განათლება სულიერების გარეშე დაზუთხული უნარ-ჩვევებისა და თეორიული ბლოკების კრებულია
განათლება სულიერების გარეშე დაზუთხული უნარ-ჩვევებისა და თეორიული ბლოკების კრებულია
ჩვენი ჯვარია ვიყოთ ნათელნი ამა სოფლისანი
უკანასკნელ წლებში საქართველოში მრავალი კომერციული უნივერსიტეტი დაარსდა , ინსტიტუტები კი უნივერსიტეტებად გადაკეთდა, თუმცა, გავრცელებული შეხედულებით, უმაღლეს სასწავლებლებში შეძენილი ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ახალგაზრდები სპეციალობის მიხედვით დასაქმებულიყვნენ და სამუშაოს შოვნის პრობლემა არ შექმნოდათ, რის გამოც ბევრი მშობელი იძულებული გახდა, სახლ-კარი გაეყიდა, რომ შვილი საზღვარგარეთის რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაეშვა სასწავლებლად. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პირველი შეკითხვა.

1. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი, სად არის გამოსავალი? და კიდევ, რამდენად სრულფასოვანი იქნება უმაღლეს სასწავლებელში მიღებული ცოდნა სასულიერო განათლების გარეშე?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?

3. რას ჰკითხავდით მოძღვარს?

ანკეტის კითხვებს უპასუხებენ ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ეკონომისტი დავით კავილაძე და ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მაია ნადარეიშვილი.

ია ბაგრატიონ-მუხრანელი, სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი, მუშაობს ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის დირექტორად. მისი მეუღლეა ნიკოლოზ ამირეჯიბი, შვილები: ვახტანგი (დაიღუპა 1991 წლის 29 დეკემბერს) და რუსუდანი. ახლახან საქართველოს საპატრიარქოში მოეწყო პრეზენტაცია წიგნისა "საქართველოს თავად-აზნაურნი". წიგნის რედაქტორ-გამომცემელი ია ბაგრატიონ-მუხრანელი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ოქროს ვარდით დააჯილდოვა.


1. განათლება სულიერების გარეშე მკვდარი სქოლასტიკაა, დაზუთხული უნარ-ჩვევებისა და თეორიული ბლოკების კრებულია.

ჩვენი წინაპრები განათლებაში ისეთ ცოდნას გულისხმობდნენ, რომელიც ღვთის კანონებს, მართლმადიდებლურ მრწამსს, კოსმოსურ და მიწიერ ნათლითმოსილ სიბრძნეს ეყრდნობოდა. ტრადიციული ქართული განათლება წმინდა წერილზე იყო დაფუძნებული. შემთხვევითი როდი იყო, რომ ყოველი ახალი სოფლის დაარსებისას, ტაძარიც უნდა აშენებულიყო, ტაძართან კი - საგანმანათლებლო კერა. სიტყვა "განათლება" ნათლის მოფენას ნიშნავს, აქედან წარმოდგება "გონი გამინათდა", "გული გამინათლა", რომელიც საღვთისმეტყველო სჯულის შესწავლის საფუძველზე გონებისა და გულის გახსნასა და განათლებას ნიშნავდა. გელათისა და იყალთოს აკადემიებში დამკვიდრდა ტერმინი "განმანათლებელი", ამ სასწავლებლებს კი "ახალ ათინად" და "ახალ რომად" მოიხსენიებდნენ ისტორიკოსები. განათლება ცოდნასთან ერთად შრომის სიყვარულს, გონების წვრთნას, მაღალ ზნეობას, სამშობლოსადმი თავდადებასა და ერთსულოვნებასაც გულისხმობდა. გავიხსენოთ რუსთაველი:

"ფილოსოფოსნი შემოკრბენ, ამაზედ ჰქონდათ ცილობა,
ბატონი კაცსა ასაქმებს და ჭკუას გამოცდილება,
ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად - ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა".
ან შავთელის:

"შენ, გონიერო, გულის ხმიერო, თვით მეცნიერო, მეფევ ძლიერო,
განათლებულო, გალომებულო, გაბრწყინებულო მზეო ციერო!"

განათლებული, გონიერი, მორწმუნე გოგო-ბიჭების აღზრდა ძალზე რთული გახდა ისეთ საზოგადოებაში, რომლის სულიერება დაბალი ხარისხის შოუებით და ბრაზილიური სერიალებით იკვებება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვცდილობთ ამ ამოცანის გადაჭრას ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმში, რომელიც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ვცდილობთ, ჩვენს ლიცეანტებს ისეთი განათლება მივაღებინოთ, რომ ცოდნასთან ერთად გული და გონება გაუნათლდეთ, არ მოსწყდნენ ეროვნულ ნიადაგს, კარგად ესმოდეთ ამ სიტყვების არსი, რათა შეძენილი ცოდნა-განათლება სამშობლოს კეთილდღეობას მოახმარონ.

