მაგრამ როგორ გამოვიცნოთ, ღმრთის კაცია იგი თუ არა?
მაგრამ როგორ გამოვიცნოთ, ღმრთის კაცია იგი თუ არა?
პაპი გრიგოლი შეუდგა ანგლო-საქსების მოქცევას, რომელთაც იმ დროისთვის ბრიტანეთში ჰეპტარქიის საერთო სახელწოდებით შვიდი პატარა სამეფო ჩამოაყალიბეს. ჰეპტარქიის ყველა მეფე კერპთაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, კენტის მეფემ ეტელბერტმა, რომელიც ფრანკთა მთავრის ასულზე ბერტაზე დაქორწინდა, მეუღლეს უფლება მისცა, სამეფო კარზე ეპისკოპოსი ჰყოლოდა და ქრისტიანულ ეკლესიაში ჭეშმარიტი ღმერთისთვის თავისუფლად ეცა თაყვანი. გრიგოლმა ამ ხელსაყრელი ვითარების გამოყენება გადაწყვიტა და ინგლისში სახარების საქადაგებლად ორმოცი ბენედიქტელი ბერი წარგზავნა, რომელთაც სათავეში მონაზონი ავგუსტინე ჩაუყენა. პაპმა მას ფრანკთა მეფეებთან (რაკი საფრანგეთი იმ დროისთვის ორად იყო გაყოფილი, მეფეც ორი ჰყავდა) წერილი გაატანა, რომელშიც ითხოვდა, მქადაგებელთათვის დახმარება გაეწიათ და მათთვის ინგლისის მკვიდრთა ენის მცოდნე თარჯიმანი გაეყოლებინათ.

ჩააღწიეს თუ არა საფრანგეთში, მოსალოდნელი სიძნელეებითა და საფრთხით დაშინებულმა ბერებმა მაშინვე უკან დაბრუნება მოისურვეს, მაგრამ ბოლოს პაპის შეგონებებმა გაჭრა და გზის გაგრძელება გადაწყვიტეს.

597 წელს რომაელი მქადაგებლები ინგლისის ნაპირებს მიადგნენ და კენტის მეფეს შეუთვალეს, რომ სახარების საქადაგებლად და მარადიული სასუფევლისკენ გზის საჩვენებლად იყვნენ მისულნი. მეფემ მათ სანაპიროსთან მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე დამკვიდრების ნება დართო და შეხვედრის დღეც დანიშნა. გავრცელებული ცრურწმენის გამო, ბერები გრძნეულებით აჯადოებენო, მათი სასახლეში მიღება ვერ გაბედა და თვითონვე გაემართა კუნძულისკენ, სადაც შეხვედრა ღია ცის ქვეშ უნდა შემდგარიყო. მეფის შესახვედრად გამოსულ მქადაგებლებს წინ ვერცხლის დიდი ჯვარი და მაცხოვრის ხატი მოუძღოდათ. ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მეფე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულიყო და სანაცვლოდ ზეციურ სასუფეველსა და მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ.

ეტელბერტმა მოუსმინა ბერებს და ბოლოს უთხრა: "თქვენი სიტყვები და აღთქმანი კარგია, მაგრამ ისინი ჩემთვის ახალია და ახლავე დათმობა ადათებისა და სარწმუნოებისა, რომელიც ჩემთვის და ჩემი ქვეშევრდომებისთვის ასე ძვირფასია, არაფრით შემიძლია. მჯერა, რომ თქვენ აქ კეთილი განზრახვით ხართ მოსულნი და ამიტომაც მინდა თავი კარგად იგრძნოთ. ყოველივეს, რაც აუცილებელია, მოგაწვდით და ნებას მოგცემთ მონათლოთ ისინი, ვინც თქვენი სარწმუნოების მიღებას მოისურვებს".

