ქართველი ეპისკოპოსები ფერარა-ფლორენციის კრებაზე (1438)
ქართველი ეპისკოპოსები ფერარა-ფლორენციის კრებაზე (1438)
XI საუკუნეში, საქართველოს საპატრიარქოს ჩამოყალიბებისთანავე, საქართველოს პატრიარქს მსოფლიო დიპტიხში ეჭირა VI ადგილი, ხუთი პატრიარქის შემდეგ.

დაბეჯითებით უნდა ვთქვათ, რომ როგორც რომის პაპები, ისე აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქი ცნობდნენ იბერიის ეკლესიას მეექვსე ადგილზე იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ. ამას მიუთითებს ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების დიპტიხი. ამ კრებაზე ქართულ ეკლესიას ეჭირა VI ადგილი რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საყდრების შემდეგ. ეს რომ შემთხვევით არ იყო და ეკლესიათა ადგილების განაწილებას ამ კრებაზე საგანგებო ყურადღება ექცეოდა, იქიდანაც ჩანს, რომ რუსი კანონისტების ცნობით, ფლორენციის კრებამ, 1438 წელს, უნიის შესახებ დეკრეტში დაადგინა: "კონსტანტინოპოლის პატრიარქი იქნება მეორე რომის პაპის შემდეგ, ალექსანდრიელი - მესამე, მეოთხე - ანტიოქიელი და მეხუთე - იერუსალიმელი..."

მართალია, ამ კრებას არ გამოუცია დოკუმენტი, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო შემდეგი ადგილები, რადგანაც ეხებოდა არა დიპტიხის, არამედ სარწმუნოების საკითხს, მაგრამ, საერთოდ, ეკლესიათა (კათედრათა) ადგილების განაწილებას ძალზე დიდი ყურადღება რომ ექცეოდა, ნახსენები დადგენილებითაც ჩანს.

ქართული ანუ იბერიის ეკლესიის წარმომადგენელს ამ კრებაზე ეჭირა VI ადგილი. 1438 წლის 5 თებერვალს ფერარაში გახსნილ და ფლორენციაში გაგრძელებულ "მსოფლიო" საეკლესიო კრებას, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის წარმომადგენლები და რომლის აქტებსაც აღმოსავლეთის საპატრიარქოებმა ხელი მოაწერეს, "თანაბარი უფლებით ესწრებოდა იბერიის მიტროპოლიტი".

"იბერიის მიტროპოლიტი იჯდა მართლმადიდებელთა მხარეს მეხუთე ადგილზე კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის წარმომადგენლების შემდეგ, "პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი. პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ... იერუსალიმის პატრიაქის მსოფლიო წარმომადგენელი მენზიის არქიეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი იბერიის მიტროპოლიტი".

კრების მონაწილენი ისხდნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ცენტრიდან თანაბარ მანძილზე იდგა ორი ტახტი - რომის იმპერატორისა და ბერძენთა იმპერატორისა. სასულიერო პირები განლაგებულნი იყვნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ერთ მხარეს ისხდნენ ლათინთა წარმომადგენლები, მეორე მხარეს - მართლმადიდებელთა წარმომადგენლები. მართლმადიდებელთა რიგი იყო შემდეგი სახისა: პირველად იდგა - 1. კონსტანტინოპოლის პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი ამ სხდომას არ ესწრებოდა); 2. ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი - არქიეპისკოპოსი; 3. ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი - არქიეპისკოპოსი; 4. იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი - არქიეპისკოპოსი; 5. იბერიის პატრიარქის (დოკუმენტშია - მეფის) წარმომადგენელი - მიტროპოლიტი. ამის შემდეგ დიპტიხის მიხედვით ისხდნენ სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები.

