ღირსი დომნიკა - 08 (21) იანვარი
ღირსი დომნიკა - 08 (21) იანვარი
ღირსი დომნიკა რომში მეოთხე საუკუნეში დაიბადა. სრულწლოვანებას მიღწეულმა, გაისიგრძეგანა რა წუთისოფლის ამაოება ზეციურ სიკეთეებთან შეადრებით, ფარულად დატოვა მშობელთა სახლი, ოსტიაში გემში ჩაჯდა და ალექსანდრიას გაემგზავრა. 

ამ სიბრძნის მიტროპოლიაში ერთ ციხე - სიმაგრეს მიადგა, სადაც ოთხი წარმართი ქალწული ცხოვრობდა, თავი მოაჩვენა, თითქოს თავადაც წარმართი იყო და მათ შეუერთდა.

სწორედ საკუთარი კეთილკრძალული და სათნო ცხოვრებით შეძლო ამ ქალწულებამდე სახარების ნათლის მიტანა.

როგორც კი შეღამდებოდა, დომნიკა განმარტოვდებოდა ხოლმე და უფალს ცრემლით ევედრებოდა მეგობართა ხსნას.

მალე მისმა ლოცვამ ნაყოფი გამოიღო და ქალწულებმა თავიანთ ცრუ ღმერთებს უარი უთხრეს და ქრისტეს შეუდგნენ.

ამან ძალზე გაახარა დომნიკა და შესთავაზა, ცრუ ღმერთებთან ერთად ამა სოფლის მიჯაჭვულობაზეც უარი ეთქვათ და სულის ხსნისთვის ქრისტეს შესდგომოდნენ.

ყოფილი წარმართნი სიხარულით დასთანხმდნენ, თუმცა, არ იცოდნენ, ჩაკეტილი სიმაგრისთვის თავი როგორ დაეღწიათ.

მაშინ დომნიკა იმას შეევედრა, ვინაც ჯოჯოხეთის კლიტენი შემუსრა და სიმაგრის მტკიცედ დახშული კარნი მყისვე განიხვნა.

ღამის ბინდში გახვეულმა ხუთმა ქალწულმა ფაროსის შუქურამდე მიაღწიეს და კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ ხომალდში ჩასხდნენ.

მალე ზღვა ძლიერ აღელდა და მაშინღა დამშვიდდა, როდესაც ნეტარმა მობობოქრე ტალღებს ნაკურთხი ზეთი ასხურა.

რამდენიმე დღეში კონსტანტინოპოლს, სოფიის პორტს მიაღწიეს, იქ თვით მთავარეპისკოპოსი ნექტარიოსი დახვდა (ხსენება 11 ოქტომბერს), რომელსაც უფლის ანგელოსმა აუწყა ქალწულთა მოსვლის შესახებ.

წმინდა დომნიკამ ნექტარიოსს ყოველივე უამბო და მეგობარნი წარუდგინა, რომლებიც მეუფემ დოროთეას, ევანთეას, ნონასა და ტიმოთეას სახელებით მონათლა და ერთ - ერთ მონასტერში გაგზავნა.

დომნიკას წმინდა ცხოვრებისა და სიბრძნის ამბავი მალე მთელს კონსტანტინოპოლს მოედო და ქალწულს უამრავი სნეული მიაწყდა, მათ შორის, - შეპყრობილნიც, რომელთაც ნეტარი ლოცვით განამრთელებდა. 

მალე მის შესახებ თვით იმპერატორმა თეოდოსი დიდმა შეიტყო და   დედოფლითურთ ესტუმრა.

ამ დღის შემდგომ ნეტარს იმდენი მორწმუნე მიაწყდა, დომნიკასა და მის ხუთ მეგობარს ლოცვისა და განმარტოებისთვის დრო აღარ რჩებოდათ.
მაშინ უფალმა დომნიკას უდაბნოს ის ადგილი განუწესა, რომელსაც, იქ მოსახლე უამრავი ბოროტი სულის გამო, ყველა გაურბოდა.

როდესაც ნეტარმა დომნიკამ მთავარეპისკოპოსს ამ ადგილას სავანის დაფუძნება სთხოვა, მეუფემ ჯერ მტკიცედ იუარა, შემდგომ კი აღიარა, რომ წმინდა ქალწულს ეს იდეა თვით უფალმა შთააგონა, შემდეგ ყოველივე იმპერატორს მოახსენა, რომელმაც მოკლე ხანში იქ ზაქარია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერი აღაშენა.

388 წელს, მონასტრის დასრულების შემდგომ, წმინდა ნექტარიოსმა მისი კურთხევა 26 იანვარს განიზრახა, თუმცა, წმინდა დომნიკას თხოვნით, რომელმაც განჭვრიტა, რომ ქალაქს შფოთი ელოდა, ეს ორი დღით ადრე მოხდა.

ორი დღის შემდგომ მისი წინასწარმეტყველება აღსრულდა: - ქალაქში არიანელებმა სისხლიანი შეხლა - შემოხლა მოაწყვეს.

ამით განკვირვებულმა წმინდა ნექტარიოსმა იგი სავანის იღუმენიად აკურთხა.

წმინდა დედა, რომელმაც, ღვთის შეწევნით, უამრავი საკვირველი საქმე და კურნება აღასრულა, კონსტანტინეს ქალაქის ნამდვილ წინასწარმეტყველად იქცა.

მასვე ეუწყა ღვთისგან იმპერატორ თეოდოსის გარდაცვალება და შემდგომი უბედურებანი.

ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს ნეტარი დედა დასნეულდა, თავის სულიერ დას, დოროთეას უხმო და სხვა დედანი მას ჩააბარა, შემდეგ გულმხურვალედ ილოცა და ღმერთს მონასტრის და ქალაქის მფარველობა შესთხოვა, ხოლო როდესაც სული უფალს ჩააბარა, იქაურობა მიწისძვრამ შეარყია.

როდესაც შეშინებული მონაზვნები სენაკებიდან გამოცვივდნენ, საკვირველი რამ იხილეს: - ცაში უამრავი სპეტაკსამოსიანი ბერი და მონაზონი ლივლივებდა, რომელნიც სასძლოდ შემოსილ დომნიკას ახლდნენ და ესმათ ხმა:

- იხილეთ, როგორ განდიდდებიან ღვთის წმინდანნი!

წმინდა დედის სამარესთან უამრავი სასწაული აღსრულდა. ერთხელ ისიც იხილეს, თუ როგორ აარიდეს სავანეს გარდაუვალი ხანძარი წინასწარმეტყველმა ზაქარიამ და ნეტარმა დომნიკამ.
..............................
წმინდა დომნიკას ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1