მოგონებები
მოგონებები
რომ იცოდე, რამდენი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ პატრიარქი კი არ მსახურობდა მასთან, არამედ ის მსახურობდა პატრიარქთან
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მამა გიორგი
(დასასრული)

მარიამმა იესოს ლოცვა მამა იოაკიმესა და მამა გიორგისგან ისწავლა. როცა ვკითხე, გულში ლოცვა თავისთავად თუ მოქმედებს-მეთქი, მიპასუხა, - როცა ლოცვა თავისთავად აღესრულება, მაშინ ვეღარ ვიძინებ და მთელი ღამე თვალგახელილი ვწევარო. როგორც უკვე ვთქვი, მას ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭეში უყვარდა ძილი, ქვეშ დახეულ საბანს დაიფენდა, რომელსაც საყარაულოს კუთხეში ინახავდა. ღამით ხშირად წამოდგებოდა, ტაძრის კარების თავზე დაკიდებული წმინდა გიორგის ხატის წინ ლოცულობდა. წმინდა გიორგის გარდა მისთვის სხვა ცხოვრება არ არსებობდა, მთელი სამყარო ილორის ტაძარში იყო მოქცეული. საკმაოდ ხმამაღალი ლაპარაკი იცოდა. შორიდან გეგონებოდა, ჩხუბობსო, მაგრამ ამ მოუხეშაობაში სითბო და ერთგულება იმალებოდა, რომელსაც გრძნობდნენ ეკლესიის მსახურნი და ილორელები.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მარიამის სახელით მონაზვნად აღიკვეცა (წმინდა მარიამ მაგდალინელის პატივსაცემად). ერთი რამ მაწუხებს: ის აჩიგვარის სასაფლაოზეა დაკრძალული და არა ილორში, სადაც მისი გული დარჩა. მაგრამ იმედი მაქვს, იმ ცხოვრებაში თავისი სულიერი მამების, არქიმანდრიტ იოაკიმესა და სქემმონაზონ გაბრიელის გვერდით იქნება.

ერთხელ მესიზმრა: უზარმაზარ ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება. დგანან ღვთისმსახურები, მათ შორისაა არქიმანდრიტი იოაკიმე (შენგელაია). უეცრად ხალხს გამოეყო მარიამი, მამა იოაკიმესთან მიირბინა და ფეხებში ჩაუვარდა. მან მხიარულად გაუღიმა, მერე წამოაყენა.

იქნებ, ეს სიზმარი იმას ნიშნავს, რომ მარიამი წმინდა დიდმოწამე გიორგისა და მისი სულიერი მამების ლოცვით ზეციურ ეკლესიაშია?

ამ უბრალო გოგონას ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარდა. ერთხელ ვკითხე: - სამსახურში წასვლა-მოსვლისას ტყის გავლა გიხდება. ნუთუ არ გეშინია, ავაზაკებს რომ გადაეყარო-მეთქი? მიპასუხა: - თუ გადავეყრები, კიდევაც გამიხარდება, თითქოს ღვიძლი ძმა მენახოს. გულშიც არ გავივლებ, რომ მან შეიძლება მომკლასო. არ ვიცი, ბოროტების ამგვარი დაუნახაობა იყო მისი საფარველი თუ წმინდა გიორგი უხილავად იცავდა...

ერთხელ რამდენიმე მომლოცველი წმინდა პანტელეიმონის ძველი ტაძრის მოსანახულებლად წავედით დრანდის რაიონში. ბერი გიორგიც გვახლდა. მარიამიც წამოვიდა. ერთ პატარა სოფელში შევედით - ვინმესთვის გზა რომ გვეკითხა. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო! ბოლოს ერთი სახლიდან ხმა მოგვესმა. მარიამმა ღობესთან მიირბინა და მასპინძელს დაუძახა. ეზოდან ყეფით გამოვარდა უზარმაზარი ნაგაზი. მარიამი მშვიდად გაემართა გაავებული ძაღლისკენ, ხელი გაუწოდა, თითქოს მოფერება უნდაო. მოხდა გაუგონარი რამ, რაც მე სასწაულად მომეჩვენა. გახარებულმა ძაღლმა მის წინ ხტუნვა, კუდის ქიცინი და ლაქუცი დაიწყო. მარიამი თავზე ხელს უსვამდა. თითქოს ცხადად ვხედავდი იმას, რაც მამებთან წამიკითხავს: ღირსი მამები, გულის განწმენდით, ხელმწიფებას იღებდნენ გარეულ ცხოველებზე.

ხშირად მაგონდება ილორის ტაძარი - სახლი წმინდა გიორგისა, თავისი სასწაულმოქმედი ხატებით, გალავანშემორტყმული ეკლესიის ეზო. ეს მონასტერი მაგონებს მღელვარე ზღვაში მოქცეულ კუნძულს, რომლის ნაპირსაც ეხეთქება დროის ზვირთცემა. თითქოს ცხადად ვხედავ მარიამს, რომელიც ლოცვაში გარინდული გაუნძრევლად დგას მამა იოაკიმეს საფლავთან და უნებურად მახსენდება მისი მფარველი ანგელოზი, უფლის საფლავის წინაშე მდგარი მარიამ მაგდალინელი.

მგზავრობისას ჩანაჭდევები
* პატრიარქმა დავითმა (დევდარიანი), მღვდელმთავრად ხელდასხმის წინ მონაზვნად რომ აღიკვეცა, თქვა, - ამიერიდან ჩემი სახლის ზღურბლს აღარასოდეს გადავაბიჯებო. სიტყვა შეინახა. ყოფილ მეუღლესაც არ დამშვიდობებია. ნათესავებისთვის უთქვამს, - მიცვალებულისთვის ვილოცებ და საკმარისიაო. ასე იცავდა ის თავის მონაზვნობას.

* კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მესაკნე, დეკანოზი პ. დაქვრივდა, მეორედ დაქორწინდა. პატრიარქმა მას ღვთისმსახურება აუკრძალა. დაყენებული მღვდლის მეგობარმა, დეკანოზმა მელქისედეკ ხელიძემ პატრიარქთან მისი შუამდგომლობა სცადა, პ.-ს ამართლებდა - ბავშვებს აღზრდა სჭირდებათო. პატრიარქმა უპასუხა: - "თუ ამას დავუშვებ, მაშინ ღვთისმსახურების ნება უნდა მივცე ყველა სხვა მეორედ დაქორწინებულს. ამით კი მღვდლებს მეორედ დაქორწინების ნებას დავრთავ. ნუთუ ვერ მონახა ნათესავი ანდა ვინმე მოხუცი დედაკაცი, ბავშვებს რომ მიუხედავდა?" "მართალი ბრძანდებით, უწმინდესო, მაგრამ ცოდვილნი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს და შევიწყალოთ, ვიდრე მართალნი", - მიუგო ხელიძემ, რაზეც პატრიარქმა ბრძანა: - თუ ცოდვილნი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, როგორც შენ ამბობ, მაშინ ის მესამედაც დაქორწინდეს და მაშინ შევუნდობო. დეკანოზი გაჩუმდა და განეშორა პატრიარქს.
* დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეზე ამბობდა: "ის ჩემი მამა და ბელადია. გამიგონია, ბულგარეთის პატრიარქ სტეფანეს 1948 წელს კრებაზე უთქვამს მისთვის: - ჯერ არს, თქვენ პატრიარქთა პატრიარქი დაგიძახონო.

მამა მელქისედეკი ჰყვებოდა, რომ პატრიარქი კალისტრატე ძალზე თავმდაბალი იყო, არასოდეს იღებდა საჩუქრებს ქვეშევრდომთაგან. პირიქით, ბევრს ეხმარებოდა, ამიტომაც შინაგანი დამოუკიდებლობა და თავისუფლება შეინარჩუნა ეპისკოპოსებთან და მღვდლებთან ურთიერთობისას.

იგი ამბობდა: "ხშირად მინახავს, პატრიარქი როგორ ახურდავებდა ფულს მესანთლესთან ტაძრის წინ მდგარ გლახაკთათვის დასარიგებლად, შემდეგ კი თითოეულს საკუთარი ხელით აძლევდა მოწყალებას, ზოგიერთს თავზეც კი ეამბორებოდა".

* ჰყვებოდა სიონის ტაძრის უფროსი მგალობელი: "ერთხელ ტაძრის კართან ვიდექი. პატრიარქმა გლახაკად ჩამთვალა და მანეთი მომცა. ამ მანეთს ახლაც ვინახავ, როგორც პატრიარქის კურთხევას. მძიმე დროის მიუხედავად, უფულოდ არასოდეს დავრჩენილვარ. თვითონაც არ ვიცი, ფული საიდან მომდიოდა. მე ამას პატრიარქის კურთხევას მივაწერ.

* კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემს (სიდამონიძე) ყვავილები უყვარდა. როცა დააპატიმრეს, ჩხრეკისას, ფულის ძებნაში, მისი ყვავილების ქოთნებიც დაამსხვრიეს. რა თქმა უნდა, ვერაფერი იპოვეს. პატრიარქს უთქვამს: "მე და ყვავილებს ერთნაირი ბედი გვქონია, მათაც ამსხვრევდნენ და ფეხით თელავდნენ, მეც ციხეში მივყავარო".

* პატრიარქი ეფრემი როცა ციხეში მიუყვანიათ, ნარებზე ყველა ადგილი დაკავებული ყოფილა და ამიტომ იატაკზე დაწოლილა. ამის შემხედვარე მაჰმადიან თათარს მისთვის ადგილი დაუთმია ნარზე. პატრიარქს (მაშინ ჯერ კიდევ ეპისკოპოსს) მისთვის უთქვამს, - აქ ორივე მოვთავსდებითო, მაგრამ თათარს უუარია: - მე არ ვარ ღირსი, ღვთის კაცის გვერდით ვიწვეო.

* პატრიარქის რეზიდენციის სიახლოვეს ხეს ჭრიდნენ. პატრიარქი გამოვიდა და მათ ურჩია, ხე ისე როგორ მოეჭრათ, რომ დაცემისას არაფერი დაეზიანებინა. "უწმინდესო, საიდან იცით ჩვენი საქმე?" - ჰკითხეს მუშებმა. "ექვსი წელი ხეებს ვხერხავდი (გადასახლებისას - კ.კ.) და როგორ არ მეცოდინება?" - უპასუხია პატრიარქს.

* ერთხელ პატრიარქ ეფრემს უნახავს, რომ რეზიდენციის წინ ეზო დასაგველი იყო. აუღია ცოცხი და მოსუფთავება დაუწყია. მოურბენია დამნაშავე მონაზონს და ცოცხის გამორთმევა უცდია, მაგრამ პატრიარქს არ მიუცია. აქვითინებული მონაზონი მის წინ მუხლებზე დამხობილა. პატრიარქს მაშინ კი მიუცია ცოცხი.

* პატრიარქ ეფრემს ერთი ტაძრის მრევლი მღვდელზე შესჩიოდა. იგი მივიდა საღამოს მსახურებაზე, დადგა კარებთან, როცა ლოცვა დამთავრდა, ავიდა ამბიონზე და თქვა: "მე მსურს, აბრეშუმის პერანგი მეცვას, მაგრამ საამისო ფული არა მაქვს და უბრალო ჩითისა მაცვია. თქვენ უცოდველი მღვდელი გინდათ, მე კი ასეთი არ მყავს. თქვენთან ტაძარში გალობენ: "უფალო, შემიწყალენ", - ესეც სრულიად საკმარისია თქვენი ცხონებისთვის", - დაასრულა და ტაძრიდან გამოვიდა.

* ერთხელ, ერთი მღვდელმონაზვნის ქადაგების მოსმენის მერე, პატრიარქმა მას მიმართა: - დაწყობილად ქადაგებ, მაგრამ შენს ადგილზე ამდენს არ ვილაპარაკებდი მღვდელმთავრის წინაშეო. ასევე უთხრა ერთ მღვდელმონაზონს, - გამოცდილი იღუმენიას ნათქვამ რამდენიმე სიტყვას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე შენს ქადაგებასო.

* არქიმანდრიტი პართენი (აფციაური) ჰყვებოდა: "ყრმა ვიყავი, როცა დედამ (დედინაცვალმა) შიომღვიმის მონასტერში მიმიყვანა. აქ სამორჩილო საქმედ ძროხების მწყემსვა დამავალეს. როცა ხმამაღლა ვლოცულობდი, ძროხები შორს არ მიდიოდნენ, ჩემს შორიახლოს ძოვდნენ, თითქოს ლოცვას უსმენენო.

