მოგონებები
მოგონებები
ბერს, რომელსაც სულიწმინდის მადლი მოუპოვებია, შეუძლია ადამიანები საკუთარ თავს მიამსგავსოს, ჩვენ, უძლური ბერები კი ერისკაცებთან ურთიერთობისას მათი მსგავსი ვხდებით
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

* ერთი მოხუცი დეკანოზი ამბობდა: "ბუნებრივია, უნდა ვიცნობდეთ და გვახსოვდეს ჩვენი თანამედროვე მოსაგრეები. ჩვენ გვაქვს მათზე კარგი ლიტერატურული ენით და სულიერი სიმაღლით დაწერილი წიგნები, მაგრამ აუცილებელია, ასეთი მასალები საგულდაგულოდ შემოწმდეს და გაიფილტროს, თორემ თვითონ წმინდანობის დევალვაციის საფრთხე შეიძლება წარმოიშვას".

ის ამბობდა: "რას გრძნობს სული კაცისა, რომელიც ჯოჯოხეთში იმყოფება და მას, როგორც წმინდანს, განადიდებენ? ვფიქრობ, სინდისი ეწვის წარსულის გამო. ასეთი თაყვანისმცემლები მხოლოდ სატანჯველს სატანჯველზე უმატებენ გარდაცვლილის სულს. ერთ-ერთ ასეთ ბიოგრაფიაში შევხვდი ამგვარ გამოთქმას: "ანდამატი სარწმუნოებისა" და გამიკვირდა, ასეთი სახელწოდება ეკლესიამ მხოლოდ რამდენიმე მოღვაწეს არგუნა. სად არის აქ ზომიერების გრძნობა და ქრისტიანული თავმდაბლობა?"

მან ასევე თქვა: წმინდანთა ცხოვრება სხვადასხვაგვარია, მაგრამ არსებობს საერთო სულიერი სახე წმინდანისა, როგორც მადლის მატარებლისა, მიუხედავად განსხვავებული გარეგნული მსახურებისა და მრავალნაირი მოღვაწეობის სხვადასხვა ფორმისა. ესაა - აღსრულება სახარებისეული მცნებებისა, თავგანწირვა და სულით მუდმივად ღვთის ჭვრეტა. ახლა კი წმინდანობის ამ სახეს შეიძლება კოროზია შეეყაროს, გაუფერულდეს, ბანალური გახდეს.

* ერთმა ურწმუნო კაცმა თავის ვაჟს თავისივე წარსულიდან ერთი ამბავი უამბო. 1917 წელს იგი ტფილისის სამხედრო საფრენოსნო სასწავლებელში სწავლობდა. დადგა დღე, როცა მას პირველად ინსტრუქტორის გარეშე უნდა ეფრინა. უეცრად ჰაერში მოტორი ჩაქრა. თუმცა იმ დროს თვითმფრინავებს დიდი პლანერული შესაძლებლობა ჰქონდა და ხანდახან ასეთი თვითმფრინავის დასმა პირდაპირ მინდორზე ხდებოდა, მაგრამ გადარჩენის შანსი მაინც ცოტა იყო. ამ კაცმა ღვთისმშობლისადმი ლოცვა დაიწყო: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ!" უეცრად მოტორი კვლავ ამუშავდა, მფრინავმა აეროდრომს რამდენიმე წრე შემოუფრინა და მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. ინსტრუქტორი, რომელიც ფრენას მიწიდან ადევნებდა თვალს, ვერც კი მიხვდა, რა მოხდა.

