მოგონებები
მოგონებები
როცა დრო ვერ მბრძანებლობს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
გაგრძელება
ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა სახელმწიფო რეზერვაციებს აწყობდა მოსახლეობის იმ ნაწილის გადასარჩენად, რომელსაც განადგურება და ამოწყვეტა ემუქრებოდა. თავიანთ ბუნებრივ გარემოს მოწყვეტილი ეს ადამიანები სხვა, ხელოვნურ გარემოში იყვნენ მოქცეულნი. სიკეთე იყო ეს თუ ბოროტება? - ერთიც და მეორეც. მუზეუმში მოთავსებული ხატებიც ამგვარად გადაურჩნენ განადგურებას - ხელიდან გამოგლიჯეს ვანდალებს, ახალ იუდეველთ, რომლებიც აპირებდნენ კოლექციონერებისთვის მიეყიდათ ისინი. მაგრამ ახლა, დევნის დასრულების შემდეგ, მუზეუმები, სადაც ხატები იმყოფება, კედლით შემოზღუდულ რეზერვაციებს დაემსგავსა. ხატები თან შემოინახა, თანაც ტყვეები არიან. ძველი ხატების შენარჩუნებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ემიგრაციას. ტაძრებიდან გამოტანილი ხატებიც ემსგავსებიან სამშობლოდან განდევნილ და ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს.

ხატი ტაძრის საკუთრებაა, ის ტაძრისთვის არის შექმნილი, უფრო მეტიც - ხატი ლოცვას მოითხოვს. სახარებაში არის იგავი კაცზე, რომელმაც თავის ბატონისგან სესხად ტალანტი მიიღო, მაგრამ მიწაში დაფლა. მან თავისი ბატონის ოქრო არ გაფლანგა და არც დაკარგა, მაგრამ ვერცხლი უმოქმედოდ ედო. ხოლო როცა დაუბრუნა ბატონს, მისგან შექების ნაცვლად, მკაცრი საყვედური და სასჯელი მიიღო. ხატი თავისი დანიშნულების - ლოცვისა და ადამიანთა თაყვანისცემის გარეშე - მიწაში დაფლულ ტალანტად რჩება (თანაც უდიდესი საფასის). განა არ შეიძლება გამოიყოს გარკვეული დღეები, როცა მუზეუმის ხატების დარბაზში მორწმუნეებს და მოძღვრებს ხატების წინ დგომა და ლოცვა შეეძლებათ? განა არ შეიძლება ერთ-ერთ ტაძარში ანდა მის სიახლოვეს რაიმე შენობაში გადავაბრძანოთ ხატები მორწმუნეთა თაყვანისცემისთვის, ისინი ხომ მრევლისთვის არის შექმნილი და მათ ეკუთვნით?

ხომ იცავენ ძვირფას ნივთებს და ტილოებს? თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის ელექტრონულით, შესაძლებელია აღვკვეთოთ ხატების მოტაცება ან დაზიანება. ჩვენ ხატების შებღალვად ვთვლით მათ საქართველოს გარეთ სადემონსტრაციოდ გატანას, როგორც ხელოვნების ნიმუშებისა. მაჰმადიანები, იუდეველები და პროტესტანტული კონფესიების უმეტესობა ხატს უცქერენ, როგორც წარმართობის რეციდივს ქრისტიანობაში, როგორც კერპებს, რომლებიც ქრისტიანებმა წარმართების მიბაძვით შექმნეს. ასე რომ, მუსლიმანი, იუდეველი თუ პროტესტანტი ხატთან შინაგანი ზიზღის გრძნობით მივა. 1987 წელს საეკლესიო კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა - პროტესტანტებმა თავიანთი ზიზღი გამოხატეს მართლმადიდებლური სიწმინდის - კიევის მღვიმის მოღვაწეთა უხრწნელი ნაწილების მიმართ - რა საშინელებაა, ამაღამ ცუდად დაგვეძინებაო! ზოგი ცნობისმოყვარეობის გამო კევის ღეჭვით დაათვალიერებს უძველეს ხატებს, ანდა იმიტომ, რომ სათქმელად ჰქონდეს, კულტურულ ღონისძიებას დავესწარიო და დაინტერესდება, რა თანხად არის ისინი შეფასებული. რა თქმა უნდა, არიან დასავლეთში ადამიანები, რომლებიც ღმერთს ეძებენ, მაგრამ მას უფრო მალე მართლმადიდებლურ ტაძარში იპოვიან, ვიდრე სიწმინდეებთან, რომლებიც მუზეუმის სტენდებზე ანდა სურათების გალერეაშია გამოფენილი. უკეთეს შემთხვევაში დასავლეთში ხატი ფასდება, როგორც ხელოვნების ნიმუში.

