წმინდა ილარიონ დიდის ცხოვრება
 წმინდა ილარიონ დიდის ცხოვრება
3 ნოემბერს (ძველი სტილით 21 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ილარიონ დიდს მოიხსენიებს. გილოცავთ ყველას და გთავაზობთ მისი ცხოვრების  ვრცელ ვერსიას.
ღირსი მამა ილარიონი დაიბადა 291 წელს პალესტინაში, ქალაქ ღაზას მახლობლად მდებარე თაბათას დასახლებაში. მისი მშობლები ელინები იყვნენ. მშობლებმა ილარიონი ალექსანდრიაში გააგზავნეს სხვადასხვა მეცნიერებების შესასწავლად, სადაც ის არა მხოლოდ იმ სწავლებებს დაეუფლა, რომლისკენაც ელინები მიისწრაფოდნენ, არამედ კარგად გათვითცნობიერდა სულიერ სიბრძნეშიც. იესო ქრისტეს მოძღვრების გაცნობის შემდეგ, ირწმუნა მისი, მოინათლა და ტაძარში გამუდმებით ესწრებოდა ღვთისმსახურებას. მისი გული ღვთის სიყვარულით აღივსო და სურვილი გაუძლიერდა, მისი მსახური გამხდარიყო. იმ დროს დიდი თუ პატარა წმინდა ანტონი დიდის შესახებ ლაპარაკობდა. მისმა ამბავმა ილარიონის ყურამდეც მიაღწია და გადაწყვიტა წმინდანს ხლებოდა. იმ უდაბნოს როდესაც მიაღწია, სადაც წმინდანი ცხოვრობდა, ილარიონი ღირსი გახდა მისგან მოესმინა ჭეშმარიტება და სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა დაენახა. გარკვეული პერიოდი წმინდა ანტონის გვერდით გაატარა, აკვირდებოდა მის ანგელოზისებრ ცხოვრებას, უსმენდა მხურვალე და ხშირ ლოცვებს, უყურებდა მუხლჩაუხრელ შრომას, აოცებდა წმინდანის გამძლეობა და თავშეკავებულობა, მოყვასის სიყვარული.
ღირს ანტონთან უამრავი ადამიანი მიდიოდა: ერთნი სხვადასხვა სენისგან განსაკურნებლად, მეორენი-მისი ქადაგებების მოსასმენად, ზოგიც-რჩევის მისაღებად. ამის გამო, ილარიონი ვერ ახერხებდა სიმშვიდის მოპოვებას და გადაწყვიტა, ისეთი ადგილი მოეძებნა, სადაც განმარტოებას და ღმერთთან სიახლოვეს შეძლებდა. ღირსი მამა ანტონისგან კურთხევა მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა. მშობლები უკვე გარდაცვლილი დახვდა, მან მთელი თავისი ქონება ორად გაყო: ერთი ნაწილი ნათესავებს დაურიგა, მეორე კი-ღარიბებს, ისე, რომ თავისთვის არაფერი დაუტოვებია, ,,ყველაფერი ნაგავად შემირაცხავს"(ფილიპ. 3:8). ამის შემდეგ მთელ სამყაროს და საკუთარ თავს აქცია ზურგი, რათა ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი და მისი უბრალოების (სიგლახაკის) მიმბაძველი გამხდარიყო.
ამქვეყნიური საზრუნავისგან გათავისუფლების შემდეგ, ილარიონი უდაბნოსკენ გაემართა, რომელიც ღაზას მაიუმიდანდან შვიდი ვერსის დაშორებით მდებარეობდა და ზღვასა და ტბას შორის უკაცრიელ ადგილას დასახლდა. იმ უდაბნოში ყაჩაღები ბინადრობდნენ და ბევრი ურჩევდა იქაურობა დაეტოვებინა, რათა ავაზაკებს ხელში არ ჩაეგდოთ და არ მოეკლათ. თუმცა ღირსი მამა ხორციელ სიკვდილს არად აგდებდა, მას მხოლოდ სულიერი დაღუპვისგან სურდა გათავისუფლება.
-იმ ყაჩაღებისგან უნდა გაიქცე, რომელთაც სულის მოკვლა ძალუძთ, სხეულის მომაკვდინებლების კი არ მეშინია,-ამბობდა ღირსი მამა. ,,უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26:1).
ღირსი მამა ცხოვრებას გულმხურვალე ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. დღის განმავლობაში საზრდოდ მცირეოდენ კენკრას იგემებდა, ისიც მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ, ტანთ ღირსი მამა ანტონის ნაჩუქარი ცხენის ძუისგან ნაქსოვი უხეში სამოსი ეცვა.
მისი ღვაწლის ხილვისას, ეშმაკმა ნეტარი მამის დაღუპვა განიზრახა. შეეცადა სულიერი მეომარი ბილწი აზრებით ეცდუნებინა. ილარიონმა მძაფრად შეიგრძნო უწმინდური ძალის შემოტევა და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვები კიდევ უფრო გააძლიერა. მარხვა გაამკაცრა, ხანდახან სამი-ოთხი დღის განმავლობაში საკვებს არც ეკარებოდა, ფიზიკურად ქანცისგაცლამდე შრომობდა, ხან მიწას ამუშავებდა, ხანაც კალათებს წნავდა, თან გამუდმებით ამ სიტყვებს იმეორებდა:,,ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს" (2 თეს. 3:10). მკერდზე ხელს გამეტებით იცემდა და ამგვარადაც ცდილობდა უწმინდური აზრების განდევნას გულიდან. თავის სხეულს სახედარს უწოდებდა და ასე ესაუბრებოდა:
-აუცილებლად მოგარჯულებ: ქერს კი არ გაჭმევ, არამედ ბზეს დაგიყრი. შიმშილითა და წყურვილით მიგასიკვდილებ. ისეთ ტვირთს აგკიდებ, საკვებზე ფიქრის სურვილიც კი არ გექნება.
დანაპირებს მართლაც ასრულებდა და გარკვეული დროის შემდეგ ისე გახდა, ძვლებზე ტყავი ჰქონდა გადაკრული.
ეშმაკი დარწმუნდა, რომ წმინდა მამა ვერაფრით ვერ აცდუნა და გადაწყვიტა, მოჩვენებებითა და აჩრდილებით გაეწამებინა. ერთხელაც ღამით, როცა წმინდა ილარიონი ლოცულობდა, ბავშვების ტირილი, ქალების გოდება, ლომებისა და სხვა გარეული მხეცების ღრიალი შემოესმა. უწმინდურმა სულმა თავისი მსგავსები მრავლად მიიყვანა იმ ადგილას და სწორედ მათი ხმები აყრუებდა იქაურობას. ნეტარი მამა მიხვდა რაც ხდებოდა, რწმენით აღიჭურვა, მუხლებზე დაეცა და ღმერთს შეწევნა შესთხოვა. თავისი გულმხურვალე ლოცვით ილარიონმა საშიში მტრისგან თავი გადაირჩინა. მუხლებზე დაჩოქილმა ოდნავ წამოიწია და სცადა, საკუთარი თვალით ეხილა ის, რაც ესმოდა (მთვარიანი და ნათელი ღამე იყო). უეცრად მისკენ მთელი სისწრაფით მიმავალი უზარმაზარი ეტლი დაინახა, რომელშიც საზარელი ცხენები იყო შებმული.
-უფალო იესო ქრისტე, მიხსენი!-წამოიყვირა წმინდანმა,-მაშიმვე მიწა ორად გაიპო და უწმინდურთა ლაშქარი სულ ერთიანად შთანთქა. ილარიონმა ის სიმღერა წამოიწყო, რომელსაც ებრაელები ფარაონზე გამარჯვებისას მღეროდნენ.
,,ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა ჩვენ ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩვენ აღვდეგით და აღვემართენით."(ფსლ. 19:8-9).