მახარებლები ქალაქ კენტერბერიაში დამკვიდრდნენ და მალე ღმრთისმოსავური ცხოვრებით საყოველთაო პატივისცემა მოიპოვეს. გადმოგვცემენ, რომ ისინი სასწაულებს აღასრულებდნენ და სნეულებს ლოცვით კურნავდნენ. ადგილობრივ მკვიდრთაგან მრავალმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო. მალე თვითონ მეფე ეტელბერტიც მოინათლა და თავი საჯაროდ გამოაცხადა ქრისტიანად, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს ქვეშევრდომებს სრულიადაც არ ავალდებულებდა, მისი მაგალითისთვის მიებაძათ. სარწმუნოების არჩევანში ყოველ მათგანს თავისუფლება ენიჭებოდა. იმ დღეს მხოლოდ ავგუსტინემ 10000 კაცი მონათლა. ღვთისმსახურება ძველ, ნახევრად დანგრეულ ქრისტიანულ ტაძრებში აღესრულა. მეფემ მახარებლებს მამული უბოძა.

ავგუსტინემ პაპს წარმატების შესახებ აცნობა და დასახმარებლად მქადაგებელთა გამოგზავნა ითხოვა, რადგან, როგორც თვითონ წერდა, სამკალი ფრიადი იყო, ხოლო მუშაკი - მცირე.

წამოწყებული საქმის წარმატებამ გრიგოლი უსაზღვროდ გაახარა და ავგუსტინეს, ნიშნად იმისა, რომ მთავარეპისკოპოსის ტახტზე აჰყავდა, ომოფორი გაუგზავნა, თან მისწერა, რომ წარმატების გამო სიამაყეს არ უნდა შეეპყრო, რადგან ეს მხოლოდ უფლის ნებითა და შეწევნით მოხდა და მისთვისვე უნდა მიეგო პატივი და დიდება. იგი ავგუსტინეს მიუთითებდა, ახალმოქცეულებთან ურთიერთობისას სიმშვიდე და ქრისტიანული გულმოწყალება გამოეჩინა და ქვეყნის ძველ ადათებს სიფრთხილით მოპყრობოდა. ამასთანავე, უბრძანებდა, რომთან გარეგნული ერთიანობის წარმოჩენის მიზნით ის ადათები არ მოეშალა, რომელთა შენარჩუნებაც ჭეშმარიტი რწმენისთვის ზიანის მიუყენებლადაც შეიძლებოდა.

მალე მეზობელი სამეფოც მოინათლა. იქ მახარებელთაგან ერთ-ერთი წარიგზავნა, რომელიც შემდეგში ამ სამეფოს მთავარი ქალაქის - ლონდონის ეპისკოპოსი გახდა. პაპმა გრიგოლმა ბრიტანეთში სულ 12 ეპისკოპოსი დანიშნა, რომელთაგან პირველობა იორკის ეპისკოპოსს ხვდა წილად. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ავგუსტინე კი მეთაური გახდა მთელი ინგლისის ეკლესიისა, რომელიც რომის პაპის ხელისუფლებას ემორჩილებოდა.

სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველამ მიივიწყა, რომ ბრიტანეთის კუნძულებზე ქრისტიანული ეკლესია ძველთაგანვე არსებობდა. ამ ძველბრიტანულ ანუ კალედონის ეკლესიას, რომელიც ანგლო-საქსებს შორის სარწმუნოების გავრცელებაზე მართლაც ნაკლებად ზრუნავდა, ჩრდილოეთის, კამბრიის ანუ ვალისის, ირლანდიისა და დღევანდელი შოტლანდიის მკვიდრ ძველ კელტურ მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მიმდევარი ჰყავდა. მის მონასტრებში ბევრი თავდადებული მქადაგებელი და სწავლული აღიზარდა. რაკი საერთო ეკლესიურ ცხოვრებას დიდხანს იყო მოწყვეტილი, ძველმა ბრიტანულმა ეკლესიამ ზოგიერთი თავისებური ადათი შეინარჩუნა და განავითარა. მაგალითად, პასექს იგი მცირე აზიის ეკლესიათა ძველი ტრადიციის მიხედვით დღესასწაულობდა, მაშინ როცა ეს ტრადიცია ამ ეკლესიებშიც კი უკვე დიდი ხანი იყო აღარ არსებობდა. არ იყო დაცული საყოველთაოდ აღიარებული იერარქიული წესრიგი. მნიშვნელოვანი მონასტრები, მაგალითად, იონა, ბანკორი და სხვები, ერთგვარ რელიგიურ თემებს წარმოადგენდნენ, რომელთაც მათი წინამძღვრები ან უხუცესები მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული წესებით მართავდნენ. როგორც წმინდა კოლომბას მემკვიდრე, იონის მონასტრის წინამძღვარი მთელ კალედონის ეკლესიას ზედამხედველობდა. თავის ბერებთან ერთად იგი მღვდლებსაც აკურთხებდა და მოღვაწეობის სფეროს უდგენდა. ამ ეროვნულ, დამოუკიდებელ ეკლესიას ადგილობრივ ქრისტიანებზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა და მონასტერთა წინამძღვრებიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ.

ავგუსტინეს მოღვაწეობა, სავარაუდოდ, უფრო ნაყოფიერი იქნებოდა, მას რომ ძველი ბრიტანული ეკლესიის სამღვდელოებისთვის ჯეროვანი ყურადღება მიექცია და თავისი საქმიანობა მასთან კავშირით წარემართა, მაგრამ იგი მას ქედმაღლურად უყურებდა. საერთოდ, რომის წარგზავნილებს თავი ქვეყნის ბატონ-პატრონებივით ეჭირათ. ავგუსტინემ ბრიტანელ ეპისკოპოსებსა და ბერებს პაპის სახელით ბრძანება გაუგზავნა, რომ იგი ინგლისური ეკლესიის მეთაურად ეცნოთ და კრებაზე მიიწვია. ამ ბრძანებამ ბრიტანელები უკიდურესად გააოცა - ისინი ხომ მიჩვეულნი იყვნენ, რომ მათი ეკლესია, რომელსაც უკვე დიდი ხნის ისტორია ჰქონდა, დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო და საკუთარ წინამძღვრებს ემართათ. ვერაფრით მიხვდნენ, რატომ უნდა დამორჩილებოდნენ რომს. ბანკორის მონასტრის წინამძღვარმა ბრიტანელი სამღვდელოების სახელით ავგუსტინეს ასეთი პასუხი გასცა: "ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, სიყვარული და ძმური მორჩილება გამოვიჩინოთ ყოველი ღმრთისმოსავი ქრისტიანისა და ყოველი მღვდელმთავრის, მათ შორის - რომის ეპისკოპოსის წინაშე, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოითხოვთ განსაკუთრებულ მორჩილებას იმისა, ვისაც თქვენ პაპს და მამათა მამას უწოდებთ". მიუხედავად ამისა, შვიდმა ბრიტანელმა ეპისკოპოსმა და რამდენიმე ბერმა დანიშნულ კრებაზე წასვლა მაინც გადაწყვიტეს. რჩევა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ ავგუსტინესთან ურთიერთობისას, ერთ პატივცემულ მეუდაბნოეს ჰკითხეს. მეუდაბნოემ, იმ შემთხვევაში, თუ კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ღმრთის კაცი გამოდგებოდა, დამორჩილება ურჩია. უთხრა, რომ უკეთუ იგი, მსგავსად მაცხოვრისა, მშვიდი და თავმდაბალი იქნებოდა და როგორც მოწაფე ქრისტესი - მისი უღლის მატარებელი, მაშინ სხვა უღელს არც მათ დაადგამდა და ამიტომ უნდა დამორჩილებოდნენ.

