ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (+431) - 09 (22 ) სექტემბერი
ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (+431) - 09 (22 ) სექტემბერი
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450 წლები) ზეობისას და კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431 წლები) ცრუსწავლების განსასჯელად მოიწვიეს.

კრება 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის დაინიშნა. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.

ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზის მიწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა.

მაშინ მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა.

კრების სხდომები 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე გრძელდებოდა. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: კირილე ალექსანდრიელი, იუბენალ იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)...

შეკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმინდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი.

ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმინდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის "თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ".

ნესტორიანელობის შესახებ

ანტიოქიელი პრესვიტერი, ნესტორი 428 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. მას პატივს სცემდნენ მკაცრი ცხოვრების, განსწავლულობისა და მჭევრმეტყველებისთვის. ნესტორი გასაქანს არ აძლევდა არიანელებსა და სხვა ცრუმასწავლებლებს, დაუნდობლად ამხელდა საეკლესიო წესებიდან უმცირეს გადახვევასაც კი.

ერთხელ პატრიარქის კლიროსის პრესვიტერმა ტაძარში ქადაგების დროს გამოთქვა აზრი, რომ, არ არის მართებული, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ეწოდებოდეს ღვთისმშობელი.

გაოცებული მსმენელი ელოდა, რომ პატრიარქი უმალ უარყოფდა ამ შეხედულებას, მაგრამ პირიქით მოხდა - მან რამდენიმე ხნის შემდეგ დაადასტურა პრესვიტერის სიტყვები და განმარტა, რომ ყოვლადწმინდა ქალწულს უნდა ეწოდოს ქრისტეს მშობელი და არა ღვთისმშობელი, რადგან მან შვა არა ღმერთი, არამედ უბრალო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მოგვიანებით, მისი წმინდა ცხოვრების გამო შეუერთდა ღმერთი.

ამ მკრეხელურმა აზრმა, რაც უკვე დაგმო ეკლესიამ პირველ საუკუნეებში, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. პრესვიტერმა პროკლემ მაშინვე ამხილა ნესტორის შეხედულებათა მცდარობა, მაგრამ ეს უკანასკნელი მათ დაცვას განაგრძობდა.

მისი მომხრე ერთი ეპისკოპოსი იმდენად გაკადნიერდა, რომ სახალხოდ დაწყევლა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულს ღვთისმშობლად მოიხსენიებდა. ხალხის აღშფოთება სულ უფრო იზრდებოდა, მაგრამ ნესტორი იმპერატორისა და კარისკაცთა კეთილგანწყობით სარგებლობდა და დაუბრკოლებლად ავრცელებდა თავის სწავლებას კონსტანტინოპოლში, ხოლო შორეულ ეკლესია-მონასტრებში წერილობით აწვდიდა ამ მოძღვრებას.

ამ საუბრებმა ეგვიპტემდეც მიაღწია, რამაც მონაზონთა ისეთი გულისწყრომა გამოიწვია, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა, წმინდა კირილემ, საჭიროდ ჩათვალა, ზომები მიეღო თავისი სამწყსოს დასაცავად ცრუსწავლების გავლენისგან. სასულიერო პირებისა და მონაზვნებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში მან ცხადად ამხილა ახალი შეხედულების მცდარობა, თუმცა ნესტორის სახელის ხსენებას მოერიდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელს მისწერა წერილი, სადაც გმობდა მის მწვალებლურ აზრებს.

წმინდა კირილე, რომელმაც გარკვეული ხანი ნიტრიის უდაბნოში დაყო, 412 წლიდან ალექსანდრიის პატრიარქი იყო. მან შეცვალა თავისი ბიძა, ეპისკოპოსი თეოფილე ალექსანდრიელი, რომელიც ემტერებოდა წმინდა იოანე ოქროპირს.

კონსტანტინოპოლში მღელვარება გამძაფრდა. ხალხზე გავლენის შესანარჩუნებლად პატრიარქმა ძალას მიმართა: თავის მოწინააღმდეგეებს ქადაგება აუკრძალა, ბევრი პრესვიტერი ერესში დაადანაშაულა და განკვეთა.

კირილემ იმპერატორის, მისი დისა და დედოფლისადმი მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება ძე ღვთისას განხორციელების შესახებ. იმავდროულად დაუკავშირდა პაპ ცელესტინს და მოუწოდა, ჭეშმარიტების დასაცავად ემოქმედა.

430 წელს რომში მოწვეულმა კრებამ დაგმო ნესტორი და განაჩინა მისი დამხობა, თუ ცრუსწავლებას არ განუდგებოდა. იგივე გადაწყვეტილება დაადასტურა კირილეს მიერ ალექსანდრიაში მოწვეულმა კრებამ. კირილემ ისევ მისწერა ნესტორს და კრების სახელით გაუგზავნა ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი გადმოცემა, რომელსაც დაურთო თორ-მეტი "ანათემატიზმი", ანუ ცრუსწავლების თორმეტპუნქტიანი დაგმობა.

