ნეტარი ქსენია პეტერბურგელი (XIX) - 24 (06.02) იანვარი
ნეტარი ქსენია პეტერბურგელი (XIX) - 24 (06.02) იანვარი
ქრისტესთვის სულელთა შორის, რომელთაც თვითსრულყოფის რთული გზა განვლეს და თავი უფალს უძღვნეს, უდავოდ განბრწყინდა ღირსი ქსენია პეტერბურგელი.

სამწუხაროდ, მატიანემ მისი საერო ცხოვრების, წარმომავლობის, განათლების თუ მშობელთა შესახებ არაფერი შემოგვინახა. შეგვიძლია ოდენ ვივარაუდოთ, რომ ქსენია მდაბიო არ უნდა ყოფილიყო, რამდენადაც პოლკოვნიკ ანდრეი პეტროვის თანამეცხედრე გახლდათ, რომელიც მეფის კარზე მსახურობდა.

აი, ის, რაც ჩვენთვის ამა თუ იმ წყაროდან მის შესახებ გახდა ცნობილი: რამდენადაც დადგინდა, ქსენია, ერთი წყაროს მოწმობით, 1732 წელს უნდა დაბადებულიყო კეთილშობილ და ღირსეულ ოჯახში, მეორის თანახმად კი - ერთი წლით ადრე. მამამისს გრიგოლი ერქვა, დედის სახელი უცნობია.

სრულწლოვანებას მიღწეული პოლკოვნიკ ანდრეი პეტროვს მისთხოვდა, რომელმაც ცოლის ნამზითვი ფულით სანქტ-პეტერბურგში პატარა სახლი შეიძინა, რომელიც მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარეობდა (ამჟამად იგი ლახტინსკის ქუჩად იწოდება).

თუმცა, სამწუხაროდ, მათ ტკბილ ცოლქმრობას დიდი დღე არ ეწერა: ანდრეი თეოდორეს ძეს ხურვება შეეყარა, სავარაუდოდ - ტიფი და სული უფალს შეჰვედრა, გარდაცვალების წინ კი თავის 26 წლის მეუღლეს დაუბარა: - უფალს ემსახურე და მისი სახელი განადიდეო!
ისინი ერთად მხოლოდ სამ წელიწად-ნახევარს იყვნენ და შვილი არ ჰყოლიათ...უსაყვარლესი, ჯანმრთელი და ახალგაზრდა ქმრის უეცარმა გარდაცვალებამ შეძრა ქსენია, ყოველივე ამქვეყნიური დაივიწყა და იმდენად შეიცვალა, გეგონებოდათ, ჭკუიდან შეიშალაო, ხოლო როდესაც მთელი ქონება, ახლობელთა აზრით, "ქარს გაატანა" და უპოვართ დაურიგა, სახლი კი ახლობელს, პარასკევა ანტონოვას აჩუქა, ეს აზრი კიდევ უფრო განუმტკიცდათ. ქსენიას ნათესავებმა მისი გარდაცვლილი მეუღლის უფროსობას სათხოვრითაც კი მიმართა, მისთვის ქონების გასხვისების უფლება არ მიეცა, ხსენებული უწყების ხელმძღვანელობამ დაიბარა კიდეც, გაესაუბრა და დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა ქალი სრულ ჭკუაზე იყო და შეეძლო, საკუთარი ქონება ნებისამებრ განეკარგა.

ამგვარად აფასებდნენ ნეტარს თანამედროვენი და არ ესმოდათ, რომ მეუღლის გარდაცვალებამ მის სულში უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა, ხოლო ჭკუასუსტობას არაფერი აქვს საერთო სალოსობასთან, პირიქით, ღვთის-თვის შეშლილობა - უდიდეს სიმამაცეს და ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს და კიდევ იმას, რომ ზუსტად გააცნობიეროს გზა, რომელსაც დაადგა... და მართლაც, საყვარელი მეუღლის წასვლამ, რომელშიც ქსენიას სიცოცხლის საზრისი იყრიდა თავს, აშკარად დაანახვა, თუ რამდენად წარმავალი და ამაოა ყოველივე ამქვეყნიური და რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მიწაზე არ იპოვება, წუთისოფელი კი ხშირად წინაღობაა მის მოსახვეჭად.

