შევიტყვე, რომ თქვენ ქრისტეს სჯულის უარყოფა გწადიათ
შევიტყვე, რომ თქვენ ქრისტეს სჯულის უარყოფა გწადიათ
"ინგილო" - მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი
ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი დაიბადა ისტორიულ ჰერეთში (საინგილო), სოფელ კაკში, 1840 წელს. ჯანაშვილები უძველესი მკვიდრნი არიან ჰერეთისა. დიმიტრის პაპა, სოლომონი, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სთან დაახლოებული გახლდათ. 1850 წელს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა აქაური ქართველების ცხოვრებაში. ამ მხარეში დაახლოებით 250 წელი იდევნებოდა ქრისტიანობა. ამ წელს კი აქაური ცხრა ქართველი ფეხით ჩამოვიდა თბილისში, წარუდგა მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვს და მოითხოვა საჯარო ნათლობა. ამ ცხრა კაცში იყო დიმიტრის ბიძა გიორგი ჯანაშვილი (მამა ცნობილი ისტორიკოსის, მოსე ჯანაშვილისა). სიონში მათ ნათლობას ესწრებოდნენ მეფისნაცვალი ვორონცოვი, ეგზარქოსი ისიდორე და არისტოკრატიის წარმომადგენლები. ახალმონათლულებმა მეორე წელს თბილისში მოსანათლად ჩამოიყვანეს ბავშვები, მათ შორის 11 წლის დიმიტრი. ნათლობა კვლავ სიონში შესრულდა. ბავშვების ნათლიები გახლდნენ: ეგზარქოსი ისიდორე, მეფისნაცვალი ვორონცოვი მეუღლითურთ და რამდენიმე გენერალი.

ახალმონათლულები სასწავლებლად მიაბარეს დედოფლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში. დიმიტრიმ მალე დაანება თავი სამხედრო სასწავლებელს და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1865 წელს დაამთავრა. ცოლად შეირთო ელენე ბეგიაშვილი. ამავე წელს აკურთხეს მღვდლად და მიავლინეს მისიონერად მშობლიურ კუთხეში, სოფელ ყორაღანში. ამ სოფელში მცხოვრებ ქართველთა ნახევარი მართლმადიდებელი იყო. ამ მძიმე სიტუაციაში მყოფი მოძღვარი მედგრად ქადაგებდა, შეაგონებდა თანამოძმეთ, მამაპაპისეულ რჯულს დაბრუნებოდნენ. ერთხელ თანასოფლელ მუსლიმ ქართველთა შეკრებაზე მისულა და მათთვის მიუმართავს: - შევიტყვე, რომ თქვენ ქრისტეს სჯულის უარყოფა გწადიათ. არა, ძმებო, ამას ნუ ინებებთ. 250 წლის განმავლობაში ჩვენმა მამა-პაპამ ქრისტიანობა უცვლელად დაიცვა ამ მხარეს. ამ ულმობელ დროს ისინი მხნედ იყვნენ და აღიარებდნენ ქრისტიანობას, კისერს არ უდრეკდნენ მტარვალთ. ახლა ჩვენ რა დაგვემართა? რა მოხდა დღეს ისეთი, რომ განგიზრახავთ მამა-პაპათა რჯულის უარყოფა? ასეთი ქცევისთვის ჩვენს წინაპართ რა ვუთხრათ, ნუთუ მათგან უნდა გავაცალკევოთ ჩვენი სამარეები და წითელწვერა მოლას გვერდზე მივუწვეთ?! არა, ძმებო, ნუ ინებებთ ამას!

