მოგონებები
მოგონებები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ოლღას მონასტერი ცოცხალი მოწმობაა ქართველ და სინელ მონაზონთა სულიერი კავშირისა
გაგრძელება
50-იან წლებში, მღვდელმონაზვნად ხელდასხმის შემდეგ, მღვდლად გამამწესეს ოლღას მონასტერში, რომელიც მაშინ "ოლღას დასახლებად" იწოდებოდა. მონასტერი მცხეთის აღმოსავლეთით, მთის კალთაზე მდებარეობდა. მონასტრისკენ მიმავალი ბილიკი ღრმა ხრამს მისდევდა და ადგილ-ადგილ ისე ვიწროვდებოდა, ორი კაცი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევდა. ზამთრობით, თოვლში, ეს გზა სახიფათო ხდებოდა. ამ დროს სავანე სამყაროს მოწყვეტილ მთის სოფელს ჰგავდა. მონაზვნებს (მათ შორის უმეტესობა მოხუცებული გახლდათ) ამ გზით მიჰქონდათ არა მარტო საკვები, არამედ ნახშირი სენაკების გასათბობად, აჰქონდათ სარემონტოდ აგური და ცემენტი.

XX საუკუნის დასაწყისში მცხეთის გვერდით რკინიგზა გაჰყავდათ თბილისიდან შავი ზღვის სანაპირომდე. სამუშაოებს გამოცდილი ინჟინერი ხელმძღვანელობდა. მთავრობამ ის დააჯილდოვა ტყიანი ნაკვეთით, სადაც მან აგარაკის აშენება გადაწყვიტა. ერთხელ, როცა აქაურობას ათვალიერებდა, ინჟინერმა ხეებით დაბურულ ბექობზე დიდი რკინის ჯვარი დაინახა. ის ადგილი მუშებს გაათხრევინა. აღმოჩნდა მიწაში ჩამარხული მომცრო საყდარი, რომლის გუმბათი ჯვრით გვირგვინდებოდა.

თითქმის უვნებლად შემონახული ტაძრის კარებიც კი ურდულით იყო ჩაკეტილი. ვინ ბინადრობდა აქ, როდის აღსრულდა ტაძარში ბოლო ლიტურგია, რამ დაატოვებინა ხალხს აქაურობა? ყველაფერი საიდუმლოდ დარჩა. ტაძარში აღმოაჩინეს ძველისძველი ღვთისმშობლის მცირე ზომის ხატი - უფლის დედა თავდაუბურავად იყო გამოსახული... ეს ეკლესია საუკუნეთა ქარიშხლებით ჩამარხულ საგუშაგო კოშკს ჰგავდა, ხელახლა რომ უდგებოდა დარაჯად საქართველოს ძველ დედაქალაქს.

მოგვიანებით აღმოაჩინეს მოწმობა იმისა, რომ მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სინელმა მონაზვნებმა ოდესღაც წმინდა ეკატერინეს სახელზე სკიტი დააარსეს. უნდა ითქვას, რომ სინაზე ბევრი ქართველი მონაზონი ცხოვრობდა როგორც იმპერატორ იუსტინიანეს აშენებულ დიდ ლავრაში, ასევე სკიტებსა და მღვიმის კელიებში, რომლებიც იმ ადგილის მახლობლადაა, სადაც უფალმა წმინდა მოსეს ათი მცნების ფილები გადასცა.

