კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია
ვიდრე პავლე და ბარნაბა მოციქულები ქრისტიანობას იქადაგებდნენ, კვიპროსზე თავს აფარებდნენ იუდეველთაგან დევნილი ქრისტიანები. დაახლოებით 45 წელს წმიდა მოციქულებმა სახარების ქადაგებით მოიარეს მთელი კვიპროსი. მათ, სხვათა შორის, გააქრისტიანეს რომის პროკონსული სერგი-პავლე (საქ. 13,4-12). გადმოცემის თანახმად, წმიდა მოციქულები კვიპროსზე შეხვდნენ მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს, რომელსაც თავისი თანამემამულეები, ბეთანიელნი, დევნიდნენ. ეპისკოპოსად ნაკურთხი კვიპროსის მრევლს 18 წელი (45-63) ხელმძღვანელობდა, შემდეგ მეორედ გარდაიცვალა და კიტიაში დაკრძალეს. VI საუკუნეში მის საფლავზე წმიდა ლაზარეს სახელობის ტაძარი ააგეს.

მოციქული ბარნაბა კვიპროსზე მობრძანდა 50 წელს, თავის ძმისწულთან, მარკოზთან ერთად. იგი 7 წელიწადი ქადაგებდა ქრისტიანობას, 57 წელს კი ადგილობრივმა იუდეველებმა მოციქული აწამეს. კვიპროსზე ბარნაბამ და მარკოზმა ეპისკოპოსად ხელი დაასხეს ირაკლიდიოსს. გადმოცემის თანახმად, მისი უახლოესი მემკვიდრეების რიცხვში იყვნენ: ეპისკოპოსი იასონი, არისტიონი, ეპაფრასი, არისტოკლიონი, ფილაგრე და ავკისივი. პირველ მსოფლიო კრებაში სამი კვიპროსელი ეპისკოპოსი მონაწილეობდა: კირილე პიაფელი, გელასი სალამიელი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი.

სარდიკიის კრების საქმეებში კვიპროსის თორმეტი ეპისკოპოსის ხელმოწერაა. კვიპროსელი ეპისკოპოსები აქტიურად მონაწილეობდნენ შემდგომი მსოფლიო კრებების საქმიანობაშიც. კვიპროსის ეკლესიამ შესანიშნავი საეკლესიო მწერლებით გაამდიდრა ქრისტიანული სამყარო. მათ შორის ცნობილნი არიან: წმიდა ეპიფანე, სექტების და ერესების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი სალამიელი ეპისკოპოსი ეპიფანე კვიპრელი. ბიზანტიური პერიოდის ავტორებიდან აღსანიშნავია ფილონ კარპასიელი, კირილე პაფიელი, წმიდა ნეფიტე დაყუდებული, ეპისკოპოსი ტრიფილე ნევკოსელი, ლეონტი ნეაპოლელი, თევდორე პაფიელი, თევდორე ტრიმიფუნტელი, არქიეპისკოპოსი არკადი I და წმიდა იოანე მოწყალე, რომელიც წარმოშობით კვიპროსიდან იყო და შემდგომში ალექსანდრიის პატრიარქი გახდა. ძველთაგანვე კვიპროსის ეკლესია ახლოს იყო ანტიოქიის ეკლესიასთან, ორივე მათგანს ჰყავდა ერთი მახარებელი - წმიდა მოციქული ბარნაბა. ანტიოქიის ზოგიერთი პატრიარქი ცდილობდა, ამ საბაბით კვიპროსის ეკლესია მიეერთებინა, როგორც ეპარქია.

კვიპროსელებმა, თავიანთი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასაცავად თხოვნით მიმართეს III მსოფლიო კრების მამებს, რათა დაედასტურებინათ ავტოკეფალია, რაც კრების მე-8 კანონით დამტკიცდა.

III მსოფლიო კრების გადაწყვეტილება კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დაადასტურა იმპერატორ ზენონის მიერ მოწვეულმა კრებამ. ამასთან ერთად იმპერატორმა არქიეპისკოპოსს მიანიჭა განსხვავებული რეგალიები, რომლებიც დღემდე დაცულია. ეს არის უფლება ალისფერი მანტიის და ჩვეულებრივი სამღვდელმთავრო კვერთხის მაგივრად საიმპერატორო სკიპტრის ტარებისა და ოფიციალური დოკუმენტების წითელი მელნით ხელმოწერისა. მაშინვე კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარს მიენიჭა "უნეტარესის" ტიტული. კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია კიდევ ერთხელ დადასტურდა V-VI მსოფლიო კრების 39-ე კანონით. მიუხედავად ამ საეკლესიო დებულებებისა, ანტიოქიის პატრიარქის მცდელობა, გაეუქმებინა კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია, არ შეწყვეტილა. განსაკუთრებით ცდილობდნენ ამას V საუკუნეში პატრიარქი პეტრე განაფუსი (მონოფიზიტური ერესის მომხრე) და 1598 წელს - პატრიარქი იოაკიმე.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის უბედურება დაიწყო VII საუკუნიდან, როდესაც კვიპროსზე არაბები გამოჩნდნენ.

