მოგონებები
მოგონებები
"წარმოიდგინე, რომ იღუმენია ფეხით იერუსალიმში მიდის და აღთქმა დადო, გზაში არავის დაელაპარაკოს"
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* უდაბნოში მცხოვრები ზოგიერთი ძმა საყვედურობდა მამა მერკურის, - მეფუტკრეობას რად მისდევო - ეს სამუშაო ბევრ დროსა და ზრუნვას მოითხოვს. მამა მერკური პასუხობდა: "მე რომ სრულყოფილი ბერი ვიყო, კელიაში ვიჯდებოდი და განუწყვეტლივ ვილოცებდი. მაგრამ ეს ჩემი საზომი არ არის, ამიტომაც ჩემი უძლურების გამო მყავს ფუტკარი და თანაც ვფიქრობ, რომ ამით სამონაზვნო მორჩილებას აღვასრულებ. თაფლის ნაწილს მეუდაბნოეებსა და მწირებს ვურიგებ, დანარჩენს კი პროდუქტებზე ვცვლი". ძმებმა ჰკითხეს: "ფუტკარი რომ დაგეხოცოს ანდა სკები მოგპარონ, ღვთის ნებად თუ ჩათვლი, რომ მეფუტკრეობას თავი ანებო?" უპასუხა: "ამას გამოცდად ჩავთვლი და ქალაქში წავალ ახალი სკების საყიდლად".

* დედა ზოსიმამ სოხუმის ახლოს, ერთი მთის ფერდობზე მღვიმე იპოვა და იქ კურთხევის გარეშე დასახლდა. მღვიმის ქვემოთ მშრალი ხრამი იყო. ერთხელ, როცა ქვემოთ ჩამოვიდა, ხრამში თავგაჩეხილი მკვდარი კაცი ნახა. მიხვდა, ამ კაცმა, ეტყობა, თვალი მომკრა, ღამით ამოსვლა დააპირა და ჩამოვარდაო. ზოსიმამ ეს თავის სოხუმელ კეთილისმყოფელებს უამბო. გადაწყვიტეს, არავისთვის არაფერი ეთქვათ, ხრამში გათხარეს სამარე და მიცვალებული დაკრძალეს. ამის მერე დედა ზოსიმამ მიატოვა იქაურობა. უფრო სწორად, თვითონ მღვიმემ გააგდო მოძღვრის უკურთხებლად დასახლებული.

* სქემმონაზონი ზოსიმა ამბობდა: "როცა რაიმე ნივთი არ მჭირდება, არ ვფიქრობ, რა ვუყო ანდა ვის ვაჩუქო, რათა ამ ფიქრებით გონება ლოცვას არ მოვწყვიტო. მე მას პირველსავე შემხვედრს ვაძლევ ანდა გზაზე ვდებ".

დედა ზოსიმა ზამთარში სალაბადე ტილოს ჟილეტით დადიოდა, ფეხზე კალოშები ეცვა. კეთილისმყოფელებმა ძვირფასი ქსოვილის პალტო და ყელიანი ფეხსაცმელი აჩუქეს. გაზაფხულზე დედა ზოსიმამ პალტოს შემოდგომამდე შენახვა აღარ მოისურვა და უცნობ ქალს მისცა.

* მამა ვიტალი მოჰყვა: ერთმა მოძღვარმა მოინახულა ბერი, რომელსაც კელია გამოგვილი და დასუფთავებული ჰქონდა. თქვა: - ალბათ ძმას არ შეუძლია ჭუჭყის მოთმენა და ასევე განიწმენდს ის თავის გულსაცო. სხვა მონაზვნის კელია დიდი ხნის დაულაგებელი დახვდა და თავისთვის თქვა: - ეტყობა, ძმა იმდენად არის დაკავებული ლოცვითა და სულიერი ცხოვრებით, რომ უკვე სრულიად დაივიწყა მიწიერი საზრუნავიო. ასე ბრძნულად აარიდა თავი ღირსმა მამამ განკითხვის ცოდვას.

* ერთი მღვდელმონაზონი დაწვრილებით ჰყვებოდა მასთან სტუმრად მყოფი თანამოძმის პირად ცხოვრებაზე და განიკითხავდა. მონაზონი არკადია წამოდგა, მღვდელმონაზონს მუხლნი მოუდრიკა და უთხრა: "ახლა კი ვხედავ, რომ თქვენ დაფარულთმცოდნე ხართ და მამხილეთ ყველა ცოდვაში, თითქოს წყალში ჩამეხედოს და თავი დამენახოს". მღვდელმონაზონი დაიბნა და განაწყენდა, მაგრამ შემდეგ მადლიერებით იხსენიებდა დედა არკადიას.