სიტყვა "სინა" უდაბნოს ნიშნავს. იქ უგდო ყური ღვთაებრივ ხმას მოსე წინასწარმეტყველმა. იქ ჭექა-ქუხილსა და ელვის დამაბრმავებელ ბრწყინვალებაში განუცხადა უფალმა თავისი იქვე ყოფნა ისრაელის ერს. სინა, ისევე როგორც ეგვიპტის უდაბნო, მონაზვნობის აკვანი იყო. აქ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე დასახლდნენ თერაპევტები - ძველი აღთქმის დროინდელი ასკეტები, რომლებიც ცხოვრებას შინაგან ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ. სინა გახდა მონაზვნური დიასპორის ერთ-ერთი ცენტრი დიდი ხნით, ვიდრე ათონზე აღიმართებოდა დიდებული ციხესიმაგრე ივერთა მონასტრისა. სინაზე ჩამოყალიბდა ქართველ კალიგრაფთა დიდი სკოლა, აქ მრავლდებოდა წმინდა წერილი და წმინდა მამათა წიგნები. ჩვენამდე მოღწეული ფოლიანტები გვაცვიფრებენ მოხდენილი ნაწერით: თითოეული გვერდი ამ წიგნისა ნახატს ჰგავს, ხოლო ამ ხელნაწერთა მინიატურები თავიანთი სრულყოფილებით შეიძლება შევადაროთ ბიზანტიური კულტურის საუკეთესო ნიმუშებს.

სინა - ადგილია ღმერთის გარდამოსვლისა, მერე კი იქცა ადამიანის ღმერთთან ამაღლების ადგილად. სინა და ქორები მონაზვნებით იყო დასახლებული. აქ ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა სინელ მონაზონთა გარდამოცემის საფუძველზე შეადგინა თავისი უკვდავი წიგნი "კიბე", რომელიც მრავალი მონაზვნისთვის, წმინდა წერილის შემდეგ, მთავარ წიგნად იქცა.

მცხეთის მთებში მდებარე სკიტი არა მხოლოდ ცოცხალი მოწმობაა ქართველ და სინელ მონაზონთა სულიერი კავშირისა, იგი თითქოს საქართველოში გადმოტანილი სინას ნაწილია, ხოლო სინელ მონაზონთაგან აშენებული ტაძარი - სახეა ქვაში განხორციელებული შეუწველი მაყვლისა, რომელსაც ცეცხლი უკიდია, მაგრამ არ იწვის...

წარმატებით მიმდინარეობდა მცხეთის ახლოს რკინიგზის მშენებლობა. მთაში გვირაბის გაყვანაღა დარჩა, რომლის თხრასაც ორივე მხრიდან შეუდგნენ. ყველა ანგარიში მრავალგზის იქნა შემოწმებული, ცოტა ხანში მიწის მთხრელთა ორი ჯგუფი ერთმანეთს უნდა შეხვედროდა. ამ ამბის ზეიმით აღნიშვნა უნდოდათ. დათქმული დროც გავიდა, მაგრამ გვირაბს ბოლო არ უჩანდა. ინჟინერი შეშინდა, - ვაითუ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვიო. წუთი წუთს მიჰყვებოდა და საათებად ეჩვენებოდა. და აი, ინჟინერმა რევოლვერი გაიძრო და სანამ ვინმე ხელის შეშლას მოასწრებდა, ტყვია დაიხალა. გავიდა თხუთმეტი წუთი. ჩამოანგრიეს ის ბოლო წინაღობაც, რომელიც კედელივით ყოფდა მიწისმთხრელთა ბრიგადებს. გათვლა სწორი აღმოჩნდა, მხოლოდ მტკიცე გრუნტის გამო გაგრძელდა სამუშაო. ეს გამარჯვება იყო, ოღონდ სიკვდილისშემდგომი, რომელიც ზეიმით არ აღუნიშნავთ.

ინჟინრის თვითმკვლელობამ განსაკუთრებით შეაძრწუნა მისი მეუღლე, ოლღა. გადაწყვიტა, ქმრისგან დანატოვარ მიწის ნაკვეთზე, ნაპოვნი ეკლესიის ახლოს, აეშენებინა დედათა მონასტერი - საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე სახლი (მალე იქვე კიდევ ერთი, ამჯერად დიდი ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს). სავანის აშენების შემდეგ ოლღა მონაზვნად აღიკვეცა. ის გახლდათ მონასტრის პირველი იღუმენია. მან გამოიარა რევოლუციის, შიმშილისა და დევნის წლები. იგი დაკრძალეს ტაძარში, რომელიც მოციქულთასწორ ოლღას სახელზეა ნაკურთხი. ტაძრის მთავარი სიწმინდე გათხრებისას ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატია, რომელსაც აქ სასწაულმოქმედად თვლიან. მასთან დაკავშირებით ხდებოდა მინიშნებები: რევოლუციის წინ ხატის წინაშე კანდელი თავისით აინთო, თითქოს ნიშნად გამხნევებისა, რომ მომავლის ქარიშხლებს არ ჩაექროთ რწმენის ცეცხლი სავანის მკვიდრთა გულებში.

