მეხუთე მსოფლიო კრების ხსენება (+553) - 25 ივლისი (7 აგვისტო)
მეხუთე მსოფლიო კრების ხსენება (+553) - 25 ივლისი (7 აგვისტო)
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად. მონოფიზიტები ბრალს სდებდნენ ქალკედონის კრების მომხრეებს ფარულ ნესტორიანიზმში და ამის დასადასტურებლად იმოწმებდნენ სამ სირიელ ეპისკოპოსს (თეოდორე მოფსუეტელს, თეოდორიტე კვირელს და იბა ედესელს), რომელთა თხზულებებში ნამდვილად ჟღერდა ნესტორიანუ¬ლი შეხედულებები. მონოფიზიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა რომ გაეადვილებინა, კრებამ დაგმო სამი მოძღვარი ("სამი თავი"), ასევე ორიგენეს ცთომილებანი.

მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად კონსტანტინოპოლში ჩასვლა სთხოვეს პაპ ვიგილიუსს. აღმოსავლეთის ეპისკოპოსებსა და პაპებს შორის უთანხმოება დიდი ხნის დაწყებული იყო. რომის ეპისკოპოსი მძიმე დღეში აღმოჩნდა - ერთი მხრივ, ეშინოდა, არ დაეკარგა ტახტი იუსტინიანესადმი ურჩობის გამო; მეორე მხრივ, აღმოსავლეთის შეხედულებებს არ იზიარებდა აფრიკისა და იტალიის ბევრი ეკლესია. ბოლოს, საკუთარი მოსაზრების თუ ძლიერი იმპერატორის გადაკიდების შიშით, ვიგილიუსმა თანხმობა განაცხადა მიწვევაზე.

165 ეპისკოპოსისგან შემდგარმა კრებამ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქიოსის თავმჯდომარეობით, განიხილა "სამთა თავთა" ანუ ასურეთის ეკლესიის სამი მასწავლებლის საქმე; დაგმო თეოდორე მოფსუეტელი, აგრეთვე თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის ის შეხედულებანი, რაც ნესტორის ცრუსწავლებას ემთხვეოდა. კრებამ კიდევ ერთხელ დაგმო ნესტორისა და ევტიქიოსის სწავლებანი და საზეიმოდ დაადასტურა ქალკედონის კრების დადგენილებები. ამავე კრებამ XI ანათემატიზმში გაიმეორა ორიგენეს და მისი სწავლების დაგმობა (ის მანამდე დაგმეს იმპერატორ იუსტინიანეს ედიქტით 543 წელს).

პაპი ვიგილიუსი, რომელსაც კონსტანტინოპოლში იძულებით მოუხდა ცხოვრება შვიდი წლის განმავლობაში, რომში მას შემდეგ გაუშვეს, რაც კრების დადგენილებებს საჯაროდ დაეთანხმა. მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ, პელაგიუსმა, აღიარა მეხუთე კრება, რის გამოც რომის ეკლესიას გაემიჯნენ აფრიკის, აკვილეის, მილანის, რავენის, ისტრიისა და ვენეციის ეკლესიები. ეს განხეთქილება მხოლოდ 698 წლის შემდეგ შეწყდა, როცა აკვილეის კრებამ აღიარა V მსოფლიო კრება.

ხატის წყარო.
ბეჭდვა
1კ1