მტერი დამარცხებას არ ეგუებოდა და წმინდანის დასაღუპად სხვადასხვა ხრიკს მიმართავდა: როდესაც ნეტარი მამა დასაძინებლად წვებოდა, მის გვერდით დაწოლილ ურცხვ, შიშველ ქალებს მოალანდებდა; მწყურვალსა და მშიერს კი სხვადასხვა ნუგბარსა და სასმელს აჩვენებდა; ლოცვისას ხან მგლის სახით წარმოუდგებოდა, ხანაც მელიის, ან მეომართა შერკინებას დაანახებდა და ერთე-ერთი, ვითომცდა სასიკვდილოდ დაჭრილი ფეხებში უვარდებოდა და სთხოვდა, მიწას მიმაბარეო.
ერთხელ ისე მოხდა, რომ ილარიონი ლოცვისას ფიქრებით სხვა რამეზე გადაერთო. ეშმაკმაც არ დააყოვნა, მხრებზე შეახტა, ფეხებსა და მათრახს გამეტებით ურტყამდა და თან ეუბნებოდა:
- მიდი, მიდი, გაიქეცი, რას უდგახარ!-თან დაცინვით ეკითხებოდა:-ქერი ხომ არ დაგიყარო?
წმინდანი უცებ გამოერკვა, ავსულის მზაკვრობას ყურადღება არ მიაქცია და ლოცვითა და ჯვრის ძალით განდევნა.
ღირსი მამა სამარის მსგავს კელიაში ცხოვრობდა, რომელიც რომელიც იმდენად პატარა იყო, ძლივს ეტეოდა. ერთხელაც ყაჩაღებმა მასზე თავდასხმა გადაწყვიტეს. მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ რაიმე ღირებულს. დილით წმინდანს შეხვდნენ და ჰკითხეს:
-რას იზამ, თუ ყაჩაღები დაგესხმებიან თავს?
-უქონელს წასართმევი არაფერი აქვს,-უპასუხა მშვიდად.
-ხომ შეიძლება ყაჩაღებს მოეკალი,-კვლავ უთხრეს მათ.
-მათი არ მეშინია, რადგან მუდამ მზად ვარ სიკვდილისთვის.
მისი რწმენითა და სიმამაცით გაოცებული ყაჩაღები გამოუტყდნენ, რომ მთელი ღამე ეძებდნენ და ვერ შეძლეს მისი პოვნა. წასვლის წინ კი აღთქმა დაუდეს, რომ ცხოვრების წესს შეიცვლიდნენ.
ღირსმა მამამ უდაბნოში მრავალი წელი გაატარა. მის შესახებ ხმები მთელ პალესტინაში გავრცელდა და მასთან დახმარების სათხოვნელად ყველა მხრიდან იწყო დენა ხალხის უწყვეტმა ნაკადმა. პირველად ერთი ქალი ეახლა, რომელიც თხუთმეტი წელი გათხოვილი იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. ამის გამო ქმრისგამ უამრავ დამცირებას ითმენდა. ქალი წმინდანის წინ მუხლებზე დაეცა. ღირსმა მამამ შეხედა თუ არა, ზურგი შეაქცია. მაშინ ქალი ცხარე ცრემლებით ატირდა:
-ზურგს რატომ მაქცევ, უფლის მსახურო, როცა ასეთი გაჭირვება მაქვს? როგორც ქალს ისე ნუ მიყურებ, ჩემს ცრემლებსა და გულის ტკივილს შეხედე. წყალობა გამოიჩინე და გაიხსენე, რომ შენც ქალის გაჩენილი ხარ. შენი ლოცვით უნაყოფობისგან მიხსენი და ჩემი ქმრის გაუთავებელი შეურაცხყოფისგანაც გამათავისუფლე.
მისმა სიტყვებმა გული მოულბო წმინდა ილარიონს, თვალები ცისკენ არაპყრო და ლოცვა დაიწყო. შემდეგ სახლში დაბრუნება უბრძანა და უთხრა:
-იმედი არ დაკარგო და უფალი აუცილებლად შეისმენს შენს ვედრებას.
გახარებული ქალი რწმენით აღსავსე დაბრუნდა სახლში. ღმერთმა თავისი მონის ლოცვა შეისმინა და მალე ქალმა, წმინდა ილარიონის წინასწარმეტყველების თანახმად, ვაჟი გააჩინა. ერთი წლის შემდეგ ქალი ახალშობილთან ერთად ეახლა ღირს მამას და უთხრა:
-ეს ბავშვი შენი ლოცვის ნაყოფია. დამილოცე ვაჟი, რომელიც უფალს ჩემთვის შესთხოვე.
წმინდანმა ყრმა და დედამისი დალოცა. ქალი წავიდა და თან უფალს ადიდებდა, ღირსი მამის ამბავი კი მთელ ქვეყანას გააგებინა.
ცოტა ხანში მასთან ქრისტიანი ქალი ეახლა, სახელად არისტენეტა, რომელიც ერთერთი დიდებულის ცოლი იყო. მისი სამი ვაჟი ერთ დღეს დაავადდა მძიმე სენით და ვერც ერთი ექიმი ვერ შველოდა მათ. ვაჟები სიკვდილის პირას იყვნენ მისულნი. საბრალო ქალმა როგორც კი შეიტყო ილარიონ მეუდაბნოეს შესახებ, მხევლებისა და მონების თანხლებით მასთან მივიდა და ტირილით ფეხებში ჩაუვარდა.
-იესო ქრისტესა და წმინდა ჯვრის სახელით გევედრები,-ამბობდა ქალი,-ღაზაში ჩამოდი და ჩემი მომაკვდავი ვაჟები გადამირჩინე, რათა წარმართთა ქალაქში უფლის სახელი განვადიდო და ღაზას ცრუ ღმერთი, მარნასი შევარცხვინო, რომელსაც ურჯულოები ეთაყვანებიან.
წმინდანი უარს აცხადებდა, რადგან უდაბნოდან დიდი ხანია ფეხი არსად გაედგა, მაგრამ ქალმა ცრემლებითა და ხვეწნა-მუდარით შეძლო მისი დათანხმება. ღირსი მამა ღაზაში გვიან ღამით მივიდა. ყმაწვილებს შეეხო და თან იესო ქრისტეს სახელს ახსენებდა. ვაჟებს ოფლმა ისე დაასხა, თითქოს წყაროდან ნაკადი მოედინებოდა. ძმები მაშინვე ფეხზე წამოდგნენ, საკვები მიიღეს და თავიანთ მხსნელს ხელები დაუკოცნეს, თან უფლის სახელს ადიდებდნენ. მთელ ღაზასი ხმა გავრცელდა და უდაბნოში ყველა მხრიდან დაიწყეს ჩასვლა ღირს მამასთან. მისი ლოცვით განკურნებულმა მრავალმა წარმართმა აღიარა იესო ქრისტე. ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც წმინდანის მსგავსად მიატოვეს ყველაფერი და უდაბნოში დასახლდნენ. მოკლე ხანში ღირსი ილარიონის მოწაფეთა რიცხვი გამრავლდა და წმინდანი მონაზონთა პირველი წინამძღვარი გახდა ღაზასა და პალესტინაში, ისევე როგორც ღირსი მამა ანტონი ეგვიპტეში.
ერთხელ წმინდა ილარიონთან ბრმა ქალი მიიყვანეს, რომელსაც თვალის ჩინი ათი წლის ასაკში დაეკარგა. წმინდანმა ბრმას უფლის მსგავსად ნერწყვით აუხილა თვალი. ქალს თვალი აეხილა თუ არა, ყველამ უფლის სახელი ადიდა.
ერთ-ერთი დიდებულის მონა ეტლის ტარების დროს ეშმაკის ძალით ისე შეიკრა, მოძრაობასაც ვერ ახერხებდა, მხოლოდ ლაპარაკი შეეძლო. მონა უდაბნოში მამა ილარიონთან მიიყვანეს. წმინდანმა დაინახა თუ არა, უთხრა:
-ვერ განიკურნები, სანამ უფალი იესო ქრისტეს ძალას არ ირწმუნებ.
-ოღონდ მომარჩინოს და აუცილებლად ვაღიარებ იესო ქრისტეს,-დაბეჯითებით უპასუხა დავრდომილმა.
