ღირსი ელისაბედ საკვირველმოქმედი (VI-VIII) - 24 აპრილი (7 მაისი)
ღირსი ელისაბედ საკვირველმოქმედი (VI-VIII) - 24 აპრილი (7 მაისი)
ღირსი ელისაბედი გახლდათ იუსტინე იმპერატორის (518-527) მიერ წმინდა კოზმა და დამიანეს პატივსაცემად აგებული მონასტრის მონაზონი. სასწაულმოქმედი დედა მოგვიანებით ამავე მონასტრის იღუმენი გახდა. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია. ვიცით მხოლოდ ის, რომ მის პატივსაცემად IX საუკუნეში ჰიმნოგრაფმა იოსებმა დაწერა კანონი. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ელისაბედ სასწაულმოქმედი ცხოვრობდა VI და IX საუკუნეებს შორის. ღირსი ქალწული შემოქმედმა ჯერ კიდევ შობამდე გამოარჩია. მის მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ლოცვით შუამდგომლობას უფალთან ისინი II საუკუნეში თრაკიაში ქრისტიანობისთვის აღსრულებულ მოწამე გლიკერიას სთხოვდნენ. მართლაც წმინდანისადმი აღვლენილმა ლოცვამ ნაყოფი გამოიღო და ელისაბედის დედა დაორსულდა. ქალწულის დედას მისი მუცლადყოფნის ჟამს ჰქონდა გამოცხადება, რომ ელისაბედი სულიწმიდის რჩეული ჭურჭელი იქნებოდა.

ჯერ კიდევ ბავშვობაში ელისაბედმა ბევრი წმინდანის ცხოვრება იცოდა ზეპირად. ქრისტიანი მოწამეების ცხოვრება მისთვის ერთგვარი მაგალითი იყო. თორმეტი წლისა დაობლდა, მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, გაათავისუფლა მონები, თავად კი კონსტანტინოპოლის ზემოხსენებულ მონასტერში განაგრძო ცხოვრება. ამ მონასტრის იღუმენი მისი მამიდა გახლდათ. მონასტერში მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა ქალწული. მეზვერის სინანულის მიმსგავსებით სამი წელი ზეცისკენ არ აღუპყრია თვალები, სულიერი მზერა კი ნიადაგ ღვთისკენ ჰქონდათ მიპყრობილი. შუაღამის ლოცვებში წმინდანს ზეციური ნათელი უბრწყინდებოდა. ელისაბედს მხოლოდ ერთი კაბა ჰქონდა, ზამთარში თითქმის ფეხშიშველი დადიოდა.

სიკვდილის წინ მონასტრის იღუმენიამ ელისაბედი დაა¬სახელა თავის შემცვლელად. წმინდა ცხოვრებით გამორჩეულმა ელისაბედმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო. მან მრავალი სასწაული აღასრულა: ლოცვით განგმირა გესლიანი გველი, განკურნა სისხლმდინარე ქალი, რომელიც მრავალი წელი იტანჯებოდა, განასხმიდა ბოროტ სულებს

ღირსი ელისაბედი მუდმივად მკაცრ მარხვას იცავდა: მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ბალახით და ბოსტნეულით იკვებებოდა, ღვინოს და ზეთს არასდროს ღებულობდა. ბევრჯერ მთელ დიდმარხვას უჭმელად ატარებდა..

ელისაბედ სასწაულმოქმედი გარდაცვალების შემდეგაც კურნავდა სნეულებს. მის საფლავზე რწმენით მისული ავადმყოფები მაშინვე იკურნებოდნენ. ერთხელ მისი წმინდა ნაწილებიდან აღებულმა მტვერმაც კი თვალები აუხილა ბრმას.

ბეჭდვა
1კ1