2. რწმენა ჩემს ცხოვრებაში ერის უბედურების, ამაღლების, თავისუფლების შეგრძნების დღიდან, 1989 წლის 9 აპრილიდან შემოვიდა. ჩემი პირველი მოძღვარი იყო დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, ამჟამად კი მისი მოწაფე, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი.

3. მტანჯავს, გულს მიკლავს ფიქრი ჩემს დაღუპულ შვილზე, შევხვდებით თუ არა მომავალ ცხოვრებაში ერთმანეთს?


KARIBCHEდავით კავილაძე, 26 წლის, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მუშაობს ბანკში. დაუქორწინებელი.

1. ნათლითმოსილი ცოდნის გარეშე, ჩემი აზრით, ადამიანს შეიძლება ინტელექტუალური ეწოდოს და არა განათლებული, რადგან ამის გარეშე ჩვენ მესამე თვალზე ვიტყვით უარს, რასაც სულიერი ხედვა ჰქვია, რომელიც უდიდეს სიბრძნეს შეიცავს.

ჭეშმარიტ რწმენას სულის მეცნიერება შეიძლება ეწოდოს, რომელიც მხოლოდ ჩვენს სარწმუნოებაში დევს. რა თქმა უნდა, ჩვენს მშობლებსა და მათ წინა თაობას ათეისტურ ეპოქაში მოუწიათ ცხოვრება, მაგრამ მათგან შორს იყო დასავლური გავლენა და ვფიქრობ, ასე რომ არა, უფრო სავალალო მდგომარეობაში ვიქნებოდით რწმენის თვალსაზრისით, ვიდრე ვართ. ალბათ, ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რელიგიის საფუძვლები და წარმოდგენა გააჩნდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ ნათლითმოსილი ცოდნა.

2. რწმენა ბავშვობიდან მომყვება და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მშობლების დამსახურებაა, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ადრეული ასაკიდან მაზიარეს.

ღვთის რაოდენ დიდი წყალობაა ის, რომ დაიბადო ისეთ ქვეყანაში, როგორიც ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველოა, სადაც მაცხოვრის კვართია დაფლული და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლად განადიდებს უფალს.

დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთვის, "რაიცა მოგვაგო ჩვენ" და გვაზიარა ჭეშმარიტებას!

3. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა, მეორე ვერსიით, ხარაგაულის რაიონის ნუნისის მთას ასახელებენ. რომელ ვერსიას ეყრდნობა დედაეკლესია?


KARIBCHEმაია ნადარეიშვილი, 34 წლის, საერთაშორისო ჟურნალისტი, ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სრული პროფესორი. ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.

1.
განათლების თემა აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ეს არის არა სწორხაზოვანი, ერთი მიმართულებით პროგრესირებადი, არამედ - "მოზაიკური" საკითხი, რადგან მრავალ ასპექტს მოიცავს. უმთავრესი საზრუნავია განათლებული პედაგოგების მომრავლება და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამის პროფესიულ განთლებაზე ორიენტირება. სახლ-კარის გაყიდვა და შვილის საზღვარგარეთ გაგზავნა განათლების დეფიციტს ვერ შეუვსებს ახალგაზრდას, თუნდაც არაერთმა მიიღოს პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი. მხოლოდ უცხო ენისა და არითმეტიკის დონეზე ჩაბარებული გამოცდებით სრულფასოვანი განათლება არ მიიღება. 12 წელი თუ უქმად არის გაფლანგული, ოთხი ან ექვსი წელი დასავლურ, პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ვერავის უშველის. ამიტომ, უნივერსიტეტების საკითხი არ უნდა განიხილებოდეს სკოლებისგან განცალკევებულად. ვფიქრობ, დღეს საჯარო სკოლები გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობს მოსწავლეებს, ვიდრე უსაზღვროდ მომრავლებული "ლიცეუმები", "კოლეჯები" და "აკადემიები". კერძო სკოლების ბუმის მიუხედავად, თბილისის მასშტაბით საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა: სოლიდური გადასახადები, უმეტესად, არ შეესაბამება პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციას. მასწავლებელთა გარკვეული კატეგორია ბავშვებს ვერ სთავაზობს შესაფერისი დონის განათლებას და მშობლების მიერ კონკრეტული საგნების არცოდნით სარგებლობს. სამაგიეროდ, კერძო სკოლები წარმატებით აკმაყოფილებს თანამედროვე მშობელთა ძირითად მოთხოვნას - ბავშვმა დღის უმეტესი ნაწილი სკოლაში დაჰყოს.