წმინდანმა უფლის სახელით ლოცვა აღავლინა და მონა განკურნა, შემდეგ ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარა და პირჯვრის გადაწერა უბრძანა. ბოროტი სულისგან გათავისუფლებული და ფიზიკურად და სულიერად გამოჯანმრთელებული მონა სახლში დაბრუნდა.
. იერუსალიმის მახლობლად მცხოვრები ჭაბუკი, სახელად მარსიტი, განუზომელი ძალის მქონე იყო. მასში ბოროტი სული ჩასახლდა და აწამებდა. ქალაქის შემოგარენის მცხოვრებლებმა ჭაბუკი შეიპყრეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ჯაჭვებით შეკრეს და მეთვალყურეობა დაუწესეს. შეპყრობილმა მაინც შეძლო გაქცევა, ბორკილები დაამტვრია, ჯაჭვები დაწყვიტა და ვინც კი გზაზე ხვდებოდა ყველას ასტიკად უსწორდებოდა. ზოგს ცხვირი-პირი და ყურები მოაკვნიტა, ზოგსაც ხელ-ფეხი გადაუმტვრია და თვალები ამოთხარა. ბოლოს კი ხალხის მოკვლა დაიწყო და მათ ყელს უღადრავდა. კიდევ სხვა ათასგვარი სისასტიკე ჩაიდინა, მაგრამ მის დამორჩილებას ვერავინ ახერხებდა. ბოლოს ხალხი შეიკრიბა, დიდი ვაი-ვაგლახით შეძლეს მისი დაჭერა, შეკრეს, რკინის ჯაჭვებით შეკრეს და როგორც ველური ხარი ნეტარ ილარიონს მიჰგვარეს.
შეპყრობილი დაინახა თუ არა, წმინდა მამამ მისი გათავისუფლება ბრძანა. ვაჟი უცოდველი კრავივით უწყინარი გახდა. წმინდანმა მასში ჩასახლებულ ავსულს მიმართა:
-ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე ამ ადამიანის სხეულიდან და უდაბურ ადგილას გადაიკარგო.
მართლაც ბოროტი სული დაემორჩილა მის ბრძანებას, ვაჟის სხეული უმალ დატოვა, რომელიც მიწაზე დავარდა, უფლის შეწევნითა და წმინდანის ლოცვის ძალით განიკურნა და ღირს მამას ჰმადლობდა.
წმინდა ილარიონმა შეაჩერა და მას და იქ მყოფთ უთხრა:
-ეს ადამიანის ძალით კი არა, მაცხოვრის შეწევნით მოხდა. მოვალენი ვართ მისი სახელი გამუდმებით ვადიდოთ.
ჯერ საუბარი არ დაესრულებინა, სხვა მამაკაცი მიუყვანეს, სახელად ორიონი, ქალაქ აილას ერთ-ერთი უმდიდრესი და საპატიო მცხოვრები. მას ეშმაკების მთელი ლეგიონი ჩასახლებოდა. წმინდანს ჯაჭვებით შეკრული მიჰგვარეს. უეცრად ის ხალხს ხელიდან დაუსხლტდა, ღირს მამას ხელი სტაცა და ჰაერში აიტაცა. ყველამ შიშისგან შეჰყვირა, წმინდანს გაეღიმა და თქვა:
-აცალეთ, შემერკინოს.
შემდეგ შეპყრობილს თმაში ჩაავლო ხელი, წინ დაიყენა, ხელები შეუკრა და თქვა:
-დაიტანჯე, ეშმაკთა ლეგიონო, დაიტანჯე!
კაცის სხეულში ჩასახლებული ავსულებმა საშინელი წივილ-კივილი ატეხეს. მაშინ წმინდანმა ლოცვა დაიწყო:
-უფალო იესო ქრისტე! გაათავისუფლე ეს უბედური კაცი ავი სულებისაგან. შენ ხომ ადვილად შეგიძლია გაუმკლავდე როგორც ერთ, ასევე მრავალ უწმინდურს.
ეშმაკები დამაყრუებელი ყვირილით ერთმანეთს ასწრებდნენ, ისე გამოცვივდნენ იმ კაცის სხეულიდან. ტანჯვისგანგან გათავისუფლებული კაცი უფალს და წმინდა ილარიონს ჰმადლობდა. გარკვეული დროის შემდეგ თავის ცოლ-შვილთან და მეგობრებთან ერთად ეახლა, თან ძვირფასი ძღვენი მიართვა. ღირსმა მამამ საჩუქარი არ მიიღო და თქვა:
- ნუთუ არ გსმენია, როგორ დაისაჯა გიეზი, რომელმაც მძიმე სენისგან განკურნებულ ადამიანს საფასური გამოართვა. უფლის მადლი არ იწონება. მიდი, ეს ყველაფერი შენს ქალაქში ქვრივ-ოხრებს დაურიგე. უდაბნოში მცხოვრებთ კი სიმდიდრე არად არგიათ.
ამის შემდეგ წმინდანთან ქალაქ მაიუმიდან დაუძლურებული კაცი, სახელად ზანანა, მიუყვანეს, რომელიც ღირსი მამის ლოცვების წყალობით წამსვე გამოჯანმრთელდა და ფეხზე წამოდგა.
ცოტა ხანში ღაზადან შეპყრობილი ქალიშვილი მიუყვანეს. ეშმაკი მასში მას შემდეგ ჩასახლდა, რაც ერთ ჭაბუკს შეუყვარდა და მასთან ხორციელი კავშირის დამყარება დააპირა. ასულმა წინააღმდეგობა გაუწია და მის ნებას არ დამორჩილდა. ვაჟი როცა დარწმუნდა, რომ ტკბილი სიტყვებითა და საჩუქრებით საწადელს ვერ მიაღწევდა, ეგვიპტის ქალაქ მემფისში გაემგზავრა ესკულაპის გრძნეულებთან და თავისი ავადმყოფური სურვილის შესახებ უამბო. ჯადოსნებმა ჭაბუკს სპილენძის დაფაზე ჯადოსნური სიტყვა დაუწერეს და მისცეს. ვაჟი თავის ქალაქში დაბრუნებისთანავე, გრძნეულების რჩევით, ქალიშვილის საცხოვრებელთან მივიდა და დაფა სახლის წინ ჩამარხა.
იმ წუთშივე ქალიშვილის სხეულში ბოროტი სული ჩასახლდა და იმდენად აავსო ავხორცი სურვილებით, რომ გოგონა ურცხვად უხმობდა ვაჟს, თან ტანსაცმელი შემოიძარცვა და გაშიშვლდა. ქალიშვილის მშობლებმა ეს რომ დაინახეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ ყველაფერი ეშმაკის ძალით ხდებოდა და შვილი მონასტერში ღირს მამასთან მიიყვანეს (იმ დროისთვის წმინდანს უკვე მრავალი მიმდევარი ჰყავდა და მათთან ერთად დიდი მონასტერი ააშენეს). შეპყრობილი ნეტარ მამასთან როცა შეიყვანეს, ასულში ჩასახლებული ეშმაკი ქვითინებდა და ტიროდა.
-ბევრად უკეთესად ვიყავი მემფისში, სადაც ადამიანებს ღამეულ მოჩვენებად ვესახებოდი.
წმინდანთან სიახლოვე რომ იგრძნო, ავსული აწივლდა:
-ქალიშვილში ჩემი ნების გარეშე, ჩემმა მბრძანებელმა ძალით ჩამასახლა. ახლა თავადვე ვიტანჯები და არაფრით არ შემიძლია გამოსვლა, რადგან სპილენძის დაფაზე ვარ მიბმული და კარის ზღურბლზე ჩამარხული. აქედავ ვერც ვერასოდეს ვერ გამოვალ, სანამ ის ჭაბუკი თავად არ მომცემს ამის ნებას.
წმინდანს გაეღიმა და თქვა:
-აი, თურმე რამდენად ძლიერი ყოფილხარ, ეშმაკო. ძაფით დაუბიხართ სპილენძის დაფაზე. იმ ჭაბუკში რატომ არ ჩასახლდი, რომელმაც შეგკრა?
