მოხარული ვარ, რომ ტანჯვის ფიალა გაცილებით უფრო ძნელი შემხვდა, ვიდრე ჩემს შვილებს...
მოხარული ვარ, რომ ტანჯვის ფიალა გაცილებით უფრო ძნელი შემხვდა, ვიდრე ჩემს შვილებს...
საუკუნეების მანძილზე ღირს მამებს სამონაზვნო ცხოვრებით ტოლს არ უდებდნენ ქართველი დედები. მათი უმრავლესობის სახელი მხოლოდ ღმერთმა იცის, მათ შორის კი, ვისზეც მცირედი ცნობები მაინც შემოგვრჩა, ერთ-ერთია სქემიღუმენია თამარ მარჯანიშვილი. 23 ივნისი მისი გარდაცვალების დღეა - დღე, როცა იგი უფლის წინაშე წარდგა.

"შეგნება იმისა, რომ გყავს მოსიყვარულე, ახლობელი ადამიანები, გიმსუბუქებს მძიმე ჯვარს", - უთქვამს ერთხელ დედა თამარს. ჩვენც გავიხსენოთ მისი ღირსეული ცხოვრება, გავიხსენოთ, რომ გვყავს მოსიყვარულე დედა, მეოხი ღვთის წინაშე და ამით შევიმსუბუქოთ ჩვენი ცხოვრების მძიმე ჯვარი.

იმერელ აზნაურს, მაღალი რანგის სამხედრო ინჟინერს ალექსანდრე მარჯანიშვილს, ყვარელში, მეგობრებთან სტუმრობისას, გაუცნია თავადის ასული ელისაბედ ჭავჭავაძე (ეს ის ლიზაა, ილია ჭავჭავაძემ ყმაწვილკაცობისას ცნობილი ლექსი "გახსოვს, ტურფავ" რომ უძღვნა). ქალ-ვაჟი მალე დაქორწინებულა, 1869 წელს კი შესძენიათ ქალიშვილი, რომლისთვისაც თამარი დაურქმევიათ. სამი წლის შემდეგ მათ ვაჟი, კონსტანტინე შეეძინათ, მოგვიანებით კი - ზედიზედ ორი ასული.

ალექსანდრეს სამსახური აიძულებდა, ცოლ-შვილისგან მოშორებით ეცხოვრა.

ჯერ - მშობლების, მერე კი ქმრის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ ოჯახის ტვირთი მთლიანად ელისაბედს დააწვა მხრებზე. საბედნიეროდ, ხელმოკლეობას არ უჩიოდნენ და ქალი ყველაფერს აკეთებდა, რათა ბავშვებს ობლობა არ ეგრძნოთ. რუსეთიდან და საზღვარგარეთიდან საუკეთესო აღმზრდელებიც კი მოიწვია. თამარს მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, კოტე თეატრმა გაიტაცა, სულ პატარებს კი გუვერნანტები დაუქირავეს.

თამარი მოსკოვის კონსერვატორიაში აპირებდა სწავლას, მაგრამ მერე გადაიფიქრა და პეტერბურგის უმაღლეს კურსებზე შესვლა გადაწყვიტა, სადაც უმაღლეს, საიმპერატორო წრის მანდილოსნებს შორის ტრიალებდა.

პეტერბურგშივე შეიტყო თამარმა დედის გარდაცვალება და დაუყოვნებლივ ყვარელს მიაშურა. იმხანად ოცი წლისაც არ იყო, მაგრამ ძმის დაჟინებულ სურვილს დაჰყვა და მარჯანიშვილთა მამულის მმართველობა ითავა.

ცუდი დრო იდგა: რევოლუციური იდეებით მოხიბლული, აბუნტებული გლეხები, პაპამისის ყოფილი ყმები, თამარს აშკარად მტრობდნენ; ხან ჩრდილო კავკასიიდან შემოიჭრებოდნენ მთიელთა რაზმები და გლეხებს აწიოკებდნენ. თამარი გლეხების დაცვას ცდილობდა, მაგრამ ტერორი უკვე მთელ იმპერიაში მძვინვარებდა, მას ვეღარაფერი შეაჩერებდა...