ამერიკასა და ევროპაში არცთუ იშვიათად შეხვდები ადამიანს, ვინც უაღრესად განათლებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა გამაოგნებელ პრიმიტიულობას ამჟღავნებს, როგორც კი მისი სულიერების საკითხი დაისმის. საქართველოში წარმოუდგენელი მგონია ამგვარი გამიჯვნა რელიგიისგან. ვფიქრობ, განათლებული და სულიერი მადლით მოსილი სინონიმები არ არის. ამავე დროს, თუ პიროვნება თუნდაც ერთი, ვიწრო მიმართულებით მიიღებს სათანადო განათლებას, სრულიად გაუცნობიერებელი, რელიგიური საკითხებისგან იზოლირებული ვერ დარჩება. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს ეყოლება პედაგოგი მართლმადიდებელი სასულიერო პირები. სწავლების პარალელურად, მოძღვრები შეძლებენ სწორი მიმართულება მისცენ როგორც მოწაფეთა სულიერ ძიებებს, ასევე, ზოგადად, მათი ქცევის ნორმებს.

2. ბიბლია ბავშვობის ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა. იმ ფურცლების სურნელიც კი მიყვარდა, ვერ ვგრძნობდი, აკრძალული რომ იყო რელიგია. რაც თავი მახსოვს, პირჯვრის წერას, სანთლის დანთებასა თუ ლოცვას მაჩვევდნენ, ღვთის სიყვარულს მინერგავდნენ ყოველი საშუალებით, რაც 1980-იან წლებში იყო შესაძლებელი. ნათლიაჩემს სახალხოდ ვეძახდი "ნათლიას". ვატარებდი მომცრო ჯვარს ნიკორწმინდიდან. მართალია, ამიხსნეს: რწმენა გულით უნდა ატარო, სხვების საჩვენებლად კი არ გამოფინო, ღმერთს ასე უფრო ეამებაო. სულ ეს იყო. არავის უთქვამს, დამალე, ქრისტიანი რომ ხარო, თუმცა ირიბად თითქოს ასე გამოდიოდა. ხშირად დავდიოდით მთელი ოჯახით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სადმე თუ ეკლესია იყო, ვნახულობდით, სანთელს ვანთებდით - ხან შიგნით, ხან გარედან (თუ მოქმედი არ იყო). მშობლები ყვებოდნენ თითოეულის ისტორიას და მუდამ ცდილობდნენ, ადგილობრივებისგან გაეგოთ კიდევ უფრო მეტი. ალბათ, ამგვარი აღზრდის გავლენით, 8 წლის ასაკში ლოცვა დავწერე. საპასუხოდ - მალე დედამ ლოცვანი მომიტანა. სულ თან დავატარებდი, ისე მიხაროდა. 9 აპრილის შემდეგ თანდათან აღარც დამშლელი იყო და მოქმედი ეკლესიებიც მომრავლდა. თინეიჯერი ვიყავი, როცა ჩემი მეგობრის მოძღვართან დავიწყე სიარული. ცოტა ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ რელიგიასა და რწმენაში გულს მივყვები. სხვაგვარად, ვფიქრობ, ფარისევლობა გამომივა.

3. რამდენად ნებადართულია მოძღვრის გამოცვლა მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ ერთი უფრო ახლოს არის ჩემს სულიერ სამყაროსა და აზროვნების სტილთან, ვიდრე მეორე?


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების ეკლესიისა და წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- მამა თეოდორე, საინტერესოა, თქვენი პასუხიც მოვისმინოთ ჩვენი ანკეტის პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით.

- როდესაც ცხოვრებისეულ, ყოფით პრობლემებს ვეხებით, მე ვარ მღვდელი და ჩემი ცოდნა და კომპეტენცია შეიძლება არ იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი ამ სფეროს ექსპერტის მსგავსად, პროფესიულად განვიხილოთ, ამიტომ შევეცდები, უფრო სულიერად ავხსნა, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, გამოვთქვა ჩემი ვარაუდი, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და სასულიერო პირმა.

მშობლის პოზიციიდან ცუდი არ არის, რომ შვილს სრულყოფილი განათლება მიაღებინო მისი საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და სოციუმში დასამკვიდრებლად, თუმცა, სამწუხაროდ, ეს იმდენად თვითმიზნური გახდა, მშობლების უდიდესი უმრავლესობა ამის იქით აღარ იყურება. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიიღონ ამ ცხოვრებიდან. ამ დროს გვავიწყდება უმთავრესი. ღმერთი როდესაც შვილს გვაძლევს, რატომღაც, აღარ გვახსენდება, რომ იგი, უპირველესად, სულიერი არსებაა, რომელსაც უკვდავი სული აქვს და როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებდა, თუ მის სულიერ აღზრდაზე არ ვიზრუნებთ, როგორც მკვლელნი, ისე წარვდგებით უფლის წინაშე.

