხალში გაიელვა, მაგრამ იყო ნათელი დღეებიც, როცა სული მონაზვნური ცხოვრების მშვენიერებას შეიგრძნობდა და იდუმალ ყვავილთა კეთილსურნელებით ტკბებოდა. სიყმაწვილე სავსეა ცოდვებითა და შეცდომებით, აღმაფრენით და დაცემით, მაგრამ სული ჯერ არ გაუხეშებულა, ცოდვების შემდეგ დგება გულწრფელი სინანულის ჟამი, თითქოს გულიდან დაღვრილი სისხლიანი ცრემლებით ცოდვების ჭუჭყი განიბანება.

მოწიფული ასაკი ზაფხულს ჰგავს, მიწათმოქმედების დროს. ადამიანი უფრო ფხიზელი და წინდახედული ხდება, მაგრამ ერთი ვნება მეორით იცვლება. ახალგაზრდულ სიფიცხეს - ანგარიშიანობა ცვლის და ზრუნვა არა იმდენად მარადისობისთვის, რამდენადაც ხვალინდელ დღეზე, თითქოს ზეცა გვშორდება, მიწა კი უფრო და უფრო გამოჩნდება წყვდიადიდან. ცოდვებს თითქოს ნაკლებად ვჩადით, მაგრამ გული უკვე აღარ იწვის სინანულით.

მერე კი მოდის სიბერე - ცხოვრების შემოდგომა. ეს მწირი შემოდგომა: გაზაფხულის ყვავილები ისე დაჭკნენ, ნაყოფი ვერ გამოიღეს და ზარმაცი მიწათმოქმედი შიმშილის მოახლოებას გრძნობს - მალე ზამთარი დადგება.

მე გარს მახვევია ხალხი, რომელთაც უკეთესად მივაჩნივარ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ისინი კეთილგანწყობილნი არიან ჩემდამი და მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ ცოცხლებზე მეტად გარდაცვლილებთან მსურს საუბარი, მათთან, ვინც დამასწრო და ამ წარმავალი სოფლიდან მარადისობაში გაემგზავრა...
ბეჭდვა
1კ1