სწორედ ეს გახლდათ მისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღებად კი ურთულესი გზა - სალოსობა აღირჩია, ქმრის თეთრეულით შეიმოსა, მისი მუნდირი ჩაიცვა და ყველას უმტკიცებდა, - ანდრეი თეოდორეს ძე კი არა, მისი მეუღლე, ქსენია მიიცვალაო.

ის დღე იყო და ის დღე, თუ ვინმე ქსენიად მოიხსენიებდა, ყურსაც არ ათხოვებდა, ხოლო თუ ქმრის სახელით მოუხმობდნენ, მყისვე ხალისით შეეპასუხებოდა. იმასაც ამბობენ, დედა ქსენიამ რამდენიმე წელი არზამასის მახლობლად, ალექსეევსკის დედათა მონასტერში გაატარა, ღირსმა თეოდორე სანაქსარელმა (უშაკოვმა) რომ დააფუძნაო.

პეტერბურგში ნეტარს თავის მისადრეკი ადგილი არ ჰქონია, მთელი დღე მოციქულ მათეს სახელობის ტაძრის სიახლოვეს იარებოდა, სადაც ადრე ღარიბი ხალხი მცირე ხის ქოხებში სახლობდა. ქსენიას უცნაური ჩაცმულობა, უჩვეულო მეტყველება, უსახლკარობა და სრული უბოროტობა ბევრს აძლევდა მისი დაცინვის და დამცირების საბაბს, განსაკუთრებით ქუჩის ბიჭები ერჩოდნენ, ნეტარი კი, მუდამ ახსოვდა რა მაცხოვრის მაგალითი, რომელმაც ნერწყვა, გვემა, დამცირება, ჯვარზე გაკვრა და სიკვდილი მორჩილად მიიღო, თავადაც უდრტვინველად დაითმენდა ყველაფერს.

მხოლოდ ერთხელ იხილეს პეტერბურგელებმა ნეტარი განრისხებული - ქუჩის ბავშვებს, რომელთაც კვლავ მისი დაუცველობით ესარგებლათ, სიტყვიერი დამცირება აღარ ეკმარათ და ტალახი და ქვა დაეშინათ...ითმინა წმინდა დედამ მათი თავხედობა, ითმინა, მაგრამ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე რომ გადავიდნენ, როგორც ჩანს, მოთმინების ძაფი გაუწყდა და გაბოროტებულ არსებებს ჯოხით დაერია, მუდამ თან რომ დაჰქონდა. ამის შემხედვარე თანამოქალაქეებმა კი საქმე ისე მოაწყვეს, ღვთის სათნომყოფლისთვის ვეღარავის ევნო.

ხანი გამოხდა და ადამიანები მის უცნაურობებს, ასე თუ ისე, შეეგუვნენ და მიხვდნენ, რომ საქმე უბრალო ქუჩის მაწანწალასთან კი არა, განსაკუთრებულ ადამიანთან ჰქონდათ...ამის გამო ბევრს ეწყალებოდა და ცდილობდა, დედა ქსენიასთვის რამით ერგო, ეს სიბრალული კი განსაკუთრებულად მაშინ გამოვლინდა, როდესაც ქმრის სამოსი უკიდურესად გაუცვდა, ძონძად ექცა, შიშველი ფეხები კი ყინვისგან დაუსივდა და გაუწითლდა. ჭახჭახა ყინვაში კონკებში გამოხვეული, გათოშილი, მთლად სველი სალოსის დანახვაზე ადამიანებს გული ემუსრებოდათ და ხან თბილ სამოსს ჩუქნიდნენ, ხან - ფეხსაცმელს ან საკვებს, მაგრამ ნეტარი არასოდეს იმოსებოდა თბილად და სანამ სული ედგა, ან დაფხრეწილი მწვანე ქვედაკაბა და წითელი, გაწყალებული ზედა ეცვა, ან - ჩასაცმელად უკვე უვარგისი წითელი ქვედაკაბა და მწვანე ზედა...