ამქვეყნად სხვა რა არის სრულყოფილი, რომ განათლების სისტემა იყოს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ რაც ადრე იყო, დავანგრიეთ, ახალი კი ჯერაც ვერ ავაშენეთ. როდესაც ახალგაზრდებს ვხვდებით, მათი ცოდნის დონე ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს, პირიქით, საქმე გაცილებით ცუდად არის, ვიდრე წარმოგვიდგენია. ცალკეული კარგი შემთხვევებიც არსებობს, ვთქვათ, ნიჭიერების გამო ზოგიერთმა შეიძლება კარგ შედეგებს მიაღწიოს. თუკი ვინმე ცნობილი მეცნიერია განათლების სფეროში, ყველა ძველი სკოლის წარმომადგენელია. თუნდაც ფიზიკაში - ძლიერი ბაზა გვქონდა, რომელსაც მეტამორფოზა უნდა განეცადა, ძველი სკოლა, რომელიც ამ დარგის განვითარების პერსპექტივას სახავდა, აღარ მოგვეწონა და უცებ დავანგრიეთ. როდესაც ანგრევ და ცდილობ, ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ეს რევოლუციური მიდგომაა, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს და შედეგიც სახეზეა. პატრიარქს არაერთხელ აღუნიშნავს, "ბავშვებს არა მხოლოდ კონკრეტული საგანი, არამედ ღრმა აზროვნება უნდა ვასწავლოთ, რომ ვიწრო სპეციალიზაციის ჩარჩოებში არ ჩაიკეტონ, თუ ისინი საფუძვლიანი აზროვნების ხელოვნებას დაეუფლებიან, ყველა სფეროში წარმატებას მიაღწევენო", მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აზროვნების დანერგვა დღემდე დაუძლეველ პრობლემად რჩება. მოზარდ თაობაში ასევე მეტად მნიშვნელოვანია სწორი ფასეულობებისა და ორიენტირების ჩამოყალიბება, რომელთაც ჩვენი შვილები ოჯახებში უნდა ეზიარონ, რადგან ამას სეკულარიზებულ სკოლებში ნამდვილად ვერ მიიღებენ. რა სულიერებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც დღეს ყველა სკოლაში ზნეობრიობის დეფიციტია. ათეისტი, როდესაც ღმერთს აშკარად უცხადებს ბრძოლას, საზოგადოების რეაქციას აწყდება. ღვთის წინააღმდეგ გალაშქრება მორწმუნეებშიც მეტ შინაგან ამბოხს ბადებს. დღეს ეშმაკი სხვაგვარ ხერხს მიმართავს; რადგან ათეიზმი აღარაა, ღმერთსაც აღარავინ ებრძვის, მაგრამ ებრძვიან ზნეობას ფარულად, შემპარავად, ტკბილი ცდუნების სახით და შედეგად გვაქვს ის, რომ საზოგადოება არაზნეობრივია, ამიტომ ადამიანი ღმერთს შინაგანად, მართალია, აღარ გმობს, მაგრამ თავისი ცხოვრებით დაცილებულია მისგან, ჩვენი სასწავლებლებიც დაცლილია სულიერებისგან და უზნეობისკენ მიდის, ეს იგრძნობა ქცევაში, მისწრაფებებში, ჩაცმულობაში, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში. ამ და სხვა პრობლემის გადაჭრას მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით ცდილობენ. ამას წინათ საპატრიარქოში განათლების მინისტრი ცდილობდა ჩვენთვის დაემტკიცებინა, თითქოსდა ეს "ჟანდარმერია" შემაკავებელი ფაქტორი იყოს ბოროტებისაგან თავდასაცავად. მე ვუთხარი, - ადამიანს, როდესაც აპენდიციტის შეტევა აქვს, ტკივილგამაყუჩებელს არ უკეთებენ, ამიტომ თუ ასე გაგრძელდა, უკეთესის მაგიერ უარეს შედეგს უნდა ველოდოთ; მასწავლებელს დაეკარგა ავტორიტეტი, შელახულია მათი ღირსება, ბავშვებს უკვე შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ მათზე მანდატურების საშუალებით (თუკი ამას მოინდომებენ), მანდატურების ხელფასიც რამდენადმე აღემატება მასწავლებლის ხელფასს, რაც ზნეობრივ მდგომარეობას უფრო აუარესებს. ისევ ვიმეორებ, მე ამ დარგის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ევროპული და ამერიკული განათლება, რომელზეც დღეს ბევრს ლაპარაკობენ, უცებ არ დანერგილა და დადებითთან ერთად მასაც გააჩნია თავისი უარყოფითი მხარეები. ჯერ ერთი, ძალიან ძვირი ჯდება და რიგით მოქალაქეს არა აქვს იმის შესაძლებლობა, იქ ჩააბაროს და ისწავლოს; მეორეც, ვისაც შესაბამისი სულიერი და ზნეობრივი ორიენტირები არ აქვს, სათანადო აღზრდა ოჯახშიც არ მიუღია ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში, ან ამ ასაკიდან ახალგამოსულია და მიდის უცხოეთში, ბევრი გავლენის ქვეშ ექცევა. როგორც წესი, ადამიანი უზნეობას უფრო ისრუტავს, რომელიც არა მარტო ყოფით ცხოვრებაში გამოვლინდება, არამედ საზოგადოებერივ ცხოვრებაშიც გამოძახილს პოვებს. უმეტესწილად, ეროვნული თვალსაზრისითაც ჩამოუყალიბებელია მისი მსოფლმხედველობა და როგორც ქართველი, ვერ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ქართულ ენაზე შეიძლება მეტყველებდეს, მაგრამ ქართველობა რა არის, არ იცის, წარმოდგენა არა აქვს იმაზე, თუ რა ღირებულების პატრონია, აღარაფერს ვამბობ მართლმადიდებლობაზე. იმ სოციუმში მკვიდრდება, იძენს იქაურ მეგობრებს, ამხანაგებს. არ არის გამორიცხული, რომ ბევრ რაღაცაში უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული გახდეს, მაგრამ კარგავს მთავარს - სულიერ საყრდენს, ხდება ქართულ ენაზე მოლაპარაკე უცხოელი, ღამურა, რომელიც აღარც ჩიტია, თაგვიც აღარ არის და სულ სხვა არსება ხდება. არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან, როდის იშოვის მათი შვილი მაღალანაზღაურებად სამსახურს, რომ თვითონაც სული მოითქვან - სხვათა შორის, ერთი არასასურველი ტენდენციაც შეინიშნება ჩვენი დროის საქართველოში. უცხოური უნივერსიტეტებიდან დაბრუნებული ახალგაზრდები, ყოველგვარი თანამდებობრივი საფეხურების გავლისა და პროფესიული გამოცდილების გარეშე, პირდაპირ მინისტრის სავარძელში აღმოჩნდებიან ხოლმე. სულიერი თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, ძალაუფლება ხშირად სერიოზული საცთურია და დამღუპველი გამოუცდელი ახალგაზრდისათვის. ნათქვამია, კაცის გაფუჭება თუ გინდა, დიდი თანამდებობა უნდა მისცეო. 30 წლამდე ახალგაზრდის შრომისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ნაყოფი არ არის მომწიფებული იმისთვის, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი ტკივილი, მით უმეტეს, თუ იგი ოჯახიდანაც არ არის ქართული ტრადიციების მემკვიდრე და არაეროვნული ცნობიერების მატარებელია, აღარაფერს ვამბობ ქრისტიანობაზე.

