აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მასთან არსებული ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი
აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მასთან არსებული ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი
ახლახან "კარიბჭის" რედაქციამ შემოქმედის ეპარქია მოილოცა. მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით, მოვილოცეთ აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ტაძრის აშენება ერთ თქმულებასთან არის დაკავშირებული. ამ თქმულებას წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) ასე გადმოგვცემს. უხსოვარ დროში სოფელ აჭს დევი შემოეჩვია. შეწუხებულ აჭელებს ლოცვით წმინდა გიორგისთვის მიუმართავთ. წმინდანს თავისი შუბით მოუკლავს ავსული, ხოლო მადლიერ ხალხს, წმინდა გიორგის სადიდებლად ტაძარი აუგია. მდინარე აჭისწყლის ნაპირზე ახლაც გდია დიდი ლოდი, რომელსაც ხალხი დევის ლოდს უწოდებს.

KARIBCHE

დიმიტრი ბაქრაძის გადმოცემით, ტაძარი VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. იგი ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია გურიაში. იშვიათია აჭის ეკლესიის შესასვლელში გამოკვეთილი ჯვარი და ვაზის ჩუქურთმა. ასევე ფასადზე ამოკვეთილი ჯვარი და ასომთავრული წარწერა: "წმინდაო გიორგი მეოხ ექმენ პატრონთ საღირს, რატის და უშნიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და გალატოზთა მიქაელს და მხეციძესა". გადმოცემით ვიგებთ, რომ ტაძარს ქვის ჩუქურთმიანი კანკელი ჰქონია, რომლის ნაშთი ამჟამად გამოყენებულია საკურთხევლის აღმოსავლეთით.

საინტერესოა აჭის იატაკის ასომთავრული წარწერა, რომელიც ასე იკითხება: "წმინდაო გიორგი შეიწყალე ფრიად ცოდვილი იოსები". დიმიტრი ბაქრაძის მიხედვით ამ ქვას სამოციქულოს მკითხველი კვარცხლბეკად იყენებდა, "ქვაც და წარწერაც ძალზე ძველია და მასში მოხსენიებული იოსები აჭის სხვა წარწერაში მოხსენიებულ იოსებზე ძველი უნდა იყოსო". სამწუხაროდ დღეს ამ ქვის მხოლოდ ფრაგმენტიღაა შემორჩენილი.

KARIBCHE

1990-იან წლებში ღვთის წყალობით აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღდგა წირვა-ლოცვა. 2007 წელს კი შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით, აჭში გაიხსნა დედათა მონასტერი. მოხდა სასწაული: მონასტერს ესტუმრა აჭში მოღვაწე ბოლო დიაკვნის, არსენ სალუქვაძის შთამომავალი ბატონი გიორგი სალუქვაძე და მოახსენა ანდერძის შესახებ, რაც მათ ოჯახს დიდმა ბაბუამ აჭის ეკლესიის ბოლო დიაკვანმა არსენ სალუქვაძემ უანდერძა: "ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა მოუფრთხილდით და შეინახეთ, ყურადღება მიადევნეთ აჭის ეკლესიას და როცა იქ მონასტრული ცხოვრება დაიწყება მხოლოდ მაშინ დააბრუნეთ ჯვარიო". შთამომავლობას ამ ჯვრის მნიშვნელობა და სიძველე არ სცოდნიათ, მაგრამ ღირსეულად შეასრულეს წინაპრის ანდერძი და ჯვარი მონასტრის გახსნის შემდეგ დაუბრუნეს თავის სამყოფელს.

KARIBCHE

ჯვრის დაბრუნების შემდეგ დიაკონ არსებ სალუქვაძის შვილთაშვილი, ბატონი გიორგი სალუქვაძე წერს: "მთელი ჩვენი ოჯახი ბედნიერი ვართ იმით, რომ ეს ჯვარი აღმოჩნდა წმინდა დედოფალ თამარის ჯვარი, რომლითაც ის ლაშქარს ლოცვადა და ეს ჯვარი თითქმის 100 წელი ინახებოდა ჩვენს ოჯახში. ამჟამად იგი დაბრუნდა დედა ეკლესიის წიაღში და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მრავალ სასწაულს მოახდენს".

KARIBCHE KARIBCHE

2010 წლის 24 ნომებერს აჭის მონასტერს ესტუმრა უწმინდესი და ამ წმინდა ჯვრით დალოცა მრევლი. გამოთქვა სურვილი, რომ ამ ჯვრით ასევე დაელოცა ქართული ჯარი. მართლაც, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჯვარი ჯარის დასალოცად წაბრძანებული იქნა თბილისში და 2010 წლის 28 ნოემბერს წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა ქართული ჯარის დალოცვით აღადგინა ის ტრადიცია, რომელსაც წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი აღასრულებდა.
აჭის დედათა მონასტრის იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩიბაია):

- უფლის წყალობითა და შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების ლოცვა-კურთხევით, 2007 წლიდან აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან დაფუძნდა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი. ამ დღიდან მრავალი აქ აღსრულებული სასწაულის მოწმენი ვართ. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის საწინამძღვრო ჯვრის გამოჩენა ჩვენი მონასტრისთვის უდიდესი სტიმულია. ღმერთმა ინებოს და ამ ჯვრის ძალით, დედა ღმრთისმოშობლის, წმინდა გიორგის, კეთილმსახური თამარისა, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) და იმ უკანასკენლი დიაკვნის, არსენ სალუქვაძე- ლოცვით დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.


KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1