საქართველოს ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა მტრის შემოსევებისას ხატებს მთებში მალავდნენ მღვიმეებში, ზოგჯერ კედელში ჩაატანდნენ ხოლმე, მაგრამ როცა ხიფათი გადაივლიდა, როგორც შინ, კვლავ ტაძარში აბრუნებდნენ. ქრისტიანები თავს განსაცდელებსა და შეჭირვებაში იგდებდნენ, ხშირად ყველაფერს სწირავდნენ, მაგრამ მთავარს ინახავდნენ - საკუთარ სიწმინდეებს და იმარხავდნენ იმედს, რომ სასწაულმოქმედ ხატებთან მარტო ისინი და მათი შვილები კი არ ილოცებდა, არამედ შორეული შთამომავლობაც.

...მუზეუმის დირექტორის მოადგილემ თვითონ გააღო ოქროს ფონდის დარბაზის კარი, წინ გაგვიშვა და შესასვლელის ახლოს გაჩერდა. ჩვენ ისე მივუახლოვდით მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, როგორც მეფის ტახტს და მუხლი მოვიდრიკეთ. რას ვგრძნობდი მაშინ, როცა მაცხოვრის სახეს ვუცქერდი? მის სიახლოვეს დაცემული ადამიანის სულთან, სიყვარულის სიახლოვეს. მეჩვენებოდა, რომ მისი სახე, დროთა განმავლობაში დაბნელებული, ამ დღეს განსაკუთრებით ნათელი და ცხადი გახდა. კმაყოფილება ვიგრძენი, რომ იგი მხედავს და ესმის ჩემი ლოცვები. ამ დროს მხოლოდ საკუთარი ცოდვების მიტევებასა და სულის საუკუნო ცხონებაზე ვლოცულობდი. ვგრძნობდი, რომ ცოდვები და ვნებები - სულის სიგიჟეა, უგუნურობა, შემდეგ უკვე მოვიხსენიე ახლობლები და ნათესავები. მოშორებით, ჩემს უკან ლოცულობდა მონაზონი მართა. ჩუმად ვკითხე: - რა ჰქვია შენს ნათესავებს-მეთქი. რამდენიმე ჩამომითვალა. შენ მტრებს რა ჰქვიათ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა: - მე მტერი არ მყავსო. "ისინი, ვინც გაგანაწყენა ან უსამართლოდ მოგექცა?" "არავის უწყენინებია ჩემთვის. არ მახსოვს, ვინმე უსამართლოდ მომქცეოდა, ადამიანები ჩემდამი ყოველთვის კეთილგანწყობილნი იყვნენ", - მიპასუხა და ლოცვაში ჩაიძირა. მისი თვალებიდან ღვთის სიყვარული და რაღაც ჩუმი სიხარული გამოკრთოდა. ვიგრძენი ჩემი შეკითხვის უგუნურობა. წამოვდექი. ცარიელ დარბაზში უჩვეულო სიჩუმე იდგა. მყუდროებისას სული გრძნობს ღვთაებრივი მადლის ველს, რომელიც ხელთუქმნელ ნიმბად აკრავს ხატებს.

KARIBCHE


ჩვენი კეთილისმყოფელი ჩაფიქრებული შესცქეროდა მონაზონ მართას, თითქოს მის სახეზე ხედავდა იმას, რასაც წიგნებში ვერ წაიკითხავდა, ეს იყო ანარეკლი მადლისა ადამიანის სახეზე.

მონაზონმა მადლობა უთხრა გაწეული სიკეთისთვის. მოულოდნელად მან ვედრებით უთხრა: "აქ კიდევ მოდით... ილოცეთ".

გავიდა რამდენიმე თვე და სიონის ტაძრის მსახურის, ცისანასგან, რომელთანაც სტუმრობდა ხოლმე თბილისში მონაზონი მართა, გავიგე, რომ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მანქანა დაეჯახა. მომაკვდავი მონაზონი საავადმყოფოში მიიყვანეს. წუხდა: "ნუთუ ეს კაცი ჩემს გამო ციხეში უნდა მოხვდესო?" მისი უნებური მკვლელი, ახალგაზრდა მწარედ მოთქვამდა: - მომეჩვენა, რომ შავმა ფრინველმა ჩემს წინ ფრთები აიქნია. გაისმა დარტყმის ხმა. მეტი არაფერი ვიციო. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იმაზე იზრუნა, რომ მისი ცხედრის წასასვენებლად ნათესავები თუ არ მოვიდოდნენ, ეკლესიაში გადაესვენებინათ, იქ აეგოთ წესი და მონასტრის სასაფლაოზე დაეკრძალათ. მაგრამ დაკრძალვის წინა დღეს თიანეთიდან ჩამოვიდა მართას ძმა და ცხედარი წაასვენა. მონაზონი მართა თავისი ნათესავების გვერდით დაკრძალეს.