* მღვდელმონაზონი გზაზე იღუმენიას შეხვდა, მუხლნი მოუდრიკა და უთხრა: "მაკურთხე, დედაო". იღუმენიამ შეხედა და მდუმარედ გვერდით ჩაუარა. მხლებელმა მორჩილმა მღვდელმონაზონს ჰკითხა: "მამაო, როგორ ახსნი იღუმენიას ასეთ საქციელს, სწორად თუ მოიქცა?" მღვდელმონაზონმა უპასუხა: "მართალია თუ არა, ეს მის სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ მოუკლებელი ლოცვა მოიპოვა, სიმშვიდისა და მყუდროების გამო არ სურდა გონება გულში შინაგანი ყოფნიდან მოეცილებინა და მდუმარედ ლოცულობდა ჩვენთვის, მაშინ სწორად მოიქცა. თუ ასე არაა, მაშინ ეს კადნიერებაა და მწუხარებანი და განსაცდელები მოეწევა. კაცს უკან უბრუნდება ის, რასაც სხვას უკეთებს, მაგრამ მე პირველ აზრს ვაძლევ უპირატესობას". მორჩილმა ჰკითხა: "მე რაღა ვუყო გულისთქმას, რომელიც მეტყვის: "არსენი დიდი ხომ კელიაში იჯდა და ამასავით გზაზე არ დაეხეტებოდაო?" მღვდელმონაზონმა უპასუხა: "წარმოიდგინე, რომ იღუმენია ფეხით იერუსალიმში მიდის და აღთქმა დადო, გზაში არავის დაელაპარაკოს".

* სქემარქიმანდრიტი ვიტალი ჰყვებოდა, რომ მასთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა მთავრობის მიერ მონასტრიდან გაძევებული მღვდელმონაზონი. "იგი ცდილობდა, მონასტრის კანონი, რომელსაც გლინის სავანელი მეუდაბნოეები ასრულებდნენ, იესოს ლოცვით შეეცვალა. ლოცვას დამარცვლით კითხულობდა, ერთგვარად გაგრძელებულად, ამასთან თითოეულ სიტყვას მკაფიოდ წარმოთქვამდა, თითქოს ჭედდა. სიტყვებს შორის მცირეოდენ პაუზებს აკეთებდა. ლოცვისას სკვნილით ხელში იდგა, ყოველ მეათე კვანძზე მცირე მეტანიას ასრულებდა. სკვნილის ყოველ ჩამოლოცვაზე კი მუხლს იდრეკდა. ხშირად მდუმარედ ლოცულობდა, იჯდა კუთხეში დაბალ სკამზე, პირით კედლისკენ. ისე ჩაეშვებოდა ლოცვაში, რომ არა სკვნილი, რომელსაც ამოძრავებდა, შორიდან გეგონებოდა, სძინავსო.

მონასტერში ეს ბერი ხატწერის სახელოსნოს ხელმძღვანელობდა, ტაძარში გალობდა და ბიბლიოთეკაშიც ასრულებდა მორჩილებას, ნაკითხობითაც გამოირჩეოდა. ასეთებს ძნელად მიეცემათ ლოცვა. გულისთქმებისა და სახეებისმიერი წარმოსახვები და გონება იწყებს ბრძოლას სულთან და ახშობს მას. ამას ხვდებოდა მღვდელმონაზონიც. ამბობდა, მშურს მათი, ვინც ცოტას კითხულობს, ვისაც მუსიკალური სმენა არა აქვს, ვისაც არანაირი ნიჭი არ დაჰყვა, მათ მალევე მიეცემათ ლოცვა.

მამა სერაფიმეს უყვარდა ეს მღვდელმონაზონი, მაგრამ აფრთხილებდა, - სულიერ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი გექნებაო - ასეთ ადამიანებს უჭირთ არა მარტო თავიანთი გონება განაწყონ ლოცვისთვის, ასევე უძნელდებათ გულის დამდაბლება. იმისთვის, რომ ისწავლო, თუ როგორ ჩართო გონება ლოცვის სიტყვებში, - ამბობდა მამა სერაფიმე, - გული უნდა დაიმორჩილოო. ხოლო მათ, ვინც იესოს ლოცვას შეუდგებოდა, თავიდან ნელა და აუჩქარებლად უნდა წაეკითხა და წაკითხული ლოცვის რაოდენობისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცია. მაგრამ ასევე აფრთხილებდა, რომ ლოცვის სიტყვების ძალზე ნელი და განცალკევებული წარმოთქმისას შეიძლება დაიკარგოს ღვთის წინაშე წარდგომის განცდა, ადამიანი ამ დროს იწყებს ლოცვის თითოეული სიტყვის განხილვას, თუ რა აზრი დევს მასში. ეს თავისებურად სასარგებლო საქმეა, მაგრამ მხოლოდ ლოცვისადმი მომზადებას უწყობს ხელს: აქ ვერ ვხედავთ ღვთისადმი მიმართვას, მის წინაშე წარდგომას. სწორად და ყურადღებით აღვლენილი ლოცვა - სულის მოქმედებაა, განსჯა კი - სამშვინველისა. როცა გონება მიეჩვევა ლოცვის სიტყვებში მოთავსებას, შევა მასში, შეერწყმება, მაშინ ლოცვა აუჩქარებლად უნდა წაიკითხოთო.

