მოგონებები
მოგონებები
უჩვეულოდ მშვიდი იყო, თითქოს სიმდაბლის უფსკრულში ჩაძირული
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სამოცდაათიან წლებში საეკლესიო სლავურ ენას ვასწავლიდი მცხეთის სასულიერო სემინარიაში და დროებით ინსპექტორის მოვალეობასაც ვასრულებდი. სემინარიის რექტორი გახლდათ მეუფე თადეოზი (იორამაშვილი). მას ჩვევად ჰქონდა, საღამოობით სემინარიის მოსწავლეებთან ერთად სამთავროს მონასტრის სასაფლაო მოენახულებინა. აქვე იყო მაშინ სასულიერო სემინარიაც. მეუფე თადეოზის კურთხევით სანთლებს ანთებდნენ ყველა საფლავზე, დროის დინების ამ პატარა კუნძულებზე. ეს დაუვიწყარი სურათი გახლდათ. სანთლები მიწაზე ჩამოშვებულ ვარსკვლავებს ჰგავდა, ვარსკვლავები კი ზეცაში ანთებული სანთლები გეგონებოდათ. მეუფე თადეოზი რომელიმე საფლავთან ჩამოჯდებოდა და დუმდა. არავის სურდა დაერღვია ეს მდუმარება. ფერისცვალების ტაძარი ამ ღამის ბინდბუნდში თაბორიდან მცხეთაში ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდად გეჩვენებოდა კაცს. გეგონებოდა, რომ ამ ტაძარში მდუმარედ ლოცულობდნენ ისინი, ვინც მონასტერში მისი დაარსებიდანვე ცხოვრობდა, ვისი სხეულიც სამთავროს მონასტრის მიწაში განისვენებს, მათი სახელები კი ღმერთმა იცის მხოლოდ.

სენაკების სარკმლებიდან, სადაც რამდენიმე მოხუცი მონაზონი ცხოვრობდა, სინათლე იფრქვეოდა - ღამის უმეტეს ნაწილს ისინი ლოცვაში ატარებდნენ. მე ისინი მესახებოდნენ ბრძოლის ველს შერჩენილ უკანასკნელ მეომრებად, საიდანაც სიკვდილს სულები ერთიმეორის მიყოლებით მარადისობაში გადაჰყავდა, მსგავსად შემოდგომის ქარისა, მოოქრულ შესამოსელს რომ ჰგლეჯს ხეებს, რომელთა ტოტებსაც რამდენიმე სასწაულებრივად შემორჩენილი ფოთოლიღა ასხია.

მახსოვს ეს წუთები მდუმარებისა, უფრო კი უტყვი საუბარი ამ სოფლიდან გარდასულებთან. თითოეული საფლავი საიდუმლოს ინახავს, თითოეულ მათგანში ძევს ვიღაცის ცხოვრება.

მეუფე იჯდა, ვიდრე სანთლები, ადამიანის სწრაფწარმავალი ცხოვრების მსგავსნი, ბოლომდე არ ჩაიწვებოდნენ და საფლავებს კვლავ სიბნელე მოიცავდა, თითქოს იძინებდნენ მეორედ მოსვლამდე. თითქოს ღამის შავი პირბადე ეშვებოდა სასაფლაოზე, ვარსკვლავთა შუქი კი უფრო კაშკაშა ხდებოდა. განსაკუთრებით ლამაზი იყო მონასტერი მთვარიან ღამეს, როცა ფოსფორისებრი სინათლის ნაკადები ზეციურ წვიმასავით ეფრქვეოდა მიწას, ტაძრის თეთრი კედლები ცისფრად მოჩანდა, მიწაზე დაცემული ჩრდილები კი თითქოს ვერცხლისა იყო. მთვარეს შემოხვეული ღრუბელი წამით უზარმაზარ იას ჰგავდა, შუაღამისას გაფურჩქნულს, ხოლო როცა ქარი ღრუბელს გადაყრიდა, მთვარე მიაგავდა ტალღებგადავლილ ხომალდს, რომელიც ხან მორევში ჩაიძირებოდა, ხან კვლავ ზემოთ მიცურავდა, ხანაც, როგორც წყალს, გაჰკვეთდა ღრუბლებს და უკან ბოლქვ-ბოლქვად ქაფს ტოვებდა.

თვალმოუშორებლად დიდხანს შეგეძლო გეცქირა ღრუბლებთან მთვარის ბრძოლისთვის. მაგრამ მეუფე თადეოზის შორიახლოს მჯდარი, უფრო მეტად ერთ განმარტოებულ საფლავზე ანთებულ სანთელს ვუცქერდი, იქ, სადაც დაკრძალული იყო არქიმანდრიტი პართენი (აფციაური) - მონაზონი, რომელმაც სიყრმიდანვე თავი ღმერთს მიუძღვნა და ღირსეულად დაითმინა ეკლესიის მიმართ გაჩაღებული სისხლიანი დევნის ჟამი.