იღუმენია ოლღა არისტოკრატიული ჩამომავლობისა იყო, მონაზვნების გადმოცემით, გამოირჩეოდა ბავშვური უბრალოებით და ცოტათი კიდეც სალოსობდა, ემსგავსებოდა გულუბრყვილო ქალს. ცდილობდა, ყველა საეკლესიო მსახურებას დასწრებოდა. რადგან ვერ ისწავლა საეკლესო ტიპიკონი, ანდა აჩვენებდა თავს, თითქოს არ იცოდა, როცა მედავითნეები ჰკითხავდნენ, - რაზე გვაკურთხებთ, დედაო, რომ წავიკითხოთო, წიგნში მოუნიშნავდა: - აქედან აქამდე წაიკითხეთო.

რევოლუციამდე დედა ოლღას დიდკაცები და გენერლები სტუმრობდნენ, რომლებიც თავს მოვალედ თვლიდნენ, ენუგეშებინათ იგი, მაგრამ მასში ხედავდნენ არა მწუხარე ქვრივს, არამედ შინაგანი, სულიერი სიყვარულითა და სიხარულით გასხივოსნებულ მონაზონს და ამბობდნენ, უფრო მან გვანუგეშა, ვიდრე ჩვენო. სქემიღუმენია ოლღას გარდაცვალების შემდეგ მისი საფლავი იქცა ადგილად, სადაც ის უხილავად იმყოფება. იმ საშინელი დროის განსაცდელებისა და მწუხარების ჟამს მონაზვნები ხშირად მიდიოდნენ მის საფლავთან, დასტიროდნენ, დალოცვას სთხოვდნენ...

XX საუკუნის 20-იან წლებში დაიხურა და გაიძარცვა მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი. მწირებად ქცეული მონაზვნების შეფარება ნათესავებსაც კი ეშინოდათ. ადამიანები სრულიად უუფლებონი იყვნენ - გარდასულ საუკუნეთა ტერორისტების ბოროტმოქმედებები ბავშვურ ცელქობად ჩანდა სახელმწიფო ტერორთან შედარებით. მცირეოდენი ეჭვის გამო ადამიანებს აპატიმრებდნენ და უკან იშვიათად უშვებდნენ. ბევრი უკვალოდ გაქრა ბანაკებსა და საერთო საფლავებში. განდევნილ მონაზვნებზე განუწყვეტელი მეთვალყურეობა იყო დაწესებული, მათი თანამგრძნობები რომ გამოემჟღავნებინათ. ამიტომაც ასეთ დევნილს ხშირად ღვიძლი და ან ძმა ცხვირწინ კარს უხურავდა. ვინ იცის, სად ერჩივნათ მათ: გადასახლებასა თუ ამ სოფელში. ათეისტურმა ხელისუფლებამ მღვდელ-მონაზვნები კეთროვნის მდგომარეობაში ჩააყენა, რომელთაც შენი სიცოცხლისთვის უსაფრთხოდ ვერ მიუახლოვდებოდი. ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულს უფრო მალე პატიობდნენ, ვიდრე ღვთის რწმენას. ადამიანს შეეძლო ბანდიტებთან ემეგობრა, ქურდებთან გაეტარებინა დრო და ცუდი არაფერი შემთხვეოდა, მაგრამ თუ შინ მღვდელსა და მონაზონს მიიწვევდა, ის სამსახურის და შესაბამისად, არსობის პურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგებოდა...

