ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ეგვიპტეში ლტოლვა - 26 (08.01) დეკემბერი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ეგვიპტეში ლტოლვა - 26 (08.01) დეკემბერი
შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გაქცევის ამბავს იხსენებს.

უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ბეთლემში შობისა და მოგვების მიერ მისი თაყვანისცემის შემდეგ მათე მახარებელი წერს: `ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს~ (მთ 2.13-15).

მოგვებმა არ შეასრულეს ჰეროდე მეფის დავალება და იერუსალიმში აღარ დაბრუნებულან, რომ მისთვის ყრმა მეუფის ადგილსამყოფელი ეუწყებინათ. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეწყვიტათ ყველა ყრმა, "რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი~. უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ.

იოსები დაუყოვნებლივ დამორჩილდა უფლის ანგელოზს, წმინდა მარიამმაც არ დააყოვნა, თავისი დამწინდველის გამოცხადებას მინდობოდა. იმავე ღამეს იოსებმა და ყოვლადწმინდა მარიამმა ხელში აიყვანეს მარადიული ყრმა და ეგვიპტეში გაემგზავრნენ. ისინი გაუდგნენ გზას და მისი სიძნელე და მოსალოდნელი საშიშროებანი არ აშფოთებდათ, საკუთარ ბედზე ზრუნვა უფალს მიანდეს, მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, რომ ღვთის ნებას უდრტვინველად და¬მორჩილებოდნენ.

შემორჩა რამდენიმე ძველი გადმოცემა წმინდა ოჯახის მოგზაურობიდან: არ ენდო რა საკუთარ თავსა და შესაძლებლობას, წმ. იოსებმა თან იახლა თავისი შვილი წმ. იაკობი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ძმად იწოდა. რამდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ წმინდა მოგზაურნი მოხვდნენ იმ უწყლო და უმკაცრეს უდაბნოში, რომელიც ეგვიპტიდან წამოსულმა ებრაელებმა გაიარეს. საშინელი სიძნელეები და უსიამოვნებები შეხვდა მათ აქ. გზა უმეტესად უდაბნოს ქვიშაზე მიდიოდა და ხშირად საერთოდ იკარგებოდა. უდაბნოში საკვები არ მოიძებნებოდა, ამიტომ ყველაფერი განსაზღვრული რაოდენობით წინასწარ უნდა მოემზადები¬ნათ. იმათ კი მხოლოდ ერთი ვირი გააჩნდათ, რომელზედაც ყმაწვილი დედა ღვთაებრივ ყრმასთან ერთად იჯდა. დღისით აუტანელი სიცხის გადატანა უხდებოდათ, ღამით სიცივისგან იცავდნენ თავს; მაგრამ როგორ უნდა დაეცვათ თავი ყოველივე ამისგან იქ, სადაც დასასვენებელი ადგილი იყო უდაბნოს ქვიშა, საფარველი კი - ცის კამარა. - ამბობენ, რომ უდაბნოში, ერთგან, მათ ყაჩაღები დაესხნენ თავს და სურდათ მათთვის სახედრის წართმევა, მაგრამ ერთი ყაჩაღთაგანი ღვთაებრივი ყრმის სალამაზემ ისე მოხიბლა, რომ არ მისცა ნება თავის თანამზრახველებს წმინდა მოგზაურთათვის რამე დაეშავებინათ: "ღმერთს რომ ადამიანის სახე მიეღო, - თქვა მან, - იგიც კი ამ ყრმაზე უკეთესი არ იქნებოდაო". მაშინ ღვთის დედამ უთხრა ამ კეთილგონიერ ყაჩაღს: "გწამდეს, რომ ეს ყრმა არ დაგივიწყებს შენ ამ სიკეთეს, იგი სიკეთით გადაგიხდის იმისათვის, რომ ახლა შენ დაიცავი მისი სიცოცხლე~. და ეს იყო სწორედ ის ყაჩაღი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის მარჯვნივ იქნა გაკრული ჯვარზე და ღირსი შეიქნა მისგან სანატრელი სიტყვების მოსმენისა: "დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლკ. 23,43), ასე აღსრულდა მასზე ღვთისმშობლის სიტყვა. როცა ყოვლად¬წმინდა ქალწული თავისი ღვთაებრივი ყრმით ეგვიპტეში გამოჩნდა, წარმართულ ტაძრებში კერპები დაეცა, რითაც აღესრულა მათზე წინასწარმეტყველება: "აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე (ყოვლად წმინდა ქალწულის ხელში), და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები~ (ეს. 19,1). 115

წმინდა ოჯახის ეგვიპტეში ყოფნის შესახებ გარკვეული ცნობები არ არსებობს, მაგრამ არაბთა შორის შემორჩენილია გადმოცემები, რომლებიც მორწმუნე ქრისტიანთათვის განსაკუთრებით საინტერესოა.

ცნობილია, რომ ეგვიპტეში შესვლისას წმინდა ოჯახის პირველი განსასვენებელი ადგილი იყო დასახლებაში, რომელსაც მატარიე ერქვა. მკვლევართა წყაროების მიხედვით, ამ დროისათვის მათ ასი მილი ჰქონდათ გავლილი. მატარიე ქალაქ კაიროს მარცხნივ მდებარეობს და აყვავებული ბაღებითაა გარშემორტყმული. მისკენ მიმავალი გზა დიდებული სიმწვანითაა დაფარული. იოსები იაკობთან ერთად თავშესაფრის საძებრად წავიდა დასახლებაში, ხოლო ღვთისმშობელი ყრმითურთ შესასვლელთან დატოვა - უზარმაზარი ხის ძირას, რომელმაც კენწერო მიწამდე მოდრიკა და ამგვარად სცა თაყვანი თავის შემოქმედს, მის ყოვლადწმინდა დედას და კეთილფურცლოვანი ჩრდილით მზის სხივებისაგან დაიფარა ისინი. ქვემოთ, ხის ფესვებთან გაჩნდა ნაპრალი, რომელშიც ღვთისმშობელი დაიმალა. მას შემდეგ ხე, რომელმაც თავისი შემოქმედი შეიცნო, ასევე მოდრეკილი დარჩა და მაკურნებელი ძალა მიიღო. მისი ფოთლებით ყოველგვარი სნეულება განიკურნება. ნაპრალში კი დღემდე ანთია კანდელი, რათა პატივი მიაგონ ყოვლადწმინდა ქალწულს და ყრმა იესოს.

ხის ამ სასწაულის გარდა, მის მახლობლად მდებარეობს წმინდა ნაკადულის სათავე, რომელიც გაჩნდა მიწაზე იქ, სადაც ყრმა უფალმა ფეხი დაადგა. ამ წყლით წმინდა მგზავრებმა წყურვილი მოიკლეს.

ამ მშვენიერი, მტკნარი წყლის სათავე დღემდე არსებობს და თავისი თვისებებით განსაცვიფრებლად განსხვავებულია ამ მიდამოების სხვა წყლებისაგან, რომელთაც ისევე, როგორც ეგვიპტის უდიდეს ნაწილში, მარილის გემო აქვთ. ამ ხისა და წყაროს შესახებ შემონახული სასწაულები ორი ათასწლეულია განგვაცვიფრებენ და გვახსენებენ წინასწარ¬მეტყველ ესაიას სიტყვებს: "მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება~.
ამ ადგილიდან არც ისე შორს არაბები გვიჩვენებენ ნანგრევებს იმ სახლისა, რომელშიც ცხოვრობდნენ წმინდა მგზავრები გარკვეული დროის მანძილზე, სანამ გზას გააგრძელებდნენ. მათი სავალი თებაიდის ანუ ზემო ეგვიპტის საზღვრებში ჰერმოპოლისამდე მიდიოდა. ეგვიპტელებში შემორჩენილია გადმოცემა, რომ ამ ქალაქში იყო მაღალი ხე, სახელად ჰერცისი, რომელიც ფოთლის ან ფესვის მტკივან ადგილზე დადებით სხვადასხვაგვარი ავადმყოფობები განიკურნებოდა. ეს სასწაულებრივი ძალა ხემ მას შემდეგ მიიღო, როდესაც წმინდა ოჯახი მიუახლოვდა და მან ყრმა იესოს თაყვანისცემის ნიშნად წვერო მიწამდე დადრიკა. გადმოცემით ეს ხე არაჩვეულებრივი სიმაღლის იყო და შემოქმედის წინაშე კადნიერად დგომა არ ისურვა.

ძველი კოპტური გადმოცემით, წმინდა ოჯახი კაიროს ახლოს ცხოვრობდა - გამოქვაბულში, რომელიც უძველესი დროიდანვე გადააკეთეს ეკლესიად.
ზუსტად განსაზღვრა, თუ წმინდა მგზავრებმა რამდენ ხანს დაჰყვეს ეგვიპტეში, შეუძლებელია. ზოგი გადმოცემა ორ-სამს, ხოლო სხვები ხუთ და შვიდ წელს ასახელებენ. ერთი ცხადია, რომ იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ და რომ განსაზღვრულ დროს ზეციერმა მამამ ესაიას წანასწარმეტყ¬ველებისამებრ ეგვიპტიდან გამოიხმო თავისი ძე: "ეგვიპტით უწოდი ძესა ჩემსა".

ყრმათა მოწყვეტიდან მცირე ხნის შემდეგ, აღესრულა ჰეროდე და მასთან ერთად სამეფოც, რომლისთვისაც ამდენი ბოროტება მოიმოქმედა. ანგელოზი კვლავ გამოეცხადა იოსებს და უთხრა: ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში, და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს. ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად. მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს. მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო~ (მთ.2.19-23).

ბეჭდვა
1კ1