ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნა - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნა - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს. ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმინდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს, უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული: გათხარეს დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი, იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს. მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. იმისთვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო (როგორც ცნობილია, მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს), პატრიარქმა მაკარმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. ერთ-ერთი ჯვრის შეხებისას, იგი გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება ვერ შეძლო. მაშინ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შესძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა. წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე.

14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ელენემ შვილს საჩუქრად წაუღო წმინდა ჯვრის ნაწილი და მასთან ერთად ნაპოვნი სამსჭვალები. ჯვრის დარჩენილი ძელი კი ჩაასვენეს ვერცხლის სანაწილეში და კრძალვით ინახავდნენ იერუსალიმში. დიდ პარასკევს მას გოლგოთაზე მიასვენებდნენ და თაყვანს სცემდნენ.

ბეჭდვა
1კ1