ღირსი იერია (+დაახლ. 320) - 3 ივნისი (16 ივნისი)
ღირსი იერია (+დაახლ. 320) - 3 ივნისი (16 ივნისი)
ღირსი იერია წარმართულ ოჯახში დაიბადა. შემდეგ იგი რომაელი სენატორის მეუღლე გახდა, მაგრამ შვიდ თვეში დაქვრივდა.

სირიის ქალაქ სევაპოლში შეიტყო, რომ ნიზიბიის მახლობლად, დედათა სავანეში ცხოვრობდა მკაცრი მოღვაწეობით განთქმული ახალგაზრდა მონაზონი თებრონია. მწირად გადაცმული იერია ესტუმრა ნეტარ დედას და მთელი ღამე მასთან საუბარში გაატარა. შინ დაბრუნებული მომავალი წმინდანი მოინათლა და მშობლებსაც ჩააგონა, მიქცეულიყვნენ.

დიოკლეტიანეს (284-305 წლები) მიერ ქრისტიანთა დევნისას ნიზიბიის მონასტრის მკვიდრთა უმრავლესობა გაიხიზნა, წმინდა თებრონია კი სამსჯავროზე წარდგა და აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც მხეცურად აწამეს.

იერიამ უშიშრად ამხილა ჯალათების სისასტიკე, მსაჯულმა ბრძანა, ისიც შეეპყროთ და ეწამებინათ, მაგრამ ოდეს შეიტყო, რომ საქმე რომაელი სენატორის ქვრივთან ჰქონდა, გადაწყვეტილება შეცვალა.

წმინდა იერია მწარედ დასტიროდა თავის მოწამებრივად აღსრულებულ მოძღვარს, დედა თებრონიას (+დაახლ. 304 წელი, ხსენება 25 ივნისს) და წუხდა, რომ ქრისტესთვის სიკვდილის ღირსი თავად ვერ შეიქნა და ცრემლით შესთხოვა იღუმენია ბრიენას, თებრონიას ნაცვლად მიეღო მონასტერში. შემდეგ მთელი ქონება სავანეს შესწირა და აღსასრულამდე აქ მოღვაწეობდა.

ღირსმა დედამ 320 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1