დედის გარდაცვალების მომდევნო ზაფხულს თამარი სიღნაღში დეიდას სტუმრობდა. მაშინ მოუნახულებია ახლობლებთან ერთად ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. იმ დროს თურმე საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობდა. თამარი ბოლომდე დასწრებია წირვას. მონასტრის გარემოს, ლოცვას, მყუდროებას ისე მოუხიბლავს, მონაზვნად აღკვეცა გადაუწყვეტია.

როცა ეს ახლობლებს ამცნო, მათ სიცილად არ ეყოთ ქალიშვილის ნათქვამი, მაგრამ განზრახვა ვერ შეაცვლევინეს. თბილისშიც კი ჩამოიყვანეს, იქნებ მონასტერში წასვლა გადავაფიქრებინოთო, და გასართობად ათას ადგილას დაჰყავდათ. "მახსოვს, - ჰყვებოდა დედა თამარი, - ვიჯექი თეატრში და სკვნილზე ვლოცულობდი ხოლმეო". თამარი დარწმუნდა, რომ ნათესავებს მისი მონაზვნობა არ სურდათ, ერთ ღამეს შინიდან გაიპარა და ბოდბეს მიაშურა.

მონასტრის იღუმენიამ იუბენალიამ დაიყოლია თამარის ახლობლები და მათაც ქალიშვილს მონაზვნობის ნება დართეს. ცოტა ხანში თამარი აღკვეცეს კიდევაც და სახელად იუბენალია უწოდეს (შემდგომში, როდესაც დიდი სქემა შეიმოსა, მას ძველი სახელი - თამარი დაუბრუნეს). თვითმხილველნი ჰყვებოდნენ, რომ მონაზვნად აღკვეცისას თამარს თავს თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა.

1902 წელს იღუმენია იუბენალია მოსკოვში გადაიყვანეს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად, ბოდბეში კი მის ადგილას იუბენალია-უმცროსი განაწესეს. ის რამდენიმე წელიწადს მართავდა მონასტერს.

დედა თამარი, სადამდეც კი ხელი მიუწვდებოდა, მონასტრიდანაც იფარავდა და იცავდა ყველას. განაწყენებული რევოლუციონერები მუქარის წერილებს უგზავნიდნენ. ერთხელ თბილისში მიმავალს თავსაც კი დაესხნენ. იღბლად, ამ დროს კაზაკთა ჯგუფმა მოუსწრო და თავდამსხმელები გაიქცნენ. მეეტლე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, კაზაკთა მეთაურმა ეტლის იატაკზე მთელი ბღუჯა ტყვია მოაგროვა, დედა იღუმენიას და მის თანმხლებ მონაზვნებს კი ტყვია სამოსზეც არ მიჰკარებოდათ.

აშკარა საფრთხის გამო იღუმენია იუბენალია, მისი სურვილის წინააღმდეგ, სინოდის ბრძანებით მოსკოვში, პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად გადაიყვანეს. ამ საზოგადოების წევრები მოწყალების დებად მუშაობდნენ, დედა იუბენალიას კი განმარტოებით ცხოვრება სურდა. ერთხელ, როცა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა, თითქოს ბრძანება მიიღო მისგან, ეს საოცარი ნიშანი რამდენჯერმე განმეორდა. დედა იუბენალია მიხვდა, რომ ღვთისმშობელს არ სურდა, მას მარტოობაში გაელია ცხოვრება, თუმცა იმასაც შიშობდა, ვაითუ ბოროტის საცთური იყოსო, ამიტომ რჩევისთვის ღირს მამებს ესტუმრა. მათი კურთხევით მალე დაარსდა ახალი მონასტერი - სერაფიმო-ზნამენსკოეს დედათა სავანე, რომელმაც მხოლოდ თორმეტი წელი იარსება და მკაცრი, ასკეტური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს სერაფიმო-ზნამენსკოეს უდაბნოს გვერდით სამხედრო ჰოსპიტალი განთავსდა. ერთ-ერთი პირველი ეშელონი, რომელიც ამ ჰოსპიტალმა მიიღო, გახლდათ ე.წ. მეგრელთა პოლკი. დედა თამარმა ყელაფერი იღონა დასახიჩრებული ქართველი ვაჟკაცების გადასარჩენად, ოპერაციებზე ასისტენტობასაც კი ეწეოდა...

