გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა, ანუ ეკლესიურისა ახალისა წელიწადისა - 1 სექტემბერი (14 სექტემბერი)
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა, ანუ ეკლესიურისა ახალისა წელიწადისა - 1 სექტემბერი (14 სექტემბერი)
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა (ანუ მარტიდან, ქვეყნის შესაქმის თვიდან, მეშვიდე თვეს - სექტემბერს).

ამ თვეს ადამიანებს უნდა დაეთმოთ ცხოვრებისეული ამაოება და მხოლოდ ღმერთი განედიდებინათ. რა იყო მიზეზი ამ დღესასწაულის დადგენისა? "შვიდი" საკრალური რიცხვია, ექვს დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო და მეშვიდე დღეს დაისვენა. ასევე მისცა მცნებად ადამიანებს, ექვს დღეს ემუშავათ, ხოლო მეშვიდე დღე უფლისთვის მიეძღვნათ.

ამის გარდა, სწორედ მეშვიდე თვეს დაიკლო წარღვნის წყლებმა და ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. ამავე თვეს მოსე წინასწარმეტყველი ჩამოვიდა სინას მთიდან და ქვის ორ ფილაზე ღვთის ხელით დაწერილი ათი მცნება ჩამოიტანა.

ამ თვეს იწყეს უფლის კარვის აგება ისრაიტელთა ბანაკში. ამ თვეში უფლის მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა წმიდა წმიდათაში და თავისთვის და კაცთა ცოდვებისთვის მსხვერპლს შესწირავდა ღმერთს. მეშვიდე თვეს ღვთის რჩეული ერი იმდაბლებდა სულს მარხვით და ღმერთს ყოვლადდასაწველს შესწირავდა.

ამავე თვეს საზეიმოდ აკურთხეს სოლომონისეული ტაძარი და შიგნით აღთქმის კიდობანი შეაბრძანეს. ამ თვიდან იწყებოდა ორმოცდაათი წლის ათვლა.

როცა ისრაელის ერმა აღთქმულ მიწაზე დადგა ფეხი, უფალმა მათ უბრძანა, ყოველი ორმოცდამეათე წლის დადგომა განსაკუთრებით ეზეიმა. არა მარტო ისრაელს უნდა დაესვენა, მათ მონებსაც, პირუტყვსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიწასაც კი.

ამ წელს, უფლის ბრძანებით, მიწას არ ხნავდნენ, არც თესავდნენ, არამედ ასვენებდნენ. თავთავს არ აგროვებდნენ, ყურძენს არ კრეფდნენ. ამ წელს მოვალეებს ვალებს პატიობდნენ, მონებს ათავისუფლებდნენ. ცდილობდნენ, ცოდვებით ღმერთი არ გაენაწყენებინათ. ეს ორმოცდაათწლიანი ციკლი იყოფოდა შვიდჯერ შვიდ წლად, ყოველ მეშვიდე წელს შაბათს ეძახდნენ. ექვს წელიწადს შრომობდნენ ისრაიტელნი და მეშვიდე წელს ისვენებდნენ. ყველა ეს წელი კი, უფლის ბრძანებით, მეშვიდე თვეს, ანუ, ლათინურად - სექტემბერში იწყებოდა.

პირველ სექტემბერს წელიწადი არა მარტო ძველი აღთქმის სჯულის მიხედვით იწყებოდა, არამედ წარმართული ინდიქტიონითაც. ამ ინდიქტიონზე კი მოგვითხრობენ: როცა ავგუსტუს კეისარმა დაამარცხა ანტონიუსი და კლეოპატრა (ეს პირველ სექტემბერს მოხდა), დაეუფლა ეგვიპტის მიწებს და იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ქვეშევრდომთაგან გადასახადის აკრეფა რომ გაადვილებოდა, 15-წლიანი ინდიქტიონი შემოიღო, რომელიც სამ ნაწილად იყოფოდა. ყოველ მეხუთე წელს ლუსტრუმს - ნათელს ეძახდნენ, ვინაიდან ბრწყინვალე კეისარს საკეისროს უხდიდნენ. ხალხი ამ დროს მხიარულობდა, ანთებდნენ ჩირაღდნებს, გადასახადის გადახდა არ უჭირდათ, მით უმეტეს, ხუთ წელიწადში ერთხელ.

მეხუთე წელს რკინა და სპილენძი გროვდებოდა, რომლითაც იარაღს ამზადებდნენ, მეათე წელს ვერცხლს კრებდნენ და ჯარისკაცთა ხელფასს ისტუმრებდნენ, მეთხუთმეტე წელს კი - რომში აკრეფილი ოქრო შეჰქონდათ.

დასრულდებოდა 15-წლიანი ციკლი ინდიქტიონისა და იწყებოდა ახალი, რომლის პირველ წელს ახალ წელს უწოდებდნენ.

პირველ სექტემბერს ინდიქტიონის დაწყების აღნიშვნის ტრადიცია ჩვენმა დედაეკლესიამაც მიიღო.

ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. იმ დღეს, როცა იუდეაში და მთელ მსოფლიოში ახალი წელიწადის დადგომას ზეიმობდნენ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიბრძანდა მშობლიურ ნაზარეთში და სინაგოგაში შევიდა, შაბათი დღე გახლდათ.

იუდეველები ამ დროს ჩვეულებისამებრ სინაგოგაში იყვნენ ხოლმე შეკრებილნი და წინასწარმეტყველთა წიგნებს კითხულობდნენ. მაცხოვარსაც მიაწოდეს წასაკითხად.

იესომ გადაშალა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი და წაიკითხა: "სული უფლისაჲ ჩემზედა, რომლისათჳის მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსვრილთა გულითა, ქადაგებად ტყვეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა და ქადაგებად წელიწადი უფლისაი შეწყნარებული" (ესაია 61,1-2).

იესომ წიგნი დახურა და განაცხადა, რომ იგი არის ჭეშმარიტი მესია, რომელზეც ამბობდა იმდღევანდელი საკითხავი. "და ყველანი ეწამებოდეს მას და უკვირდა სიტყვათა, ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა" (ლუკა 4,22).

ახალი წლის დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში დაადგინეს წმინდა მამებმა ნიკეაში, პირველ მსოფლიო კრებაზე. ეს იმ დროს მოხდა, როცა მეფე კონსტანტინე დიდმა დაამარცხა მაქსენციოსი, შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და დაადგინა თავისი ინდიქტიონი.


მაშინ წმინდა მამებმა ახალი წლის დღესასწაული დააარსეს, როგორც დასაწყისი ქრისტიანული თავისუფლებისა და მოსაგონებლად იმ დღისა, ოდეს იესო ქრისტემ სინაგოგაში შეკრებილ იუდეველებს უქადაგა "უფლის შეწყნარებულ წელიწადზე".

ამის შემდეგ ქრისტიანები დიდი კრძალვით ვზეიმობთ სექტემბრის პირველი დღის დადგომას (რა თქმა უნდა, ძველი სტილით). მაგრამ ეს უკვე არის ზეიმი არა ძველი აღთქმისა, არამედ ახალი მადლისა. ამ დღეს თვით სჯულმდებელმა, ციდან კაცთა მოდგმის ხსნისთვის გარდამოსულმა იესომ ადამიანთა გულებზე, "ფიცართა შინა გულისა ხორციელისათა", თავისი ღვთაებრივი ბაგეებით დაწერა სჯული ზეციური მამისა.

ტროპარი:

ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.

კონდაკი:

რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.
....................

აქვე ნახეთ:

ძვირფასო მკითხველო, გილოცავთ ახალ წელს - უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულს


ბეჭდვა
1კ1