გახარებული დედაკაცი დავარდა მოციქულის ფეხებთან, ცრემლით თაყვანი სცა და მადლი შესწირა
გახარებული დედაკაცი დავარდა მოციქულის ფეხებთან, ცრემლით თაყვანი სცა და მადლი შესწირა
წმინდა ანდრიას მიმოსვლა საქართველოში
2003 წელს, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, წმინდა ანდრია მოციქული თითქოს ხელმეორედ შემოვიდა საქართველოში. ეს შეგრძნება უფრო ცხადი და ცხოველი შეიქნა მაშინ, როცა წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა აჭარაში შემობრძანდა, საიდანაც თითქმის ორი ათასი წლის წინ თავად მოციქული პირველად შემოვიდა ჩვენში საქადაგებლად. ორი წლის წინ თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, ორი მოციქული - წმინდა ანდრია და წმინდა თომა - შეხვდა ერთმანეთს. თომა მოციქული - მასპინძელი და ანდრია მოციქული - სტუმარი მზად იყვნენ საქართველოს დასალოცად. საქართველოში პირველად შემოსულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქალაქ ტრაპიზონში (რომელიც მეგრელთა ქვეყანაშია და დიდაჭარა ჰქვია) მცირე ჟამი დაჰყო. დაიწყო სახარების ქადაგება. მრავალი ჭირი და განსაცდელი მოითმინა ურწმუნოთაგან, მაგრამ ბევრიც მოაქცია. იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, გამოჩქეფა ფრიად დიდმა და მშვენიერმა წყარომ. შემოიკრიბნენ მის გარშემო იმ ქვეყნის მკვიდრნი და მოციქულმა ნათელი სცა ყველას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. დაუდგინა იქაურ ქართველებს მღვდლები და დიაკვნები, დაუდო წესი და საზღვარი სარწმუნოებისა. მათ ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიაში მოციქულმა დაასვენა ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატის ასლი.

წამოვიდა ანდრია მოციქული, გადმოვლო მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდება. თქმულია, რომ ის ჯვარი თვით ნეტარ ანდრიას მიერ არის აღმართული. მოციქულმა ჩაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და დაივანა სოფელ ზადენ-გორაში. აქ კერპთაყვანისმცემლები ცხოვრობდნენ. ილოცა ხატის მიმართ და კერპები დაემხნენ. წმინდა მოციქული მივიდა სოფელ აწყვერში, რომელსაც პირველად სოსანგეთი ეწოდებოდა. იქაურობას განაგებდა ქვრივი დედაკაცი - სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი მოჰკვდომოდა. იდგა ტირილი და გლოვა. "თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელსაც ვქადაგებ, რაც არ უნდა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველივე მოგეცემა მის მიერ", - უთხრა მთავარს მოციქულმა. დედაკაცი ამის მოსმენამ გაახარა და მოციქულს მიმართა: "ჰოი, ჭეშმარიტო ღვთისმსახურო, ჭეშმარიტად მწამს და ვაღიარებ იესო ქრისტეს, რომელსაც შენ ქადაგებ. შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა". წმინდა ანდრიამ აიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, დაასვენა გარდაცვლილის საწოლზე, ხელაპყრობით დაიწყო ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ. ლოცვის შემდეგ მოკიდა ხელი ყრმას, როგორც ძილისგან, ისე წამოაყენა და მისცა დედამისს. გახარებული დედაკაცი დავარდა მოციქულის ფეხებთან, ცრემლით თაყვანი სცა და მადლი შესწირა. იწამა უფალი იესო ქრისტე, მოინათლა თავის ვაჟთან და სახლეულთან ერთად.

როცა მესხებმა ეს საკვირველი ამბავი გაიგეს, ყოველი კუთხიდან მოვიდნენ. ხალხმა აავსო საქრისის ველი. გაუკვირდა ყველას, როცა იხილეს ქვრივის მკვდრეთით აღმდგარი ძე.

ქალაქში იყო არტემიდასა და აპოლონის ბომონი. ამ კერპების ქურუმები აღივსნენ შურით და შეეწინააღმდეგნენ მოციქულს. ღვთის ნებით, ღვთისმშობლის ხატის სასწაულით, დაილეწა კერპები. სირცხვილეულმა ქურუმებმა შენდობა სთხოვეს მოციქულს. ხალხმა მადლობით აღმოთქვა: "დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელსაც მოციქული ანდრია ქადაგებს". ყველამ ირწმუნა უფალი იესო ქრისტე და ნათელიღეს. მოციქულმა ასწავლა მათ ყოველი წესი რჯულისა და სარწმუნოებისა, დაუდგინა ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. დიდი თხოვნის შემდეგ დაუტოვა მესხებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაასვენეს აწყვერის მცირე ეკვდერში, თავად კი გაემართა საქართველოს სხვა კუთხეებში საქადაგებლად. საქართველოს მაშინდელმა მეფემ ადერკმა გაიგო, მეგრელებს რჯული დაუტოვებიათო და გაწყრა. ეგრისში ერისთავები გაგზავნა და იქაურნი იძულებით დაუბრუნა წარმართობას. ხალხმა გადამალა ხატები და ჯვრები. ადერკმა კლარჯეთის ერისთავი შერისხა ანდრია მოციქულის მშვიდობით გაშვებისთვის.

ანდრია მოციქულმა მოიარა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ქადაგებით ჩავიდა ტაოში, მდინარე ჭოროხამდე, აქედან თავის მხლებლებთან ერთად გაემგზავრა შიდა საქართველოში და მიაღწია სვანეთს, სადაც მთავრად იჯდა დედაკაცი, რომელმაც ირწმუნა მოციქულთა ქადაგება. მოციქული მატათა და მოწაფეები დარჩნენ ამ მხარეში, ხოლო ანდრია მოციქული სვიმონ კანანელთან ერთად გაემგზავრა ოსეთში. მივიდნენ ქალაქ ფოსტაფორში, სადაც სასწაული ჰქმნეს, მრავალი მოაქციეს და განანათლეს. აქედან შევიდნენ აფხაზეთში, მივიდნენ სებასტოპოლში, რომელსაც ცხუმი ეწოდება. იქადაგეს ღვთის სიტყვა და მრავალი მონათლეს. ნეტარმა ანდრიამ აქ დატოვა სვიმონ კანანელი სხვა მოწაფეებთან ერთად და თავად ჯიქეთისკენ გაეშურა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1