მოწყალებას არასოდეს მიიღებდა, ხოლო თუ წესს გადაუხვევდა,ხურდას მხოლოდ კეთილი ადამიანებისაგან შეიწყნარებდა და მაშინვე თავისნაირ ღატაკებს ურიგებდა. მთელ დღეებს პეტერბურგის ბინძურ ქუჩებში იარებოდა და მხოლოდ ხანდახან თუ შეუვლიდა ნაცნობებს. ხან სადილად დაეწვეოდა, ხან - გაესაუბრებოდა, შემდეგ კი კვლავ ქუჩას უბრუნდებოდა, ხოლო ღამეებს სად ათევდა, კარგა ხანს არავინ უწყოდა. ამით კი არა მხოლოდ პეტერბურგელები, ქალაქის პოლიციაც დაინტერესდა, რომელიც, ცოტა არ იყოს, დააეჭვა ამ ერთობ უცნაურმა ქალმა. ბოლოს, გადაწყდა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, მისი ღამეული სადგური და საქმიანობა დაედგინათ და საამისოდ ზომებიც მიიღეს, ცნობისწადილი მალე დაიკმაყოფილეს და დამშვიდდნენ: -როგორც აღმოჩნდა, ქსენია ღამ-ღამობით მინდორში მიდიოდა, ამინდის მიუხედავად, განთიადამდე მუხლმოყრილი ლოცულობდა, შემდეგ კი ოთხივ კუთხივ მეტანიებს აღარსულებდა.

სხვა დროს სმოლენსკის სასაფლაოზე ახალი ტაძრის მშენებლებმა შენიშნეს, რომ ღამ-ღამობით, მათი არყოფნისას, ვიღაც აგურის მთელ გორებს ზემოთ ეზიდებოდა. კარგა ხანს ვერა გაეგოთ რა, თუ ვინ იყო მათი უვერცხლო, უხილავი თანამუშაკი, ბოლოს, ღამით დაუდარაჯდნენ და შეიტყვეს, რომ იგი ნეტარი ქსენია იყო.

- ანდრეი თეოდორეს ძევ, როდისღა გძინავს? - ეკითხებოდნენ.

- ძილს მიწაშიც მოვასწრებთ, - უპასუხებდა.

ნეტარი მუდამ ცდილობდა, ტაძრის საძირკველი, რაც შეიძლება, მყარი ყოფილიყო. ბევრი რამის გადატანა მოუწევს, მაგრამ, არაფერია, გაუძლებსო, - იტყოდა და მართლაც: - 1824 წლის წყალდიდობისას, როდესაც სტიქიამ უამრავი სასაფლაო წაშალა, ტაძარი გადარჩა.

ვინ უწყის, თუ რამდენი ამგვარი ქველი საქმე ჩაიდინა წმინდა დედამ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის არც ერთი მოწმე არ არსებობს. თავისი გზა მარტოდმარტომ განვლო, ოდენ უფლის მოიმედემ, ეს გზა კი არც ისე მოკლე აღმოჩნდა: -მეუღლის გარდაცვალების შემდგომ კიდევ 45 წელიწადს იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე გამუდმებით ებრძოდა კაცთა მოდგმის დაუძინებელ მტერს, - ეშმაკს.

სად აძლევდა დაღალულ, ნაგვემ სხეულს მცირეოდენი დასვენების საშუალებას ნეტარი, ოდენ ღმერთმა უწყის, ისიც ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უძლებდა ხნოვანი და უძლური ორგანიზმი პიტერული შემოდგომის ხანგრძლივ წვიმებს, ძვალ-რბილში რომ ატანს, ან საშინელ, გამჭოლ სიცივეებს, ზაფხულსაც რომ გადასწვდება ხოლმე, საბრალო ჩიტებს რომ აზრობს და მუსრს ავლებს და ხშირად ახალგაზრდა ადამიანებსაც უმოკლებს სიცოცხლეს... ყველაფერ ამას ან ზეადამიანური ჯანი სჭირდებოდა, ან იმგვარი შინაგანი, სულიერი სიმხურვალე და უღრმესი, უპირობო რწმენა, შეუძლებელსაც რომ შესაძლებლად აქცევს...

