მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი VII
რუსული მართლმადიდებლობა
4. კიევი - მოსკოვის სამეფო - სინოდური პერიოდი

მთელი ამ დავა-შეფერხებების უკან სულ უფრო მეტად იგრძნობა "ოფიციალური" რუსული მართლმადიდებლობის მიერ საკუთარი ტრადიციული მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედებითი წარსულის უარყოფა. რუსული ეკლესიის ბერძნული კანონიკური დაქვემდებარებულობიდან გამოსვლა ნელ-ნელა ყოველგვარი ბერძნულისადმი უნდობლობისა და საკუთარი, რუსული მართლმადიდებლური უძველესობის "ბერძნულ" მართლმადიდებლურთან დაპირისპირების სახეს იღებდა. ამ თვალსაზრისს ასახავდა 1551 წელს ივანე მრისხანეს ინიციატივით ორგანიზებული, მაგრამ უფრო მეტად მაკარისა და სილიბისტროს შეხედულებების გამტარებელი "ასი თავის კრება". კრებას უნდა გამოესწორებინა ეკლესიურ საზოგადოებაში არსებული უმძიმესი ნაკლოვანებები: ივანე მრისხანეს სურდა, ძირეული და ყოველმხრივი რეფორმების განხორციელება. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ არც მეფეს და არც მონაწილეებს კრება არ ჰქონდათ გააზრებული, როგორც რუსული ეკლესიურობის მსოფლიო მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეჯერებისა და ახალი პირობების შესაბამისად შემოქმედებითად განვითარების საშუალება. "რწმენა ბერძნულად" ივანე მრისხანეს გულზე არ ეხატებოდა, მისი მზერა უფრო დასავლეთისკენ იყო მიპყრობილი. მიუხედავად ამისა, მის "ლიბერალურ" შეკითხვას კრებამ მაინც ძველებურად უპასუხა, ანუ ჭეშმარიტების ენით კი არა, არამედ იმგვარად, როგორც ამას ძველ დროს აკეთებდნენ. ეს გამოვლინდა საღვთისმსახურო წიგნების სრულიად წარუმატებელ ჩასწორებაში. საკითხი ჯერ კიდევ მაშინ იყო მომწიფებული, მაგრამ რუსული მართლმადიდებლობის "განმამტკიცებლების" გონიერების სრულიად უპერსპექტივობა გაუმართლებელ თარგმანებში უკვე მაშინ აშკარად გამოჩნდა. ამასთან, მათ მიერ განსაზღვრულ აბსოლუტურად უსუსურ კრიტერიუმებში მაშინვე ჩაიდო უცილობელი განხეთქილების ბაცილა. უნდობლობა შემოქმედებითობისა და საღი აზრის მიმართ ასე ძლიერად პირველად სწორედ აქ გამოიკვეთა: ხსნის ძიება მხოლოდ სიძველის განუხრელ დაცვაში მიმდინარეობდა და მართლმადიდებლური კულტურისგან მოსკოვური განრიდების ამ კონსერვატიული უსუსურობის მთელი სიღრმე და ტრაგიზმი უკვე მაშინ გამოიკვეთა. ხსნას მხოლოდ წესის დაცვასა და ადათის აღსრულებაში ხედავდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობას არ ესმოდა საიდუმლოს შინაარსი, თვითმიზანი მხოლოდ აღსრულება გახდა. ისე, რომ სიძველის დამღით დაცულ ტექსტში აშკარა შეცდომებიც კი ხელშეუხებელი იყო, ხოლო მათი ჩასწორების მცდელობა სულის მგმობელ სურვილად "ინათლებოდა". ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ წიგნი და ცოდნა შიშსაც კი იწვევდა. კურბსკის სიტყვებით რომ ვთქვათ: თავად მასწავლებლები "აყოვნებდნენ წმინდა წერილის შესწავლის მოსურნე შრომისმოყვარე ყმაწვილებს და ეუბნებოდნენ: ბევრ წიგნებს ნუ წაიკითხავთ - მიუთითებდნენ, რომ ზოგი ბევრის წამკითხველი ჭკუიდან გადადგა, ზოგი წიგნის ტყვეობიდან ვერ გამოვიდა, ზოგი კი საერთოდ ერეტიკოსის გზას დაადგა". დაიხურა მოსკოვის სტამბა, რუსი "მთარგმნელები" - ივანე ფედოტოვი და პეტრე ტიმოფეევი ერეტიკოსებად გამოაცხადეს, შემდეგ იმის გამო, რომ მათ "ბევრი მოხელე, მღვდელმთავრი და მასწავლებელი სდევნიდა", სამხრეთ რუსეთში გადაიხვეწნენ. ბოლოს, წიგნების ბეჭდვის საქმეს თავად მეფე გამოექომაგა და 1568 წელს სტამბა აღადგინეს.