შვილმა ჰკითხა: - თუ ურწმუნო ხარ, ღვთისმშობლისადმი ლოცვა აზრად როგორ მოგივიდაო. მამამ უთხრა: - მე არაფერზე არ ვფიქრობდი. ეს ერთგვარი ინსტინქტური ქმედება იყოო. ვაჟმა კვლავ უთხრა: "მძიმე წუთებში ადამიანში ამოქმედდება ინსტინქტები, რატომ არ გინდა დარწმუნდე, რომ ეს სწორედ ის ცხოვრების ინსტინქტია, რომელსაც ადრე თრგუნავდი. ცოცხალი არსება ხომ ინსტინქტის მეოხებით სწორედ აუცილებელ და შესაფერის მოქმედებებს ასრულებს ექსტრემალურ სიტუაციებში. ნუთუ ამ შემთხვევამ შენთვის უკვალოდ ჩაიარა?" "ვაღიარებ, რომ ეს ამბავი მალევე დამავიწყდა, - უთხრა მამამ, - და მხოლოდ ახლა, შენთან საუბრისას გამახსენდა. შესაძლოა, ეს თვითშეგონება იყო?" - "შენ ითხოვდი და მოგეცა, რასაც ევედრებოდი, - უთხრა ვაჟმა, - ეს მიზეზშედეგობრივი კავშირია. იმავე თვითშთაგონებით მოტორის ჩართვა შეუძლებელია". მამა არ ეთანხმებოდა: - ეს ალბათ შემთხვევითობა იყოო. ვაჟმა უთხრა: "ღმერთს რომ დაშორებოდი, რაღაც სწავლება მოიგონე, რომლის მიხედვითაც ყველაფერს შემთხვევა განსაზღვრავს. შენთვის შემთხვევამ შემოქმედის ადგილი დაიკავა და ის მართავს სამყაროს. მეცნიერებაზე აპელირებთ. ამბობთ, ყველაფერი კანონზომიერიაო, მაგრამ როცა ნახეთ სასწაული, რომელსაც ითხოვდით, მაშინ სიტყვა "შემთხვევას" ამოეფარეთ და ღმერთს ემალებით. ურწმუნოება, შესაძლოა, მხოლოდ მოსაზრებებისთვის კი არ არის შეუღწევადი, არამედ ცხადად მომხდარი ამბისთვისაც. ურწმუნომ ქრისტე რომ დაინახოს, შესაძლოა თქვას, - ეს ჩემი ცნობიერების ილუზიაა, ანდა ეს ჰოლოგრაფიაა, სივრცობრივი გამოსახულებაო. რწმენა ან ურწმუნოება - უპირველეს ყოვლისა, ადამიანის გულის მდგომარეობაა, სადაც თავს იყრის მთელი წარსული ცხოვრება". მამა აღშფოთდა საქმის ასეთი შემობრუნებით: "არ მინდა იმ ღმერთთან ურთიერთობა, რომელიც ქვეყანაზე ამდენ ბოროტებას უშვებს, თუნდაც ახლა სამოთხის კარი გამიღოს, მაინც არ შევალო". ვაჟმა უპასუხა: "რაღაც ვერ ვხედავ, სამყაროს სატანჯველი გტკიოდეს. ვნახე, როგორ გამწარდი, როცა საყვარელი ჩიბუხი მოგპარეს. განა რა შესწირე ისეთი, რომ სამყაროში ნაკლები ტანჯვა ყოფილიყო, და რითი შეიწუხე თავი? უნებურად სიმართლე წამოგცდა, რომ არ გინდა ღმერთთან იყო, უფრო სწორად, არ გინდა, რომ ღმერთი არსებობდეს. აი, მიზეზი შენი ურწმუნოებისა". "ამას ჩემი ვაჟი ამბობს? დამნაშავენი ისინი არიან, ვინც თბილისში თორმეტი მოქმედი ტაძარი დატოვა, იმის მაგივრად, რომ დიდი ხნის წინ დაეხურათ!" - აღშფოთდა მამა. ამით დასრულდა მათი დიალოგი.

* ვინც წმინდანს გმობს, ის გმობს მასში მყოფ სულიწმინდას. ამიტომაც ასეთი ღვთის მგმობელები ხშირად ისჯებიან მთელი ხალხის თვალწინ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კანონიზაციის მერე ერთმა მღვდელმა დაცინვით იკითხა: "როგორ დახატავენ მეფე ნიკოლოზის ხატს, პირში პაპიროსით ხომ არა?" სასჯელი მას მალევე ეწია - ინსულტი დაემართა და გონსმოუსვლელად მოკვდა.