მისი სიკვდილის შემდეგ მესიზმრა მშვენიერი გალავანშემოვლებული ქალაქი. მითხრეს: - აქ ცხოვრობს მონაზონი მართა, მაგრამ შენ შიგნით შესვლა არ შეგიძლიაო. უეცრად ვხედავ დედა მართას, მაწვდის დაბეჭდილ წერილს: - კათოლიკოს-პატრიარქს წაუღე, რომ წაიკითხოს ყველაფერი, რაც აქ წერია, თორემ ამ წერილს ღვთის ტრაპეზის წინაშე დავდებო.

ამ უჩვეულო სიზმარზე პატრიარქს მივწერე. მან მოწყალება გასცა და ეკლესია-მონასტრები აკურთხა, ორმოცი დღე მონაზონი მართა მოეხსენებინათ.

ერთხელ ცისანამ შემომთავაზა, თიანეთში წავიდეთ, მონაზონ მართას საფლავი მოვინახულოთ. ნაცნობმა ახალგაზრდამ მის საფლავზე რამდენჯერმე წამიყვანა, ახლაც არ იტყვის უარსო. შევთანხმდით. ხუთშაბათს, დილით ცისანამ გამომიარა. მანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა კაცი და მდუმარედ გამიღო კარი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დამნაშავე იყო და ჩემთვის შემოხედვა არ უნდოდა. ცისანამ უთხრა: "კურთხევა აიღე". მან მორჩილად აიღო კურთხევა, რამაც გამაკვირვა. მთელი გზა კრინტი არ დაუძრავს. როგორც შემდგომ შევიტყვე, სწორედ იგი იყო დედა მართას უნებური მკვლელი. ცდილობდა, უნებლიე დანაშაული გამოესყიდა. ხშირად ნახულობდა და ეხმარებოდა მართას ახლობლებს. ცისანამ მას უთხრა, - მართას სული გაიხარებს, თუ ყოველდღე ტაძარში, ლიტურგიაზე ილოცებო. მას შემდეგ მან ტაძარში სიარული დაიწყო, მონაზონმა მართამ თავისი სიკვდილით შეცვალა ამ კაცის ცხოვრება.

ერთმა ქალმა მიამბო, - ერთხელ თურმე მონაზონ მართასთან ერთად მცხეთის ახლოს, მთაში მდებარე მონასტრის მოსალოცად მიდიოდა. მათ ახლდათ ახალგაზდა ბერი, რომელიც ლექსებს წერდა. მან დაიწყო თავისი ლირიკის კითხვა, მერე კი ვაჟა-ფშაველას ლექსებს მოჰყვა. დედა მართას თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ქალმა ჰკითხა: - რაზე აცრემლდი? შესაძლოა, ამ ბერმა არ იცოდა შენი წარსული და უნებურად ტკივილი მოგაყენაო. მან კი უპასუხა: "არა, მე სხვა რამეზე ვფიქრობდი: როგორ ძნელია ბერისთვის გაუმკლავდეს საკუთარ ვნებებსა და განსაცდელებს. ის კი, საცოდავი, ბავშვივით ცეცხლს ეთამაშება... ერისკაცული სიმღერები და ლექსები ის ცეცხლია, რომელსაც მისი დაწვა შეუძლია". მისი სიტყვები, სამწუხაროდ, გამართლდა. ის ბერი დაოჯახდა... შემდეგ ცოლ-შვილის სარჩენად ეკლესიებში მოწყალებას ითხოვდა და, რაც უარესია, ქადაგებდა, რომ სადაც "სიყვარულია", იქ არ არის ცოდვა და მრუშობა, სიყვარულით ყველაფერი დაშვებულიაო. საერთოდ, ბერი, რომელიც გატაცებულია ერისკაცული ხელოვნებით, თუნდაც გარეგნულად იცავდეს უბიწოების აღთქმას, შეტრუსულ ფრთიან ჩიტს ჰგავს, რომელსაც ზეცაში ფრენა არ შეუძლია და მიწაზე დადის.