-მასში სხვა ეშმაკი ზის,-უპასუხა ავსულმა.
წმინდანმა ლოცვით ქალიშვილის სხეულიდან ეშმაკი განდევნა და დაარიგა, თავი შორს დაეჭირა ავხორც ვაჟებთან საუბრისგანაც კი.
ერთ-ერთი დიდებული, რომელიც წმინდანმა ბოროტისგან გაათავისუფლა, ღირს მამას ეახლა და ძვირფასი ძღვენი მიართვა, თან ემუდარებოდა, მიეღო საჩუქარი. მაშინ ნეტარმა ილარიონმა ქერის პური აჩვენა და თქვა:
-ის, ვინც ასეთი პურით საზრდოობს, მისთვის ოქრო ჭაობის შლამია მხოლოდ.
წმინდანმა ოქრო არ მიიღო და დიდებული უკან გაისტუმრა.
ღირსმა ანტონმა წმინდა ილარიონის შესახებ რომ შეიტყო, დიდად გაიხარა და ხშირად წერდა წერილებს. სირიიდან მასთან განსაკურნებლად მისულ დასნეულებულ ადამიანებს კი ეუბნებოდა:
-ჩემთან მოსასვლელად ამხელა გზა რისთვის გამოიარეთ. თქვენთან ახლოს ჩემი სულიერი შვილი მოღვაწეობს, რომელიც ქრისტეს სახელით ყოველგვარ დაავადებას არჩენს.
მთელ პალესტინაში წმინდა ილარიონის ლოცვა-კურთხევით შენდებოდა მონასტრები. მასთან უამრავი ხალხი დადიოდა რჩევის მისაღებად. წმინდანი ყველა მათგანს ეხმარებოდა, რათა ხსნის გზა ეპოვათ.
ერთხელ ძმებმა თხოვეს ის მონასტრები მოენახულებინა, რომელიც მისი ლოცვა-კურთხევით აშენდა და ბერების ცხოვრების წესი დაედგინა. წმინდა მამა გზას დაადგა და თან სამი ათასამდე ბერი გაყვა, რომლებიც მის სწავლებებსა და შეგონებებს გულმოდგინედ იმახსოვრებდნენ. მონასტრების შემოვლის დროს წმინდანმა მრავალი სასწაული მოახდინა. ერთ ძმას საკუთარი ვენახი ჰქონდა, სადაც ყოველწლიურად უხვ მოსავალს იღებდა. მან დიდი სიყვარულით მიიღო წმინდა ილარიონი და თან ძმებს სთხოვა, ვენახში შესულიყვნენ და ვისაც რამდენი ყურძენი სურდა, მოეკრიფა. მართლაც ყველამ იმდენი მტევანი მოწყვიტა, რამდენიც სურვილი ჰქონდა. ძმები კი, როგორც ითქვა, სამი ათასზე მეტნი იყვნენ. წმინდანმა სულიერი ძმის ასეთი სიყვარული და გულუხვობა რომ დაინახა, ვენახი აკურთხა და იმ წელიწადს ორჯერ მეტი მოსავალი მოვიდა. სხვა ძმა მეტად ძუნწი და სასტიკი იყო. როცა წმინდანი თავის ძმებთან ერთად დაინახა, ვენახთან დარაჯი დააყენა, რათა ვერავის ერთი მტევანიც ვერ მოეწყვიტა. დარაჯმა ქვები დაუშინა ძმებს, თან უყვიროდა, არავის გაებედა ვენახთან მიახლოება. ვენახის პატრონმა ღირსი მამის წყალობა დაკარგა და იმ წელს მეტად მცირე მოსავალი მიიღო, თანაც ნაყოფი მეტისმეტად მჟავე იყო.
ერთხელ ნეტარი მამა კადისის უდაბნოსკენ გაემართა თავისი მოწაფის მოსანახულებლად. გზად წარმართთა ქალაქი ელუსა უნდა გაევლო. მოხდა ისე რომ, იმჟამად ღმერთქალ აფროდიტესთვის მსხვერპლის შესაწირად ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად ახლომდებარე დასახლებებიდან უამრავი ხალხი შეკრებილიყო. წმინდანის მოსვლის შესახებ რომ შეიტყვეს, მის შესახვედრად შვილებთან ერთად გაემართნენ, რადგან მათ ყურამდეც მიეღწია ღირსი მამის სასწაულების შესახებ ხმებს. მის დანახვაზე თავები დახარეს და სირიულად შესძახეს: ,,ვარახ! ვარახ", რაც ნიშნავს: დაგვლოცე! შემდეგ მასთან უამრავი შეპყრობილი და ავადმყოფი მიიყვანეს და სთხოვდნენ, ქრისტეს ძალით განეკურნა ისინი. წმინდანმა წარმართებს ჭეშმარიტი სარწმუნოება გააცნო და ყველა მათგანი მოაქცია. სანამ ღირსი მამა ქალაქს დატოვებდა, იქაურებმა წარმართული ტაძარი დაანგრიეს, კერპები დაამსხვრიეს, ეკლესია ააშენეს და უფლის სახელზე აკურთხეს. როდესაც წმინდანი მათ რწმენაში დარწმუნდა, იქაურობა დატოვა.
ღირსმა ილარიონმა უფლისგან ისეთი ძალა მიიღო, რომ ნივთებით იგებდა მისი პატრონის შინაგან ბუნებას. ერთხელ ერთმა ძუნწმა და ვერცხლისმოყვარე ძმამ წმინდანს თავისი ბაღის ხილი გაუგზავნა. როცა მოსაღამოვდა, ნეტარი მამა სატრაპეზოდ მოემზადა. მისმა მოწაფეებმა ძუნწი ძმის გამოგზავნილი ხილი მიართვეს. ილარიონი შეტრიალდა და თქვა:
- ახლავე გაიტანეთ აქედან! მისი სიმყრალის ატანა შეუძლებელია.
მისი მოწაფე ნეტარი ისიქი ამაოდ თხოვდა, გაესინჯა ხილი.
- უარს ნუ იტყვი, მამაო, - ეუბნებოდა იგი, - ჩვენმა ერთ-ერთმა ძმამ თავისი ვენახიდან მოგართვათ ეს ყურძენი.
- ნუთუ ვერ გრძნობ, - უპასუხა წმინდანმა, - რომ ხილს სიძუნწის სიმყრალე ასდის.
- როგორ შეიძლება, ნაყოფს ცოდვის სუნი ასდიოდეს, - იკითხა ისიქიმ.
- თუ ჩემი არ გჯერა, მაშინ ხილი ხარებს დაუყარე და ნახავ, შეჭამენ თუ არა.
ისიქიმ ხილი წაიღო და ხარების ბაგაში ჩაყარა. ხარებმა დაყნოსეს თუ არა, მაშინვე აღმუვლდნენ, რადგან ვერ აიტანეს ის სიმყრალე, რაც ხილიდან მოდიოდა. შემდეგ ბაგიდან აიწყვიტეს და გაიქცნენ.
ამ დროისთვის წმინდანი 65 წლის იყო. მის ირგვლივ მრავალ ძმას მოეყარა თავი, ამიტომ საჭირო გახდა მონასტრის გაფართოება. უამრავი საზრუნავი მოემატა წმინდანს, რაც დიდად აფერხებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მასთან ხალხის ულევი ნაკადი მიედინებოდა, ზოგი განკურნებას ითხოვდა მისგან, ზოგიც-კურთხევას. ხშირად ეპისკოპოსები და სხვა ეკლესიის მოძღვარნიც სტუმრობდნენ. მისი სახელი შორს იყო გავარდნილი, ამიტომ მრავალი ქალაქიდან ჩამოდიოდნენ დიდებულები მისი ლოცვა-კურთხევის მისაღებად. წმინდანი დიდად წუხდა, რომ განმარტოებით ლოცვაში ხელი ეშლებოდა. იგონებდა უდაბნოში უსიტყვოდ გატარებულ პირველ დღეებს. ძმები მუდამ მწუხარესა და თვალცრემლიანს რომ ხედავდნენ, ეკითხებოდნენ:
-რა გაწუხებთ და რატომ ტირი, მამაო?