ომს რევოლუცია, დევნა, ტერორი მოჰყვა. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ სერაფიმო-ზნამენსკოეს მონასტერი გააუქმა. დედა თამარსა და მის მორჩილებს რუსეთის პატრიარქის მხარდაჭერით პერხუშკოვოში აგარაკი გამოუყვეს. ამ დროს საქართველოში აჯანყება ჩაიშალა. ქვეყანა სისხლის მდინარეებმა მორწყო. დედა თამარი შორეული პერხუშკოვოდან ცდილობდა თანამემამულეთა დახმარებას. სწორედ ეს გახლდათ მონასტრის დახურვის ერთ-ერთი საბაბი, 1931 წელს კი დედა თამარს საქართველოში საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ გამოსული გლეხების თანაგრძნობა დასდეს ბრალად და დააპატიმრეს. ციხეში ჩასვეს მისი მორჩილებიც. საკანი სავსე იყო ათასი ჯურის პატიმრებით, მაგრამ დედა თამარი საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მას საკანში ფარდით გადატიხრული პატარა კუთხეც კი გამოუყვეს.

დედა თამარი დღისით პატიმრებს ამშვიდებდა და ამხნევებდა, ღამეებს კი ლოცვაში ატარებდა. გამთენიის ხანს თუ მიიძინებდა მცირე ხნით და... მოგუგუნე საკანი თვალის დახამხამებაში ჩუმდებოდა. "დედას სძინავს, დედა ისვენებს", - ჩურჩულებდნენ და ერთმანეთს აჩუმებდნენ.

დედა თამართან ხშირად მიჰქონდათ ამანათი, რომელსაც ის ყველას თანაბრად უნაწილებდა მორჩილის ხელით.

ღირს დედას არამცთუ პატიმრები, ციხის უფროსობაც კი პატივს სცემდა.

დედა თამარს ხუთი წლით ირკუტსკის ოლქში გადასახლება მიუსაჯეს. საოცარი მხნეობით შეხვდა ამ განაჩენს. გამგზავრებამდე საკნის ყველა ბინადარი, მორწმუნე თუ ურწმუნო, ქურდი თუ მეძავი, მიდიოდა მასთან, რათა კურთხევა ეთხოვა და ხელზე მთხვევით გამოთხოვებოდა.

დედა თამარი ირკუტსკიდან ორასი კილომეტრის მოშორებით, ერთ მიყრუებულ ადგილას დაასახლეს.

"მოხარული ვარ, რომ ტანჯვის ფიალა გაცილებით უფრო ძნელი შემხვდა, ვიდრე ჩემს შვილებს... ალბათ, ასეც იყო საჭირო, რომ ცოდვებისგან განსაწმენდად ახლობლებისგან შორს, სულიერ მარტოობაში დამელია სული", - სწერდა სულიერ შვილებს გადასახლებიდან.

მარტოობამ და ნესტიანმა ჰავამ გატეხა დედა თამარის ჯანმრთელობა. მონაზონი ტუბერკულოზით დაავადდა.