- მაგრამ როგორ გამოვიცნოთ, ღმრთის კაცია იგი თუ არა? - ჰკითხეს კრებაზე წასვლის მსურველებმა. მეუდაბნოემ მიუგო, რომ თუ კრებაზე მისულებს ავგუსტინე ფეხზე ადგომით შეეგებებოდა და მიესალმებოდა, მაშინ იგი ღმრთის კაცად უნდა მიეჩნიათ.

კრებაზე მისულ ბრიტანელებს ავგუსტინე არამცთუ ფეხზე ადგომით შეეგება, არამედ მბრძანებლური კილოთი მოსთხოვა მისი მეთაურობის ცნობა და ანგლო-საქსების მოსაქცევად მისი ხელმძღვანელობით მოქმედება. შეურაცხყოფილმა ბრიტანელებმა უპასუხეს, რომ სურვილი არ ჰქონდათ მტრებთან ურთიერთობისა, სანამ ისინი ძალით მიტაცებულ მიწებს არ დააბრუნებდნენ, თანაც დასძინეს: "რაც შეეხება მას, ვინც ფეხზე არ წამოგვიდგა მაშინ, როცა იგი ჩვენი თანასწორია, არ დავთანხმდებით, უფროსად ვაღიაროთ".

- თუ ასეა, - განუცხადა ავგუსტინემ, - თუ ძმებთან მშვიდობა არ გსურთ, მაშინ ომი გექნებათ მტრებთან. რაკი არ გინდათ, საქსონელებს ჩემთან ერთად უჩვენოთ გზა ცხოვრებისა, მაშინ ისინი თქვენთვის სიკვდილის მაუწყებელნი იქნებიან.

ისინი ერთმანეთს მტრებად დაშორდნენ. ავგუსტინეს მუქარა ახდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ანგლო-საქსების ერთ-ერთი მეფე, კერპთაყვანისმცემელი ედელფრიდი, უეცრად დაესხა თავს მხარეს, სადაც ბანკორის მონასტერი იდგა, მის წინააღმდეგ გამოსული მთიელები დაამარცხა, მონასტერი დაარბია და ორასამდე ბერი ამოხოცა. რომაელი სამღვდელოების მიერ ახალმოქცეულებმა ამაში ავგუსტინეს წინასწარმეტყველების სასწაულებრივი ახდენა დაინახეს. სამაგიეროდ, ბრიტანელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მტერი მათზე თავდასხმისკენ თავად ავგუსტინემ წააქეზა. ამ ფაქტმა ძველბრიტანულსა და ახალრომაულ ეკლესიას შორის მტრობა კიდევ უფრო გააღვივა. ნაცვლად იმისა, რომ საერთო სიკეთისთვის ერთიანი ძალისხმევით ეღვაწათ, ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. რომაელი სამღვდელოება ძველ ეკლესიას ერეტიკულად მიიჩნევდა და ისევე გულმოდგინედ ცდილობდა მის აღმოფხვრას, როგორი გულმოდგინებითაც კერპთაყვანისმცემელთა მოქცევისთვის იღვწოდა. თავის მხრივ, ბრიტანულმა ეკლესიამ კიდევ უფრო შეუპოვრად, ჯიუტად დაიწყო დაცვა ძველი ადათებისა და თავის გადმოცემას, გადმოღებულს მცირე აზიის ეკლესიებისა და იოანე მოციქულის მოწაფეებისგან, უპირისპირებდა პეტრე მოციქულის დადგენილებებს, რომლის სახელითაც მას რომის მომხრეები ელაპარაკებოდნენ. ამგვარად, საერთო ეკლესიურ ცხოვრებას იგი კიდევ უფრო გაუუცხოვდა და ბრიტანელებისა და მეომარი მთიელების გულში უცხო ხელისუფალთა წინააღმდეგ მტრობასთან ერთად უცხო ეკლესიის ღრმა სიძულვილის გრძნობის გაღვივებასაც უწყობდა ხელს.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1