ის კი პასუხობდა:
-გული მტკივა, რომ კვლავ ამ სამყაროში დავბრუნდი და ამ ქვეყნად მივიღე ჯილდო. მთელი პალესტინა მადიდებს, თქვენც როგორც ბატონს ისე მიყურებთ.
მისგან ეს სიტყვები რომ მოისმინეს, ძმები მიხვდნენ, რომ ნეტარი მამა მათგან წასვლას აპირებდა. ამიტომ თვალს არ აცილებდნენ, რომ წმინდანს უჩუმრად არ მიეტოვებინა ისინი. წმინდა ილარიონი ამგვარად ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა.
ერთხელ მასთან ეპარქის ცოლი არისტენეტა მივიდა, რომელსაც წმინდანმა სამი მომაკვდავი ვაჟი გადაურჩინა. ქალი ეგვიპტეში აპირებდა წასვლას წმინდა ანტონის სანახავად და ნეტარ ილარიონს გზის დალოცვა სთხოვა. მამა ანტონის სახელის გაგონებაზე, წმინდანმა ამოიოხრა და თქვა:
-ეჰ, ნეტავ, მეც შემეძლოს იქ წასვლა, მაგრამ ძმები ამის საშუალებას არ მაძლევენ.
ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი მწარედ ატირდა:
- აი, უკვე მეორე თვეა მთელი სამყარო წუხს უდიდესი წმინდანის დაკარგვას, რადგან ღირსი ანტონის სულმა სხეული დატოვა.
იქ მყოფნი მიხვდნენ, რომ წმინდანს ღვთისგან ეუწყა ღირსი ანტონის გარდაცვალების ამბავი. არისტენეტა სახლში დაბრუნდა და რამდენიმე დღის შემდეგ მართლაც შეიტყო წმინდანის გარდაცვალების შესახებ.
მამა ილარიონი ვეღარ უძლებდა ხალხის მიერ გამოხატულ პატივსა და დიდებას, თანაც უფლისგან მინიშნებული ჰქონდა, რომ შეეძლო იქაურობის დატოვება, ამიტომ რამდენიმე მოწაფესთან ერთად იმ ადგილიდან გაემგზავრა.
ღირს მამას სახედარი მიჰგვარეს, ზედ დააბრძანეს, რადგან წმინდანს სიბერის გამოფეხით სიარული აღარ შეეძლო და გზას გაუდგნენ. მისი გამგზავრების შესახებ დანარჩენმა ძმებმა და ქალაქის მცხოვრებლებმა რომ შეიტყვეს, ათი ათასამდე შეგროვდნენ და უკან დაედევნენ. მის წინაშე მუხლებზე დაეცნენ და ტირილით ევედრებოდნენ, არ დაეტოვებინა ისინი.
-უფლის შემდეგ ჩვენთვის მამის მაგიერი ხარ, რომელიც გვამხნევებს და ყველაფერში გვერდით გვიდგას. ნუ დატოვებ ცხვრის ფარას მწყემსის გარეშე.
-ჩემო საყვარელო შვილებო, გულს რად მიმძიმებთ?-ეუბნებოდა მათ წმინდანი.-ხომ იცით, რომ უფლის ნების გარეშე არ მივდიოდი. ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა და ნება დამრთო აქაურობა დამეტოვებინა, რათა არ მეხილა წმინდა ტაძრების დანგრევა, სალოცავების წაბილწვა, ჩემი სულიერ შვილების სისხლის დანთხევა. ნუ შემაჩერებთ, შვილნო ჩემნო.
მისგან ამ სიტყვების გაგონებაზე, ყველასათვის ნათელი გახდა, თუ რა უბედურება ელოდათ წინ და კიდევ უფრო მხურვალედ დაუწყეს ვედრება, რომ განსაცდელის დროს უპატრონოდ არ მიეტოვებინა ისინი წმინდანს და თავისი ლოცვა- კურთხევით გვერდში დასდგომოდა. განრისხებულმა მამა ილარიონმა კვერთხი მიწაზე დაჰკრა და თქვა:
-ლუკმას არ ჩავიდებ პირში და წყალს არ დავლევ, სანამ არ გამიშვებთ. თუ ჩემი სიკვდილის ნახვა გსურთ, მაშინ გზა გადამიღობეთ.
შვიდი დღე-ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ღირსი მამის დაყოლიებას, მაგრამ როცა დაინახეს, რომ გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა, მშვიდობით გაისტუმრეს. უამრავი ხალხი ტირილით აცილებდა წმინდა ილარიონს. ქალაქ ბეთილს რომ მიუახლოვდნენ, წმინდანმა მუხლი მოიყარა, მათთან ერთად ილოცა, მათი ბედი უფალს შეავედრა და სახლებში დაბრუნება სთხოვა. თავისი ძმებიდან ორმოცი კაცი ამოარჩია, რომლებსაც ხანგრძლივი მოგზაურობა შეეძლოთ, მზის ჩასვლის შემდეგ მცირე საკვები მიიღო და თანმხლებ პირებთან ერთად გზას გაუდგა. ხუთი დღის შემდეგ პელუზაში მივიდა. მიმდებარე, ლიხნოსის უდაბნოში მცხოვრები ძმები მოინახულა. სამი დღის შემდეგ ქალაქ თაბასტში შევიდა, სადაც ეპისკოპოს დრაკონტი აღმსარებელს შეხვდა, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა. ამის შემდეგ კვლავ რამდენიმე დღე გაატარა გზაში და დიდი გაჭირვებით მიაღწია ბაბილონამდე, სადაც ეპისკოპოსი ფილონ აღმსარებლის მონახულება ჰქონდა განზრახული.
ნეტარ ფილონთან შეხვედრის შემდეგ ღირსმა მამამ გზა განაგრძო და ქალაქ აფროდიტოპოლში ჩავიდა. მკაცრ და ხრიოკ უდაბნოში სამი დღის სიარულის შემდეგ მაღალ მთას მიადგა, სადაც ნეტარი მამა ანტონის სამყოფელი მდებარეობდა.
იქ წმინდანმა თავისი ორი მოწაფე ნახა, ისააკი და პელუსიანი, რომლებმაც დიდად გაიხარეს წმინდანის ხილვით. ის ადგილი მეტად ლამაზი იყო და ღირსმა მამამ კიდით-კიდემდე შემოიარა იქაურობა. მოწაფეებმა ყველა კუთხე-კუნჭული ანახეს, რომელიც ნეტარი ანტონის ღვაწლით იყო გაბრწყინებული.
-ამ ადგილას მამა ანტონი გალობდა,-მოუთხრობდნენ ისინი,- აქ კი განმარტოება უყვარდა; აქვე ლოცულობდა, ოდნავ მოშორებით კალათებს წნავდა; ამ ადგილას მძიმე შრომის შემდეგ შეისვენებდა. ეს ვენახი და ხეები მისი დარგულია. ეს წყალიც მან დააგუბა ბაღის მოსარწყავად. ორმოს ამოსათხრელად დიდი შრომა დასჭირდა. აი, ნიჩაბი, რითაც მიწას თხრიდა.
კიდევ ბევრი რამ უამბეს და აჩვენეს წმინდა ილარიონს. მაღალ მთაზე ორი კელია იყო, სადაც ღირსი ანტონი განმარტოვდებოდა. იმ ადგილამდე რომ მიდიოდნენ, მოწაფეებმა წმინდა მამას კიბეებთან უხვად მსხმოიარე ვაზი და სხვადასხვა ჯიშის ხილის ხე აჩვენეს, რომელიც მამა ილარიონს სამი წლის წინ დაერგო. იმ ადგილას მცირე შესვენების შემდეგ ნეტარი ილარიონი თანმხლებ პირებთან ერთად აფროდიტოპოლში დაბრუნდა, სადაც ძმებს პალესტინის მონასტერში დაბრუნება უბრძანა. თავისთან კი მხოლოდ ორი მათგანი დაიტოვა და გზა უდაბნოსკენ გააგრძელა, იქვე დასახლდა და ისეთ ასკეტურად ცხოვრობდა, თითქოს მაშინ შეუდგა ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.