მაგრამ მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქრისტიანულ მხნეობას იჩენდნენ და ლუკმას უყოფდნენ ამ ხილული და უხილავი ხელისუფლებისგან განადგურებულთ. ქრისტიანთა დევნამ აპოთეოზს 1936-37 წლებში მიაღწია. შემდგომში მათი ინტენსივობა თითქოს შედარებით შემცირდა მხოლოდ ერთი მიზეზით: უკვე აღარავინ იყო გასანადგურებელი. მაგრამ მაშინაც რაღაც სასწაულით ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მონაზონთა მცირეოდენი თემები, მათ შორის მცხეთაში ოლღას სავანე და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. იქაურ მონაზვნებს ხან განდევნიდნენ, ხან კი უკან დაბრუნების ნებას რთავდნენ.

მამკოდის მონასტრის რამდენიმე მონაზონი ოლღას მონასტერში მივიდა, ისინი სქემიღუმენია ოლღამ მიიღო და დაასახლა. მათ შორის იყო მონაზონი ანგელინა (კუდიმოვა), რომელიც მშობლებმა ჯერ კიდევ 11 წლისა დატოვეს მონასტერში... შემდგომში ის ოლღას მონასტრის იღუმენია გახდა და ბევრი რამ გააკეთა ომის შემდგომ წლებში სავანის აღსადგენად. მისი მონაზვნობის 70 წელი შესაძლოა აითვალოს, ვითარცა შვიდი ასეული წელი მოსაგრეობასა და ღვაწლში გატარებული.

როცა მღვდელმონაზვნად დამასხეს ხელი, ოლღას მონასტერში გამგზავნეს საეკლესიო ტიპიკონის და პრაქტიკული ღვთისმსახურების შესასწავლად (მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო სემინარია და ტაძრებში ამზადებდნენ მღვდლებს). დედა იღუმენია დედობრივი სიყვარულითა და მზრუნველობით მექცეოდა...

ახალგაზრდობაში დედა ანგელინა კლიროსს ხელმძღვანელობდა და კარგად იცოდა ღვთისმსახურების ტიპიკონი - ეს რთული მეცნიერება. ის ხშირად იღუმენიას ადგილას კი არ იყო, არამედ კლიროსზე იდგა, მგალობლებთან ერთად გადაშლილი წიგნების წინ. პირველ ხანებში ის არა მარტო იმას მკარნახობდა, თუ რა ლოცვები უნდა წამეკითხა და რა მღვდელმოქმედება შემესრულებინა, არამედ კმევისას ხელჩაკიდებულსაც დამატარებდა ტაძარში და მიჩვენებდა, რომელი ხატის წინ უნდა შევჩერებულიყავი, როგორ მეკმია და სხვა ამგვარი. ცნობილია, რომ ის მღვდლებიც კი, რომლებმაც სემინარია, აკადემია დაამთავრეს, შეისწავლეს ლიტურგია, როცა დამოუკიდებლად შეუდგებიან ღვთისმსახურებას, ხშირად იბნევიან. მაგრამ დედა იღუმენიასთან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უსიერში მიმავალი მგზავრი, რომელსაც გვერდით კარგი მეგზური ჰყავს.

დედა-იღუმენია მუდამ ესწრებოდა ყველა სატაძრო მსახურებას, იმ რამდენიმე შემთხვევის გარდა, როცა მონასტრიდან საქმეზე მიდიოდა. ეს მსახურებები განგრძობილი იყო, მცირეოდენი შემოკლების ნებას არავის რთავდა. მწუხრის მერე იკითხებოდა დაწესებული კანონები, ლიტურგიის ან სადილის ჟამნის შემდეგ ორი აკათისტო იკითხებოდა, რომელთაც მონაზვნები რიგრიგობით კითხულობდნენ. თუ ვინმე ავადმყოფობის ანდა სამორჩილო საქმის გამო გამოაკლდებოდა ლოცვას, აკათისტოს თვითონ იღუმენია კითხულობდა.
ბეჭდვა
1კ1