* ერთ მეუდაბნოე მამას უყვარდა იესოს ლოცვის აუჩქარებლად წაკითხვა. ამბობდა, ახალგაზრდობაში ვცდილობდი, მალევე ჩამემთავრებინა კანონი. ერთხელ მოძღვარმა დამინახა, რომ სკვნილს სწრაფად ვმარცვლავდი და მაკურთხა, კანონის ასრულებისთვის განსაზღვრული საათები გამომეყო, ამ დროს იესოს ლოცვა მეკითხა და ყურადღება არ მიმექცია წაკითხული ლოცვების რაოდენობისთვის. დავყევი მის რჩევას და უფრო ჩაღრმავებით დავიწყე ლოცვაო.

* ერთი კაცი წუხდა, ის სკვნილი დავკარგე, რომელითაც გარდაცვლილმა მოძღვარმა მაკურთხაო. ბერმა უთხრა: "შენ სკვნილი დაკარგე და არა მოძღვრის კურთხევა". მან ჰკითხა: "როგორ გავიგო შენი სიტყვები?" ბერმა უპასუხა: "შენ მატყლით გაკეთებული სკვნილი დაკარგე, სულიერი სკვნილი კი განუწყვეტლივ ლოცვაზე შენთვის მოძღვრის მიერ მოცემული კურთხევაა. ის არ წაგერთმევა. აიღე ნებისმიერი სკვნილი და მოძღვრის კურთხევა მასზე იქნება".

* მონაზონმა თქვა, - დავინახე, ერთი ძმა იესოს ლოცვის სკვნილზე კითხვისას ჩქარობდა და ნასკვებს ტოვებდა. მე ის ლოცვის გამქურდველად ჩავთვალეო.

* ბერს, რომელსაც სულიწმინდის მადლი მოუპოვებია, შეუძლია ადამიანები რაღაც საზომით საკუთარ თავს მიამსგავსოს, ჩვენ, უძლური ბერები კი ერისკაცებთან ურთიერთობისას მათი მსგავსი ვხდებით.

* წმინდა მამები ჩვენს გვერდით არ არიან. თუნდაც იყვნენ, მაინც არ დავუჯერებდით და ამისთვის უფრო მეტად განვიკითხავდით. ერთხელ ტაძარში, ღვთისმსახურებისას, ორი მონაზონი დავინახე: მომეჩვენა, თითქოს უხილავი ნათლის წყაროდან წამოსული სხივები სახეზე ეფრქვეოდათ. წინანდელი მოღვაწენი ნათელს აფრქვევდნენ. ახლანდელ ბერებს უყვართ სულიერ ნათელზე საუბარი; მათი ხმა კი არსად ჩანს.

* თუ თავის თანამედროვეთაგან აღწერილ ძველ მამათა ცხოვრებას ბოლო ასწლეულის მამათა ცხოვრებას შევუდარებთ, მივხვდებით, რომ ჩვენი დროის მოღვაწეებს განსაკუთრებით სჭირდებათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნა და რომ თავიანთი შვილები უფრო ხშირად უნდა ჩააბარონ ღვთისმშობლის ლოცვასა და საფარველს. ვფიქრობ, ძველი წმინდანები ბრძოლაში დაკაცებული მეომრები იყვნენ, რომლებიც მამათა მაგალითით მიდიოდნენ საომრად. თანამედროვე მოსაგრენი კი იმ ბავშვებს ჰგვანან, მტრისგან თავდასაცავად დედას რომ უხმობენ საშველად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველები აღმატებულნი არიან უკანასკნელებზე. ჩვენი დროის ბერები განიცდიან უზარმაზარ ზეწოლას ღვთისმოწინააღმდეგე ძალებისგან, როგორც უშუალოდ სატანისგან, ასევე იმ სამყაროდან, გარს რომ არტყიათ. ამიტომ მათ ღმერთი მათივე გულის ნამოქმედარის მიხედვით განიკითხავს. ძველები გაკვალული გზით მიდიოდნენ, ხელიხელჩაკიდებულნი, დაცემულს წამოაყენებდნენ, ვისაც ძალა გამოელეოდა, ხელში აიყვანდნენ. თანამედროვენი კი თითქმის მარტოდმარტონი მიდიან ჭაობში. შეიძლება ითქვას, რომ უფრო დიდი ის არის, ვინც შორს წავიდა? ამიტომაც, ახლები განსაკუთრებით გრძნობენ თანაგრძნობით აღსავსე დედობრივ სიყვარულს ღვთის დედისას.