კოტე მარჯანიშვილს დის გათავისუფლება უცდია, ამისთვის თურმე საგანგებოდაც კი ინახულა ლუნაჩარსკი და "შესაძლებლობების ფარგლებში" დახმარება სთხოვა. ლუნაჩარსკის ორჯონიკიძის იმედი ჰქონდა, მაგრამ მას კატეგორიული უარი უთქვამს და განუცხადებია: "გადაეცით რეჟისორ მარჯანოვს, რომ ურჩევნია, სრულიად დაივიწყოს, რომ და ჰყავსო". ამის შემდეგ კოტეს საბჭოთა კავშირის ცეკას მდივნისთვის აბელ ენუქიძისთვის მიუმართავს თხოვნით, მაგრამ იმ დროს მასაც თავისი გასაჭირი ჰქონია...

1933 წელი იდგა. კოტე "დონ კარლოსის" პრემიერისთვის ემზადებოდა. წინა დღეებში ლუნაჩარსკის შეხვდა. დიდხანს გაგრძელდა მათი დიალოგი. უკან, სასტუმროსკენ მიმავალი კი მანქანაში გარდაიცვალა. ეს აღდგომის მეორე დღეს მომხდარა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ენუქიძეს ყველაფერი გაუკეთებია დედა თამარის გასათავისუფლებლად.

გადასახლებიდან დაბრუნებულ მონაზონს ნება დართეს, სადგურ პიონერსკაიასთან დაედო ბინა.

თანამედროვეთა გადმოცემით, დედა თამარი საოცრად ტანმორჩილი ყოფილა. ულამაზესი დიდი შავი თვალები ჰქონია, სითბოთი, სიყვარულითა და ყურადღებით სავსე. სიბერის მიუხედავად, სახეზე ჯერ კიდევ შერჩენოდა გასაოცარი სილამაზის კვალი.

ძალიან უყვარდა საქართველო, უსაზღვროდ უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. ყველას დარდისა თუ სიხარულის გამზიარებელი გახლდათ, უნუგეშოდ მისგან არავინ მიდიოდა.

უყვარდა გამასპინძლება, თუ რამ გააჩნდა, ყველაფერს გასცემდა ხოლმე... მისი სენაკი ყოველთვის კრიალებდა.

და კიდევ: კოხტად მორგებული სამონაზვნო სამოსის ქვეშ თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა. შიშველ ფიცარზე ეძინა... ან ეძინა კი?

საოცარი ძალა ჰქონია მის ლოცვას. "ნუ გეშინია, შენთვის ვილოცებ", - ეტყოდა შეჭირვებულს და ისიც სულ მალე გრძნობდა ღირსი დედის ლოცვის მადლს. სენაკთან, წინკარში, კუბო ედგა, რომელიც კიდევ უფრო მისტიკურს ხდიდა ისედაც არაამქვეყნიურ გარემოს.

ერთგული შვილი დედაეკლესიისა ყველანაირი განხეთქილების წინააღმდეგი იყო. იგი კიცხავდა მიტროპოლიტ სერგის ქმედებას და მოუწოდებდა სულიერ შვილებს, ეკლესიას არ ჩამოშორებოდნენ. ასწავლიდა, ნურასოდეს ჩაებმებით საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, რადგან ასეთი კამათი კეთილ ნაყოფს არასოდეს გამოიღებსო.

გადასახლებაში ნატრობდა, ჩვეულებრივ გარემოში აღსრულებულიყო. გარდაცვალების წინ ყველას გამოემშვიდობა, ყველა დალოცა და სთხოვა, ელოცათ მისთვის...

მისი ნაწამები სხეული მოსკოვში, ვედენის მთაზე, წმინდა ალექსი მეჩევის საფლავთან ახლოს დაკრძალეს.

დედა თამარმა თავისი მიწიერი სიცოცხლის დიდი ნაწილი სამშობლოდან შორს გაატარა, მაგრამ გულში მუდამ ჰქონდა ხატი საყვარელი საქართველოსი. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა მისი ცხოვრების კრძალვით მომხსენიებლებს.
ბეჭდვა
1კ1