შემოქმედებითი ღვთისმეტყველური ტრადიციის მხოლოდ ამ შესვენების გათვალისწინებით შეიძლება განვიხილოთ "დასავლეთთან პირველი შეხვედრის" საბედისწერო პროცესები, რომლებიც რუსეთში მოსკოვის სამეფოს დამკვიდრებასთან ერთად განვითარდა. საბედისწერო სახე ამ შეხვედრამ იმის გამო მიიღო, რომ ეს არ იყო გულღია ურთიერთობა და თავისუფალი კამათი: თავიდანვე ან ბიზანტინიზმის დასავლური ზეგავლენით ჩანაცვლება, ან ყოველგვარი დასავლურის შავი ჭირივით განუსჯელად უარყოფა უნდა ყოფილიყო. რუსეთში ნაციონალური თვითდამკვიდრება ბიზანტიის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობდა, მაგრამ ამასთან ერთად, ხდებოდა მსოფლიო მართლმადიდებლური მემკვიდრეობის უარყოფაც. ივანე III-დან მოყოლებული, რუსეთის სამეფო კარზე დასავლეთით ნამდვილი გატაცების პროცესი დაიწყო. სოფიო პალეოლოგთან ივანე III-ის ქორწინებამ, რასაც მოსკოვისთვის ბიზანტიის ოფიციალური მემკვიდრის სახელი უნდა მოეტანა, სინამდვილეში რუსეთის კარი, თავისი რთული და წინააღმდეგობრივი დასავლური ზეგავლენებით, იტალიურ აღორძინებას გაუხსნა. ნიშანდობლივია, როდესაც ნოვგოროდში განსწავლული მიტროპოლიტის გენადის თაოსნობით სლავურ ენაზე ბიბლიის ახალ თარგმანზე მუშაობა დაიწყეს, მნიშვნელობა არა ბერძნულ ტექსტს (რომლისთვისაც არც კი შეუდარებიათ), არამედ ლათინურ ვულგატას მიენიჭა. საერთოდ, "გენადის დროს, ნოვგოროდში ლათინური სტილის დიდ მოძრაობებს ვხედავთ". სტილში კი, მაგალითად, დიაკვან ვისკოვატის საქმეს თუ გავითვალისწინებთ, სწორედ ხატწერაში შემოსული დასავლური სიახლეები იგულისხმებოდა. ვისკოვატი უარს ამბობდა მოსკოვური ხატწერის ახალ სტილზე: სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა ვიგულისხმოთ დასავლური ნიმუშების ზეგავლენა. მაგალითად, გრავიურაში ზედმეტი "ალეგორიზმი", ბიზანტიური და ძველი რუსული "კანონის" სიმბოლურ იერატიზმში (საკულტო, საკრალური გამოსახულება) და "თხრობითობაში". დაბოლოს, განსაკუთრებით ტრაგიკულად გამოიყურება 1521 წელს, ღირსი მაქსიმე ბერძნის (გრეკის) დევნა. ღირსმა მაქსიმემ თავად გაატარა მრავალი წელი დასავლეთში და ამ პერიოდში მან საკმაოდ რთული სულიერი გზა განვლო. ბოლოს რუსეთს ის მაინც რუსული და აღმოსავლური კულტურის ქომაგად მოევლინა. კვლავ უნდა ითქვას, რომ საბედისწერო არა დასავლეთთან შეხვედრა, არამედ შეხვედრის პროცესის შებოჭილობა იყო. და თუ რუსეთი ბიზანტიას თავისი სიძველეებით ემიჯნებოდა, მან დასავლეთსაც იგივე "ეფექტი" დაუპირისპირა. "მაღალი საზოგადოების" დასავლეთით გატაცებას ეკლესიამ ანათემებით უპასუხა, მაგრამ ეს პასუხი დასავლურ ერესებს კი არა, თავად დასავლეთს მხოლოდ იმის გამო გაეცა, რომ ის დასავლეთია. "არსებითის არაარსებითთან აღრევით საწესო რელიგიური შეხედულებები ყოფითობასაც სწვდებოდა, ჩვეულება და ყველაფერი, რაც თავისთავად რუსული იყო, მართლმადიდებლურად ითვლებოდა, ყველაფერი უცხო კი ერესად და "ბასურმანულად" მიიჩნეოდა. რუსები წვერს ატარებდნენ და წვერი გადაიქცა მართლმადიდებლის, ხოლო წვერგაპარსულობა - ლათინური ერესის ნიშნად. ასი თავის კრების განჩინებით, წვერგაპარსულებს არ ეგებოდა არც წესის აგება, არც ორმოცდღიანი ლოცვა, არც სეფისკვერი, მათ სახელზე არც სანთელი დაინთებოდა. ამბობდნენ: ურწმუნოს არ ეკუთვნისო" (პ. ზნამენსკი)... ასეთ ფსიქოლოგიურ პირობებში, ცხადია, თავისუფალ შეხვედრასა და საუბარზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნებოდა. ან დაშინება, ან ბრმა მორჩილება - ეს ორი პოლუსი აშკარად და დიდხანს მოქმედებდა რუსეთის დასავლეთთან დამოკიდებულებაში. გოდუნოვის დროს, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა მეცნიერებათა შესასწავლად დასავლეთში გააგზავნეს, უკან აღარ დაბრუნებულან. მათ უღალატეს მართლმადიდებლობას და დარჩნენ დასავლეთში.

უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე უკვე მკვდარი ბიზანტიის მსგავსად, მოსკოვის სამეფოშიც - სიწმინდემ - როგორც სულმა, რომელიც არავინ იცის, სად სუნთქავს და სუნთქავს იქ, სადაც მოესურვება (იოან. 3:8), თანდათან განაპირა რაიონებში, "პერიფერიასა" და ტყეში გადაინაცვლა. ასე დაიწყო ველურ ბუნებრივ პირობებში ჩრდილოელი მოღვაწეებისა და ასკეტების ეპოქა, აქ მძიმე ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდნენ წმინდა ალექსანდრე სვირელი, კორნილე კომელსკელი, მაკარი კოლიაზინელი, საბატი, ზოსიმე, გერმანე სოლოვიცკელი, ანტონ სიისკელი, ნილოს სტოლბენსკელი. ცხადია, ამ სიის გაგრძელება ძნელი არ იქნებოდა და ვერც სიწმინდის დაკნინება მოხდებოდა ადვილად. სწორედ ამიტომ, "დიდმპყრობელობის" პარალელურად, გაიზარდა "წმინდა რუსეთიც". ოღონდ ეს ორი მიმართულება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სიწმინდის წყურვილი არსად და არასოდეს კვდება. სწორედ მაშინ, ზნეობრივი გახევების დროს, გარეგნული ღვთისმოსაობის, ბრწყინვალების, საღვთისმეტყველო შთაგონებისგან განშორების ეპოქაში, საზოგადოებისათვის, შესაძლებელია, აბსოლუტური სიწმინდე დარჩეს ერთადერთ ხელშესახებ იდეალად. სამყაროში შეიძლება მხარს უჭერდე, იცავდე, ინარჩუნებდე გარეგნულად ქრისტიანობას, მაგრამ როდესაც "მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული" და თავად ქრისტიანული "სახე", მთელი ღვთისმოსაური ყოფა, წესი, ფორმა, აშკარად მხოლოდ ერთისკენ არის მოწოდებული, ჩნდება საჭიროება: სრულიად განუდგე აქაურობას და სადღაც ზღვარს იქით, სიმართლით მოცულ თავისუფალ სინამდვილეში, ახალი ზეცის ქვეშ, ახალ მიწაზე გადაინაცვლო. მაშინ ამ სახელმწიფოებრივი ე. წ. "გამწევის", სტატიკურობის და მძიმე "საკრალურობის" ეპოქაში, რუსეთში გაჩნდა ახალი, მოხეტიალე, მაწანწალა ტიპაჟი, სულისა და სიმართლის მუდმივი მაძიებელი, რომელიც სრულიად თავისუფალია და განდგომილია საზოგადოებისაგან და ამ განდგომის გამო, როგორც ხალხთან, ისე ბუნებასთან ერთიანობას ინარჩუნებს. პარადული, თვითკმაყოფილი, ყოფითი რუსეთის გვერდით იბადება ახალი - ყოფითობის უარმყოფელი, "მსუბუქი", სხვა იდეალის მოყვარული, სამართლიანი და სიხარულით აღვსილი სამყაროთი შეპყრობილი. ეს სულიერი მაქსიმალიზმი ეკლესიას არ უპირისპირდება, მასში არაფერს უარყოფს, პირიქით, ეკლესიის მიერ გაღებული მოწყალების ხარჯზე არსებობს. აქვე, ეკლესიურობაში, ჩნდება არასასურველი ჩვეულება "ობიექტური", ანუ მადლი, ამ მადლის მატარებელი თავად ეკლესიის მსახურთაგან გაიმიჯნოს. რუს მორწმუნეს ესმის, რა ადგილი უკავია სასულიერო პირს ეკლესიაში, როგორც საიდუმლოთა აღმსრულებლისა, მაგრამ სწავლებას, ხელმძღვანელობას და ზნეობრივ მაგალითს მისგან აღარ ითხოვს. ან რა მოლოდინი უნდა ყოფილიყო მათგან, როდესაც აღარ არსებობდა სასულიერო სწავლება; სასულიერო პირი სრულიად დამოკიდებული იყო თავის სამწყსოზე, ცხოვრობდა სიღატაკესა და ბეჩავობაში. საკმარისია გავეცნოთ ას თავთა კრების მასალებს თეთრი სამღვდელოების შესახებ და დავინახავთ მოსკოვურ ეპოქაში რამდენად დაცემული იყო მათი დონე. "მღვდელი" აღარ იყო წინამძღოლი, მამა, მრევლის მწყემსი, ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია "მოსთხოვოს და სწორი გზა მიუთითოს". ამიტომ ხალხმა სულიერი დარწყულების საშუალების ძიება ოფიციალურ იერარქიაში და სულიერ წინამძღოლებში კი არა, ბერებში, წმინდანებსა და განდეგილებში დაიწყო. ეკლესიური საზოგადოების გაგება თავად ეკლესიურ აზროვნებაში წაიშალა. დარჩა ცოდვილი სამყარო და მასში ცალკეული მადლის წყაროები, "ცენტრები", მათთან შეხებაც ოცნების საგანი გახდა. სულიერი ცხოვრება სულ უფრო მიუწვდომელ სივრცეებში - ერთგვარ "იატაკქვეშეთში" გადაიკარგა, ის ნელ-ნელა გადაიქცევა რაღაც საიდუმლო მიწისქვეშა, მაგრამ ულევ წყაროდ, რომელიც სულ უფრო ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე, საზოგადოებაზე, და ბოლოს თავად ეკლესიაზე.

რუსული მართლმადიდებლობის ისტორიაში მოსკოვის პერიოდი დაფიქსირდა არა როგორც "ორგანული" ეპოქა, არამედ, როგორც ღრმა გარდატეხა, კრიზისი და გაყოფა.

ბეჭდვა
1კ1