იმპერატორმა იუსტინიანე II-მ (685-695, 705-711), რომელსაც არ შეეძლო დაეცვა კვიპროსელები არაბთა შემოსევებისგან, ბრძანა მათი კონტინენტზე გადაყვანა. 691 წელს ბერძენ მოსახლეთა უმრავლესობა და სასულიერო პირები, არქიეპისკოპოს იოანეს მეთაურობით, გადასახლდნენ ჰელესპონტის (დარდანელის უძველესი სახელწოდება) პროვინციაში, იმპერატორის მიერ დაფუძნებულ ქალაქ იუსტინიანოპოლში (ახალი იუსტინიანა). 747 წელს კვიპროსელები კუნძულზე დაბრუნდნენ.

ჰელესპონტში ცხოვრების ხსოვნა შემოინახა ხალხის მეხსიერებამ და კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის ოფიციალურმა ტიტულმა - "უნეტარესი არქიეპისკოპოსი ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა".

965 წელს, ნიკიფორე ფოკა II-ის დროს, არაბები სასტიკად დამარცხდნენ - კვიპროსი განთავისუფლდა. კუნძულზე ცხოვრება შედარებით დამშვიდდა.

ბიზანტიური პერიოდის კვიპროსის ეკლესიაში შეინიშნება მონაზვნური ცხოვრების განვითარება. დღემდე შენარჩუნებულია ამ ეპოქის ისეთი მონასტრები, როგორებიცაა კიკოს (XI ს.), მახერას (XII ს.), წმიდა ნეოფიტეს (XIIს.), წმიდა ირაკლიდის (IVს.), წმიდა ბარნაბას (Vს.) წმიდა გიორგი ძლევამოსილის (XIIIს.), სტრავნოვუნოს მონასტერი (IVს.) და სხვები.

1191 წელს, III ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად, კვიპროსზე ლათინები გაბატონდნენ. მათი ბატონობა გაგრძელდა 1571 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში მართლმადიდებელ კვიპროსელებს კათოლიკეები დევნიდნენ და ავიწროებდნენ. არანაკლები უბედურება მოიტანეს ახალმა დამპყრობლებმა - თურქებმა, რომელთაც კუნძული 1571 წელს დაიკავეს. მხოლოდ 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად შეძლო კვიპროსმა მუსლიმანური უღლის გადაგდება, მაგრამ სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა - კუნძული ინგლისელი კოლონიზატორების ხელში გადავიდა. მათ აქტიური პროტესტანტული პროპაგანდა გაშალეს, მართლმადიდებელი იერარქია იდევნებოდა, ყოველგვარი უკმაყოფილების გამოხატვას სასტიკად უსწორდებოდნენ.

1950 წელს კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრად აირჩიეს არქიეპისკოპოსი მაკარიოს III, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული კვიპროსის პოლიტიკური და ეკლესიური დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელი გახდა ციურიხი-ლონდონის 1959 წლის შეთანხმების საფუძველზე. არქიეპისკოპოსი მაკარიოსი გახდა პირველი პრეზიდენტი ახალგამოცხადებული კვიპროსის რესპუბლიკისა, რომელმაც ერთმანეთს შეუთავსა ეკლესიური და სამოქალაქო ძალაუფლება. მაგრამ მართლმადიდებელი კვიპროსის უბედურებანი ამით არ დასრულებულა. 1975 წელს, თითქმის ნახევარი კუნძული თურქეთმა დაიპყრო. მიუხედავად მსოფლიო საზოგადოებრიობის მრავალრიცხოვანი პროტესტისა, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

კვიპროსის ისლამიზაციას თან ახლავს არა მარტო მართლმადიდებელი ბერძნების შევიწროება და ახალ-ახალი ტერიტორიების მიტაცება, არამედ განადგურება და შებილწვა უძველესი ტაძრებისა და მართლმადიდებელი სამყაროს სიწმინდეებისა.

დღეს კვიპროსის ეკლესიას მეთაურობს უნეტარესი არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი (კიკოტისი).

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქია
კვიპროსის საარქიეპისკოპოსო. კათედრა: ქ. ნიქოზია.

კირიის სამიტროპოლიტო კათედრა: ქ. ნიქოზია.

კიტიის სამიტროპოლიტო. კათედრა: ქ. ლარნაკა.

ლიმასოლის სამიტროპოლიტო. კათედრა: ქ. ლიმასოლი.

მორფის სამიტროპოლიტო. კათედრა: ქ. მორფუ.

პაფის სამიტროპოლიტო. კათედრა ქ. პაფოსი.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მონასტრები
კიკოს მონასტერი (მამათა) - აქ იმყოფება კიკოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

მახერა (მამათა) - მონასტერი არის მკაცრი წესდებისა. აქ იმყოფება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი მახერას ხატი.

სტავროვონის მონასტერი (მამათა), -მკაცრი წესდებისა, დახურულია ქალებისთვის. აქ ინახება უფლის ჯვრის ხის ნაწილი.

წმიდა ირაკლიდის მონასტერი (დედათა).

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი სასულიერო სასწავლო დაწესებულებანი
მოციქულ ბარნაბას სახელობის სასულიერო სემინარია კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი სასულიერო სასწავლო დაწესებულებაა. იგი მოქმედებს კიკოს მონასტერში, ლევკოსიაში. უმაღლეს საღვთისმეტყველო განათლებას კვიპროსელი სტუდენტები უმთავრესად იღებენ საბერძნეთის უნივერსიტეტების საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1