ამ სოფელში დააარსა სამრევლო სკოლა, სადაც მასწავლებელი თავად იყო. ადგილობრივი მოლების წაქეზებით რჯულშეცვლილმა ქართველებმა რამდენჯერმე სცადეს მისი მოკვლა. 1867 წელს გარდაეცვალა მეუღლე. დარჩა ერთად-ერთი შვილი, მარიამი. 1870 წელს გადაიყვანეს ზაქათალის სასწავლებელში საღმრთო რჯულის მასწავლებლად. 1872 წელს ილია ჭავჭავაძემ და სერგეი მესხმა თბილისში მოიწვიეს სამოღვაწეოდ. მალევე გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა (ქიქოძე) და გერასიმე კალანდარიშვილის თხოვნით, მიდის ქუთაისში, სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად. იქაურმა საზოგადოებამ ის კარგად მიიღო. თავად იგონებს: "ჩემი საქმე აქ ძალიან კარგად მიდის, კვირაში 21 გაკვეთილი მაქვს. ყველას ვიცნობ და მიცნობენ. ყველგან მიღებული ვარ და პატივდებული". 1878 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. და დაამთავრა კიდეც ეს აკადემია ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით. 1882 წლიდან ასწავლის თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართულ ენას. მისი მოღვაწეობა ქართული ენის დევნას დაემთხვა, რის გამოც მალე გაათავისუფლეს. მერე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში საღმრთო რჯულს ასწავლიდა. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით მამა დიმიტრი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. მალე ეგზაქოსმა პავლემ კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაამწესა. მსახურების პარალელურად ასწავლიდა კახის სამრევლო სკოლაში. მამა დიმიტრიმ ხმა აღიმაღლა აქაურ ქართველთა შევიწროების გამო, რისთვისაც ადგილობრივი სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მთავარმმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვთან უჩივლეს. იგი დროებით გაათავისუფლეს კახის წმინდა გიორგის ტაძრიდან. ახალმა ეგზარქოსმა პალადიმ მისიონერად გაამწესა ქალაქ ნუხაში. ამასობაში მთავარმმართებლის კანცელარიამ გაამართლა. მან ნუხაშიც ბევრი კარგი საქმე გააკეთა. სოფელ ვარდიანში ორი ეკლესია იყო: სომხური - ელიშე არაქელად წოდებული და ქართული - წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. სომხებს ამ ტაძრის მითვისება უნდოდათ. ამის გამო მან შეადგინა საჩივარი, დაურთო ისტორიული მიმოხილვა და წარუდგინა მთავარმმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვს გამოსაძიებლად. გამოძიებამ წმინდა ელიას ტაძარი ქართველებს მიაკუთვნა. მამა დიმიტრის უარი უთხრეს ნუხის სკოლებში ქართული ენის სწავლების აღდგენის თაობაზე. 1890 წელს გადაიყვანეს ალიბეგლოს წმინდა ნინოს ტაძარში, თან ამ სოფლის სამრევლო სკოლაში საღმრთო რჯულს ასწავლიდა.

ეროვნული საქმის კეთებისთვის იგი ყოველთვის იდევნებოდა. ალიბეგლოში დაუწვეს სახლი, მოუკლეს მოჯამაგირე. მიუხედავად ამისა, მას არ შუწყვეტია მოღვაწეობა. 1899 წლის თებერვლის #26 "ივერია" დანანებით იუწყებოდა: "ასეთი კაცი დღეს, როდესაც "სამკალ მრავალ არს და მუშაკი ყოვლად არა", გამოჰკლებია ქვეყნიერებას და ყრუ სოფელში "ულმობელ ბედისგან" გატყორცნილა. გარემოებასა ამათ გამო ფუჭად ილევა სიცოცხლე მოღვაწისა და ულმობელ ბედისაგან მრავალგვარად დაჩაგრულ კაცისა. უკეთეს გარემოებაში მას შეეძლო კიდევ მეტი სარგებლობა მოეტანა ეკლესიისა და მამულისათვის".

40 წელი იმოღვაწა სასულიერო ასპარეზზე. 1905 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. განისვენებს კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეზოში.

საინტერესოა მისი შემოქმედება. ჯერ კიდევ სემინარიელმა დაიწყო ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების გამოქვეყნება. პირველად 1865 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაბეჭდა სტატია სათაურით "საჭიროა ამ ჟამად თხზულებანი იწერებოდნენ ქართულს ენაზედ თუ არა?" ამ სტატიით იგი ეხმაურებოდა იმჟამად ქართული ენის სავალალო მდგომარეობას. წერდა წერილებს: საქართველოს ისტორიაზე, ქართული ენის შესახებ, ისტორიული ჰერეთის მცხოვრებთა ყოფა-ცხოვრებაზე. მისი უმთავრესი ნაშრომია "ისტორიული და გეოგრაფიული აღწერა ჰერეთისა". ავტორია აგრეთვე სახელმძღვანელოსი "ძველი აღთქმის საღმრთო ისტორია", "ქართული გრამატიკა". ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძის) ლოცვა-კურთხევით გამოსცა ამბროსი ნეკრესელის ქადაგებები. ავტორია მონოგრაფიისა "შაჰ-აბაზის შემოსევა საქართველოში და საინგილო". მამა დიმიტრი თავის ისტორიულ-პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა "დროების", "ივერიის", "მნათობის", "ცისკრის", "მოგზაურის", "მოამბის", "ნობათის" ფურცლებზე "ინგილოს" ფსევდონიმით.

თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების
III კურსის სტუდენტი
როლანდ სპანდერაშვილი
ბეჭდვა
1კ1