მაგრამ როდესაც უდიდეს ღვთისკაცთა ღვაწლს გავიხსენებთ, რწმენით ადამიანური გონისთვის საკვირველ საქმეებს რომ სჩადიოდნენ, აღარც ნეტარი ქსენიას სასწაულებს მივიჩნევთ შეუძლებელს. ის კი მართლაც ამგვარი, უეჭველი რწმენის პატრონი გახლდათ, რომლისთვისაც შეუძლებელი აღარაფერია, თავისი დიდი მორჩილებით, სიმდაბლით, სიგლახაკით, მოყვასისადმი სიყვარულით და ლოცვით მოიხვეჭდა ჭვრეტის მადლმოსილ ტალანტს, რომლის წყალობითაც მრავალს შეეწეოდა, რის შესახებაც მატიანემ პეტერბურგელთა ზოგიერთი მოწმობა შეინახა:

ერთხელ ნეტარი ვაჭარ კრაპივინას სტუმრობდა, თან ესაუბრებოდა. განჭვრიტა რა ახალგაზრდა მასპინძლის უეცარი გარდაცვალება, გული შეემუსრა, სიკვდილისათვის სათანადო სამზადისზე ჩამოუგდო სიტყვა და სასხვათაშორისოდ დასძინა: - ჭინჭარი ("კრაპივა", მოგეხსენებათ, რუსულ ენაზე ჭინჭარს ნიშნავს) ახლა კი მწვანეა, მაგრამ სულ მალე დაჭკნებაო, რისთვისაც სათანადო ყურადღება არავის მიუქცევია, ხოლო როდესაც ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი ქალი უეცრად მიიცვალა, ნეტარის სიტყვა ყველამ გაიხსენა და განკვირდნენ...

* * *

ერთ მშვენიერ დღეს დედა ქსენია მივიდა პარასკევა ანტონოვასთან, ვისაც საკუთარი სახლი აჩუქა და უთხრა:
-დამჯდარხარ და წინდებს კემსავ, ის კი არ იცი, რომ ღმერთმა ვაჟი გამოგიგზავნა, ახლავე ადექი და სმოლენსკის სასაფლაოსკენ გაიქეციო!

პარასკევამ, რომელმაც კარგად უწყოდა, რომ ქსენიას ამაო სიტყვა არასოდეს წამოსცდებოდა, მყის მითითებული ადგილისაკენ გასწია...

სმოლენსკის სასაფლაოს სიახლოვეს, ერთ-ერთ ქუჩაზე უამრავი ხალხი დაინახა, ცნობისწადილმა სძლია, გაიკითხა და შეიტყო, რომ ვინმე მტვირთავი ფეხმძიმე ქალს დასჯახებოდა,რომელსაც იქვე ემშობიარა, ვაჟი გაეჩინა და გარდაცვლილიყო...პარასკევას ძალზე შეეწყალა ბავშვი და მაშინვე თავისთან წაიყვანა. თავად მის და პეტერბურგის პოლიციის დიდ მცდელობას, ჩვილის მშობელთა ვინაობა დაედგინათ, შედეგი არ მოჰყოლია, პარასკევამ ბიჭს კარგი განათლება მისცა, ჩინებულად აღზარდა და იგიც, შემდგომში გამოჩენილი სახელმწიფო მოხელე, უდიდეს პატივს სცემდა თავის დედობილსაც და ნეტარ ქსენიასაც, აუარება სიკეთე რომ მიაგო დედამისს და მისი ბედიც, ღვთის ნებით, დიდწილად განსაზღვრა.

* * *

ნეტარის სამრეკლოს სიახლოვეს მდებარეობს 1827 წელს გარდაცვლილი ევდოკია გაიდუკოვას სამარე, რომელიც წმინდანს უყვარდა.

ერთ დღეს ნეტარმა შეუარა ევდოკიას, რომელმაც მყის სუფრა გაუშალა, ნასადილევს კი მოუბოდიშა:

- დღეს არაფერი მომიმზადებია და მწირი სადილი მაპატიეო!