მამა პართენი პირველად ჩემს მონაზვნად აღკვეცამდე ვნახე სიონის ტაძარში. საღამოს ლოცვის შემდეგ ტაძარში შემოვიდა ჩემთვის უცნობი მონაზონი, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. მშვიდი და მსუბუქი ნაბიჯით მოდიოდა, თითქოს ოდნავ ეხებოდა იატაკს. ტაძარი გაიარა და მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ჯვრის წინ მუხლებზე დაემხო. რაღაც არაამქვეყნიური იყო ამ ადამიანში. სახე საოცრად ნათელი ჰქონდა ანთებული ლამპარივით, საიდანაც შუქის ტალღები იფრქვევა. მაგრამ ყველაზე მეტად მისმა იმ გასაკუთრებულმა შინაგანმა სიჩუმემ განმაცვიფრა, რომელიც, როგორც შემდგომ შევიტყვე, მრავალწლიანი განმარტოებული ცხოვრების ღვაწლისას და მყუდროებისას მოეპოვებინა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ამ სოფელში ძველი პატერიკის ფურცლებიდან გარდამოვიდაო. მისვლა და კურთხევის აღება მსურდა, მაგრამ მეშინოდა, ლოცვაში ხელი არ შემეშალა. როცა წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა, გეგონებოდა, ჩრდილი მიცურავს ტაძარშიო. შემდგომში შევიტყვე, რომ იგი პატრიარქმა მელქისედეკმა მიიხმო იმ მიზეზის გამო, რომელიც გამოცდად ექცა მის მონაზვნურ თავმდაბლობას.

მცხეთის ახლოს ცხოვრობდა მოხუცი ბერი პლატონი, რომელიც საკუთარ თავს "ტიხონელს" ეძახდა და თუმცა ტაძარში დადიოდა, არ ეზიარებოდა და როგორც ყველა განდგომილი, ლანძღავდა სამღვდელოებას, განსაკუთრებით - პატრიარქ მელქისედეკს. ერთხელ ავად გახდა და დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა, ზიარებულიყო. თავის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთაგან ხალხი მიუგზავნა მცხეთელ მღვდელს და ეკლესიის წიაღში მიღება და ზიარება სთხოვა. მღვდელს, ბუნებრივია, გაუხარდა, მაგრამ ჯერ საპატრიარქოს ჰკითხა. დადებითი პასუხი მიიღო. პლატონის სახლი მთებში იდგა და მოხუცმა წინამძღვარმა ავადმყოფი მამის სააღმსარებლოდ, საზიარებლად მამა პართენი გაგზავნა, რომელიც მღვდლად ირიცხებოდა სვეტიცხოველში.

გამოჯანმრთელებულმა მონაზონმა პლატონმა ეკლესიის მიმართ ადრინდელი მტრობა არათუ შეინანა, არამედ უფრო მეტი გაბოროტებით დაუწყო ლანძღვა პატრიარქს (განდეგილებში ასეთი გმობა შეპყრობილობის ფორმას იღებს). პატრიარქმა როცა შეიტყო, რომ პლატონი მამა პართენმა მის უნებართვოდ აზიარა, ღვთისმსახურებისა და ზიარებისგან ორმოცი დღით განაყენა. მაშინ პატრიარქს მისი მდივნის წერილი მიუტანა, რომელშიც ნებადართული იყო პლატონის ზიარება. პატრიარქმა ფურცელი წაიკითხა და უთხრა: "მამაო პართენ, ვხედავ, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ პატრიარქის სიტყვა შეუცვლელია, ამიტომაც იტვირთე ეპიტიმია, რომელიც დაგადე". ამ პასუხის მერე მამა პართენი სიონის ტაძარში მოვიდა, თავს დატეხილი მწუხარებისთვის მადლობა რომ შეეწირა ღმერთისთვის. სწორედ მაშინ ვნახე პირველად.

ამაზე დაწვრილებით იმიტომ ვწერ, რომ მაშინ ის უჩვეულოდ მშვიდი იყო, თითქოს სიმდაბლის უფსკრულში ჩაძირული. არც მღელვარება ეტყობოდა, არც გაღიზიანება და შფოთი, მხოლოდ ღრმა, აუმღვრეველი სიმშვიდე ნათლის ბეჭდად ეფინა მის სახეს. გეგონებოდა, ამ ადამიანისთვის სულერთი იყო, ქვებით ჩაქოლავდნენ თუ ყვავილებს ესროდნენ.