ნაწყვეტი ფლორენციის საეკლესიო კრების ოქმიდან სასულიერო პირების განლაგების შესახებ: "პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი, შეუძლოდ ყოფნის გამო, იმ დღეს კრებას ვერ ესწრებოდა)... პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებული იყვნენ - ჰერაკლიის არქიეპისკოპოსი, რომელსაც ალექსანდრიის პატრიარქის კანონიერი მანდატი ჰქონდა და მისი ადგილი ეკავა; ანტიოქიის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი მენზიის არქიეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი - იბერიის მიტროპოლიტი; ამათ შემდეგ ისხდნენ ტრაპეზუნტის, რიზეს, ნიკეის არქიეპისკოპოსები... მიტროპოლიტები... ბერები, წესის მიხედვით".

ფლორენციის კრებაზე "წესის" ანუ დიპტიხის მიხედვით არა მარტო ეკლესიათა წარმომადგენელი სასულიერო პირები ისხდნენ, არამედ საერო პირებიც.

ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებიდან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის VI ადგილი მსოფლიო ეკლესიათა რიგში, ხოლო ქართული ეკლესიის V ადგილი მართლმადიდებელთა რიგში აღიარებული იყო როგორც რომის პაპის, ასევე მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქის და სხვა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ მნიშვნელოვან კრებაზე, რომელიც ვითომდა ეკლესიის გაერთიანებას ისახავდა მიზნად, რომისა და აღმოსავლეთის ქრისტიანები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებოდნენ იბერიის ეკლესიის ადგილის ძიებისთვის. იბერიის ეკლესიის ადგილი დიპტიხში ძველთაგანვე ცნობილი იყო, ამიტომ მან ამ "მსოფლიო" კრებაზე ყოველგვარი დავის გარეშე თავისი ადგილი დაიჭირა. XV საუკუნის I ნახევრის დიპტიხი, დაცული ფერარა-ფლორენციის კრებაზე, ასეთია: 1. რომის პაპი; 2. მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქი; 3. ალექსანდრიის; 4. ანტიოქიის; 5. იერუსალიმის; 6. იბერიის; 7. ტრაპეზუნტის; 8. რიზეს; 9. ნიკეის; 10. ლაკედემონიის; 11. ნიკომედიის; 12. ტრივონიის; 13. ამასიის; 14. მიტილენის; 15. ტოლოზინის; 16. სტავროპოლის; 17. ტუნისის; 18. გარინის; 19. მელენტინის; 20. აქილის; 21. მულდულის პატრიარქები და არქიეპისკოპოსები.

მართალია, ამ კრებაზე აღნიშნული რიგით ისხდნენ ეკლესიის იერარქები, მაგრამ მათგან ავტოკეფალიურ ეკლესიად მიიჩნეოდა მხოლოდ ხუთი: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და იბერიის, ამიტომ ამ ავტოკეფალიურ ეკლესიათა წარმომადგენლებს ამ კრებაზე ეჭირათ განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებული სკამები კრების მონაწილეთა პირველ რიგში; ხოლო იბერიის მეფის ელჩი, რომელსაც აგრეთვე ტრაპეზუნტის იმპერატორის მანდატი ჰქონდა, პაპის თანმხლები პირის პირდაპირ იჯდა.

ასეთი სახის იყო "მსოფლიო" ეკლესიის დიპტიხი. შემდგომში მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოიღეს რომის პაპის მოხსენება, მაგრამ ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ქართული ეკლესიისთვის კანონიკურად მიჩნეულ VI ადგილზე. მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა საპატრიარქოთა გადაწყვეტილებით, ვაკანტური ადგილი დაიჭირა რუსეთის ეკლესიამ.

ფერარა-ფლორენციის კრების შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გენადი სხოლარიმ (1453-1460), სხვა აღმოსავლელ პატრიარქებთან ერთად, ცნო რუსული ეკლესიის დამოუკიდებლობა და ავტოკეფალიური რუსული მიტროპოლია თავისი ღირსებით დააყენა იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ, V ადგილზე.