- მადლობელი ვარ, დედაო, მასპინძლობისთვის, მაგრამ ტყუილი რაღა საკადრისია, განა არ ვიცი, რომ ქურაში შემწვარიიხვი გაქვს და ჩემთვის რომ გეწილადა, შეგეშინდაო?!

ევდოკიას ძალზე შერცხვა და იხვის გადმოსაღებად მაშინვე ქურას ეცა, მაგრამ წმინდანმა შეაჩერა:

- განა არ ვიცი, რომ შენი ფაშატისთავასთვის ინახავ (ასე ევდოკიას ქმარს იხსენიებდა და ლოთობის, უხეშობისა და ბილწსიტყვაობის გამო ერიდებოდა)?! იხვი არ მინდა, ვუწყი, რომ არა ქმრის შიში, მაგითაც გამიმასპინძლდებოდი, ნუ განარისხებო!

* * *

წმინდა დედის ნაცნობთა შორის, რომელთაც იგი დროდადრო სტუმრობდა, გოლუბევების ოჯახიც იყო - ქვრივი დედა და 17 წლის მზეთუნახავი ასული.მშვიდი ხასიათისა და გულკეთილობის გამო ნეტარს ესგოგონა ძალზე უყვარდა.

ერთხელაც ესტუმრა ნეტარი დედა-შვილს, რომლებიც ყავის სამზადისს შესდგომოდნენ და ქალიშვილს მიახალა:

- ჩემო ლამაზო, შენ აქ ყავას ადუღებ, იქ კი შენი ქმარი ცოლს მარხავს! ახლავე ადექი და იქით გაიქეციო!

- რა ქმარი, რის ქმარი, დღემდე საქმროც კი არ მყავსო, - გაიოცა ქალიშვილმა.

- ახლავე წადი! - გულმოსულმა გაუმეორა ნეტარმა, რომელსაც შეპასუხება არ უყვარდა.

გოლუბევებმა, რომელთაც მშვენივრად უწყოდნენ წმინდა დედის სიტყვის ყავლგაუსვლელობის შესახებ, მაშინვე მითითებული ადგილისკენ გასწიეს, გზად სასაფლაოსკენ მიმავალ პროცესიას შეხვდნენ და შეერივნენ... აღმოჩნდა, რომ ერთი ექიმი თავის ახალგაზრდა ცოლს ასაფლავებდა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა.

გასრულდა წირვა, პანაშვიდი, მიცვალებული მიწას მიაბარეს, ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა... ის იყო, დედა-შვილმაც შინ დააპირა გაბრუნება, რომ მოულოდნელად შეესწრო, რა გულამოსკვნილი დასტიროდა დაქვრივებული ახალგაზრდა კაცი უსაყვარლეს მეუღლეს, შემდეგ კი გული წაუვიდა და გოლუბევების სიახლოვეს დაემხო...

დედა-შვილმა გონს მოიყვანა, ერთმანეთი გაიცნეს, ნახევარ წელიწადში კი ახალგაზრდა ქალი დაქვრივებულ ექიმსცოლად გაჰყვა...

ცოლ-ქმარმა ღრმა სიბერემდე სიამტკბილობით და სრული თანხმობით იცხოვრა, გარდაცვალების წინ კი ქალმა შვილებს დაუბარა, სანამ პირში სული ედგათ, ნეტარი ქსენიას ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ და მისი სამარისათვის ეპატრონათ.

* * *

ერთხელ ქსენია ქუჩაში თავის კარგ ნაცნობს, კეთილშობილ ქალს შეხვდა, გააჩერა და უთხრა:

- აიღე ხუთიანი, ზედ ცხენზე ამხედრებული ხელმწიფეა, ჩაქრება!

გაოცებულმა ქალმა ხუთკაპიკიანი გამოართვა, შინისკენ გასწია და შორიდანვე შენიშნა, რომ იგი იწვოდა, თუმცა, როგორც კი მიუახლოვდა, ცეცხლი მყისვე ჩაქრა და მაშინღა მიხვდა, თუ რას ნიშნავდა ნეტარის სიტყვები - ჩაქრებაო!