...გადმოვედით მანქანიდან. ცისანამ მიმიყვანა ეულ საფლავთან, სადაც ხის ჯვარი იყო აღმართული. "წარწერის გაკეთება ვერ მოვასწარით", - მომიბოდიშა ცისანამ, მაგრამ უნდა კი გამომზევება იმ მონაზვნის სახელს, რომლის ცხოვრებაც დაფარული იყო სოფლისთვის? იმგვარი გრძნობით მივეახლე საფლავს, როგორითაც ჩვილის აკვანთან მიდიან. მივხვდი, რომ თვითონ მართას სურდა აქ დაკრძალვა - მის შვილს მთის დავიწყება არ შეუძლია. ის მკვდარი დაბრუნდა შინ, საიდანაც კაცთა სისასტიკემ გააძევა.

მთა მონასტერს ჰგავს. იქ მეფობს მყუდროება, სუნთქავს მარადისობა, იქ არ არის კაშკაშა ფერის ყვავილები და შეღებილი ნიღბები ცხოვრებისეული კარნავალისთვის - იქ ყვავის და სუნთქავს თვითონ სიჩუმე.

პანაშვიდი გადავიხადეთ. არავინ გალობდა. მე წავიკითხე ყველა ლოცვა და საგალობელი. ამბობენ, ზოგიერთი მონაზონი, რომელიც უდაბნოში ცხოვრობს, კი არ გალობს, არამედ კითხულობს მსახურებას, მათ არ სურთ, დატკბნენ თავიანთი გალობის მოსმენით. ლოცვების კითხვისას მეჩვენებოდა, რომ თვითონ მართა ლოცულობდა ჩვენთვის.

ახალგაზრდობაში დავითგარეჯის უდაბნოში ვიყავი. ვხედავდი - მზის სხივებით ავსებულ ცაზე, როგორც ოქროს ტბაზე, სულ მაღლა-მაღლა მარტოხელა არწივი დაფარფატებდა - განსვენებულ მონაზონ მართას სულიც ზეცაში აფრენილ ამ არწივს მაგონებს. საფლავზე ლოცვაც ჩემი ბოლო შეხვედრა და დამშვიდობება იყო მასთან.

დაე მონაზვნობა შენი მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა. ამინ.

მსწრაფლშემწენი
უდაბნოში ცხოვრებისას ბერი გიორგი მეუბნებოდა, - განსაკუთრებული სასოება მაქვს და ვლოცულობ მთავარანგელოზ მიქაელისა და წმინდა გიორგის მიმართ. მათ ხშირად დამიხსნეს ავაზაკთა ხელთაგან და ტყეში მხეცების თავდასხმებისგან გადამარჩინესო. ერთხელ, ზამთარში, მას მგლების ხროვა შემოერტყა გარს. გასაქცევი არსაით იყო, სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა. ის მიწაზე დაემხო და ლოცვა დაიწყო წმინდა გიორგის მიმართ. ასწია თავი და რას ხედავს: მგლები გარშემო სხედან და რაღაც ძალა აკავებთ. გავიდა დრო. უეცრად ერთი მგელი აყმუვლდა, სხვებიც აჰყვნენ. ისინი თითქოსდა ვიღაცას ნებართვას სთხოვდნენ - ჩვენ ხომ მშივრები ვართ, ნადავლთან მიგვიშვიო. უეცრად ადგილს მოსწყდნენ და ტყისკენ გაიქცნენ.

იხსენებდა სხვა შემთხვევასაც: "ხისგან ჯვრებსა და კოვზებს ვთლიდი, ცვილით სანთლებს ვქნიდი. ჩუმად ჩამომქონდა ქალაქში, ერთ ოჯახს ვაყიდვინებდი. იმ ფულით შეძენილი პროდუქტი უდაბნოში მიმქონდა. ერთხელ, ქალაქის შორიახლოს, მილიციელებმა გამაჩერეს, - აქ რას აკეთებ, წავიდეთ განყოფილებაში და აქ გავარკვიოთო. უეცრად რაღაც ყვირილი მოისმა. ორი კაცი დავინახეთ, ქალაქიდან მორბოდნენ. მილიციელებმა დაუძახეს. მათ ნაბიჯს აუჩქარეს. მე თავი დამანებეს და გაქცეულებს გაეკიდნენ. გზიდან გადავუხვიე და ბუჩქებში დავიმალე. რამდენიმე წუთის შემდეგ მომესმა, როგორ ილანძღებოდნენ მილიციელები - ვერც მათ დავეწიეთ და ის კაციც დავკარგეთო. ორი საათი ველოდი მათ წასვლას, მერე გზა განვაგრძე".

გაგრძელება იქნება

ბეჭდვა
1კ1