მოგონებები
მოგონებები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ბერს ბევრი წიგნი არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, ერთნაირი, რადგანაც ესეც მომხვეჭელობაა და ლოცვას ხელს უშლის
მამა გიორგი. რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე მონაზონმა გიორგიმ, თავის მოძღვრის კურთხევით, მთებში კელია აიშენა და იქ მეუდაბნოე ცხოვრება დაიწყო. გააშენა ბაღი, დათესა კარტოფილი, პურისთვის მონასტერში ან მახლობელ სოფელში ჩადიოდა. რევოლუციაც მოხდა, მაგრამ გეგონებოდა, რომ მთელი ეს განსაცდელებით აღსავსე ცხოვრება მისგან განცალკევებით მიედინებოდა. მან დაივიწყა სოფელი და სოფელმაც მიივიწყა იგი.

გავიდა წლები. ერთხელ მთიდან მონასტერში ჩამოსულ ბერს გადამწვარ-დალეწილი კელიები და იავარქმნილი ეკლესია დახვდა. სოფლელებმა უამბეს, - ღამით მონასტერში ბერების დასაპატიმრებლად ვიღაცები მიცვივდნენ. ბერებმა ტყეში დამალვა სცადეს, მაგრამ დაეწივნენ და ამოხოცეს. იღუმენი ნაჯახით აჩეხეს, ორი-სამი კაციღა გადარჩაო.

ამის შემდეგ მამა გიორგი უფრო მეტად დაეყუდა თავის კელიაში. მხოლოდ ხანდახან, ისიც ღამით თუ ჩამოვიდოდა ხოლმე სანოვაგისთვის სოფელში. ზოგჯერ თვითონ სოფლელებს ჩუმად მიჰქონდათ საჭმელი მასთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მდგომარეობა ოდნავ გამოკეთდა, გაიხსნა ეკლესიები, ამოქმედდა ილორის წმინდა გიორგის ტაძარიც. ილორელებმა შეძლეს გადაერჩინათ ვერცხლით მოპერანგებული ჭედური წმინდა გიორგისა და წმინდა მთავარანგელოზთა სასწაულმოქმედი ხატები.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია არქიმანდრიტმა იოაკიმემ (შენგელაია) ააღორძინა. მედავითნე კალისტრატე ფიფია ჰყვებოდა მამა იოაკიმეზე, - ხელთ ყოველთვის ლოცვანი ეპყრა და ყოველ თავისუფალ დროს კელიის წინ, ეზოში იქნებოდა თუ ეკლესიაში, კითხულობდაო.

არქიმანდრიტი იოაკიმე მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა: ილორის ეკლესიის მრევლის წევრმა სიკვდილის წინ წმინდა ზიარების მიღება ითხოვა. მის ნათესავებს მამა იოაკიმე ავადმყოფი დახვდათ - ფილტვების ანთება ჰქონდა, მეორე მღვდელი შინ არ დახვდათ. მამა იოაკიმემ - მოვალე ვარო და სარეცლიდან წამოდგა. ყური არ დაუგდო ახლობელთა თხოვნას - სიკვდილი კი არ უცდის კაცს, არამედ კაცი ელის სიკვდილს, და თუ ავადმყოფი აღსარება-ზიარების გარეშე მოკვდება, მაშინ მისი სისხლი ჩემზე იქნებაო და გზას გაუდგა. კოკისპირულ წვიმებს მდინარე აედიდებინა და ხიდიც წაეღო. არქიმანდრიტმა ფონი მოძებნა და გაყინულ წყალში შევიდა. ერთიანად გალუმპული მიუყვებოდა გზას. ავადმყოფის ზიარების შემდეგ დაბრუნდა ილორის ტაძარში, სანაწილე წმინდა ტრაპეზზე დადო, ჩაწვა ლოგინში და აღარც წამომდგარა. აღასრულა მცნება ღმრთისა: "უფროის ამისა სიყვარული არავის აქუს, რათა სული თვისი დადვას მეგობართათვის" (იოანე 15,13).

მამა გიორგიმ ილორის ტაძარში დაიწყო სიარული, მაგრამ რადგან მოხუცებულს სიარული უჭირდა, არქიმანდრიტმა ტაძრის სიახლოვეს ცხოვრება შესთავაზა. ეკლესიას უამრავი მომლოცველი სტუმრობდა მთელი დასავლეთი საქართველოდან და მამა გიორგისაც მრავალწლიანი მყუდრო ცხოვრების მერე უჭირდა ხალხმრავლობისა და ხმაურის დათმენა. მაშინ ერთმა ქვრივმა დედაკაცმა, ოპიამ, რომელიც ეკლესიის ახლოს ცხოვრობდა, თავის სახლში ერთი ოთახი გამოუყო.