მამათა გამონათქვამები
ბერმა ამბროსიმ (გვაზავა) თქვა: "ჩვენი იღუმენი ამბობდა, მტრები კი არა, ჩვენი ცოდვები ხურავენ ტაძრებსა და მონასტრებს. განა ღმერთს არ შეუძლია დაიცვას თავისი კუთვნილება? მაგრამ ჩვენი გულგრილობის გამო განგვიკუთვნა, რომ განსაცდელებით გადავრჩეთ".

სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში) ამბობდა: "სიცილი, ხუმრობა და ალერსი - ბერის საქმე არ არის, ეს ამა სოფლის ჩვევებია, რომელზეც მან უარი თქვა. თუ ბერმა მადლი მოიპოვა, მაშინ მას გახუმრებისა და გარეგნული, ალერსიანი სიტყვების გარეშეც შეუძლია, ანუგეშოს ადამიანები".

ერთმა ქალმა უთხრა მამა ანდრონიკეს: "როცა ჩემთან ადამიანებს განიკითხავენ, მდუმარედ ვზივარ და საუბარში არ ვერევიო". ბერმა უთხრა: "უკეთესი იქნება თქვა, რომ მდუმარედ უსმენ და ყველა სიტყვას იმახსოვრებ. ის, ვინც ცილისწამებას უსმენს, თვითონაც ცილისწამების თანამოზიარე ხდება, იმას, რაც შენ დაიმახსოვრე, თავის დროზე სხვებს მოუყვები. ვინც სმენა ვერ დაიმარხა, ვერც ენას შეაკავებს". ქალმა უთხრა: "მამაო, მე რომ ავდგე და საუბარი მივატოვო, მაშინ ხომ ადამიანს შეურაცხვყოფო". მამა ანდრონიკემ უპასუხა: "სჯობს ადამიანი გაანაწყენო, ვიდრე ღმერთი. სჯობს მეგობარი დაკარგო, ვიდრე მადლი".

ერთმა მონაზონმა ჰკითხა მამა ანდრონიკეს: "მამაო, ტელევიზორს ახალი ამბების შესატყობად ვრთავ და მერე ვთიშავ ხოლმე. განა ეს ცუდია?" ბერმა უპასუხა: "ჯერ ერთხელ ჩართავ ტელევიზორს, მეორედ კი იფიქრებ: მოდი, ვნახავ, რას აჩვენებენო. შუაღამემდე ტელევიზორს უყურებ. აი, ეშმაკიც ამ დროს დაგიჭერს. ტელევიზორის მაყურებელი მონაზონი სამ აღთქმას არღვევს: სოფლიდან განდგომის, სულის უმანკოების და შინაგან ლოცვაში მყოფობის დროს. ის სამჯერ ფიცის დამრღვევია, შენ კი მეკითხები, რატომ არის ეს ცუდიო". ბერმა კვლავ ჰკითხა: "ეპისკოპოსებიც ხომ უყურებენ ტელევიზორს?" მამა ანდრონიკემ უპასუხა: "განა ისინი ამის გაკეთებას გაიძულებენ? შენ შენს თავს მიხედე".