- უცხოური განათლება ჰქონდათ მიღებული ილია ჭავჭავაძეს და XIX ს-ის 60-იანელთა თაობას, ე.წ. "თერგდალეულებს", რომლებმაც თავიანთი ცოდნა-განათლება სამშობლოს ინტერესებს მოახმარეს.

- ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ. სხვათა შორის, დღეს ხშირად ისინი იშველიებენ ილიას მაგალითს, რომლებიც თავიანთი საქმით სრულიად საპირისპიროს აკეთებენ. გავიხსენოთ, ვინ იყო ილიას მოძღვარი, ასევე წმინდანად შერაცხული საქართველოს ეკლესიის მიერ, ალექსანდრე ოქროპირიძე. ისინი დიდი მამულიშვილები იყვნენ.

ილია ჩამოდის იდეით, ემსახუროს თავის სამშობლოს, აღარაფერს ვამბობ იმ კარიერაზე, რაც მას რუსეთში ელოდა. სამშობლოს მონატრებული 24-25 წლის ასაკში ჩამოდის საქართველოში და, მოძღვრის კურთხევით, სათავეში ჩაუდგება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ჩვენმა ეკლესიამ ილია იმიტომ კი არ შერაცხა წმინდანად, რომ უცხოური განათლება ჰქონდა მიღებული, არამედ იგი ერთგული შვილი იყო ეკლესიისა და თავისი ქვეყნისა, ამიტომ სწორედ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მისი მაგალითი.

განათლებული მხოლოდ ის ადამიანია, ვინც სულიერად განათლებულია - ეს არის ქრისტიანული მოძღვრების ანბანი, მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნა ადამიანს ვერ გაანათლებს.