მას განსაკუთრებით იესოს ლოცვა უყვარდა. იფიქრებდი, ამ ლოცვით ცხოვრობს და სუნთქავსო. როგორც ყველა მომუშაკეს იესოს ლოცვისა, მასაც განმარტოება უყვარდა. თავისი კელიაც კი ფარდით გაყო. ასე რომ, თებაიდელი მონაზვნების დარად, ორი კელია გამოუვიდა - გარეგანი და სიღრმისეული (შიგნითა). შეეძლო, საათობით მჯდარიყო ნახევრადჩაბნელებული სენაკის კუთხეში და იესოს ლოცვა ემეორებინა. მაგრამ ცდილობდა, თავისი ასკეტიზმი ხალხისთვის დაეფარა. ყველასთან თავაზიანი იყო, არ გაურბოდა მასთან შეხვედრის მსურველებს, არ აწყვეტინებდა სიტყვას, შეეძლო, ტაქტიანად, მოკლედ ეპასუხა, ისე, რომ, კაცი არ გაენაწყენებინა და ბოლოს, როგორც ახლობლებს, ისე ემშვიდობებოდა. მამა გიორგის მაგალითზე შევნიშნე, რომ როცა ბერი იესოს ლოცვას გულიდან აღავლენს, ეს თითქოს გადაეცემა გარშემომყოფთ, მრავლისმეტყველების სურვილს უკარგავს და რომ ნამდვილი დელიკატურობა სიყვარულზე დამყარებული ზნეობრივი კეთილშობილებაა, მას ვერ შეცვლის ვერანაირი დასწავლილი ეტიკეტი.

მამა გიორგი მიჰყვებოდა წმინდა მამათა სწავლებებს და იესოს ლოცვას, სუნთქვასთან შეაერთებდა, მაგრამ ბევრი მონაზვნისგან განსხვავებით, იესოს ლოცვას ოთხ თანაბარ ნაწილად ყოფდა. "უფალო იესო ქრისტე" - წარმოთქვამდა ჩასუნთქვისას, "ძეო ღვთისაო" - იტყოდა ამოსუნთქვისას, "შემიწყალე" - იტყოდა და კვლავ ჩაისუნთქავდა, "მე ცოდვილის" - თქმისას ამოისუნთქავდა. ამბობდა, ასე უფრო მეადვილება იესოს ლოცვის წარმოთქმაო.

ბერი უპოვარებით გამოირჩეოდა. გაუკვირდა, როცა ჩემს კელიაში ორი სახარება ნახა და მითხრა: "თუ შენ ორი სამოსი გაქვს, მაშინ ერთი უქონელს მიეცი, საჭმელი თუ გაქვს, მშიერს გაუნაწილე, მით უმეტეს წიგნი უნდა გააჩუქო, რომელზეც ადამიანთა სულის ცხონებაა დამოკიდებული". ამბობდა, ბერს ბევრი წიგნი არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, ერთნაირი, რადგანაც ესეც მომხვეჭელობაა და ლოცვას ხელს უშლის. თვითონ ბერს მხოლოდ სახარება, ფსალმუნნი და ლოცვანი ჰქონდა. ხშირად იმეორებდა, - სამყაროს მთელი ფილოსოფია იესოს ლოცვაში ძევსო. გვაოცებდა მისი სიმკაცრე მარხვის დაჭერისას. წმინდა დიდმარხვის განმავლობაში, შაბათ-კვირის გარდა, დღეში მხოლოდ ორ კარტოფილს იღებდა და პურს არც კი ეხებოდა. ალბათ მარხვის ასეთ შენახვას უდაბნოში მიეჩვია, სადაც უმეტესად თავის ბოსტანში მოწეული კარტოფილით იკვებებოდა. ხანდახან მამა ამბროსისთან (გვაზავა) ერთად საეკლესიო ღვთისმსახურებისას ძველ ქართულ სამონასტრო საგალობლებს გალობდა. ასეთი წამღერება მე მეტად არსად მომისმენია.

მამა იოაკიმეს გარდაცვალების შემდეგ მამა გიორგი თავის მოძღვრად სენაკელ არქიმანდრიტ მამა კონსტანიტნეს (ქვარაია) თვლიდა, რომელთანაც აღსარების სათქმელად დადიოდა. ერთხელ მამა გიორგი სენაკიდან უჩვეულოდ გახარებული დაბრუნდა. ერთიანად ბრწყინავდა ჩუმი და ღრმა სიხარულით - სქემა შევიმოსე გაბრიელის სახელითო და მთხოვა, კვეთისას ამ ახალი სახელით მომეხსენებინა. თვითონ მას სქემმონაზვნის სამოსი არასოდეს შეუმოსავს, ყველასთან ფარავდა სქემოსნობას. როცა ჩემთან კურთხევისთვის მოდიოდა, ხშირად მე თვითონ ვეამბორებოდი ხოლმე მის მარჯვენას. მისი მიმჭკნარი ბერული თითები ჩემში რაღაც განსაკუთრებული სიწმინდის შეგრძნებას ბადებდა და მეჩვენებოდა, თითქოს წმინდანის უხრწნელ ხელს ვემთხვეოდი.