* * *

ცნობილია, რომ დედოფალმა ანა იოანეს ასულმა, რომელსაც რუსეთის სამეფო ტახტზე მამამისის შთამომავალთა ხილვა სურდა, თავისი ნათესავი, ანა ლეოპოლდის ასული პრინც ანტონ ულრიხს მიათხოვა, მათი ვაჟიშვილი იოანე კი (რომელიც 1740 წელს დაიბადა) თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ იოანეს მართლაც დაასხეს ხელი, მაგრამ ამ ამბებიდან მოკლე ხანში, 1741 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, იოანეს შლისენბურგის ციხეში ამოაყოფინეს თავი, მისი მშობლები ხოლმოგორს გადაასახლეს, სადაც აღესრულნენ კიდეც, ტახტი კი პეტრე დიდის ქალიშვილმა, ელისაბედმა ჩაიგდო ხელში.

ბედკრული იოანე 23 წელი იტანჯა ტყვეობაში, შემდეგ ერთ-ერთი ოფიცერთაგანი, გვარად მიროვიჩი შეეცადა მის გათავისუფლებას და კვლავ ძველ დიდებაში აღდგენას, თუმცა, უშედეგოდ - სხვა ოფიცრებმა ელისაბედს არ უღალატეს, საბრალო ხელმწიფეყოფილი კი შეტაკებისას დაიღუპა.

ამ ამბებამდე 3 კვირით ადრე ნეტარმა მწარე მოთქმა იწყო, ქუჩა-ქუჩა იარებოდა და ქვითინებდა, ხოლო თუ ვინმეგააჩერებდა და ჰკითხავდა: - ანდრეი თეოდორეს ძევ, რად ტირი, ვინმემ გაწყენინაო? პასუხობდა: - იქ სისხლია, სისხლი! სისხლმა მდინარეები აღავსო და ნაკადულებად მოედინება... იქ სისხლია, სისხლი!" - და ტირილს უმატებდა...ვერავინ ხვდებოდა, თუ რა აწუხებდა მშვიდსა და უწყინარ მოხუცს, მხოლოდ იოანეს მკვლელობის შემდეგ მიხვდნენ, თუ რას გულისხმობდა...

* * *

1761 წლის 24 დეკემბერს, ქრისტესშობის წინ ნეტარიპეტერბურგის ქუჩებში დარბოდა და მთელი ხმით გაჰყვიროდა:

- ბლინები დააცხვეთ, მალე მთელი რუსეთი ბლინების ცხობას დაიწყებსო!

ვერც ახლა მიუხვდა ვერავინ, ამით რისი თქმა სურდა, მაგრამ როდესაც მეორე დღეს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, ყველაფერს ნათელი მოეფინა.

* * *
უდავოა, წმინდა დედის წინასწარჭვრეტის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი არსებობს, მაგრამ მათგან, სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ მცირედმა მოაღწია, თუმცა, მისი საკვირველი სულიერი ნიჭის დასტურად ესეც კმარა.

ქსენია პეტერბურგელის უჩვეულო ცხოვრების, სიმდაბლის, სიკეთის, უპოვარების, მორჩილების და წინასწარჭვრეტის საოცარი უნარის ამბავი მალე მთელ ქალაქს მოედო, მას ყველა დიდ მოღვაწედ და ღვთის უდიდეს სათნომყოფელად მიიჩნევდა და პატივს მიაგებდნენ და მისი სტუმრობით ხარობდნენ, რადგან ქსენიას ყველგან საოცარი მადლი, სიხარული და რაღაცნაირი ბედნიერება შეჰქონდა.

ვაჭრებმა შენიშნეს, რომ თუ ნეტარი მათ დახლს მიაკითხავდა და რამეს აიღებდა, მყის ვაჭრობა ჩაღდებოდა და ადამიანები იმ ადგილს რიგებად აწყდებოდნენ. ხოლო თუ რომელიმე მეეტლე იმდენს მოახერხებდა, წმინდა დედა მცირე მანძილზე მაინც გაეტარებინა, დღის განმავლობაში დიდ ხეირს ეწეოდა, ამიტომ ერთურთს ეჯიბრებოდნენ, პირველი ვინ დაიყოლიებდა.

პეტერბურგელმა დედებმა კი კარგად იცოდნენ, რომ თუ ნეტარი მათ ავადმყოფ შვილს მიეალერსებოდა ან აკვანს დაურწევდა, უცილობლად გამოჯანმრთელდებოდა და ბედნიერი იქნებოდა. ამიტომ ისწრაფვოდნენ ასერიგად მისკენ ლოცვა-კურთხევის მისაღებად.

ამგვარ ღვაწლსა და ჭეშმარიტი ბედნიერების ძიებაში განლია ცხოვრება ნეტარმა, რომელმაც მეუღლის გარდაცვალებიდან 45 წელიწადს იცოცხლა. ამ ხნის მანძილზე მას არა მხოლოდ თავის მისადრეკი ადგილი, წესიერი, თბილი სამოსი და ფეხსაცმელიც კი არ ჰქონია ჩრდილოური ყინვებისაგან დამზრალი სხეულის დასაფარად, მაგრამ მაინც ძალზე ბედნიერი გახლდათ, ჩიტივით დაქროდა პეტერბურგის გაყინულ ქუჩებში და ყველას რაღაცით შეეწეოდა, ღამით კი მისი სული უფალს ესაუბრებოდა.დაღალულ სახეზე სიმდაბლის, სიკეთისა და მორჩილების ნათელი ედგა და ცხადი იყო, რომ თუმც სხეულით მიწაზე იყო, სული მისი სულ სხვაგან ფრენდა, - იმ ცისკენ, ასერიგად რომ ისწრაფვოდა...

დადგა დღე, როდესაც უფალმა მიწიერ ბორკილთაგან მისი გათავისუფლება ინება. აღსასრული სამწუხაროდ, მატიანე არაფერს გვამცნობს ნეტარი ქსენიას გარდაცვალების ან მისი დაკრძალვის გარემოებების შესახებ, მხოლოდ გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, რამე დავასკვნათ. მისი ცხოვრების მკვლევართა გულმოდგინე გარჯის მიუხედავად, რომელთაც არაერთგზის შეისწავლეს სმოლენსკის სასაფლაოს (სადაც ნეტარი განისვენებს) არქივი, წმინდა ქსენიას გარდაცვალების ზუსტი თარიღისა და სხვა გარემოებათა შესახებ ვერაფერი დადგინდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წმინდა დედა 1777 წლამდე უნდა გარდაცვლილიყო, თუმცა, არსებობს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება, - ნეტარი სმოლენსკის სასაფლაოსთან მშენებარე ტაძრისათვის აგურებს ღამღამობით ეზიდებოდა. ასე რომ, იმ დროისათვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუ ვივარაუდებთ, რომ იგი სმოლენსკის სასაფლაოზე ძველი ტაძრის მშენებლობას შეეწეოდა, უნდა გავიხსენოთ, რომ ქვის ტაძრის აგებამდე აქ მხოლოდ ხის ნაგებობა არსებობდა.

ის, რომ არქივში მისი გარდაცვალების შესახებ არანაირი საბუთი არ ინახება, იოლი ასახსნელი იქნება, თუ იმდროინდელ სინამდვილეს გავითვალისწინებთ, რომელიც სულაც არ თვლიდა აუცილებლად, ყოველი გარდაცვლილის შესახებ ჩაენიშნა, ამასთან, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მაშინ წესს ან პანაშვიდს უშუალოდ მიცვალებულის სამარეზე კი არა, ხშირად სხვა ტაძარში აღასრულებდნენ. სწორედ ამ მიზეზით უამრავი გარდაცვლილის სახელს, რომელნიც ამ სასაფლაოზე განისვენებენ, იქაურ არქივში ვერ იპოვით, მაგალითად, 1848 წელს ტიფის ეპიდემიისას გარდაიცვალა უამრავი ადამიანი, მალტის ორდენის რაინდები და ასე შემდეგ, რომელთა პანაშვიდები სასაფლაოს ნაცვლად ამა თუ იმ ტაძარში აღესრულა. ჩანს, მსგავსი რამ მოხდა წმინდა ქსენიას შემთხვევაშიც. ასე რომ, სხვადასხვა გარემოებასა თუ ვარაუდზე დაყრდნობით, ნეტარი დედა 1794 წელზე ადრე (ტაძრის აგებამდე) და 1806 წელზე უგვიანეს არ უნდა გარდაცვლილიყო, რაც შეეხება მისი დაბადების თარიღს, იგი 1719-30 წლებს შორის მერყეობს... არც ის გახლავთ ცნობილი, თუ რა გარემოებაში აღესრულა, თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, რამდენი მადლიერი ადამიანი გააცილებდა უკანასკნელ გზაზე...

მის სამარეს ზღვა ხალხი აწყდებოდა, სარწმუნო ცნობით კი XX საუკუნის 20-იან წლებში იქ აუარება მომლოცველი იკრიბებოდა, რომელთაც თან საფლავის მიწა მიჰქონდათ, რის გამოც ხშირად მიწის ახალი ფენის დამატება უწევდათ. ბოლოს ადგნენ და ქვის ფილა დაადეს, თუმცა, მალე ისიც დაამტვრიეს და, როგორც სიწმინდე, დაინაწილეს, იგივე
ბედი ეწია მეორე ქვასაც... მომლოცველთა შემოწირულობის მეშვეობით მალე საფლავი შემოზღუდეს, შემდეგ კი მასზე სამრეკლო ააგეს.

საბჭოთა ეპოქამ მისი სახელის მისაჩქმალად, 1940 წლის აგვისტოში სამრეკლო დახურა, ერთ წელიწადში დაწყებული მეორე მსოფლიო ომის დროს კი იქაურობა საწვავის საწყობად აქციეს, საფლავის მარმარილოს ფილები დაშალეს, ხატები - დაწვეს...

ომის დასრულების შემდგომ, მორწმუნეთა მოთხოვნით, სამრეკლო კვლავ აღადგინეს და მთელი დღის მანძილზე ნეტარის საფლავზე პანაშვიდები აღევლინებოდა. 1960 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამრეკლო კვლავ დახურეს და იქ სკულპტურული სახელოსნო გახსნეს, მაგრამ, ღვთის დიდი სათნომყოფელის "წყალობით", მუშაობა ვერც ერთმა მოქანდაკემ ვერ შეძლო, - ყველაფერი ხელიდან უცვიოდათ... საოცრებები ხდებოდა - ჩაკეტავდნენ საღამოობით მოქანდაკეები იქაურობას, დილით კი ქანდაკებების ნაცვლად თავის ქალები ხვდებოდათ... მორწმუნეებმა სამრეკლოს აღდგენა და გასუფთავება არაერთგზის სცადეს, რამდენიმე ახალგაზრდა ამის გამო გაასამართლეს კიდეც, ბოლოს, 1984 წელს, იგი სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზოგადოებას გადაეცა, 1987 წელს კი ხელახლა იკურთხა.

რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლის იუბილეზე მიტროპოლიტმა ალექსიმ (შემდგომ სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ) ქსენია პეტერბურგელის კანონიზაციის აუცილებლობის თაობაზე განაცხადა, მომდევნო, 1988 წელს კი, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ნეტარი დედა წმინდანთა დასს შეერთო.

ხატის წყარო


ნეტარი ქსენია პეტერბურგელის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები, რომელმან უგუნურებისა ზმნობითა ამხილე უგუნურებაი სოფლისა, სიმდაბლითა ჯუარისათა ძალი ღვთისა შეიწყნარე; ამისთვისცა ნიჭი სასწაულმოქმედი შემწევნელობისა მოიხვეჭე, ნეტარო ქსენია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა სინანულისა ძლით გვიხსნას ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.
....................................
წმინდა ქსენიაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი

ნეტარი დედები გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ მფარველობას

წმიდა ნეტარი დედის ქსენია პეტერბურგელის დაუჯდომელი

საღვთო მადლი - ცოლქმრული სიყვარულის საზღაურად




ბეჭდვა
1კ1