შეიძლება იყო ძალიან განათლებული, მაგრამ უზნეო, ასევე შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან განათლებულიც, ზნეობრივიც და ამავე დროს, არასულიერი. თუ ადამიანი არასულიერია, თუნდაც ყოფითი თვალსაზრისით ზნეობრივი იყოს, ჩვენ ეს ცხოვრება იმდენი არჩევანის წინაშე გვაყენებს, სულიერი სიმტკიცის გარეშე სწორ გზას ასცდები, მით უმეტეს, უზნეო გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მე, როგორც მშობელს, ჩემი შვილი რაიმე პრაგმატული მოსაზრებით არ მჭირდება, ან მოხუცი მამა რომ გყავს და იმაზე გკითხონ: "გჭირდება მამა?" - ეს ხომ შეურაცხმყოფელი შეკითხვა იქნება, იმიტომ, რომ მამა გიყვარს და მორჩა, სიყვარულს "რატომ" არა აქვს. ასევე, შვილი იმდენად მინდა, რომ მე არ მეყოფა მასთან ერთად რამდენიმე ათეული წელიწადი ამქვეყნად. მე მასთან მარადისობაში მინდა ვიყო. მე მისთვის არ მემეტება რაღაც დროებითი, მინდა, მარადიული ღირებულებები დამკვიდრდეს მის სულში. ჩემი, როგორც მშობლის, სურვილია, ჩემი შვილი სულიერად აღიზარდოს და ღირსეული პიროვნება გახდეს, პიროვნება, პირველ რიგში, და არა, ვთქვათ, მანქანა, რომელიც გენიალურად მუშაობს რომელიღაც სფეროში ან სოციალურ სისტემაში და ჭანჭიკივით ძალიან ლამაზად არის მორგებული თავის ადგილს. მე ეს არ მაკმაყოფილებს. მე მინდა ჩემი შვილი პიროვნება იყოს და პიროვნება ის ვერ იქნება, თუ მოსწყდება თავის სულიერ ფესვებს, რომელიც აქ არის, სამშობლოში, ამიტომ როცა ვგზავნით შვილებს უცხოეთში სასწავლებლად, უნდა გვქონდეს იმის ერთგვარი გარანტია, რომ იგი ჩამოყალიბებული ქართველია, სხვაგვარად ჩვენ ხელს ვკრავთ მას და მოვწყვეტთ იმ ერთიან ორგანიზმს, რასაც სამშობლო და დედაეკლესია ჰქვია და მერწმუნეთ, საცოდაობაა მისი უცხოეთში გაშვება, ამას მე ვამბობ როგორც მშობელი და როგორც მოძღვარი.

- თქვენ უკვე ნაწილობრივ უპასუხეთ კიდეც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის შეკითხვას, რომელსაც შვილი დაეღუპა და ძალიან ადარდებს, შეხვდება თუ არა მას მომავალ ცხოვრებაში.

- გარდაცვალება თუნდაც იმიტომაც არის მოცული საიდუმლოებით, რომ ადამიანშია თავისთავად მრავალი საიდუმლოება, რადგან უკვდავ სულს ატარებს, ღვთის ხატია, ორი სამყაროს მოქალაქეა ერთდროულად, აქაც არის და მარადისობაშიც, ამიტომაც, რაც კი ადამიანს ეხება, სიყვარული იქნება ეს, ფსიქოლოგიური არჩევანი თუ ქორწინება, სული, გონიერება, ცნობიერება, დაბადება თუ გარდაცვალება, ყველაფერი საიდუმლოა, მაგრამ ერთი რამ ცხადად ვიცით - სასუფევლის უპირატესობა ამ სოფელთან შედარებით ისიც არის, რომ იქ განყოფა, დაშორება აღარ არსებობს. სასუფეველში ცხონებულნი ყველანი ერთად იქნებიან, ზოგი უფრო ახლოს ღმერთთან, ზოგი შედარებით დაშორებით, მაგრამ ეს პროცესი არ არის სტატიკური, ვინც ახლოს არის, იგი უფრო მეტად ისწრაფვის ღვთისაკენ, ვინც მოშორებითაა, ისიც. როგორც ერთი წმიდა მამა ამბობს, ყველა ერთ ცაზეა, ანუ თუ მე ვცხონდები და ჩემი შვილიც ცხონდება, მაშინ ჩვენ იქ სულ ერთად ვიქნებით და არა მხოლოდ შვილს ნახავს დედა, არამედ უფალ იესო ქრისტესაც, წმინდანებსაც და სხვა ახლობლებსაც. ერთად ვიქნებით, მაგრამ არა შენივთულნი და ერთმანეთში არეულნი, არამედ თითოეული ადამიანი თავის პიროვნულობას შეინარჩუნებს. ადამიანი არის ხატი ყოვლადწმიდა სამებისა, ყოვლადწმიდა სამებაში თითოეული ღვთაებრივი პირი არის აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იმდენად ერთნი არიან, რომ ბუნება და არსება ერთი აქვთ და ამის გასაღები დევს სიყვარულში, იმიტომ რომ მამა არის თავისუფალი, მაგრამ თავისი პიროვნული გადაწყვეტილებით ის ცხოვრობს ძისათვის და სულიწმიდისთვის; ძე ღმერთი ცხოვრობს მამისთვის და სულიწმიდისთვის, სულიწმიდა - მამისთვის და ძისთვის. საოცრებაა - თავისუფალი ვარ, მაგრამ ვცხოვრობ შენთვის, შენ აბსოლუტურად თავისუფალი ხარ, მაგრამ შენივე ნებით ცხოვრობ აბსოლუტურად ჩემთვის, ანუ ჩვენ გვაქვს სრული ერთობა და ამავდროულად, სრული თავისუფლება. ყველაზე მეტად დედამიწაზე ეს ვლინდება ოჯახში, თუ არსებობს იდეაში ასეთი ოჯახი. სიყვარულის ამ კანონიდან გამომდინარე, ვინც მე მიყვარს და ვისაც მე ვუყვარვარ, თავისთავად ცხადია, რომ სასუფეველში ერთად ვიქნებით.