მამა ანტონის გარდაცვალების შემდეგ სამი წლის განმავლობაში ციდან წვეთი არ ჩამოვარდნილიყო. ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო, რადგან მიწა სულ ერთიანად გადახრუკულიყო. ხალხი ამბობდა, რომ მხოლოდ ადამიანები კი არ გლოვობდნენ წმინდანის გარდაცვალებას, არამედ მიწა და ცაც. ხალხი და პირუტყვი შიმშილისგან და უწყლობისგან იხოცებოდა. როდესაც შეიტყვეს, რომ იმ ადგილებში ღირსი ანტონის მოწაფე მამა ილარიონი ცხოვრობდა, უამრავი ხალხი, დიდი თუ პატარა, უდაბნოში ეახლნენ წმინდანს და ხვეწნა-მუდარა დაუწყეს:
-უფალმა შენი თავი მამა ანტონის ნაცვლად გამოგვიგზავნა. შესთხოვე გულმოწყალე უფალს, რომ გამომშრალ მიწაზე ცის ნამი აწვიმოს.
ამდენი გაუბედურებული ადამიანის ხილვისას, რომლებიც შიმსილითა და წყურვილით იხოცებოდნენ, წმინდა ილარიონმაცასკენ აღაპყრო თვალები და და ხელები და ცრემლმორეულმა დაიწყო ლოცვა. მაშინვე საშინლად გაწვიმდა და გამომშრალი მიწა სულ ერთიანად დაალბო. იმ დღიდან ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. წმინდანთან ავადმყოფები მიჰყავდათ. ღირსი მამა დარწმუნდა, რომ განმარტოებას და ლოცვას ვერ შეძლებდა და გადაწყვიტა, უდაბნო ოასიმში გამგზავრებულიყო. მართლაც ასე მოიქცა და თავის ორ მოწაფესთან ერთად გზას გაუდგა. ალექსანდრიის გავლით ბრუქიაში ჩავიდა, სადაც ნაცნობი ძმები მოძებნა, რომლებმაც დიდი სიხარულით მიიღეს ნეტარი მამა. ცოტა ხნის შემდეგ წმინდანმა გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ ძმებს მისი გაშვება არ უნდოდათ და დარჩენას სთხოვდნენ. მაშინ მამა ილარიონმა ჩუმად წასვლა განიზრახა. როდესაც მისი მოწაფეები სახედარს კაზმავდნენ, მასპინძლებმა ყველაფერი შეიტყვეს და კარის წინ დაწვნენ.
-უმჯობესია, შენს ფერხთქვეშ დავიხოცოთ, -ამბობდნენ ისინი, -ვიდრე ასე მალე დაგშორდეთ.
-შვილნო ჩემნო, წამოდექით,-ევედრებოდა მათ ნეტარი მამა,-თქვენთვისაც და ჩემთვისაც უმჯობესია აქედან მალე გავემგზავრო, რადგან უფლისგან მითითება მივიღე, რომ გავემგზავრო. ვიცი, ბოლოს აუცილებლად გაიგებთ, თუ რატომ ვჩქარობ ასე.
ამ სიტყვების გაგონებაზე ძმები მაშინვე წამოდგნენ. წმინდანმა ლოცვა აღავლინა, გადაეხვია მათ და გაემგზავრა. უდაბნოში მიმავალს ღმერთი იფარავდა მრავალი განსაცდელისგან.
ღირსი მამის გამგზავრებიდან მეორე დღესვე ძმებთან ადგილობრივი წარმართები ჯალათთან ერთად მივიდნენ და იკითხეს, თუ სად იყო ილარიონი. როდესაც მისი გამგზავრების შესახებ შეიტყვეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს:
-ხედავთ, როგორი ჯადოქარი ყოფილა. წინასწარ შეიტყო, რაც ელოდა და გაქცეულა.
იქაურებს შურდათ წმინდანის, რომელთანაც უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ხალხი, რომლებიც წარმართულ ღვთაება მარნასს აღარ ეთაყვანებოდნენ. განსაკუთრებით გაგულისებულები ქურუმები იყვნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, დაეღუპათ წმინდანი, თუმცა ვერაფრით მოეხერხებინათ, რადგან მთელი ქალაქი და ახლომდებარე სოფლების მკვიდრნი დიდად აფასებდნენ ნეტარ მამას. როდესაც მეფე გარდაიცვალა და ტახტზე ეშმაკების მსახური, იულიან განდგომილი ავიდა, წარმართებმა დრო იხელთეს და ბოროტი განზრახვის აღსრულება განიზრახეს. მეფესთან ცილი დასწამეს წმინდანს და მის მოწაფეებს და სთხოვეს, მათთვის წერილობითი ბრძანება მიეცა, რომლის თანახმადაც ღაზის მახლობლად მდებარე მონასტერს დაანგრევდნენ, ბერებს ცემდნენ და განდევნიდნენ, ხოლო წმინდანს და მის თანაშემწე ისიქის დახოცავდნენ. უღმერთონი ასეც მოიქცნენ: მონასტერი დაარბიეს, ქრისტეს მსახურნი კი აქეთ-იქით გაფანტეს.
იმ დროისათვის ღირსი მამა, უფლისგან დაცული, ოასიმის უდაბნოში ცხოვრობდა. ერთი წლის შემდეგ მასთან მისი მოწაფე ადრიანე მივიდა და მოახსენა, რომ მეფე იულიანი მოკლული იყო და პალესტინაში დაბრუნებულიყო, რადგან დარბეულ ტაძარში კვლავ მშვიდობას დაესადგურებინა. განმარტოებით მცხოვრებმა წმინდანმა არ ისურვა პალესტინაში დაბრუნება, თუმცა იმაშიც დარწმუნდა, რომ ოასიმის უდაბნოში ხალხს თავს ვერ აარიდებდა და გადაწყვიტა, ლიბიისკენ გაემგზავრა თავის ერთ-ერთ მოწაფესთან, ზენონთან ერთად, ადრიანე კი პალესტინაში დაბრუნდა.
ზღვისპირა ქალაქ პარეთონში ილარიონი ხომალდში ჩაჯდა და სიცილიისკენ გაემართა, რათა როგორმე ხალხის თაყვანისცემას გასცლოდა. გემის მესაკუთრის ვაჟი ავი სულისგან იტანჯებოდა. ეშმაკმა წმინდანს უთხრა:
-უფლის მონავ, ზღვაშიც არ მასვენებ? ნაპირამდე მისვლა მაინც მაცალე, რომ ზღვის უფსკრულში არ შთავინთქა.
წმინდანმა უპასუხა:
-თუ ღმერთი მოგცემს უფლებას, საბრალო ადამიანის სხეულში დარჩე, რა გაეწყობა, მაგრამ თუ განგდევნის, მაშინ სხვა გზა არ გექნება. მე კი მხოლოდ ერთი ცოდვილი კაცი ვარ.
ეს რომ შეპყრობილის მამამ გაიგონა, წმინდანს მივარდა და მუდარა დაუწყო, შვილის სხეულიდან ავი სული განედევნა. ღირსი მამა უარს ამბობდა და თან თავს ცოდვილს უწოდებდა.
-თუ შემპირდებით, -თქვა მან ბოლოს,-რომ ამის შესახებ არავის უამბობთ იმ ქვეყანაში, სადაც მივცურავთ, ჩემს უფალს შევთხოვ, რომ ვაჟი გაათავისუფლოს ბოროტი ძალისგან.
თანხმობის მიღების შემდეგ, წმინდანმა ლოცვა აღავლინა და ჭაბუკის სხეულიდან ეშმაკი გააძევა. ამის დანახვაზე ყველა იქ მყოფმა ადიდა უფლის სახელი.
ხომალდი სიცილიის მთა პიქონს მიადგა, წმინდანმა ხომალდის მეპატრონეს საკუთარი ხელით გადაწერილი წმინდა წერილი გაუწოდა, რადგან მგზავრობის საფასური რომ გადაეხადა სხვა არაფერი გააჩნდა. მეპატრონემ საზღაურის მიღებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამას წმინდანი დაბეჯითებით მოითხოვდა.
