წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 01 (14) იანვარი
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 01 (14) იანვარი
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.
ხსენებული წესი დასაბამს აბრაამიდან იღებდა და შემდეგ სინას მთაზე მიღებული სჯულით განმტკიცდა, უფალი თვით მოსესაც კი სიკვდილით დაემუქრა, თუ თავის ვაჟზე ამ წესს არ აღასრულებდა.

ძველ აღთქმაში ეს წმინდა ჩვეულება უფალსა და აბრაამის შთამომავლობას შორის დადებული აღთქმის ნიშანი იყო და ქრისტიანული საიდუმლოს, - წმიდა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. წინადაცვეთა იყო ღვთივრჩეული ხალხის განმასხვავებელი ნიშანი და ისრაელის საზოგადოებაში აუცილებლად ითვლებოდა, ისევე, როგორც ქრისტიანობის მსურველის მონათვლაა აუცილებელი.

ნათლისღებაც და წინადაცვეთაც ვნებების მოკვდინებას, ჭეშმარიტ მორჩილებას და უფალთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს ნიშნავს.
მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული მოვლენები, - შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, იერუსალიმს დიდებით შესვლა და სხვანი, ქრისტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან გარდა ისტორიული თუ პოლიტიკური შინაარსისა, ღრმა მისტიკური მნიშვნელობაც აქვთ.

ამ მოვალენათა გამოწვლილვით შესწავლა გვეხმარება, ჩვენც გავიაროთ ის გზა, რომელიც მაცხოვარმა განვლო, თანავეხატოთ, საკუთარი ჯვარი ვიტვირთოთ, ვძლიოთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს და ქრისტეში გავიზარდოთ.

მაინც რა საჭირო იყო, განკაცებულ უფალს ჩვილობა, ყრმობა და სიჭაბუკე განეცადა? ნუთუ გაუჭირდებდა, ზრდასრული კაცის სხეული შეემოსა და ასე გამოეხსნა კაცობრიობა?

რაღა თქმა უნდა, ღმერთს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმიდან მოკლე ხანში გაჩნდა უამრავი სექტა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესომ, ძე კაცისამ და ღვთის ძემ, მხოლოდ მოჩვენებითად შეიმოსა კაცობრივი სხეული და ასე აღასრულა ღვაწლი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს გამოხსნაში ადამიანური ბუნება არ მონაწილეობდა, რაც დიდი შეცდომაა, ვინაიდან გამოხსნის აზრი სწორედ ეს გახლავთ: - ადამიანმა შესცოდა და ადამიანსვე უნდა გამოესყიდა.

ამ ცდომილებას დღესაც ათასგვარი სექტა დღესაც ავრცელებს, როდესაც ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანივით იშვა და გაიზარდა, რაღას იტყოდნენ, მაცხოვარს პირდაპირ მოწიფული მამაკაცის სხეული რომ შეემოსა?

აი, რატომაა მნიშვნელოვანი წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი მიგვანიშნებს, რომ რვა დღის ბავშვი მოჩვენებითად კი არა, რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად:

"რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე" (დაბ. 17,12).

მას შემდეგ ყველა ებრაელი მამაკაცი აღასრულებს ამ წესს. ის კი არა, აბრაამის პირველი შვილის, ისმაელის გამო, რომელიც მამამ ისააკთან ერთად 13 წლისა წინადაცვითა, მისი შთამომავალნიც, - არაბნიც წინადაიცვითებიან, თუმცაღა, ებრაელთაგან განსხვავებით, 13 წლიდან.

იუდეველნი ამ წესს იმდენად მკაცრად იცავდნენ, რომ წინადაცვეთის გამო შაბათის უქმესაც კი არღვევდნენ. შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც, - თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა.

უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო, - სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე ("იესო" სწორედ "მაცხოვარს" ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა):

"როგორც კი რვა დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე" (ლუკა. 1,21).
წინადაცვეთის შესახებ არც ერთი აპოკრიფული სახარება არ გვიამბობს, გარდა "არაბული სახარებისა" იესოს ბავშვობაზე, სადაც ამბავი შემაძრწუნებლად დეტალურად არის მოთხრობილი. ეს არ გახლდათ ისეთი მოვლენა, რომ ისინი რომ ისინი დაეინტერესებინა, ვისაც საღვთო ისტორიაში თავისი გამონაგონის ჩართვა სურდა, მაგრამ ქრისტიანთათვის უფლის წინადაცვეთას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადენადაც ადასტურებდა, რომ ქრისტე ძველი რჯულის გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვიდა:

"რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (მათ. 3,15). უფალმა მიიღო წინადაცვეთა, როგორც მოსეს რჯულის პირველი დადგენილება. აი, რას წერს პავლე მოციქული:

"და როცა მოვიდა სისავსე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა იგი რჯულს რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო (ღმერთის) შვილობა" (გალ. 4,4). ამგვარად, მაცხოვარს წინადაცვეთა რომ არ მიეღო, მას არავინ აღიარებდა მესიად, აბრაამის შთამომავლად. იესო ქრისტემ სიყრმეშივე დაითმინა ტკივილები, რათა ჩვენთვის სულიერი წინადაცვეთა ესწავლებინა.

მსგავსად აღმოსავლეთისა, მზის ჩასვლის დროს დასავლეთიდან რომ ირეკლავს სინათლეს, ბეთლემიც გოლგოთის მაუწყებელი იყო და ყრმის აკვანიც კი მაცხოვრის ჯვარზე ვნების ჩანასახს ატარებდა.

ამასთან, წინადაცვეთა სახე იყო ნათლისღებისა, რადგან, ისევე როგორც წინადაცვეთა კვეთს სხეულისგან მის არათუ საჭირო, არამედ უვარგის ნაწილს, წმინდა ნათლისღების გზითაც ცოდვა მოგვეკვეთება, ხოლო ეს ცოდვა, ცხადია, წადილის ზედმეტობაა და არა საკუთრივ საჭირო წადილი (რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს საერთოდ არაფერი სწადდლეს, ან, საერთოდ, არ ეგემოს სიამოვნება), რამეთუ ცოდვა იგივეა, რაც სიამოვნების უვარგისობა, ანუ უვარგისი წადილი და სიამოვნება, რასაც გადაჰკვეთს, მოჰკვეთს, ე.ი. "წინადასცვეთს" წმინდა ნათლისღება, ნიშნად გვანიჭებს რა პატიოსან ჯვარს შუბლზე, თუმცა, არა სხვა ხალხებისგან ჩვენს გამოსაყოფად (რადგან ყველა ხალხი მიახლებულია ნათლისღებას და აღბეჭდილია ჯვრის ნიშნით), არამედ - ყოველ ხალხში მორწმუნის ურწმუნოსგან გასამიჯნად.

გაცხადდა რა ჭეშმარიტება, უსარგებლო გახდა სახე და აჩრდილი (ანუ წინადაცვეთა).

ასე რომ, ამჟამად წინადაცვეთა ზედმეტიცაა და ეწინააღმდეგება კიდეც წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მოსეს რჯული, უფალმა კი წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული.

მან დაიცვა, აგრეთვე, მთელი სჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგა.

აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ ცნოები IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი ღირსმა სტეფანე საბაიტელმა შექმნა.

ხატის წყარო


ტროპარი:
რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა, მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ ვითარცა კაცმან. დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა, დიდება განგებულებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე.

კონდაკი:
უფალი ყოველთა და მეუფე წინა-დაცვეთასა თავს იდებს, და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი განკვეთს, და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა, ხოლო იხარებს მაღალთა შინა, მაღლისა მღუდელ-მთავარი და ნათლით შემოსილი, საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი.
ხატის წყარო
.....................................
აქვე ნახეთ:

იესო ქრისტემ სიყრმეშივე დაითმინა ტკივილები, რათა ჩვენთვის სულიერი წინადაცვეთა ესწავლებინა

ბეჭდვა
1კ1