წმინდა პელაგია ტინოსელი (XIX) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
წმინდა პელაგია ტინოსელი (XIX) – 23 ივლისი (5 აგვისტო)

ძველი სტილით 23 ივლისს (5 აგვისტოს) ეკლესია იხსენიებს წმინდა პელაგია ტინოსელს, რომელიც XIX საუკუნეში კუნძულ ტინოსზე, კეხროვინუნიუს მონასტერში მოღვაწეობდა.

წმინდა დედას 1822 წელს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უბრძანა, ადგილობრივი სამღვდელოებისთვის გადაეცა, რომ დადგა დრო, მიწიდან ამოეღოთ მისი სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დამალული იყო X საუკუნეში არაბი მეკობრეების მიერ გადამწვარი ტაძრის ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ხილვა რამდენჯერმე განმეორდა, და პელაგია ყოყმანობდა მის დაჯერებას - ან მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, ან ეშმაკის ხიბლიო. მაშინ ღვთისმშობელი უკანასკნელად გამოეცხადა პელაგიას, უსაყვედურა ურწმუნოება და გააფრთხილა, თუ ძველებურად შეეწინააღმდეგებოდა ღვთის ნებას, ავად გახდებოდა. პელაგიამ ეპისკოპოსს უამბო ყველაფერი. მღვდელმთავარმა გაიხსენა, - რამდენიმე წლის წინ ერთ ტინოსელ ბერიკაცსაც გამოეცხადა ღვთისმშობელი და იგივე უბრძანაო.

ეს ხილვა ჭეშმარიტად ჩათვალა და ეპისკოპოსმა ბრძანა, ზარების რეკვით მოეხმოთ ტინოსელი ქრისტიანები და ხალხს გადასცა ღვთისმშობლის ნაბრძანები. ხალხი რამდენიმე კვირა თხრიდა მითითებულ ადგილს. შედეგი არ ჩანდა და ხელი ჩაიქნიეს. მალე კუნძულს საშინელი ეპიდემია მოედო. მართლმადიდებლებმა ჩათვალეს, რომ ღვთისმშობლის წყალობა მოაკლდათ, რადგან ხატის ძებნას თავი ანებეს. მიუბრუნდნენ გათხრებს და სნეულებამ უკან დაიხია. ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა.

გათხრებისას კუნძულის მოსახლეობამ გადაწყვიტა, ძველი ბიზანტიური ტაძრის ნანგრევებზე პატარა ეკვდერი აეშენებინათ. ახალ ეკვდერს საფუძველი დაუდეს 1823 წლის 1-ელ იანვარს. ამავე ადგილას აღმოაჩინეს ძველი დამშრალი ჭა. რადგან ჭა ძველი ტაძრის შიგნით იყო მოქცეული, ხალხმა იფიქრა, ეს რაიმე სასწაულთან არის დაკავშირებულიო. ეკვდერს დაარქვეს "წყარო ცხოველი" ანუ "ზოოდოგოს პიგის", ამავე დასახელების ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

30 იანვარს (ძველი სტილით) სამი დიდი მღვდელმთავრის (წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა ბასილი დიდის და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის) ხსენების დღეს, როცა ქრისტიანები ჭიდან ორ მეტრში საძირკვლისთვის ადგილს ასწორებდნენ, იგრძნეს, ბარის პირი ხეს მოხვდა. ახლა უკვე ფრთხილად გამოთხარეს და აღმოაჩინეს ხარების ხატის ნახევარი - ამ ნაწილზე გამოსახული იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ღვთისმშობელს შროშანს უწვდის. გახარებულმა მუშებმა მეგობრებს მოუხმეს და მალევე იპოვეს ხატის მეორე ნაწილი - მასზე მუხლმოყრილი ღვთისმშობელი ისმენს ანგელოზის ხარებას, რომ მას დაეკისრა უდი¬დესი მისია - გახდეს დედა ღვთისა. მუშებმა ორივე ნაწილი შეაერთეს და ანალოგიაზე დაასვენეს.

წმინდა ხატის პოვნის ამბავმა კუნძულის მთელი მოსახლეობა შეყარა. ეპისკოპოსმა მაშინვე პარაკლისი აღავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ხატი 800 წელზე მეტი მიწაში იდო, როგორც მოწმობენ თანამედროვენი, თითქმის არ დაზიანებულა. მკვეთრი და ცოცხალი ფერებიც შემორჩენოდა.

ღვთისმშობელი ხატზე მუხლმოყრილი და თავდადრეკილი ლოცულობს. მის ანალოგიაზე წიგნია გადაშლილი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს ხატი ბიზანტიურ ეპოქაზე ადრინდელია. შესაძლოა, წმინდა ლუკას მიერ შექმნილ წმინდა ხატთაგანია. ეს წმინდა ხატი სასწაულმოქმედია და მისი მოპოვების დღიდან ათასობით სასწაული მოუხდენია.

"მეგალოხარის" ხატის პოვნის შემდეგ "ცხოველმყოფელი წყაროს" ეკვდერის ადგილას ხარების დიდი ტაძარი ააგეს. მთელი საბერძნეთიდან ჩამოდიოდნენ ხელოსნები, მუშები და ღვთის სადიდებლად გროშების ფასად მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდებოდა და კუნძული ტინოსი ლტოლვილებით იყო სავსე, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. რვა წელიწადში აიგო ტაძარი, ტაძრის კანტორის შენობა, მუზეუმი და გალერეა. ტაძრის კურთხევის შემდეგ ხატი საპატიო ადგილას დაასვენეს, სადაც დღემდე ბრძანდება.

ღირსი პელაგია 1834 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა და ტაქსიარხის მონასტრის ტაძარში დაკრძალეს.

1970 წლის 11 სექტემბერს კონსტანტინეპოლის ეკლესიამ ღირსი პელაგია წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 23 ივლისი დაადგინა-დღე, როდესაც მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. 1973 წელს წმინდა პელაგიას სახელზე დიდებული ტაძარი აიგო, სადაც ახლა განისვენებს მისი წმინდა ნაწილები.
..............................

აქვე წაიკითხეთ:

კუნძულ ტინოსზე ევანგელისტრიას ("კეთილმაუწყებელი") წმიდა ხატის პოვნისა (1823) - 30 (12.02) იანვარი



 

ბეჭდვა
1კ1