KARIBCHEჩემი მონაზვნად აღკვეცისა და ხელდასხმის მერე ხშირად მივდიოდი მამა პართენთან აღსარებაზე. ძალზე ადვილი იყო მასთან აღსარების თქმა. ვფიქრობ, ის ამ დროს თავისთვის იესოს ლოცვას წარმოთქვამდა, რასაც მუდმივად, შინაგანად მოიმუშაკებდა ხოლმე. მამა პართენი თავს ნებას არ მისცემდა, დასცდენოდა ერთი საყვედურის სიტყვა, ერთი მოუთმენელი ანდა უხეში საქციელი, რომელზეც ასე ავადმყოფურად რეაგირებენ აღმსარებელნი, თითქოს წინასწარ ელიან მათდამი სიძულვილს. ჩვეულებრივ, სკამზე ჩამომჯდარი მოთმინებით ისმენდა აღსარებას და მხოლოდ თანაუგრძნობდა, როგორც თანაუგრძნობენ სნეულს, ანდა თავს უბედურებადამტყდარს.

მამა პართენთან აღსარება ჩემში ასეთი სურათის ასოციაციას იწვევდა: მონანიე ცოდვილის პირიდან ერთიმეორის მიყოლებით გველები მოძვრებოდნენ. მამა პართენს ისინი, თავისი ლოცვით, სინანულის სიტყვებით თითქოს შეფუცულნი (შეკრულნი), ადამიანთა სულებიდან ამოჰყავდა. სხვებიც ასევე აღნიშნავდნენ, რომ მამა პართენთან აღსარებისას გიქრებოდა შინაგანი წინააღმდეგობები, გიჩნდებოდა ყველაფრის მონანიების სურვილი. სინანულის შემდეგ რაღაც განსაკუთრებული სიხარული გეწვეოდა სულში, როგორც სასიკვდინე სნეულებისგან გამოჯანმრთელებულს, რომელმაც სრულიად უგონობისა და ბოდვის შემდეგ თვალნი გაახილა და მზის შუქი დაინახა. მონანულთან კეთილად მოქცევით მამა პართენი სრულიადაც არ აქეზებდა მას ლოცვისკენ. ის თითქმის ყოველთვის ადებდა ეპიტიმიას, მაგრამ ისეთი ზრუნვით და თანაგრძნობით, როგორითაც ექიმი აძლევს ავადმყოფს მაკურნებელ წამალს. ამბობდა, ეპიტიმიის შესრულებით მადლი მალევე უბრუნდება ადამიანსო.

მამა პართენთან ჩემი ურთიერთობისას არასოდეს მინახავს გაღიზიანებული, გაბრაზებული ანდა სასოწარკვეთილი. არსებობს გამოთქმა "თავის დაკარგვა". მამა პართენი კი, როგორც გარეგნულად ჩანდა, გონებით ყოველთვის თავის გულში იმყოფებოდა და არასოდეს ტოვებდა მას, როგორც თავის კელიას.

სამწუხაროდ, ცოტა რამ ვიცოდი მამა პართენის ცხოვრების შესახებ.

16 წლის მოვიდა იგი შიომღვიმის მონასტერში, სადაც მაშინ წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი ეფრემი (სიდამონიძე), მომავალი პატრიარქი საქართველოსი. იდგა რევოლუციის მძიმე წლები. დაიწყო ეკლესიის სისხლიანი დევნა, რომლის წინაშე ფერმკრთალდება ნერონისა და დიოკლეტიანეს შავბნელი სახელი.

შიომღვიმის მონასტრიდან ყველა მონაზონი გამოიყვანეს და მეტეხის ტაძარში ჩაკეტეს, რომელიც ციხედ ჰქონდათ გადაქცეული. ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს, ნაწილი - მათ შორის მამა პართენი - დაკითხვებისა და დაცინვის შემდეგ გაათავისუფლეს. ასე დაიწყო მათი მწირობა ერთი მიტოვებული მონასტრიდან მეორეში, სადაც იძულებული იყვნენ, როგორც ნადირნი, დამალვოდნენ მონადირეებს. მათ იჭერდნენ, სცემდნენ, აძევებდნენ ანდა ციხეში სვამდნენ.

