ხსენება ნიკეაში მომხდარი უდიდესი სასწაულისა, როდესაც ბასილი დიდმა ლოცვით გააღო კათოლიკე ეკლესიის კარი და გადასცა ეკლესია მართლმადიდებლებს - ხსენება 19 (01.02) იანვარი
ხსენება ნიკეაში მომხდარი უდიდესი სასწაულისა, როდესაც ბასილი დიდმა ლოცვით გააღო კათოლიკე ეკლესიის კარი და გადასცა ეკლესია მართლმადიდებლებს  - ხსენება 19 (01.02) იანვარი
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.

როგორც ცნობილია, იგი არიანელმა ეპისკოპოსმა, ევდოქსიმ მონათლა და სიტყვა ჩამოართვა, არიანელთა ინტერესები დაეცვა.

ფაქტია, რომ ვალენტიმ სიტყვა შეასრულა და აღსაყდრებისთანავე ჩაუდგა სული კონსტანციუსისჟამინდელ არიანულ პარპაშს.

მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ, ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, წმინდა ბასილი დიდი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში, სადაც ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად - დღეში ორჯერაც, - დილით და საღამოს. ამ ხანებშივე შექმნა საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები "ექუსთა დღეთათვის", ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნთა განმარტებანი, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - "ასკეტიკონი" (ეფრემ მცირის თარგმანით - "სამოღვაწეო წიგნი") და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის, ევნომიურსის წინააღმდეგ.

იმპერატორ ვალენტის ბრძანებით, მართლმადიდებელი ეპისკოპოსნი არიანელებმა შეცვალეს, უმალ დაიხურა ან არიანელთ გადაეცა ტაძრები და, იმპერატორისავე ბრძანებით, კონსტანციუსის მიერ განდევნილ და იულიანესაგან დაბრუნებულ მღვდელმთავართ კვლავ მოუწიათ კათედრათა დატოვება, რის გამოც იმპერატორს მიმართეს:

- ვიდრე ჩვენზე შენს ბრძანებას აღასრულებდე, გთხოვ, ბასილი დიდს ნება მისცე, არიანელებთან სარწმუნოებრივ კამათში ჩაებას და თუ ბასილი დამარცხდება, უსიტყვოდ დაგემორჩილებითო!

ხელმწიფე დათანხმდა და ბასილი ნიკეას მიიწვია. ნეტარმა მამამ აუწყა, რომ არიანელებთან დაპირისპირებაში მათ თვით უფალი განსჯიდა, ტაძრის კარის ჩარაზვა ბრძანა და არიანელთ მიმართა:

- თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ამ კარის მეოხებით შემიძლია, დაგარწმუნოთ, თუ ვისი რწმენაა ჭეშმარიტი... თუ კარი თქვენი ლოცვით განიღო, გვეუწყება, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა, ხოლო თუ იგი ჩვენმა ლოცვამ განხსნა, უნდა აღიაროთ, რომ თქვენ კი არა, მართლად ჩვენ ვადიდებთ უფალსო!

არიანელნი დათანხმდნენ და ლოცვა იწყეს: - დილიდან საღამომდე არ შეუწყვეტიათ ვედრება, მაგრამ დახშული კარი ოდნავაც კი არ შერხეულა...

როდესაც მართლმადიდებელთა ჯერი დადგა, წმინდა ბასილი სამღვდელო დასით და მრევლითურთ მიბრძანდა ტაძართან, მუხლი მოიყარა და როგორც კი ლოცვა იწყო, იქუხა და ტაძრის კარი მყისვე გაიხსნა.

ამ ამბავმა იქ მყოფნი შეაძრწუნა და ყველამ ადიდა უფალი, ხელმწიფემ კი, დაპირებისამებრ, ბრძანა, ტაძრები კვლავ მართლმადიდებელთათვის დაებრუნებინათ, თავად ბასილი ძვირფასი საბოძვრით დაასაჩუქრა და პატივით გაისტუმრა...
ბეჭდვა
1კ1