-თქვენგან ვერაფერს ავიღებ, რადგან ღარიბი ხართ და ამის მეტი არაფერი გაგაჩნიათ, -ამბობდა გემის მეპატრონე.
წმინდანი კი გახარებული იყო, რომ მართლაც ღატაკი იყო და არანაირი ქონება არ გააჩნდა. ღირსი მამა თავის მოწაფესთან ერთად ნაპირიდან ოდნავ მოშორებით დასახლდა. მოწაფე ყოველდღე ერთ კონა ფიჩხს აგროვებდა და ახლომდებარე სოფელში ყიდდა, აღებული ფულით კი პურის პატარა ნატეხს ყიდულობდა და უფლის შეწევნით ასე გაჰქონდათ თავი.
მაგრამ ,,მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება"(მათ.5:14). ერთმა შეპყრობილმა რომში წმინდა პეტრეს ტაძარში წამოიყვირა:
-ცოტა ხნის წინათ სიცილიაში მონა ღვთისა ილარიონი ჩამოვიდა. მას არავინ არ იცნობს და ჰგონია, რომ დაიმალება, მაგრამ მე შემიძლია მასთან მიგიყვანოთ.
ასეც მოხდა. სიცილიაში ჩასვლისას, ილარიონის საცხოვრებელს მიადგა, კელიის წინ მუხლებზე დაეცა და ღირსი მამის ლოცვით განიკურნა. ქალაქში უცებ გავრცელდა ხმა მომხდარის შესახებ. უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან და განკურნებას ევედრებოდნენ. ბოროტი ძალისგან გათავისუფლებული კაცი წმინდანს ძვირფას ძღვენს სთავაზობდა, მაგრამ ნეტარმა ილარიონმა უარი თქვა საჩუქრის მიღებაზე:
-დაწერილია:,,უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით" (მათ.10:8).
სანამ ღირსი მამა სიცილიაში იმყოფებოდა, მისი საყვარელი მოწაფე, ნეტარი ისიქი, სამი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ეძებდა სულიერ მამას. შემოიარა მრავალი ქვეყანა, მთა თუ უდაბნო, მაგრამ ვერსად მიაგნო. ერთხელაც ზღვისპირა ქალაქ მეტონში ყოფნისას ერთი ებრაელი ვაჭრისგან გაიგონა, რომ სიცილიაში ვიღაც ქრისტიანი წინასწარმეტყველი უამრავ სასწაულს ახდენდა.
-რა ქვია იმ წინასწარმეტყველს და გარეგნობით როგორია?-ჰკითხა მას ისიქიმ.
-არ მინახავს და მისი სახელიც არ ვიცი,-უპასუხა ებრაელმა, -მის შესახებ მხოლოდ გამიგია.
ისიქი მიხვდა, რომ წინასწარმეტყველი სწორედ ის იყო, ვისაც ამდენი ხანი ეძებდა, ხომალდში ჩაჯდა და სიცილიისკენ გაემართა. გზაში გაიკითხ-გამოიკითხა და იმის მეტი ვერაფერი გაიგო, რომ წმინდანი უამრავ სასწაულს ახდენდა და ამის სანაცვლოდ პურის ნატეხსაც კი არ იღებდა. ადგილზე ჩასულმა ნეტარი მამა მოძებნა, ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლებით დაალტო. მოხუცმა ძლივს წამოაყენა საყვარელი მოწაფე და შემაგონებელი საუბრით დაამშვიდა.
ხალხის ნაკადი რომ აღარ შეწყდა, წმინდანმა თავის მოწაფეებს, ზენონსა და ისიქის უთხრა:
-აქ დარჩენა აღარ შეიძლება, შვილნო ჩემნო. სხვა ქვეყანაში უნდა გავემგზავროთ, სადაც არავინ არ გვიცნობს.
სასწრაფოდ მოემზადნენ და უფლის მითითებით ყველასგან უჩუმრად დალმატიის ქალაქ ეპიდავროსისკენ გაემგზავრნენ. ღმერთისავე ნებით რამდენიმე დღეში ქვეყანაში ხმა დაირხა, რომ სიცილიიდან უფლის მსახური იყო ჩამობრძანებული. მაშინვე უამრავი ადამიანი გაემართა მის სანახავად. მიეახლნენ, მუხლი მოიყარეს და დიდი განსაცდელისგან გათავისუფლება სთხოვეს: იმ ადგილებში უზარმაზარი გველი ბინადრობდა, რომელსაც ერთ ლუკმად არ ყოფნიდა ხარი და ხშირად ადამიანებსაც ცოცხლად ყლაპავდა. უამრავი ადამიანი და შინაური პირუტყვი ჰყავდა შეჭმული. ამის გაგონებაზე, წმინდანმა ბრძანა, დიდი რაოდენობით შეშა მოეზიდათ და კოცონი გაეჩაღებინათ. თავად კი მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო, რომ ღმერთს ეხსნა იქაურები საზარელი ქვეწარმავლისგან. ამის შემდეგ გველი იხმო. მართლაც დაემორჩილა უწმინდური მის ბრძანებას და მაშინვე იქ გაჩნდა. დიდი თუ პატარა შიშითა და გაოცებით ელოდა, თუ რა მოხდებოდა. ნეტარმა მამამ ქვეწარმავალს ცეცხლში შესვლა უბრძანა. მოხდა სასწაული, გველი მოჯადოებულივით კოცონისკენ გასრიალდა, ალში გაეხვია და დაიწვა. ამის დანახვაზე ხალხმა უფლის სახელი ადიდა და წმინდა ილარიონს მადლი შესწირა.
იმ დღის შემდეგ უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან დახმარების სათხოვნელად. წმინდანი ამის გამო ძალიან წუხდა და ფიქრობდა ისეთი ადგილი მოეძებნა, სადაც განმარტოებას მოახერხებდა. იმ დროს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ზღვამ სანაპირო ერთიანად წალეკა. ტალღების სიმაღლე მაღალ მთასაც კი ფარავდა. ეპიდავროსის ზღვის მახლობლად მცხოვრებნი სტიქიური უბედურების შემხედვარენი, საგონებელში ჩაცვივდნენ, ფიქრობდნენ, რომ მეორედ მოსვლა იწყებოდა და აღსასრულის მოლოდინში ხმამაღლა მოთქვამდნენ. ცოტა გონს რომ მოეგნენ, წმინდა ილარიონი გაახსენდათ და მისკენ გასწიეს. ღირს მამასთან რომ მივიდნენ, დიდი თუ პატარა ქვითინით შესთხოვდნენ, უფალს მათი ცოდვები შეენდო და მეტად აღარ დაესაჯა. წმინდა ილარიონი მათთან ერთად გაემართა ქალაქისკენ. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ცოტაც და ზღვა ქალაქს მთლიანად დაფარავდა. ნეტარმა მამამ ქვიშაზე სამი ჯვარი გამოსახა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და კაცთმოყვარე ღმერთს შეევედრა, თავისი ქმნილებები შეებრალებინა. მართლაც სანამ წმინდანი ლოცვას აღავლენდა, ზღვამ უკან დაიხია, მიწისძვრის ბიძგები შეწყდა და გრიგალიც ჩადგა. ამის შესახებ მრავალი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ ქალაქში და თაობიდან თაობას გადაეცემოდა მამა ილარიონის მიერ მოხდენილი სასწაულის ამბავი.
წმინდა ილარიონი, ადამიანების ხოტბა-დიდებისთვის რომ აერიდებინა თავი, გვიან ღამით თავისი სამყოფელი დატოვა და მოწაფეებთან ერთად იმ ხომალდზე ავიდა რომელიც კვიპროსისკენ მიემართებოდა. მგზავრობისას თავს მეკობრეები დაესხნენ. გემზე მყოფნი დიდად შეშინდნენ, წმინდა ილარიონი კი ამშვიდებდა მათ.