ერთხელ ჩემთან მოვიდა ერთი მცხეთელი და მითხრა: "მე გურული ვარ, გურულები კი ესპანელებივით გულღიები არიან. ისინი უცნობ ადამიანებსაც კი პირდაპირ ესაუბრებიან. ამიტომაც მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევა ჩემი ცხოვრებიდან. ცოტა ხნის წინ ძმა გარდამეცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა. ის შეშლილთა თავშესაფარში მოკვდა. იმპერატორის არმიის პოლკოვნიკი იყო და მისი ერთგული გახლდათ. თუმცა გურიას რევოლუციურ მხარედ თვლიან, მაგრამ მან ისეთი ადამიანებიც შვა, რომლებიც თავს სწირავდნენ ტახტს. როცა ჩემმა ძმამ მეფის დამხობა და მკვლელობა შეიტყო, იმდენად შეძრწუნდა, რომ ჭკუიდან შეირყა, შესაძლოა ამ სიგიჟემ გადაარჩინა სიკვდილს - მას, როგორც ავადმყოფს, ხელს არ ახლებდნენ. დადიოდა გურიის სოფლებში და იმეორებდა: "იმპერატორო, აღსდექი, იმპერატორო, გამოდი საფლავიდან". ის მართლაც ძლიერი იყო სულით და ამ სიგიჟეშიც კი შეინარჩუნა კეთილშობილება. მე კი გაფუჭებული და მოწამლული ვარ, მსურს ღმერთი ვირწმუნო, მაგრამ არ შემიძლია.

ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა, - განაგრძო მან თხრობა, - ერთხელ მეგობრებთან ერთად ძეგვის მთებში ვნადირობდი. იქ დგას წმინდა სამების სახელობის მონასტერი, დიდი ხნის მიტოვებული და დანგრეული. არ ველოდით, თუ ვინმე დაგვხვდებოდა, მაგრამ შუაღამის ბნელში სინათლე დავინახეთ, ტაძრის გვერდით მდგარი სახლიდან გამოდიოდა. კარი ღია იყო, შევედით. მლოცველი მონაზონი დავინახეთ. ნაბიჯის ხმაზე მობრუნდა. არაფერი ჰქონდა ორცხობილასა და კარტოფილის გარდა, მაგრამ როცა შეიტყო, მშივრები ვიყავით, კარტოფილი მთლიანად მოხარშა და შემოგვთავაზა. მერე იატაკზე გაფენილი ქეჩა დაგვანახა, რომელზეც შეიძლებოდა წამოვწოლილიყავით, თვითონ კი ლოცვა განაგრძო. ნაბდები გვეცვა, სიცივის არ გვეშინოდა, ისიც კი გვახარებდა, ღამეს ჭერქვეშ რომ ვატარებდით. დილით მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით. მიკვირდა, რა ძალამ აიძულა ეს კაცი, დაეთმინა სიცივე, შიმშილი და იმის მოლოდინი, რომ შეიპყრობდნენ ავაზაკივით, ჩააგდებდნენ ციხეში და გაუსამართლებლად დახვრეტდნენ? იმავ დროს გავიფიქრე: ესე იგი, ის იმას ხედავს, რასაც მე, დაბრმავებული, ვერ ვხედავ. რომ შემეძლოს, რა სიამოვნებით გავუცვლიდი მას ჩემს ადგილს ცხოვრებაში!

გავიდა წლები. დამეზარდნენ შვილები, მაგრამ თავს უცხოდ ვგრძნობდი საკუთარ სახლში. ზოგჯერ ვიღებდი პურსა და ნაბადს, ვამბობდი, სანადიროდ მივდივარ-მეთქი. სინამდვილეში მთებში მივდიოდი, რომ მარტო ვყოფილიყავი. ერთხელ, ზამთარში, თოვლში, ზედაზენზე ავედი, იქ კვლავ შევხვდი მონაზონ პართენს. ავად იყო, არც საჭმელი ჰქონდა. ვუთხარი, - გახსოვს, ძეგვში რომ დაგვაპურე? ახლა მიიღე სიკეთის წილ-მეთქი და რაც მქონდა, დავუტოვე. მერე ჩავედი მცხეთაში და საკვები ამოვუტანე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მყუდროებას ვურღვევდი, ამიტომ სხვა ადგილას გადავედი საცხოვრებლად. ახლა არქიმანდრიტი პართენი მცხეთის ტაძარში მსახურობს. ზოგჯერ მივდივარ მასთან. როცა დევნის წლებს იგონებს, ამბობს, ის საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაშიო".