მონაზონ აპოლინარიას სულიერმა შვილმა ჰკითხა: "რა ვქნა, პატრიარქმა მითხრა, ღვთისმშობელი გიხმობს დიდუბის ტაძარშიო და იქ მესანთლედ მნიშნავს. მე კი ეს მეეჭვებაო". მონაზონმა უპასუხა: "ღვთისმშობელიც რომ არ გეძახდეს, პატრიარქის ნათქვამს თუ დაუჯერებ, წახვალ დიდუბის ტაძარში, რათა ზეციური დედოფლის ნება აღასრულო, მაშინ ღვთისმშობლისგან იმავე ჯილდოს მიიღებ, როგორც მაშინ, თუკი ის მართლაც დაგიძახებდა".

არქიმანდრიტმა ბარსანოფმა
(ველიჩკო, +1998. იგი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში მსახურობდა) ბრძანა: "ტროპიკული ქვეყნების მდინარეებსა და პატარა ტბებში განსაკუთრებული ტიპის ამფიბია ბინადრობს. თუ წყალი ამოშრება, ისინი ახლა ხმელეთზე ცხოვრების პირობებს ეგუებიან, დროთა განმავლობაში უხმებათ ლაყუჩები და უკვე აღარ შეუძლიათ წყალში ყოფნა. მონაზონი მონასტრების დახურვის შემდეგ ერში აღმოჩნდნენ და მიეჩვივნენ ერისკაცულ ცხოვრებას. როცა სავანეები კვლავ გაიხსნა, აღარ მოისურვეს იქ დაბრუნება. როცა ასეთ მონაზვნებს ვხვდები, მახსენდება ხმელზე გადასახლებული ამფიბიები.

მღვდელმონაზონმა ვასილიმ (ფირცხელავა) თქვა: "მონაზვნებისთვის ყველაზე დიდი ცოდვა - მრუშობაა. სხვა ცოდვები მასთან შედარებით - მტვერია, რომელსაც მალე ჩამოიცილებს".

იგი ამბობდა: "ათონზე მრავალ წელს ნაცხოვრები ბერისგან გამიგონია, რომ მღვდელი, რომელიც მრუშობს და ამ დროს წირავს, უკვე სიკვდილამდე ჯოჯოხეთში იმყოფება. როცა ის წარმოთქვამს: "მშვიდობა ყოველთა" და "კურთხევა უფლისა თქვენზედა", მაშინ საკურთხევლის ანგელოზი ეტყვის: "ღვთის კურთხევა - ხალხსა, შენ კი წყევლაო". როცა ის ეზიარება, მაშინ სული ნახშირივით უშავდება. როცა ლიტურგიას ამთავრებს, მასთან ეშმაკი მიდის და როგორც მეგობარს, ბაგეზე კოცნის".

ის ჰყვებოდა: "ერთმანეთის მახლობლად ორი მონაზონი ძმა ცხოვრობდა. ერთი ქალაქში რაღაც საქმეზე წავიდა და იქ დაეცა. მეორემ კი სიზმარში იხილა: აბობოქრებული ზღვის პირას ერთ ციცაბო კლდეზე მისი ძმა მიდიოდა. უცებ ზღვაში ჩავარდა და ტირილი მორთო, მიშველეთო! მაგრამ ზღვის ხმაურმა ჩაახშო მისი ხმა.

ვკითხე მღვდელმონაზონ ვასილს: "არის ამაზე საშინელი ცოდვა?" "ესაა სასოწარკვეთა და თვითმკვლელობა, - მითხრა მან, - უფრო ხშირად მრუშობას მიჰყავს ბერი სასოწარკვეთამდე". "რისთვის დაიშვება, რომ მონაზონი მრუშობით დაეცეს, ის ხომ ღმერთს ევედრება და ცხონება უნდა?" "უღიარებელი ცოდვისა და ურჩობის გამო". მე კვლავ ვკითხე: "ეპატიება მღვდელს ეს ცოდვა?" "დაე, ეს მღვდელმთავარმა გადაწყვიტოს", - მიპასუხა.

ბეჭდვა
1კ1