დივეევოელ წმინდანთა კრებული - 14 (27) ივნისი
დივეევოელ წმინდანთა კრებული - 14 (27) ივნისი
დაახლოებით 1760 წელს კიევის წმინდა ფლორას სახელობის დედათა მონასტერში მოვიდა პოლკოვნიკის ქვრივი, მდიდარი მემამულე აღათია სემიონოვნა მელგუნოვა სამი წლის ქალიშვილთან ერთად. აღიკვეცა მონაზვნად ალექსანდრას სახელით. ის კიევში სამუდამოდ დარჩენას აპირებდა, მაგრამ ერთხელ, ღამისთევით დიდი ხნის ლოცვის მერე, ძილ-ღვიძილში წარმოუდგა ღვთისმშობელი მარიამი და უთხრა: "მე ვარ, დედოფალი და ქალბატონი შენი, რომლის მიმართაც ყოველთვის ლოცულობ. მოვედი, რათა გაუწყო ჩემი ნება. არ მინდა, აქ დაასრულო შენი წუთისოფელი. არამედ, როგორც მონა ჩემი ანტონი გამოვიყვანე ჩემი წილხვედრი ათონიდან, წმინდა მთიდან, რათა აქ, კიევში დაეარსებინა ჩემი ახალი წილხვედრი კიევის მღვიმევის ლავრა, ასევე შენც გეტყვი, რომ წახვიდე აქედან იმ მიწაზე, რომელსაც გაჩვენებ. მიმოიარე რუსეთის ჩრდილოეთით ყველა წმინდა სავანე. იქ ნახავ ადგილს, სადაც ჩემი მითითებით დაასრულებ შენს ღვთივსათნო ცხოვრებას და იქ განვადიდებ ჩემს სახელს - შენს საცხოვრებელ ადგილას დავაარსებ ჩემს ისეთ სავანეს, რომელზეც გადმოვიყვან ღვთისა და ჩემს მთელ კურთხევას და კურთხევას დედამიწაზე ჩემი სამი წილხვედრისა: ივერიისა, ათონისა და კიევისა. წარემართე, ჩემო მხევალო, შენს გზაზე, და მადლი ღვთისა, და ძალი ჩემი, და მადლი ჩემი, და წყალობა ჩემი, და სიკეთე ჩემი და ნიჭნი, ჩემი ყველა წილხვედრის წმინდანთაგან აღებულნი, იყოს შენთანა".

დედა ალექსანდრამ მღვიმევის მამებს უამბო ყველაფერი. მათი კურთხევით გაემგზავრა რუსეთის ჩრდილოეთში. საროვის უდაბნოდან მოშორებით 12 ვერსში, სოფელ დივეევოში შეჩერდა დასასვენებლად. აქ გამოეცხადა მას მეორედ უფლის დედა და უთხრა: "აი, ის ადგილი, რომლის მოძებნაც გიბრძანე. აი, ის სამყოფელი, სადაც შენ ღვთის განგებულებით უნდა იცხოვრო. მე ყოველთვის ვიქნები შენთან და ხშირად მოვინახულებ ამ ადგილს. აქ დავაარსებ ისეთ სავანეს, რომლის დარიც არ ყოფილა, არ არის და არ იქნება არასოდეს დედამიწაზე: ეს არის ჩემი მეოთხე წილხვედრი მსოფლიოში. და როგორც ცაზე ვარსკვლავს და ზღვაში ქვიშას, გავამრავლებ აქ მსახურებს უფლისა და ჩემი, ყოვლადწმინდასი, ნათლის დედისა და (მსახურებს) ჩემი ძისა იესო ქრისტესი დიდებულისა და მადლი ღვთის ყოვლადწმინდა სულისა და სიუხვე მიწიერ და ზეციურ სიკეთეთა, მცირე ადამიანური შრომით მოწეული, არ მოაკლდეს ამ ჩემგან შეყვარებულ ადგილს".

დედა ალექსანდრამ საროვის მონასტრის მამათა დახმარებით ააშენა ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი და რამდენიმე კელია. სიკვდილის წინ მთელი მოგროვილი ფული საროვის იღუმენს, პახომს გადასცა და სთხოვა, სავანის აშენებისთვის ეზრუნა. მამა პახომმა კი ურჩია, ეს იქვე მყოფ ბერდიაკონ სერაფიმესთვის გადაეცა. გამოხდა ხანი. ღირსი მამა სერაფიმე სულიერად წარემატა და როცა დადგა ჟამი ღვთისმშობლის კურთხევის აღსრულებისა, ღირსი მამის ხელმძღვანელობით მისმა სულიერმა შვილებმა დიდებული სავანე ააგეს, სადაც ცალკე იყო კინოვია ქალწულებისთვის. იქ ყოველი აგური ღვთისმშობლის კურთხევით დაიდო. უფლის დედის ნებითვე გაითხარა სავანის გარშემო არხი, რომელსაც ვერ გადალახავს მონასტრის დასარბევად მოსული ანტიქრისტე.

წმინდა სერაფიმე საროველი ხშირად ამბობდა, რომ დივეევოში ოთხი წმინდა დედის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდებოდა, და აქვე დაივანებდა მისი წმინდა ნაწილებიც. ეს ყველაფერი 1991 წელს აღსრულდა. დივეევოს მონასტერში ბევრი წმინდა მონაზონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მათ სულებზე ღირსი მამები ზრუნავდნენ. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რამდენიმე მათგანი წმინდანად შერაცხა. ესენი არიან: ღირსი ალექსანდრა (მელგუნოვა, +1789), ღირსი მართა (მილიუკოვა, +1829), ღირსი ელენე (მანტუროვა), ნეტარი პელაგია (სერებრენიკოვა, +1884), ნეტარი პარასკევა (+1915), მოწამეები დარია ტიმაგინა, დარია ულიბინა, ევდოკია ნემკოვა, მარიამი უცნობი (1919), ნეტარი მარია (ფედინა, +1931), მღვდელმოწამე მიქაელ გუსევი, დეკანოზი (+1937), მღვდელმოწამე იაკობ გუსევი, მღვდელი (+1937), მღვდელმოწამე სერაფიმე (ჩიჩეგოვი), მიტროპოლიტი, (+1937), ღირსმოწამე მართა (ტესტოვა), მონაზონი (+1941), ღისმოწამე პელაგია (ტესტოვა), მონაზონი (+1944), აღმსარებელი მატრონა (ვლასოვა), მონაზონი (+1963).

ხატის წყარო:

ბეჭდვა
1კ1