ვფიქრობ, მამა სერაფიმე აქ საუბრობდა ლოცვისა და მედიტაციის განსხვავებაზე, როცა ირჩევენ რაიმე ბიბლიურ გამოთქმას და იწყებენ მასზე ფიქრს, ცდილობენ, გამოაჩინონ სემანტიკური მნიშვნელობა და აზრი თითოეული სიტყვისა. ლოცვა ქრება და სიტყვა გადაიქცევა გასაანალიზებელ ობიექტად, იმის მაგივრად, რომ იყოს დამაკავშირებელი სულსა და ღმერთს შორის.

როცა ამის შესახებ ზემოხსენებულ მეუდაბნოე-მღვდელმონაზონს ვკითხე, მითხრა, რომ ლოცვის დროს ცდილობს, ყველა გულისთქმა მოიშოროს, გონება ლოცვის სიტყვებში მოათავსოს და არ განიხილოს თითოეული სიტყვის ნიშან-თვისება და მნიშვნელობა. ის ამბობდა, რომ მამა სერაფიმეს რჩევას ეკითხება. მამა სერაფიმეს კი, როცა ვკითხეთ, არაფერი უთქვამს ლოცვის ასეთ ხერხზე. მაგრამ მომეჩვენა, რომ ასე ფიქრობდა: "მღვდელმონაზონს ამისთვის ნაადრევად მიუტოვებია ფსალმუნების კითხვა, საბერო კანონი კი იესოს ლოცვით შეუცვლია. ასე მხოლოდ მოხუცებული მეუდაბნოე მამები იქცევიან".

შემდგომში ამ მღვდელმონაზონმა გადაწყვიტა, ხშირად ეწირა. დატოვა უდაბნო, ქალაქში სახლი შეიძინა და უშტატო მღვდლად მსახურებდა ტაძარში, სადაც ოფციალურად რეგენტის მოვალეობას ასრულებდა. მერე იესოს ლოცვა დაკარგა და როგორც აღიარა, მძიმე განსაცდელების პერიოდი დაეწყო. მაგრამ უფალმა მას გულწრფელი სინანული მისცა.

მამა სერაფიმეს ზოგიერთი ნათქვამიდან გამიჩნდა აზრი, რომ ამ მონაზვნისთვის განსაცდელის მიზეზი გახდა მისი გამოყოფა ძმათა საერთო ლოცვიდან. ის არ ასრულებდა მორჩილებას და ერთგვარი უკრძალველობა ჰქონდა ეკლესიის მიერ დადგენილი ლოცვებისადმი (კანონები, აკათისტოები და სხვა). თვითნებური ლოცვით მან თითქოს გააღიზიანა და სოროდან გამოიყვანა გველი, მაგრამ მორჩილების გარეშე უკვე ვეღარ სძლია მას".

* მორჩილი ვიტალი მონასტერში ადრიანი ლიტურგიის მერე რჩებოდა გვიან ლიტურგიაზეც და დაითმენდა ავადმყოფობასა და უძლურებას (ახალგაზრდობაში ჭლექი სჭირდა, რომლისგანაც უდაბნოში განიკურნა). როცა მისი ასეთი გულმოდგინება შეიტყო, სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ მნათეებს უთხრა: პირველი ლიტურგიის დასრულებისთანავე კისრისტეხით გააგდეთ ტაძრიდანო.

ერთი მღვდლემონაზონი შესჩიოდა მამა სერაფიმეს, - ჩემი მორჩილი, რომელიც მეხმარება და საჭმელს მიმზადებს, გაუთლელია და უხეში. ეს შეურაცხმყოფს, ვმრისხანებ და ვლანძღავო. მამა სერაფიმემ უთხრა: - მიხარია შენ გამო. ცუდი იქნებოდა, ალერსიანი და თავაზიანი მორჩილი რომ გყავდესო.

იმავე მღვდელმონაზონს ეუბნებოდა მამა სერაფიმე: "შენ მრისხანებ შენს შვილებზე, მერე კი მათ შენდობას სთხოვ, არ გესმის, რომ ამით მათ სულიერად აზიანებ. არ იციან, რა ქნან: ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი. თუნდაც უსამართლო იყო მათდამი, ღმერთს სთხოვე შენდობა მათთვის და შენთვის, ხოლო მათ ნუ აჩვენებ შენს სინანულს. სულიერ მამას უფლება აქვს, დასაჯოს ან გამოსცადოს თავისი სამწყსო, შენი მობოდიშებით კი მათ მხოლოდ აფუჭებ. ვიცნობ მოძღვარს, რომელიც მუხლებზე დამხობილი შენდობას სთხოვდა თავის შვილებს და მკაცრად ავუკრძალე ამის გაკეთება.

