მართალი იოანა მენელსაცხებლე (I) - 27 ივნისი (10 ივლისი)
მართალი იოანა მენელსაცხებლე (I) - 27 ივნისი (10 ივლისი)
წმინდა იოანა იყო ჰეროდეს სახლის უფროსის, ხაზუას მეუღლე. იგი ერთ-ერთია იმ მენელსაცხებლე დედათაგან, რომლებიც მქადაგებლური მოღვაწეობის დროს თან ახლდნენ და ემსახურებოდნენ უფალ იესო ქრისტეს. სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად წმინდა იოანასაც განადიდებს და პატივს მიაგებს დედა ეკლესია იმ უსაზღვრო სიყვარულისათვის, ერთგულებისა და სამსახურისათვის, მაცხოვრის მიმართ რომ გამოიჩინა მისთვის ყველაზე მძიმე და სახიფათო ვითარებაში, როდესაც ურიათა გულბოროტი მღვდელმთავრების მიერ წაქეზებული ებრაელნი სასტიკად დევნიდნენ ყველას, ვინც კი იესო ქრისტესთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული. როცა მაცხოვარი მიატოვეს ახლობელმა ადამიანებმა, მენელსაცხებლე დედები განცხადებულად ტიროდნენ და იგლოვდნენ იესო ქრისტეს, უშიშრად იდგნენ უფლის ჯვარცმის წინ, ხოლო შემდეგ განთიადისას მოსწრაფებით მიიჩქაროდნენ უფლის საფლავისაკენ, რათა ეცხოთ ნელსაცხებელი. მიიჩქაროდნენ და არაფრად მიიჩნევდნენ იმას, რომ ამით ხიფათსა და განსაცდელში იგდებდნენ თავს; მიიჩქაროდნენ დედები და დავიწყებოდათ ფიქრი იმაზე, რომ უხეშ მცველებს შეეძლოთ მათთვის შეურაცხყოფა მიე¬ყენებინათ და არ გაეშვათ ისინი კეთილი საქმის შესასრულებლად. მიიჩქაროდნენ ქრისტეს მხევალნი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ ვინ გადაუგორებდათ მათ საფლავიდან უზარმაზარ ლოდს, ურიებმა საგანგებოდ რომ მიაგორეს. დედებმა საფლავს კი მშვიდობით მიაღწიეს, მაგრამ დიდად გაიოცეს, როცა ლოდი გადაგორებული დახვდათ და ზედ სპეტაკი ანგელოზი იხილეს ღვთისა, რომლისგანაც შეიტყვეს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავი. შეშინებული დედები ის იყო უკან გამობრუნებას აპირებდნენ, რათა მოციქულებისათვის ეცნობებინათ მომხდარი სასწაული, რომ მათ გზაზე გამოეცხადათ იესო ქრისტე ჩვენებით, რომელსაც დიდი სიხარულით შეუვრდნენ და თაყვანი სცეს.

ბეჭდვა
1კ1