მე ჩვენი საუბარი მამა პართენს მოვუყევი. გაჩუმდა, მერე კი მიპასუხა: "დიახ, მახსოვს ის დღე. მეგონა, ჩემს დასაჭერად მოვიდნენ-მეთქი, მაგრამ მონადირეები აღმოჩნდნენ. მაშინ გარშემო ბევრი მაძებარი და საიდუმლო აგენტი იყო, ძმას ძმისა ეშინოდა. ამის მერე მალევე ძეგვში ნაცნობ ოჯახში გავათიე ღამე. იქ საუბარი ჩამოვარდა იმ მძიმე დროზე. მე მხოლოდ ეს ვთქვი: "წყალი მიდგება, მოდგება, თავის საგუბარში ჩადგება-მეთქი". როცა დამაპატიმრეს, ეს სიტყვები დამახვედრეს წინ - ამით ძველი წყობის აღდგენას უწევ აგიტაციასო. რამდენიმე წლით ციხეში გამომამწყვდიეს ქურდებსა და ბანდიტებთან ერთად, შემდეგ კი გამომიშვეს".

მამა პართენი ცოტას საუბრობდა, საკუთარ თავზე კი არასოდეს არაფერს გვეტყოდა. თავის სულიერ შვილებს ასწავლიდა ღვთის ნების მორჩილებას და იესოს ლოცვას. მე ის ყოველთვის იმ სათნო მტრედად მეჩვენებოდა, რომელიც მთელი სიცოცხლე უდაბური მთების თავზე დაფრინავს და თავისი ფრთები ამ სოფელში ადამიანური ცოდვის ჭუჭყითა და ტალახით არ შეულანძღავს.

როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ტაძრები იხსნებოდა, პატრიარქმა კალისტრატემ მამა პართენი წმინდა იოანე ზედაზნელის მონასტრიდან გამოიხმო და უთხრა, რომ სვეტიცხოველში მღვდლად ნიშნავდა. მამა პართენი დიდხანს უარობდა. პატრიარქი კალისტრატე უაღრესად კეთილშობილი ადამიანი გახლდათ და პართენს მამაშვილურად სთხოვდა, ბოლოს კი უთხრა: "ბერული მორჩილების სახელით, რომლის ფიციც მონაზვნად აღკვეცისას დადე, გიბრძანებ, წახვიდე და იცხოვრო სვეტიცხოველში, იქ აღასრულო შენი ბერული კანონები და ლიტურგია". მამა პართენი დამორჩილდა.

მას არა მარტო უბოროტო ხასიათი ჰქონდა, იგი ძალზე უბრალო და გულუბრყვილო გახლდათ. ზოგიერთები ბოროტად იყენებდნენ ამას, მისთვის ზოგჯერ ძნელი იყო, მაშინვე მიმხვდარიყო, რომ ატყუებდნენ.

როცა უკანასკნელად შევხვდი მამა პართენს მცხეთაში, ვიგრძენი, რომ მალე მომიხდებოდა მასთან განშორება. ის ცოცხალ ლეგენდას ჰგავდა, ჩვენგან იმქვეყნად გარდასულ მონაზონთა, რომელთაც დაიმარხეს რწმენა უდაბნოშიც და ციხეშიც.

იგონებენ, რომ წმინდა სქემიღუმენი კუკშა (+1964, ოდესელი, მისი ხსენება 16/29 სექტემბერსაა) საქართველოდან ჩასულ მომლოცველებს ეუბნებოდა: "აქ რატომ ამოდიხართ ჩემთან, როცა იქ არქიმანდრიტი პართენი გყავთო".

უცნაური ქმნილებაა ადამიანი! არ აფასებს იმას, რაც აქვს, ხოლო როცა კარგავს, მაშინ თითქოს თვალები აეხილება და ფიქრობს, წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს, საუნჯესავით გავუფრთხილდები იმ ადამიანებს, რომელთაც ვიცნობდი და ამ ქვეყანაზე აღარ არიანო.

მამა პართენი ის წყარო იყო, რომელიც ვნებებისა და სიამაყისგან მოუძლურებულთ თავმდაბლობის ცხოველსმყოფელი წყლით არწყულებდა. ის არა მარტო სიტყვით, თავისი ცხოვრებით და დაფარული ლოცვითაც გვასწავლიდა. მონაზვნის მთელი ცხოვრება სულიერი ბრძოლაა. აღთქმის დამმარხავ მონაზონს თავის საფლავში სძინავს, როგორც ბრძოლაში დაუმარცხებელ მხედარს.

სამთავროში საფლავის ქვაზე ანთებულმა სანთელმა გული არა მარტო წარსულის მოგონებებით ამივსო, არამედ მადლიერებითაც იმის გამო, რომ მიწიერი ცხოვრებისას შევხვდი ამ საკვირველ მოსაგრეს. არქიმანდრიტობა შენი, დაე, მოიხსენოს ღმერთმა სასუფეველსა თვისსა!
ბეჭდვა
1კ1