ელადის მართლმადიდებელი ეკლესია
ელადის მართლმადიდებელი ეკლესია
1831 წელს საბერძნეთი თურქთა ბატონობისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ამ მნიშვნელოვან მოვლენას ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაც მოჰყვა. განთავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებული ეპარქიები კანონიკურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. საბერძნეთ-ოსმალეთის ომმა გააძნელა ეკლესიის მართვა. ამიტომ კონსტანტინოპოლმა და საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტეს, ამ ეპარქიებს, დედაეკლესიის შემადგენლობაში, მინიჭებოდათ დამოუკიდებელი მმართველობის უფლება. 1828 წლის იანვარში სახელმწიფოს ახალმა მმართველმა, გრაფმა იოანე კაპოდისტრიელმა (1776-1831) სწორედ ეს პრინციპები ჩადო საეკლესიო პოლიტიკაში.

მისი მკვლელობის შემდეგ საბერძნეთის პოლიტიკური და საეკლესიო კურსი შეიცვალა და ის ინგლისური დიპლომატიის გავლენის ქვეშ მოექცა.

ლონდონის 1832 წლის პროტოკოლის თანახმად, საბერძნეთი გარდაიქმნა სამეფოდ და მისი პირველი მეფე გახდა ოტონი, ბავარიის მეფის, ლუდვიგ I-ის ვაჟი.

1833 წლის 15 ივლისს იმჟამინდელ დედაქალაქ ნავპლიონში მოიწვიეს სამღვდელმთავრო კრება, რომელსაც უნდა განეხილა საბერძნეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ეკლესიის სტატუსი. მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, 23 ივლისს კრებამ მიიღო გადაწყვეტილება "საბერძნეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ". ამის შემდეგ მთავრობამ გამოსცა ორი დეკრეტი, რომელშიც შეიტანეს დამატება "სინოდის მუშაობის შესახებ" და "სამეფოს ეპარქიების დროებითი დაყოფის შესახებ".

თანამედროვე ისტორიული მეცნიერება თანდათან რწმუნდება, რომ ელადის ეკლესიის ავტოკეფალია ინსპირირებული იყო დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთი პოლიტიკური უწყების მიერ, რომელთაც გარკვეული როლი ითამაშეს ბალკანეთის და მცირე აზიის რეგიონების პოლიტიკურ მოწყობაში.

კონსტანტინოპოლის ეკლესია არ ცნობდა ამ თვითგამოცხადებულ ავტოკეფალიას 1850 წლამდე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ტომოსის გამოცემამდე, რომელიც შეიცავდა ავტოკეფალიის მინიჭების 7 პირობას. კერძოდ, ელადის ეკლესიას წმინდა მირონი კონსტანტინოპოლიდან უნდა მიეღო და აგრეთვე, მონაწილეობა მიეღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს "საერთო საეკლესიო საკითხების" გადაწყვეტაში. თუმცა ტომოსი არ აკონკრეტებდა, კერძოდ რა საკითხები იგულისხმებოდა.

ავტოკეფალიის გამოცხადებას ელადის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ნავარაუდევი კეთილდღეობა არ მოუტანია - ის სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა. დაიხურა ბევრი მონასტერი, შეიცვალა ეპარქიების ტრადიციული შემადგენლობა, შეიცვალა ეკლესიის ადმინისტრაციული სტრუქტურები. კერძოდ, ელადის ეკლესიის მმართველობის საფუძველში ჩაიდო სინოდური სისტემა, რომლის პროტოტიპი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდური მოწყობა და გერმანიის პროტესტანტული ეკლესია. ასე რომ, ელადის ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადება ზოგჯერ სიტყვასიტყვით იმეორებს ბავარიის კონსისტორიის კანონს (1818 წ.), რომელიც ითვალისწინებს ეკლესიისა და სახელმწიფოს უფლებების გამიჯვნას. ახალწარმოქმნილ საბერძნეთის ეკლესიას სათავეში ჩაუდგა მეფე, ეკლესიის მმართველობა კი გადაეცა მუდმივმოქმედ სინოდს, რომელიც მთავრობის მიერ დანიშნული ხუთი წევრისგან შედგებოდა. მეფე ნიშნავდა სინოდის "თანათავმჯდომარეს" - "სამეფო წარმომადგენელს". მისი ვიზის გარეშე სინოდის არც ერთ გადაწყვეტილებას ძალა არ ჰქონდა. ეს თანამდებობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორის ანალოგი იყო.

ელადის ეკლესიის თითქმის ორასწლიანი ისტორიის მანძილზე მმართველობის სინოდურმა პრინციპმა მცირეოდენი ცვლილება განიცადა. ათენის არქიეპისკოპოსი სინოდის მხოლოდ თავმჯდომარეა და არა ეკლესიის თავი. უწმინდესი სინოდის შემადგენლობის განახლება ყოველწლიურად ხდება, თუმცა ათენის არქიეპისკოპოსი უცვლელი რჩება. მას საკმაოდ დიდი უფლებები აქვს მინიჭებული.

1912-1913 წლებში, ბალკანეთის ომების შედეგად, საბერძნეთმა მიიერთა ე.წ. "ახალი მიწები", რომლებიც თანამედროვე საბერძნეთის სახელმწიფოს ნახევარს წარმოადგენდა. იქაური ეპარქიები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. 1928 წელს საბერძნეთის მთავრობას, ელადის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად შეიცვალა მათი კანონიკური სტატუსი, რომელიც დაფიქსირდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესაბამის "საქმეებში" და საბერძნეთის რესპუბლიკის კანონით. შეთანხმებაში გათვალისწინებულია თეორიული უფლება კონსტანტინოპოლისა - საჭიროების შემთხვევაში ამ ტერიტორიების თავის იურისდიქციაში დაბრუნების თაობაზე. XX საუკუნეში საბერძნეთში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა გავლენა მოახდინა ელადის ეკლესიაზეც. ეკლესიისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იყო სახელმწიფოს სათავეში სამხედრო ხუნტის მოსვლა (1967-1974). ხუნტამ გაათავისუფლა ათენის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი და მის ადგილას დასვა არქიეპისკოპოსი იერონიმე, დაითხოვა ელადის ეკლესიის უწმინდესი სინოდი და ახალი აირჩია, მრავალი მღვდელმთავარი გააგდო ეპარქიებიდან. ამ პერიოდში ელადის ეკლესიის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს ე.წ. "ძმობებმა" და რელიგიურმა ორგანიზაციებმა: "ზოი" ("ცხოვრება") და "სოტირი" ("მაცხოვარი").

1977 წლის ახალი წესდებით ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო სრული დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან და გარანტიები, რომ არ ჩაერევა შინაეკლესიურ საქმეებში.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი მონასტრები:

მეტეორას სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის სავანეები: დიდი მეტეორა, წმინდა ვარლაამი, წმინდა სამება, წმინდა სტეფანე, რუსანა, წმინდა ნიკოლოზი.

ათენის პეტრაკის მამათა მონასტერი, რომელიც დაარსებულია 1673 წელს. აქ მოღვაწეობს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდი.

ათენის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი, დაარსებულია 1578 წელს.

ატიკის პარაკლიტას მამათა მონასტერი.

ლუტრას პატაპიის დედათა მონასტერი.

სალონიკის წმინდა თეოდორას მამათა მონასტერი, დაარსებულია IX ს-ში.

ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი, დაარსებულია 1957 წელს.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1