მანამდე ქართული ეკლესია დიპტიხში იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ იდგა, შემდეგ კი VI ადგილზე გადაინაცვლა.

1589 წელს, რუსეთის საპატრიარქოს დაარსების შემდეგ, მისმა პატრიარქმა დიპტიხში მაღალი ადგილი დაიკავა. "როცა დიდმა კრებამ 1593 წელს განსაზღვრა მოსკოვის საპატრიარქოს მდგომარეობა, მას მიეცა უფრო მაღალი ადგილი, ვიდრე მაშინდელი არქიეპისკოპოსებს არხიდიის, კვიპროსის, ივერიის და პეკიის ავტოკეფალიური და თვითმმართველი ეკლესიებისა, მაგრამ არა ალექსანდრიის პატრიარქის, როგორც სურდა რუსეთის მეფეს, არამედ მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ, რადგან კრების მამებმა შესაბამის მიმართვაში განაცხადეს, წმინდა მამათა კანონები შეუცვლელიაო.

იოანე ბაგრატიონი თავის "კალმასობაში" მოგვითხრობს ფერარა-ფლორენციის კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შესახებ. თურმე საქართველოდან კრების დამსწრე ახტალელ ეპისკოპოს დანიელსა და თავად ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს ხელი არ მოუწერიათ კრების დადგენილებაზე, "ხოლო იმერეთის ეპისკოპოსმან იაკობ შემოქმედელმან მოაწერა ხელი". საერთოდ, იოანე ბატონიშვილის აზრით, საბერძნეთიდან და რუსეთიდან ჩასულ სამღვდელოებას ხელი მოუწერია კრების აქტებისთვის: "მოაწერეს ხელი ბერძენთა და რუსთა, გარნა ანტიოხიისა პატრიარხმან არა მოაწერა ხელი, არცა ქართველმა ეპისკოპოსმან ახტალისამან დანიელმან..." თუმცა კრების დამთავრების შემდეგ უკან დაბრუნებულ ბერძნებს (იმპერატორსა და პატრიარქს და სხვებს) უარუყვიათ ამ კრების დადგენილებანი. ახტალის საეპისკოპოსო კათედრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქართლის საკათალიკოსოში, მდებარეობდა ქვემო ქართლში (ამჟამად სომხეთის საზღვრებშია), ხოლო "იმერთა ეპისკოპოსი იაკობი", ალბათ, შემოქმედელი ეპისკოპოსი, აფხაზეთის ("ქვემო ივერიის") საკათალიკოსოდან იყო გაგზავნილი ფერარა-ფლორენციის კრებაზე. იბერიის მეფეს თავის სახელმწიფოში შემავალი ორივე საეკლესიო ერთეულის წარმომადგენლები მიუვლენია კრებაზე.

ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, ცხადია, არ იყო "მსოფლიო საეკლესიო კრება", მაგრამ საერთაშორისო მნიშვნელობა კი ჰქონდა, რადგან მას ესწრებოდნენ თვით მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქი, ბიზანტიის საიმპერატორო კარის უპირველესი პირები, ყველა მართლმადიდებელი საპატრიარქოს წარმომადგენელი მღვდელმთავრები, მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელი, მათ შორის, რუსული ეკლესიის დელეგატები. საქართველოს ეკლესია ამ კრებაზე დააყენეს საპატრიარქო ეკლესიათა რიგში. მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხში მისი წარმომადგენელი V ადგილზე იყო, მხოლოდ ამ მხრივ არის ფერარა-ფლორენციის კრება ჩვენთვის საინტერესო. სხვა წყაროთა ცნობით, კრებას ესწრებოდნენ ეპისკოპოსები საქართველოს სხვა კათედრებიდან. ვახუშტის ინფორმაციით, კრება ჩატარებულა საქართველოს მეფის, ალექსანდრე დიდის დროს, მას ესწრებოდა ქართველი ეპისკოპოსი სოფრონი.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1