წმინდა კირილე და წმინდა მეთოდე
წმინდა კირილე და წმინდა მეთოდე
სლავთა განმანათლებლები
სლავთა განმანათლებლებისა და სლავური ანბანის შემქმნელების, წმინდა კირილესა და წმინდა მეთოდეს ქანდაკება უკრაინაში ბევრგან შეგხვდებათ. კიევ-პეჩორის ლავრის მოლოცვის დროს უფრო ნათელი გახდა, თუ რა დიდ პატივს მიაგებენ მათ სახელს. ლავრის ეზოში წმინდა კირილესა და მეთოდეს საკმაოდ მოზრდილი ქანდაკებებია აღმართული. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა უფრო საფუძვლიანად კიევში ყოფნის დროს გამაცნო მეგობარმა, სალომე ვარშალომიძემ:

- კირილე და მეთოდე საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ისინი ხორციელი ძმები იყვნენ. რვა ძმათა შორის, მეთოდე უფროსი იყო. მან ერისკაცობაში მოიხადა სამხედრო სამსახური. ათი წლის განმავლობაში იყო გუბერნატორი. შემდეგ გადადგა თანამდებობიდან და ცხოვრება სასულიერო გზით წარმართა. წმინდა მეთოდემ პატარა მონასტერში, პოლიხრონში, იღუმენის ხარისხი მიიღო. მონასტერში, მცირე აზიაში წავიდა, სადაც, ადგილობრივი მღვდელმთავრის კურთხევით, იღუმენი გახდა. მისი ძმა მეთოდე კი, დაახლოებით 852 წელს ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით იღუმენიც გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ კირილემაც სასულიერო გზა აირჩია.

კირილე ძმათაგან ყველაზე უმცროსი იყო. მას ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა უმაღლესი გონებრივი შესაძლებლობები. კირილე 15 წლისაც არ იყო, რომ კითხულობდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ღრმაშინაარსიან წიგნებს. ის მიიწვიეს მიქაელ II-ის შვილის მასწავლებლად.

იმპერატორმა ორივე ძმა გაგზავნა თურქულენოვან მომთაბარე ხალხთან სახარების საქადაგებლად. გზად ისინი ქალაქ კორსუნში შეჩერდნენ, სადაც წმინდა მამებმა სასწაულებრივად იპოვეს წმინდა მღვდელმოწამე კირილეს, რომის პაპის სხეული (ხსენების დღე 25 ნოემბერი-8 დეკემბერი). იქვე წმინდა კონსტანტინემ (ბერობაში კირილემ) რუსულ ენაზე დაწერილი სახარება და ფსალმუნი იპოვა. შემდეგ მოძებნა რუსულის მცოდნე ადამიანი და მისგან სლავური ენა შეისწავლა.

***
მეთოდეს დახმარებით, კირილემ სლავურ ენაზე საღვთისმსახურო წიგნები გადათარგმნა - სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები. რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა მსახურების სლავურ ენაზე ჩატარება. იტალიაში, რომში ყოფნის დროს, კირილემ სასწაულებრივად იხილა უფალი და გაიგო მისი აღსრულების დრო. ის აღიკვეცა სქემაში კირილეს სახელით. სქემის მიღებიდან 50 დღეში 869 წლის 14 თებერვალს მოციქულთასწორი კირილე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. წმინდა კირილემ დაავალა მეთოდეს მათი ერთობლივი საქმის გაგრძელება.

მეთოდემ მრავალი შრომისა და ღვაწლის შემდეგ იგრძნო აღსასრულის მოახლოება. შეატყობინა ერთ-ერთ მოწაფეს და გაანდო აღსრულების დღე. წმინდანი 885 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სამ ენაზე იგალობა: სლავურ, ბერძნულ და ლათინურ ენებზე ადიდა უფალი და მისი წმინდა სულიც უფალსვე შეავედრა. ის დაასაფლავეს ვალეგრადის მთავარ ტაძარში.

დიდია წმინდა მოციქულთასწორი ძმების - კირილესა და მეთოდეს ღვაწლი სლავი ხალხის წინაშე. შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიათა შვილებს. ამინ!

ბეჭდვა
1კ1