ნესტორმა და მისმა მიმდევრებმა უარყვეს ანათემატიზმები და თავიანთი მხრიდან კირილე ერესში დაადანაშაულეს. უთანხმოება გამძაფრდა... რომსა და ალექსანდრიაში მოწვეულ კრებებს საქმის საბოლოოდ გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ეკლესიაში უპირატეს ხმას არც რომის ეპისკოპოსი ფლობდა და არც ალექსანდრიისა. მაშინ თეოდოსიმ გადაწყვიტა ქალაქ ეფესოში III მსოფლიო კრების მოწვევა. ის უნდა გახსნილიყო 431 წლის 7 ივნისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში.

კირილე და რამდენიმე ეპისკოპოსი დათქმულ დრომდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ ეფესოში. ჩავიდა ნესტორიც და საკუთარი უსაფრთხოების მიზნით იმპერატორს შეიარაღებული დაცვა სთხოვა.

იმპერატორმა თხოვნა შეუსრულა, თანაც გამოგზავნა სამოქალაქო პირი - დიდებული, რომელსაც უბრძანა, კრების სხდომებს დასწრებოდა, ოღონდ საღვთისმეტყველო პაექრობაში არ ჩაბმულიყო და მხოლოდ წესრიგის დაცვისთვის ედევნებინა თვალყური. ეს დიდებული და ბევრი ეპისკოპოსი ნესტორს ემხრობოდნენ. მთელი აღმოსავლეთი ღე-ლავდა, თუ როგორ გადაწყდებოდა წამოჭრილი საკითხი.

დათქმული დროც მოვიდა... მაგრამ ეფესოში ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩასულნი პაპის წარმომადგენლები, ანტიოქიის პატრიარქი იოანე და სირიის ეპისკოპოსები. ცნობილი იყო, რომ ანტიოქიის პატრიარქიც და ეპისკოპოსებიც ნესტორს ემხრობოდნენ, ამიტომ ყველა ეჭვობდა, განგებ ხომ არ იგვიანებდნენ, რათა ნესტორის მხილებაში არ მიეღოთ მონაწილეობა ან ჰქონოდათ მიზეზი, წინ აღდგომოდნენ დაგმობას, თუკი ის გამოცხადდებოდა.

თექვსმეტდღიანი ლოდინის შემდეგ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, მათ გარეშე გაეხსნათ კრება კირილეს თავმჯდომარეობით. სამჯერ მიიწვიეს ნესტორი, მაგრამ მან უკანონოდ მიიჩნია კრება ზოგიერთი ეპისკოპოსის დაუსწრებლობის გამო და მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

იმავე აზრს მიემხრნენ იმპერატორის გამოგზავნილი დიდებული და ნესტორის სხვა მიმდევრები. მიუხედავად ამისა, რადგანაც უმრავლესობა კრების გახსნას უჭერდა მხარს, სხდომები დაიწყო...

უპირველესად, ხმამაღლა წაიკითხეს სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო, როგორც ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების გადმოცემა, შემდეგ კირილეს მხილება ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულებები. ყველამ ერთსულოვნად აღიარა, რომ კირილეს შეხედულებანი ნიკეის მრწამსს ეთანხმებოდა, ხოლო ნესტორის განმარტებანი მიუღებელი იყო.

შემდეგ წაიკითხეს გამონათქვამები ეკლესიის დიდი მამების ნაწერებიდან იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. ნესტორი ერთსულოვნად დაგმეს მწვალებლური სწავლებისთვის და ჩამოართვეს ეპისკოპოსის ხარისხი. ეს განჩინება გამოცხადდა საჯაროდ და ეცნობა იმპერატორს.

ეფესოს მსოფლიო კრებაზე მიიღეს რვა კანონი, რასაც ორასზე მეტმა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი. ამ კანონთაგან ერთ-ერთი კრძალავდა სარწმუნოების ახალი სიმბოლოს შედგენას ან რაიმეს შეცვლას ნიკეის სიმბოლოში. ხოლო ეკლესიის დოგმატი ძე ღვთისას განხორციელების შესახებ შემდეგი სიტყვებით ჩამოყალიბდა:

"ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ღმერთი სრულყოფილი და კაცი სრულყოფილი, სხეულითა და გონიერი სულით; რომ იგი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისგან ღვთაებრივად და უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის იშვა ქალწულ მარიამისგან კაცობრივად. ამრიგად, აღსრულდა შეერთება ორი ბუნებისა, რისთვისაც ვაღიარებთ ერთ ქრისტესა და ერთ უფალს".

ტროპარი:

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარმწუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდედა შენდა.

ბეჭდვა
1კ1