ეკლესია არ არის რეიტინგული ორგანიზაცია, იგი სძალია ქრისტესი
ეკლესია არ არის რეიტინგული ორგანიზაცია, იგი სძალია ქრისტესი
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გაისმის ასეთი ყიჟინა, ეკლესიის რეიტინგზე, მის მაღალრეიტინგულობაზე და უძლეველობაზე, მაგრამ ეკლესია არ არის რეიტინგული ორგანიზაცია, იგი სძალია ქრისტესი, რომლის უმთავრესი ამოცანაა ადამიანი ღმერთთან მიიყვანოს. ძალიან სურთ, ეკლესია რეიტინგული ორგანიზაციების სიაში მოაქციონ, რატომ? პასუხი მარტივია, რადგანაც მათ სურთ, ეკლესიის მისტიური სახე დაიკარგოს და პოლიტიკურ ორგანიზაციად განიხილონ. ხშირად მოგვწონს და გვიხარია, როცა საუბრობენ ეკლესიის მაღალ ნდობაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეკლესიის წიაღში არიან ადამიანები, რომელთა ზნეობრივი ცხოვრება ქრისტიანულ ცხოვრების წესს საერთოდ არ მიესადაგება. ამიტომაც ამ შემთხვევაში სპეტაკ, თეთრ სუდარაზე ლაქა უფრო აჩნდება და ჩანს, ვიდრე სისპეტაკე. აი, ამ გზით მიგვაქანებს ეს "რეიტინგულობა", რომელმაც უკვე თავისი მწარე ნაყოფი გამოიღო. მასობრივი საშუალებებით სოციალური კვლება გვიჩვენეს,- ეკლესიის რეიტინგი საგრძნობლად დაეცაო. შეშფოთება დიდი იყო მორწმუნე საზოგადოებაში, რადგანაც გარკვეულწილად ჩვენი საზოგადოება პოლიტიზირებულია და ყველას სურს, თავისი სიტყვა თქვას პოლიტიკაში ან პოლიტიკაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ პოლიტიკა წესიერი საქმის კეთებას ნიშნავს და ყველამ მისი საქმე უნდა აკეთოს და წარემატოს პროფესიულ საქმიანობაში.
ბეჭდვა
1კ1