მამა გიორგიმ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. თითქმის გარდაცვალებამდე შეინარჩუნა საკვირველი სიმსუბუქე მოძრაობისას, ალბათ უფრო განუწყვეტელი მარხვის წყალობით. არასოდეს აჩქარდებოდა, ძალზე უბრალო და უშუალო გახლდათ, თუმცა ხასიათით მთლად ბავშვს არ ჰგავდა. პირიქით, მასში ჭვრეტდი წლებით და სულიერი გამოცდილებით განბრძნობილ მამას, რომელიც თავის თუ სხვათა მიწიერ ცხოვრებას უკვე სხვა სამყაროდან უცქეროდა ნათელი და მშვიდი მზერით. მე ის არასოდეს მინახავს გაბრაზებული, რაიმეზე უკმაყოფილო, შფოთიანი. ცა რომ ჩამოქცეულიყო, "დიდება ღმერთს ყველაფრისთვისო", - მხოლოდ ამას იტყოდა.

ილორიდან წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მამრეს მუხის ხის ნაწილით დამლოცა. იმ წუთს მომეჩვენა, თითქოს ჩემს წინ მამამთავარი აბრაამი იდგა, რომელმაც მამრეს მუხასთან წმინდა სამება ისტუმრა...

მამა გიორგი ილორის ტაძრის შესასვლელის ახლოს, ეზოში დაკრძალეს.

უკანასკნელად ილორში ყოფნისას მისი საფლავიც მოვინახულე. სამარეზე იდო ძვირფასი შავი მარმარილოს ფილა, რომელზეც საბერო სამოსით შემოსილი მამა გიორგის გრაფიკული პორტრეტი გამოესახათ. მამა გიორგი მხოლოდ ერთხელ მესიზმრა, სხვა, უცნობ მონაზვნებთან ერთად. ისე, როგორც ლიტანიობისას, ტაძარს გარს უვლიდნენ.

აქვე მინდა მოვიხსენიო კიდევ ერთი ადამიანი - უბრალო რუსი გოგონა მარიამ დობრინინა, რომელიც თავგანწირვით ემსახურებოდა მამა იოაკიმეს, მერე კი მისი კურთხევით მამა გიორგის, სქემმონაზვნობაში - გაბრიელს. ეს იმ მცირერიცხოვან დედაკაცთაგანი იყო, რომელთაც ილორის მკვიდრთა განსაკუთრებული პატივისცემა მოიპოვეს. თავიდან ის აჩიგვარას რაიონის ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, შემდეგ ფურნეში - დამლაგებლად. მათი ოჯახი ლიპეცკიდან საქართველოში ჯერ კიდევ სამამულო ომის დაწყებამდე გადმოვიდა საცხოვრებლად. მარიამის დედა მორწმუნე ქალი იყო, მშვიდი და მდაბალი, მან ბარბარეს სახელით სქემა შეიმოსა და ისე გარდაიცვალა. მამამისი კი, პირიქით, მოძრავი და ჯიუტი კაცი იყო. მარიამის მონათხრობით, იგი 30-იან წლებში თავის სახლში მღვდლებსაც კი მალავდა, მერე კი მოულოდნელად ღვთის გმობა დაიწყო. როცა ილორის ეკლესია გაიხსნა, მარიამს ერთმა მეგობარმა შესთავაზა ეკლესიაში წასვლა. სიხარულით დათანხმდა. მას კერვა ემარჯვებოდა. მამა იოაკიმემ მას ანალოგიების გადასაფარებლების შეკერვა, ძველი შესამოსლების დაკემსვა და სხვა უბრალო საქმეებიც დაავალა.

ამ გოგონას თვით წმინდა გიორგიმ მოუხმო თავის ტაძარში. მალე უკვე ერთ დღესაც ვეღარ ძლებდა ტაძრის გარეშე და პლანტაციებში მუშაობის მერე ეკლესიაში ფეხით მიდიოდა. ზამთარში საყარაულოში ეძინა, ზაფხულში კი პირდაპირ კარიბჭეში. ის მშობლებს მკაცრად აღეზარდათ, მაგრამ თანამედროვე, მისი ასაკის ქალებივით იცვამდა, როცა ტაძარში მიდიოდა, საუკეთესო კაბას ირჩევდა. ერთხელ არქიმანდრიტმა იოაკიმემ ჰკითხა: "მარიამ, რად გინდა აბრეშუმის კაბა?" შინ დაბრუნებულმა მარიამმა აბრეშუმის კაბა მეგობარს აჩუქა. საბოლოოდ კი მას ერთი უბრალო სამოსი შემორჩა, რომელსაც სალოსივით ზამთარ-ზაფხულ ატარებდა. ხელფასს მთლიანად ეკლესიასა და გლახაკებს აძლევდა.

მამა იოაკიმეს გარდაცვალების შემდეგ მარიამი ყოველდღე ლოცულობდა მის საფლავთან. შემდეგ კი მამა გიორგისთან, ვიდრე მის გარდაცვალებამდე, ყოველდღიურად მიჰქონდა პური, რომელსაც ფურნეში აძლევდნენ. ეს რამდენიმე ცალი პური ჰყოფნიდა მთელ იმ ოჯახს, სადაც მამა გიორგი ცხოვრობდა.

მარიამი ღვიძლ მამასავით უვლიდა მამა გიორგის, მოძღვარიც მას ალერსიანად "მარჩენალს" ეძახდა.
ბეჭდვა
1კ1