ბარემ ვუპასუხებ სხვა შეკითხვებსაც. კიდობანზე გვეკითხებოდნენ. ქართველებს სურთ, ნოეს კიდობანი საქართველოში გაჩერებულიყო, სომხებს სურთ - სომხეთში. ჩემი აზრით, არც ერთი ვერსია სწორი არ უნდა იყოს, ამიტომ უნდა გავუცრუო იმედი ერთსაც და მეორესაც. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ წარღვნის დროს საერთოდ არ აუშენებიათ კიდობანი, ნოე, მისი ოჯახის წევრები, ცხოველები და ფრინველები კლდის დიდ გამოქვაბულში შევიდნენ, კარი დახშეს და წარღვნის დროს ასე გადარჩნენო. ვუხსნი ბიბლიაში როგორც წერია, ისინი მაინც თავისას მიმტკიცებენ, როდესაც ვეუბნები, არ მაინტერესებს-მეთქი, სწყინთ, - მოძღვარს რატომ არ უნდა გაინტერესებდესო. განვუმარტავ, ჩემი სულის ცხონებისათვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თანაც ამ ჩხრეკას ყოველთვის არაჯანსაღი გაგრძელება მოჰყვება ხოლმე. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, რომ მართლმადიდებლები ვართ, რომ ერთ დღეს საქართველოდან 100 ათასი წმინდანი შევიდა სასუფეველში, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი, უფლის კვართისა და წმიდა ილიას ხალენის მემკვიდრე ერი ვართ, სადაც ქრისტეს სამმა მოციქულმა იქადაგა და როგორც გადმოცემაში წერია, ბოლო ჟამს ივერია გაბრწყინდება. ამდენი მადლი და წყალობა გადმოვიდა ჩვენს ერზე და ისიც გვინდა, რომ კიდობანიც საქართველოში გაჩერებულიყო? ასეც რომ იყოს, უკეთესი გახდები შენ, ქართველო, ამით? უფლის კვართსა და ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე დიდი რაღა უნდა იყოს ამქვეყნად? რაც გვაქვს, ის გამოვიყენოთ და ნახავთ, რამხელა გავხდებით...

მესამე შეკითხვა მოძღვრის შეცვლასთან არის დაკავშირებული. გააჩნია, რა აზრებში არ არის თანხვედრა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის, რა აზრებში იქნება თანხვედრა სხვა მოძღვართან და რა მისწრაფებებთან გვაქვს საქმე. თუ მე, მაგალითად, ვარ ხორციელად თავისუფალი ცხოვრების მომხრე და ამას ჩემი მოძღვარი არ ეთანხმება, ამ დროს გამოჩნდა სხვა მოძღვარი, რომელსაც უფრო ლიბერალური მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი, ვთქვათ, ჩემი მოძღვარი თუ სიგარეტის მოწევას მიშლის, ეს მოძღვარი ჩემთან ერთად ეწევა, ამდაგვარი ცოდვიანი თანხმობა თუ არსებობს, ამ მიზეზით მოძღვრის გამოცვლა არათუ მართებული, არამედ ქრისტეს ღალატის ტოლფასი იქნება. მაგრამ მეორე შემთხვევაში, თუ ჩემი ცხოვრების მიზანი არის ცოცხალი ღმერთი და მინდა, რომ მთელი ჩემი არსებით მისკენ მივისწრაფოდე და ვხედავ, რომელიმე კონკრეტული მღვდელი ზუსტად ისე მიდის ღვთისკენ, როგორც მე ეს წარმომიდგენია, ამაშია ჩვენი თანხვედრა და სულიერად ვგრძნობ, რომ ის უფრო დამეხმარება, მაშინ ამას გამართლება აქვს, რადგან შენ გადადიხარ სხვა მოძღვართან არა იმიტომ, რომ მას ღალატობ, ვისთანაც ადრე იყავი, უბრალოდ, შენი სულიერი მოთხოვნილება უფრო სხვა არის. თუ შენი მოთხოვნები უკვე ისეთია, რომ შენი მოძღვარი ამას ვეღარ აკმაყოფილებს, ვთქვათ, ვერ მიგითითებს, ვერ გარიგებს, ვერ გიწინამძღვრებს, მაშინ უნდა წახვიდე იმასთან, ვინც გიწინამძღვრებს. არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანს ბერობისაკენ მიდრეკილება უჩნდება და ემზადება მონაზვნური ცხოვრებისათვის. ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება მოძებნოს ისეთი მოძღვარი, რომელიც ბერია, მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება აქვს და მისგან მიიღოს რჩევები. ხდება პირიქითაც. ვთქვათ, დავქორწინდი და ჩემი ოჯახური მდგომარეობა უამრავი პრობლემის წინაშე მაყენებს. თუ ჩემი მოძღვარი მონაზონია, მისთვის უცხოა ჩემი აღსარება, სათანადო რჩევა-დარიგებას ვერ მომცემს, მისივე კურთხევით უნდა გადავიდეს ცოლშვილიან და ოჯახური ცხოვრების გამოცდილების მქონე მოძღვართან. ადამიანი ცოცხალ ღმერთს თუ ეძებს, ის სხვა მოძღვართანაც რომ გადავიდეს, არასდროს უღალატებს თავის პირველ მოძღვარს, ვერ დაივიწყებს იმას, რომ მან ბევრი რამ ასწავლა და ქრისტიანი გახადა. დღეს XXI საუკუნეა და არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოძღვარი არის ყველაფრის მცოდნე, დიდი სულიერი გამოცდილებაც შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს, ამიტომ არ უნდა შევიქმნათ მასზე გაზვიადებული წარმოდგენა, უნდა შევიყვაროთ ისეთები, როგორებიც არიან.

