ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარვლის დღესასწაული - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარვლის დღესასწაული - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარვლის დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 1 ოქტომბერს (ახალი სტილით 14 ოქტომბერს) ზეიმობს. 1952 წლიდან ელადის მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს დღესასწაული ძველი სტილით 28 ოქტომბერსაც აღესრულება. Χ საუკუნის დასაწყისში ლეონ VI ფილოსოფოსის დროს საბერძნეთის იმპერიაში წარმართები შეიჭრნენ. მათი გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ღვთისმოსავმა ბერძნებმა იცოდნენ რა რომ განსაცდელის ჟამს ლოცვასა და სინანულს სასწაულის მოხდენა შეუძლია, ყველა შეიკრიბა კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში, სადაც ღვთისმშობლის კვართი ინახებოდა. კვირას ღამისთევის ლოცვაზე ეკლესიის გუმბათის ქვეშ გამოჩნდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ქვეყნიერებისათვის ლოცულობდა ანგელოზებით, წინასწარმეტყველებითა და მოციქულებით გარშემორტყმული და თავისი საფარვლით აკურთხებდა ქრისტიანებს. ამ სასწაულის მომსწრე გახდნენ წმ. ანდრია სალოსი და მისი მოწაფე ღირსი ეპიფანე. როცა კონსტანტინოპოლის მოსახლეობამ ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ყველა სიხარულმა და იმედმა მოიცვა. მეორე დილას კონსტანტინოპოლის პატრიარქი მრევლთან ერთად ღვთისმშობლის კვართითურთ გაემართა ზღვისაკენ და პატრიარქმა უდიდესი მოწიწებით კვართის ერთი პატარა კუთხე ჩააბრძანა ზღვაში. ზღვა მაშინვე თითქოს ადუღდა და მტრის უამრავი ხომალდი ზღვაში ჩაიძირა.

ეს მოხდა 911 წელს და ამ სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ღვთისმშობლის საფარვლის დღესასწაული 14 ოქტომბერს (ახალი სტილით), როცა წმ. ანდრია სალოსმა და მისმა მოწაფემ იხილეს ეკლესიის გუმბათის ქვეშ ჰაერში მლოცველი ღვთისმშობელი.
........................

აქვე წაიკითხეთ:

საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა - 1 (14) ოქტომბერი


ბეჭდვა
1კ1