-ყაჩაღები რიცხობრივად ნუთუ ფარაონის მეომრებზე მეტნი არიან?-ამბობდა ის,-ნუთუ არ გახსოვთ, რომ ღმერთმა ისინი ზღვაში ჩაახრჩო.
მეკობრეების ხომალდი მათ გემს რომ მიუახლოვდა, წმინდანმა მრისხანედ მიმართა მათ:
-ისიც გეყოფათ, აქამდე რომ მოაღწიეთ.
მეკობრეების გემი მაშინვე შეჩერდა, ყაჩაღები ამაოდ უსვამდნენ ნიჩბებს, თუმცა ადგილიდან ვერ იძვროდნენ. ბოლოს შერცხვენილები დაბრუნდნენ უკან.
კვიპროსზე მისვლისას წმინდა ილარიონი უდაბურ ადგილას დასახლდა, ქალაქ პაფოსიდან ორიოდე ვერსის მოშორებით. თუმცა იქაც ვერ ნახა სიმშვიდე: ადამიანებში ჩასახლებულმა ეშმაკებმა გაავრცელეს ხმა მის შესახებ. უფლის ძალით ორასამდე ქალი თუ კაცი, რომლებიც ავი სულებისგან იყვნენ შეპყრობილნი, მიეახლნენ და შეევედრნენ, წმინდანს თავისი ლოცვით ბოროტი ძალისგან გაეთავისუფლებინა ისინი. ორი წლის შემდეგ ღირსმა მამამ გადაწყვიტა, ისეთი ადგილი მოეძებნა, სადაც შეძლებდა სიცოცხლის ბოლო წლები განდეგილობაში გაეტარებინა. ზღვისგან თორმეტიოდე ვერსის მოშორებით, მაღალ მთებში ჩაკარგული უდაბური ადგილი ნახა, ნაყოფით დახუნძლული ხილის ხეებით გარშემორტყმული (იმ ხეების ნაყოფი წმინდანს ერთხელაც არ უგემია), იქვე ნაკადულიც მოედინებოდა და მიტოვებული წარმართთა ტაძარიც იყო, სადაც უამრავი ეშმაკი სახლობდა. იქაურობა ძალიან მოეწონა წმინდანს და ხუთი წელი იცხოვრა იმ ადგილას. დღე და ღამე საშინელი ხმით წიოდნენ და ყმუოდნენ ავსულები, რათა წმინდა მამა შეეშინებინათ და იქიდან გაედევნათ. თავის მხრივ წმინდა მამა ლოცვითა და გალობით ებრძოდა ბოროტ ძალებს. ეშმაკების შიშით იმ ადგილს ადამიანები გაურბოდნენ, ამის წყალობით ნეტარმა ილარიონმა შეძლო განდეგილობაში გაეტარებინა ის წლები. ერთხელ თავისი ქოხის წინ დაუძლურებული ადამიანი დაინახა და ისიქის ჰკითხა:
- ვინ არის ეს კაცი და აქ ვინ მოიყვანა?
-იმ ადგილის მეპატრონეა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,-უპასუხა მოწაფემ.
წმინდანს ცრემლები მოერია, კაცისკენ ხელი გაიშვირა და თქვა:
-ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, გიბრძანებ, ადექი და გაიარე!
დასნეულებული კაცი მაშინვე წამოდგა სრულიად ჯანმრთელი და გაიარა, თან უფალს ადიდებდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა და წმინდანისკენ უწყვეტ ნაკადად დაიძრა ხალხი, მათ არც ბოროტი ძალები აშინებდათ და არც -რთული გზა.
ნეტარმა მამამ პალესტინელ ძმებთან ისიქი გაგზავნა და მათთან მოკითხვა და კეთილი სურვილებით დააბარა. თავად კი ისე იყო შეწუხებული ხალხის ქება-დიდებით, რომ გადაწყვიტა, იმ ადგილიდან წასულიყო და ისიქის დაბრუნებას ელოდებოდა. ამ დროს გარდაიცვალა მისი მოწაფე ღირსი ზენონი და მისი ამქვეყნად ყოფნის დროც დასასრულს მიუახლოვდა ( უკვე 80 წლის იყო).
წმინდანმა აღსასრულის სიახლოვე რომ იგრძნო, ანდერძი შეადგინა. საკუთარი ხელით გადაწერილი წმინდა წერილი, კაბა და კუნკული (ბერის თავსაბურავი) ისიქის დაუტოვა.
ამის შემდეგ საოცარი სიუსტე იგრძნო. მისი ავადმყოფობის შესახებ ცნობა პაფოსის მცხოვრებლებამდე მიაღწია და მრავალმა მათგანმა მისი მონახულება გადაწყვიტა. მათ შორის ღვთის მოშიში ქალიც იყო, სახელად კონსტანცია, რომლის ავადმყოფი ქალიშვილი წმინდანმა განკურნა.
ნეტარმა მამამ იცოდა, რომ უფალი თავისთან იხმობდა და მომსვლელებს სთხოვდა, მისი ცხედარი იმ ბაღში დაემარხათ, სადაც ცხოვრობდა. სულთმობრძავი ილარიონი ამბობდა:
-რისი გეშინია, ჩემო სულო! დატოვე სხეული! ოთხმოცი წელი უფალს ემსახურებოდი და სიკვდილმა როგორ შეგაშინა?
ამ სიტყვებით მიაბარა სული უფალს. გარდაიცვალა 371 ან 372 წლის 21 ოქტომბერს. ყველა იქ მყოფი როგორც მამას და მოძღვარს ისე დასტიროდა. დაკრძალეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც წმინდანმა დაიბარა.
პალესტინიდან დაბრუნებულმა ისიქიმ თავისი მოძღვარი ცოცხალი რომ ვეღარ ნახა, მრავალი დღის განმავლობაში მწარედ ტიროდა. სურდა, მისი წმინდა ნეშტი პალესტინაში გადაებრძანებინა, მაგრამ ადგილობრივები გამუდმებით დარაჯობდნენ წმინდანის საფლავს და ვერ შეძლო.
მაშინ ისიქიმ თქვა:
-აქ დავრჩები, რომ მეც ამ ადგილას აღვესრულო და ჩემი მოძღვრის გვერდით დავიმარხო.
ხალხმა მის სიტყვებში ეჭვი არ შეიტანა და უფლება მისცეს იქ დარჩენისა და ცხოვრების. ათი თვის შემდეგ ისიქიმ საფლავი გახსნა და ნახა, რომ ნეტარ მამას სახეზე ნათელი გადასდიოდა და ახალგარდაცვლილს ჰგავდა. მოწაფემ მოძღვრის ნეშტი მალულად პალესტინაში გადააბრძანა. პალესტინელმა ბერებმა ეს ამბავი რომ შეიტყვეს, სანთლებითა და საცეცხლურებით ხელში მაიუმში, წმინდანის პირველ მონასტერში გადაასვენეს.
აქვე მოგითხრობთ ზემოთხსენებული კონსტანციას შესახებ. ქალი დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა წმინდანის საფლავზე, ლოცულობდა და როგორც ცოცხალს ისე ესაუბრებოდა. როდესაც გაიგო, რომ საფლავი ცარიელი იყო, დარდისგან იქვე გარდაიცვალა და თავისი სიკვდილით დაამტკიცა, თუ რაოდენ განუზომელი იყო მისი რწმენა და სიყვარული წმინდანის მიმართ.
კვიპროსის მკვიდრნი და პალესტინელები ერთმანეთს ხშირად ეუბნებოდნენ:
- ჩვენს მიწაზე არის დაკრძალული წმინდა ილარიონი.
-ჩვენთან კი მისი სული ბრძანდება,-პასუხობდნენ კვიპროსელები.
ორივე ადგილას, კვიპროსზეც, სადაც პირველად იყო დაკრძალული და პალესტინაშიც, სადაც მოგვიანებით გადააბრძანეს, მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
ბეჭდვაელფოსტა
03.11. 2015
Violeta
Sheni dzala da lochva shegvawie dido wminda mamao ilarion.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ”ღირს არს ჭეშმარიტად”