- მამა თეოდორე, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს დავტოვეთ აფხაზეთი. რაიმეზე ხომ არ მიგვანიშნებს ეს დღე?

- აფხაზეთის ომი 14 აგვისტოს, ღვთისმშობლის მარხვის დაწყების დღეს დაიწყო, როცა ეკლესიურად ცხოველმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება აღინიშნება. ომის დამთავრებაც ჯვართამაღლების დღესასწაულს დაემთხვა. 27 სექტემბერს წმინდა იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღეცაა, თანაც ისიც აფხაზეთში გარდაიცვალა, სამშობლოდან დევნილობაში. მისი წმინდა ნაწილები, მართალია, კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, მაგრამ სარკოფაგი დღესაც აფხაზეთშია. აი, რამდენი დამთხვევაა. მე ჩემს თავს ასე ვუხსნი: ჩვენი ცხოვრების წესით ჩვენ შეურაცხვყოფთ დედა ღვთისმშობელს, რომლის წილხვდომილ ქვეყანაშიც არის ჩვენი სამშობლო, არ ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა ვცხოვრობდეთ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საკუთარი დედის გინება გვაკერია ენაზე, გვავიწყდება, რომ ქართველი ერი ჯვრისმტვირთველი ერი ვართ და ამიტომაც დაიშვა ჩვენზე ამდენი განსაცდელი. ჯვარი, რომელიც არის მტერზე გამარჯვების არა მხოლოდ სიმბოლო, არამედ სულიერი ძალა, რომელიც ყველა უბედურებისაგან იცავს ღვთის ერთგულ ადამიანს, კი არ გვიფარავს, არამედ განსაცდელზე მიგვანიშნებს, რაც აფხაზეთში მოხდა, იმის გამო, რომ ჯვარს განვუდექით.

რა არის ჩვენი ჯვარი? ჩვენი ჯვარია ვიყოთ ნათელნი ამა სოფლისანი, XXI საუკუნეშიც ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ქრისტე დღესაც ცოცხალია. სწორედ სოხუმის დაცემისა და აფხაზეთიდან ჩვენი გამოძევების დღეს გარდაიცვალა წმიდა იოანე ოქროპირი, აღმსარებელი და მოწამე ქრისტეს სიყვარულისთვის, იგი ეწამა უზნეობის მხილებისთვის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მე ამას ასე ვკითხულობ: წმიდა იოანე კიდევ ერთხელ გვამხელს ქართველებს ჩვენი უზნეო ცხოვრების გამო, ამიტომ უნდა შევიცვალოთ, ღმერთს დავუბრუნდეთ და მდგომარეობა ამის შემდეგ გამოსწორდება. პოლიტიკურის გარდა, აფხაზეთის დაკარგვის მთავარი მიზეზი სულიერიცაა. ღვთისმშობელი, ჯვარი და იოანე ოქროპირი იმდენად ნიშანდობლივი დამთხვევაა, ადამიანი მართლაც ბრმა უნდა იყოს, რომ ეს ვერ დაინახოს, ამიტომ ამ მიზეზებს თუ გავიაზრებთ, გავითავისებთ და გამოვსწორდებით, ისევ ვუერთგულებთ ქრისტე და ღვთისმშობლის შვილები გავხდებით, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. იოანე მახარებელს მაცხოვარმა ღვთისმშობელზე მიანიშნა, - აჰა, დედა შენიო, ღვთისმშობელს კი იოანეზე უთხრა: - ეს შვილია შენიო. ღვთისმშობლის წილხვდომილობა იოანე მოციქულის მდგომარეობაში მყოფობას ნიშნავს, რომელმაც უფალს გოლგოთამდე უერთგულა. თუ ჩვენც ღვთისმშობლის შვილები ვართ, ეს საქმით უნდა დავამტკიცოთ, ვუერთგულოთ უფალს გოლგოთამდე და შედეგიც არ დააყოვნებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler