თექვსმეტი წლისა ვიყავი და ღმერთზე არ ვფიქრობდი, თითქოს არც ვიცოდი იგი
თექვსმეტი წლისა ვიყავი და ღმერთზე არ ვფიქრობდი, თითქოს არც ვიცოდი იგი
რომაელთა მიერ დაპყრობილ ბრიტანეთში ღმრთის სიტყვა ქრისტიანობის პირველ საუკუნეშივე გაისმა. აქ ჭეშმარიტი სარწმუნოების პირველ მქადაგებლებად მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს გვერდით გადმოცემა არისტობულესა და იოსებ არიმათიელსაც ასახელებს. როგორც მკვლევარები ფიქრობენ, შემდეგში ამ ქვეყანას მახარებლები აღმოსავლეთიდან ესტუმრნენ. ამ ვარაუდს ისიც ადასტურებს, რომ ბრიტანეთის ეკლესიამ მცირე აზიის უძველეს ეკლესიათა ადათ-წესები დიდხანს შემოინახა.

მიუხედავად იმისა, რომ რომაელები ბრიტანეთში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ბატონობდნენ, ამ ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთის დაპყრობა ვერაფრით მოახერხეს. ვალისის მთებსა და კალედონიის (ჩრდილოეთ შოტლანდია) ტყეებში, კუნძულ ერინაზე ანუ იბერნიაზე (ახლანდელი ირლანდია) ბრიტანეთის მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელიც მოგვიანებით სამხრეთიდან მოსულმა გალებმა და კიმრებმა, იმავე პიქტებმა და სკოტებმა, შეავიწროვეს. ადგილობრივი ტომები მხოლოდ თავიანთ დამოუკიდებლობას კი არ იცავდნენ მამაცურად, არამედ ხშირად რომაელთა მიერ დაპყრობილ ოლქებსაც ესხმოდნენ თავს. ქრისტიანობის შესახებ მათ თითქმის არაფერი იცოდნენ. შესაძლოა, მქადაგებლებმა იქამდეც მიაღწიეს, მაგრამ მათი სწავლება დროთა განმავლობაში ადგილობრივ რელიგიას შეერწყა და დაიკარგა.

ხალხს უმთავრესად ქურუმები ანუ დრუიდები მართავდნენ, მხედრული სულისკვეთებით ზრდიდნენ და ბოროტებასთან შეურიგებლობას ასწავლიდნენ. თავისუფლებისმოყვარე მთიელები ათვალწუნებით უყურებდნენ ბრიტებს, რომლებიც რომის ხელისუფლებასა და რომის სამოქალაქო წესრიგს ემორჩილებოდნენ. თავდასხმებისას ისინი ქალაქებს არბევდნენ და მდიდრულ ნადავლთან ერთად ტყვეებიც მიჰყავდათ. მათ ნაწილს მონებად ყიდიდნენ, ნაწილს კი თავიანთ მინდვრებში ამუშავებდნენ.

მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში მთიელებმა სხვა ტყვეებთან ერთად თექვსმეტი წლის ყრმა, სახელად სუკატი (პატრიკი) შეიპყრეს და ირლანდიაში წაიყვანეს. პატრიკი ირლანდიელთა ერთ-ერთი ბელადის საკუთრება და მისი ჯოგების მწყემსი გახდა. იგი ახლანდელი შოტლანდიის სამხრეთში იყო დაბადებული დიაკვნის ოჯახში და, ბუნებრივია, ყრმობიდანვე ქრისტიანული სჯულის კანონებით იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, ვიდრე მშვიდ, ოჯახურ გარემოში ცხოვრობდა, სარწმუნოებისადმი არათუ განსაკუთრებულ ინტერესს, არამედ ერთგვარ გულგრილობასაც კი იჩენდა, მაგრამ როცა თავს უბედურება დაატყდა და თავისუფლება დაკარგა, მისი ერთადერთი ნუგეშისმცემელი სწორედ სარწმუნოება გახდა.

პატრიკი განუწყვეტლივ ლოცულობდა და გასაჭირის გადატანაში შემწეობას ღმერთს ევედრებოდა, რომელიც მხურვალედ შეიყვარა. შემდეგში იგი წერდა: "თექვსმეტი წლისა ვიყავი და ღმერთზე არ ვფიქრობდი, თითქოს არც ვიცოდი იგი, მაგრამ უცხო ქვეყანაში უფალმა სული ჩემი გაუღო წმინდა სარწმუნოებას, ცოდვანი ჩემნი გავიხსენე და მთელი გულით მოწყალე ღმერთს მივმართე, რომელმაც, მიხილა რა გასაჭირსა შინა, ჩემი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო შემიბრალა და ვითარცა მამა შვილს მიცავდა და მანუგეშებდა".

ექვსი წლის შემდეგ პატრიკი გათავისუფლდა, მაგრამ მალე ისევ ჩავარდა ტყვედ. ამჯერად იგი გალიაში წაიყვანეს, სადაც ქრისტიანებმა გამოისყიდეს. სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, ყოველივე დაეტოვებინა და უფლის სამსახურს შესდგომოდა - ღმრთის სიტყვა ექდაგა იმ ქვეყანაში, სადაც მონად იყო. იგი თავდაპირველად გალიას ესტუმრა და იქაური მონასტრები მოინახულა. გალიის ჩრდილოეთ ნაწილს, არმორიკას, უკვე მაშინ ეწოდებოდა მცირე ბრიტანია ან ბრეტანია იმ ბრეტანელებისგან, რომელნიც ამ მხარეში ჯერ კიდევ III საუკუნეში ჩამოსახლდნენ და უცხო მხარეში ქრისტეს რწმენა და მშობლიური ენა შეინარჩუნეს. ადგილობრივ მოსახლეობაში სარწმუნოება თავისუფლად ვრცელდებოდა და პატრიკს შეეძლო, იქ დაფუძნებულ მონასტრებში ბევრი რამ ესწავლა.

ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, პატრიკი რომში ჩავიდა, რათა პაპისთვის ირლანდიაში ქადაგების კურთხევა ეთხოვა, მაგრამ ამ ცნობის ნამდვილობას მომდევნო მოვლენები საეჭვოს ხდის, იგი უფრო გვიანდელი გამონაგონი უნდა იყოს ლათინებისა, რომელთაც ძველ ეპოქაში ავტორიტეტის წარმოჩენით იმის დამტკიცება სურდათ, თითქოს რომის ეკლესია თავიდანვე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. ას წელიწადზე მეტი იყო გასული პატრიკის გარდაცვალებიდან, პაპმა გრიგოლმა კი ბრიტანეთის შესახებ არაფერი იცოდა. ამასთან, კარგად ჩანს, რომ გრიგოლ დიდის დროსაც კი პაპის ძალაუფლება არც ისე დიდი ყოფილა, რომ შორეულ ქვეყნებში ქადაგების მსურველს მისგან კურთხევის აღება დასჭირვებოდა.

არსებობს გადმოცემაც, რომლის მიხედვითაც, ვიდრე პატრიკი იქადაგებდა, პაპმა ირლანდიაში საქადაგებლად პალადიუსი წარგზავნა, მაგრამ ამ ქვეყანაში მისი მოღვაწეობის შესახებ არავითარი ცნობა არ შემონახულა, პატრიკის მოღვაწეობა კი უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა, რისთვისაც მას სამართლიანად მიიჩნევენ ირლანდიის განმანათლებლად.

KARIBCHE
წმინდა პატრიკის საფლავი

ამ მხარის ზნე-ჩვეულებათა და ენის ცოდნა პატრიკს მიზნის მიღწევაში დიდად დაეხმარა. ღმერთმა მისი მოღვაწეობა აკურთხა და მან მოკლე დროში მრავალი სულის გადარჩენა შეძლო. ხალხი ღია ცის ქვეშ, გაშლილ ველზე ან ტყეში იკრიბებოდა და ყურადღებით უსმენდა მქადაგებელს, რომელიც მაცხოვრის ცხოვრებასა და სასწაულებზე მარტივად და გასაგებად მოუთხრობდა. მსმენელთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა, ცხოველი სიტყვა ანათებდა და ათბობდა ადამიანთა გულებს. ისინი კერპებს, რომელთაც აქამდე ბრმად სცემდნენ თაყვანს, თავიანთი ხელით ამხობდნენ და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ეკლესიებს აშენებდნენ.

სამაგიეროდ, პატრიკი ქურუმებმა შეიძულეს, რომელთაც მისი ქადაგებების წყალობით ხალხზე გავლენა დაკარგეს. პატრიკის სიცოცხლეს მრავალგზის დაემუქრა საფრთხე, მაგრამ მის გულს შიში არ გაჰკარებია. ქადაგების შედეგად მოპოვებული წარმატების განსამტკიცებლად მან ანბანი შეადგინა, გალიიდან წმინდა წერილის წიგნები გამოიწერა და რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომელთაც მქადაგებლები და მოძღვრები უნდა აღეზარდათ.

ღვაწლი წმინდა პატრიკისა, რომელიც გარდაცვალებამდე (460წ.) მოუღალავად შრომობდა, ისეთი ნაყოფიერი გამოდგა, რომ შემდეგში, როცა კერპთაყვანისმცემლობის ბატონობის შედეგად თითქმის მთელმა ბრიტანეთმა დაკარგა ქრისტიანული განათლება, სარწმუნოების სიწმინდე მხოლოდ ირლანდიამ შეინარჩუნა. ამ ქვეყანაში სულიერი ცხოვრება აღმავლობას განიცცდიდა: წმინდა წერილის შესასწავლად მის მონასტრებში გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობდა, იქ აღზრდილ მქადაგებლებს ჭეშმარიტების ნათელი დასავლეთ ევროპაშიც, კერძოდ, გალიის ნაწილში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაშიც მიჰქონდათ. ამიტომაც იდიდებოდა მთელ სამყაროში შორეული ირლანდია "წმინდანთა კუნძულის" სახელწოდებით.

420 წლის მახლობლად რომმა, რომელსაც ჯარი უკვე საკუთარი თავის დასაცავად სჭირდებოდა, ბრიტანეთიდან ლეგიონები გამოიხმო. ამის გამო ჩრდილოეთის მეომარი ტომებისგან თავის დაცვა ბრიტანელებს კიდევ უფრო გაუჭირდათ და დახმარება მდინარე ელბის ნაპირებზე მცხოვრებ ანგლო-საქსებს სთხოვეს. ანგლო-საქსები გაბედული მეზღვაურები იყვნენ და მანამდე ბრიტანეთის ნაპირებს ხან სავაჭროდ და ხან გაძარცვის მიზნით ხშირად მისდგომიან. ძმების გენგისტისა და გორზას წინამძღოლობით ანგლო-საქსები ბრიტანეთში დაახლოებით მეხუთე საუკუნის შუა ხანებში გადავიდნენ. მათ ჩრდილოელები მოიგერიეს, მაგრამ გაწეული სამსახურის საზღაურად ბრიტანელებისგან სანაპიროს რამდენიმე ოლქი და კუნძული მოითხოვეს.

ბრიტანელები მალე დარწმუნდნენ, რომ ანგლო-საქსების სახით არა მოკავშირენი, არამედ დამპყრობლები მოიწვიეს. მათ უცხო მიწაზე მყარად მოიკიდეს ფეხი, ადგილობრივი მოსახლეობა შეავიწროვეს და ზედიზეც დააარსეს რამდენიმე პატარა სამეფო, რომელთაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. ბრიტანელების ნაწილი მათ ხელისუფლებას დაემორჩილა, ნაწილი არმორიკაში, მონათესავე მოსახლეობასთან გადასახლდა, მათ კი, ვინც ანგლო-საქსების სიძულვილმა ძველ მტრებთან შეარიგა, თავშესაფარი ჩრდილოეთში პოვეს.

ჩრდილოეთ კალედონიისა და ვალისის მეომარმა მთიელებმა უცხო ძალის ქვეშევრდომობა, ისევე როგორც თავის დროზე რომაელებისა, არ მოისურვეს და თავისუფლების შესანარჩუნებლად დიდხანს თავდადებით იბრძოდნენ. სამწუხაროდ, უთანასწორო ბრძოლაში მათი ძალები ამოიწურა. საქსონიის ნაპირებიდან ხომალდებს დამპყრობელთა ახალი და ახალი ჯგუფები მოჰყავდა... გარდა ვალისის ყველაზე მიუდგომელი მთიანი ნაწილისა, თანდათანობით მთელი ქვეყანა ანგლო-საქსების ძალაუფლების ქვეშ მოექცა. აქედან მოყოლებული, დამპყრობელთა ერთ-ერთი ტომის სახელწოდების მიხედვით, ბრიტანეთს ინგლისი ეწოდა.

დამპყრობლები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და, ბუნებრივია, დაპყრობილ ხალხს მათ შორის ქრისტიანობის გავრცელება, მით უმეტეს - იმ ბრძოლის პირობებში, რომელსაც მათ წინააღმდეგ ეწეოდნენ, გაუჭირდებოდა. ამასობაში ჭეშმარიტი რწმენა თვით ბრიტანელთა შორისაც შესუსტდა. მეხუთე საუკუნის დასაწყისში ბრიტანული ეკლესია პელაგიუსის ერესით დაავადდა. მთიან ჩრდილოეთში ეკლესიის საერთო ცხოვრებას მოწყვეტილ ქრისტიანულ სწავლებას უფრო და უფრო ერწყმოდა კალედონიელთა მითოლოგიური გადმოცემები, რომლებიც ქურუმებმა - დრუიდებმა - და სახალხო მომღერლებმა შემოინახეს. სულიერ ცხოვრებას ქვეყანაში ბურჯად მხოლოდ ირლანდიელ ქრისტიანთა ღვაწლი ედგა. მოშურნე მქადაგებლებმა, ნინიანმა და ირლანდიელმა კოლუმბამ, ღმრთის სიტყვა კალედონიელ პიქტებთან მიიტანეს და სანაპირო კუნძულებზე ირლანდიურ მონასტერთა მსგავსი მონასტრები დააარსეს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოლუმბას მიერ კუნძულ იონზე დაფუძნებული სავანე იყო. იგი შემდგომში ადგილობრივ მახარებელთა სულიერი მოღვაწეობის ცენტრად იქცა. კალედონიის პიქტების მოციქული კოლუმბა კალედონიის მთელ ეკლესიას მართავდა და მცირე აზიის ეკლესიებიდან გადმოცემული ძველი ადათების მტკიცედ დაცვას ცდილობდა.

ამ მონასტრებიდან მახარებლები ხშირად სამხრეთსაც აკითხავდნენ. ვილფრიდმა, რომელიც ვალისიდან სამხრეთში ხშირად ჩადიოდა, ქადაგებით ანგლო-საქსების ნაწილი მოაქცია. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ დამპყრობლებთან ბრძოლაში ბრიტანული სამღვდელოება მხარს თავის ხალხს უჭერდა, რის გამოც ანგლო-საქსთა შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების გასავრცელებლად თითქმის არაფერი კეთდებოდა. ამგვარი ვითარება დაახლოებით საუკუნე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1