* სქემარქიმანდრიტ იოანეს (მხეიძე, აწ წმინდანად შერაცხული, - კ.კ.) ძმა უშიშროების სისტემის დიდმოხელე იყო. შესაძლოა ამის გამოც არ ეხებოდნენ ამ ორ ბეთანიელ ბერს (წმინდა მამა იოანე-გიორგი მხეიძეს და წმინდა მამა იოანე მაისურაძეს, - კ.კ.), მაგრამ ძმა თვითონ გახდა ძმის მდევნელი. მიდიოდა მონასტერში და მოითხოვდა, სქემარქიმანდრიტ იოანეს (მაშინ ჯერ კიდევ იღუმენ გიორგის) ანაფორა გაეხადა და სოფელში ეცხოვრა. ჰპირდებოდა, ყველაფრით უზრუნველგყოფ, ოთახსაც მოგცემ, სადაც შეგეძლება მთელი დღე ილოცოო. ეუბნებოდა, ეს დრო უნდა გადავიტანოთ და ჯალათის ტყვიას ჩვენვე არ მივუშვიროთ შუბლიო. მერე კი ძმას მონასტრის დატოვება მოსთხოვა, - შენს გამო წოდებას არ მიმატებენ, გზას მიღობავ ბრწყინვალე კარიერის შექმნაში, მევე მოვითხოვ მონაზვნების გასამართლებასო. იღუმენმა უპასუხა: "დახვრეტით მემუქრები - შენ გამო არ მაძლევენ ორდენებსა და წოდებასო. იქნებ სწორედ ჩვენი ლოცვების გამო არ დაუხვრეტიხარ ხელისუფლებას. ხომ ხედავ, რამდენი შენი თანამშრომელი დაიღუპა". ძმა ეცა და ცემა დაუწყო. მოგვიანებით სქემარქიმანდრიტი იოანე ამბობდა: "მონაზონი თავისი აღთქმით უარყოფს სოფელსა და ნათესავებს. მაგრამ მე მაშინ ღრმად ვიგრძენი, თვითონ ამ სოფელმა როგორ უარმყო, როცა ძმამ მცემა. შემეცოდა იგი. წასვლისას ყვიროდა და ლანძღვას განაგრძობდა, მაგრამ ბოლო წუთს მოულოდნელად ჩუმად მითხრა: - მაპატიეო".

* ბეთანიაში მოღვაწე მღვდელმონაზონი ვასილი (ფირცხალავა) ჰყვებოდა: "ბავშვობიდანვე მინდოდა მონასტერში წასვლა. თუმცა არც ერთ მონასტერში არ ვიყავი ნამყოფი და მხოლოდ სურათებზე მენახა ბერები. ჩემს მშობლებს ეს ბავშვური ახირება ეგონათ. წამოვიზარდე. ჩემს განზრახვაზე უარი არ მითქვამს. მითხრეს: "ჯერ ინსტიტუტი დაამთავრე, აიღე დიპლომი, მერე, რაც გინდა, ის გააკეთეო". ალბათ ფიქრობდნენ, რომ ინსტიტუტში სწავლისას სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა.

გორის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. მშობლებს სახსოვრად ჩემი დიპლომი მივეცი - მონასტერში მივდივარ-მეთქი. გაქვავდნენ: არც ჩემი დარწმუნება უცდიათ, არ უტირიათ და არც კი დამმშვიდობებიან. ცოტა ხნის წინ მოვიდა დედაჩემი ჩემს სანახავად. ნახა, როგორც ვცხოვრობ და იმავე დღეს უკან გაბრუნდა".

ვკითხე, - თქვენი მშობლების თხოვნის ასრულებით ხომ ოთხი წელი დაკარგეთ-მეთქი. არა, მეტი დრო დამჭირდა ინსტიტუტში ნასწავლის დასავიწყებლადო, - მიპასუხა.

მღვდელმონაზონი ვასილი ამბობდა: "მე მღვდელმთავრობას მთავაზობენ, მაგრამ სიტყვა მაქვს მიცემული, არ მივატოვო ბეთანიის მონასტერი და მამებს ვემსახურო მათ ან ჩემს სიკვდილამდე. რატომ არის ღმერთი ჩემდამი ასე მოწყალე: მე ხომ ორი ანგელოზის გვერდით ვცხოვრობ! რამდენჯერ მსურდა მამებისთვის ფეხები დამებანა, მაგრამ ავადმყოფობისასაც კი ამის ნებას არ მაძლევენ".
ბეჭდვა
1კ1