IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამათა ხსენება (+451)
IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამათა ხსენება (+451)
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.

IV მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა ქ. ქალკედონში, 451 წელს. კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა წმინდა ანატოლი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, გაიხსნა 8 ოქტომბერს და დასრულდა 1-ლ ნოემბერს. კრებაში მონაწილეობდა საქრისტიანო მსოფლიოს 630 ეპისკოპოსი.

კრების განხილვის უმთავრეს საკითხს შეადგენდა კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის ევტიქიოსის მწვალებლური სწავლების უარყოფა. ევტიქიოსი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა. კაცის ბუნება და კაცის ნებისყოფა კი ჩანთქმული იყო ღვთაებრივი ბუნებისა და ნებისყოფის მიერო. ამ სწავლას ეწოდება მონოფიზიტობა (ბერძ.), ანუ ერთბუნებიანობა. კრებაზე წაკითხულ იქნა პაპ ლევის წერილი, რომელშიც გადმოცემულია დოგმატი, რომ "იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარეშე; განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთპირად, შეურევნელად და განუყოფელად". IV მსოფლიო კრებამ, რომელსაც "ძეგლ მართლმადიდებლობისა" ეწოდა, განაჩინა, აღიაროს ქრის-ტეში შეერთება ორ ბუნებათა: განუყოფლად, განუყრელად, შეურევნელად და უქცეველად. 1) განუყოფლად ე.ი. ორი ბუნება შეერთებული ქრისტეში, არ შეადგენს ცალკე არსებულ პიროვნებას, არამედ ორივე ბუნება შეერთებულია ერთგვამოვნად. 2) განუყრელად ე.ი. შეერთება ორი ბუნებისა, დაწყებული ღვთის სიტყვის განხორციელების პირველ წამიდანვე, გაგრძელდა და გრძელდება მარადის. კაცობა იესო, ში არასოდეს არ ყოფილა განსაკუთრებულ პიროვნებად, არამედ მიღებულ იყო მისი ღვთაებრიობის პიროვნების ერთობაში ერთგვამოვნებად. 3) შეურევნელად - ე.ი. ორი ბუნება იესო ქრისტეში არ შერეულა ერთმანეთში ისე, რომ მათგან შემდგარიყო მესამე ბუნება, არამედ ორივე ბუნება იმყოფება მასში, როგორც ორი სხვადასხვაგვარი ბუნება. 4) უქცეველად ე.ი. ღვთის ძისაგან კაცური ბუნების მიღებით არ შეცვლილა არც ღვთაებრივი და არც კაცური ბუნება, არც ღვთაებრივი ბუნება ქცეულა კაცურად, არც კაცური ღვთაებრივად. თითოეული ბუნება, შეერთების შემდეგაც, დარჩა უცვალებელად და მთელად.

კრებამ ევტიქი და მისი თანამოაზრენი (მონოფიზიტები) განიოტა, ე.ი. განკვეთა, ქრისტიანულ მსოფლიოში მათ სწავლას მისდევს სომეხთა ეკლესია. კრებამ გამოსცა სულ 30 კანონი.

ბეჭდვა
1კ1