20-იან წლებში შიომღვიმის სავანის წინამძღვრად ახალგაზრდა მღვდელმონაზონი, საქართველოს მომავალი პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე) დანიშნეს. ერთხელ მკითხა: "იცი, რას ნიშნავს მონასტრის დაკეტვა და გაღება?" ვუპასუხე, ამ საქმეს უკვე რამდენიმე წელია ვასრულებ-მეთქი. მან კი მითხრა, - როცა დასაძინებლად დაწვები, გონებაში ფსალმუნის რომელიმე მუხლი იგალობე და გალობაში ჩაიძინე. ამით ეშმაკისგან დაკეტავ გულის კარებს. დილით, გაღვიძებისთანავე უპირველესად იესოს ლოცვა წართქვი, შემდეგ ზეპირად ფსალმუნიდან რომელიმე მუხლი იგალობე - ამით შენი დღის დასაწყისს ღმერთს მიუძღვნი. მისი სახელის ხსენებით დაიწყე დღე - გახსენი მონასტრის კარებიო. ეს სიტყვა იღუმენის კურთხევად მივიღე და როგორც არ უნდა ვყოფილიყავი დაღლილი, ძილის წინ ფსალმუნს ვკითხულობდი. მერე კი წაკითხულიდან ერთ-ერთ მუხლს ვიმეორებდი და ძილიც მეკიდებოდა. ვგრძნობდი, რომ ძილშიც ვლოცულობდი.

* პატრიარქ ეფრემთან საუბრისას ერთმა მღვდელმონაზონმა აღიარა, რომ ხორციელი ვნებები ტანჯავდა. პატრიარქმა მოუსმინა და ოდნავ გაუღიმა: - რას ვიზამთ, მღვდელმონაზვნის რომანტიკული განწყობილებააო. მეორე დღეს, სიონის ტაძარში მსახურების წინ, ეს მღვდელმონაზონი მივიდა, მუხლი მოიდრიკა და კურთხევა ითხოვა. უცბად პატრიარქმა უთხრა: - რაო, ძმაკაცივით ხელსაც ხომ არ ჩამომართმევ? ბარემ "მაკურთხე" კი არა, პირდაპირ "გამარჯვება" მითხარიო. მონაზონი სახტად დარჩა, პატრიარქმა კი განაგრძო: - რამდენიმე წლის მანძილზე ვერაფერი ისწავლე. დიდი ცოდვა ჩაიდინა, ვინც შენ ხელი დაგასხა, მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ ამ შეცდომას. ახლა კი წადი აქედანო. უკურთხებელი მღვდელმონაზონი აცრემლებული გადგა განზე.

გავიდა რამდენიმე დღე. მღვდელმონაზონი ისევ შეხვდა პატრიარქს. მან ის სიონის ტაძრის ეზოში დაინახა და არ იცოდა, რა ექნა, სად დამალულიყო. პატრიარქმა თითით მიიხმო და უთხრა: "აბა, შვილო, როგორ ცხოვრობ? შენ, ვგონებ, ჩემთან რაღაცაზე ჩიოდი". "ცუდი ფიქრები განმეშორნენ, ახლა მათთვის სადღა მცალიაო", - თქვა ბერმა. "ასე განაგრძე, - უთხრა პატრიარქმა და დაუმატა, - ერთი დიაკვანი მყავდა, რომელიც ამბობდა ხოლმე: "დღეს პატრიარქი ჩემთან მსახურობსო". რომ იცოდე, რამდენი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ პატრიარქი კი არ მსახურობდა მასთან, არამედ ის მსახურობდა პატრიარქთან". მღვდელმონაზონი მიხვდა, რომ მისი განსაცდელის მიზეზი სიამაყე იყო და გახარებული წავიდა.

* ერთი მღვდელმონაზონი ცდუნდა და დაქორწინდა. პატრიარქმა ეფრემმა ეს ამბავი შეიტყო და წერილი მისწერა: "თუ შეინანებ და დაბრუნდები, შენს ცოდვას ღვთის წინაშე მე ავიღებ, თითქოს მე ჩამედინოს და არა შენ". ვინც იცოდა, რაოდენ მკაცრი იყო პატრიარქი ეფრემი, გაოცებულნი დარჩნენ, მაგრამ პატრიარქმა მათ უთხრა: - მე კაცის დასჯა შემიძლია, როცა ის ფეხზე დგას, მაგრამ თუ დაეცა, ვეცდები, წამოვაყენოო.

* როცა ლენინგრადში პატრიარქი ეფრემი ლიტურგიას აღასრულებდა, დიდი შესვლისას ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ასე მოიხსენია პატრიარქი: "ყოველთა ქართველთა და სომეხთა პატრიარქი". უწმინდესი მიუბრუნდა ეპისკოპოსს და ჩუმად უთხრა: "შენ თვითონვე ხარ ერეტიკოსი". და მსახურება გააგრძელა.
ბეჭდვა
1კ1