ღირსი ევმენიოსი - ჰორტინელი ეპისკოპოსი (VII) - 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)
ღირსი ევმენიოსი - ჰორტინელი ეპისკოპოსი (VII) - 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)
ღირსი ევმენიოსი VII საუკუნეში ცხოვრობდა. კეთილმსახურებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. სიყმაწვილეში მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო, რომელსაც თან ახლდა უსაზღვრო თავმდაბლობა. სახეს ყოველთვის ცრემლებით იბანდა. არავის სმენია, რომ მას მოყვასი განეკითხოს, ანდა ვინმეს განკითხვა მოესმინოს. მან ისეთ სრულყოფილებას მიაღწია სათნოებების ქმნით, რომ ჰორტინის მცხოვრებმა აიძულეს, მათი ეპისკოპოსი გამხდარიყო.

ჰორტინის ეპისკოპოსად დაადგინეს კუნძულ კრეტაზე. წმინდა მღვდელმთავარი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი ლოცვით უფალს მრავალი სასწაული მოუხდენია, ხშირად წვიმა უწვიმია გვალვის დროს, განუკურნავს სნეულები და განუმტკიცებია დაბრკოლებულნი. ცნობილია, რომ წმინდანმა რომში იმოგზაურა და უქადაგა იქაურებს.

წმინდანი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი ჰორტინაში გადაასვენეს და რაქსოსის მთიან ოლქში დაკრძალეს. მისი საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ადგილობრივი გარდამოცემით, წმინდა ევმენიოსის და მისი წინამორბედის, წმინდა კირილეს წმინდა ნაწილები ძველი ჰორტინიდან 12 კილომეტრში, სოფელ აგიოს კირილოსში გადაასვენეს და ეკლესიაში დაკრძალეს. ცნობილია ისიც, რომ მან კონსტანტინოპოლში ერთმანეთს შეარიგა იმპერატორები - კონსტანტინე IV, ჰერაკლე და ტიბერიუსი, რომლებიც ერთდროულად მართავდნენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის 667-680 წლებში ცხოვრობდა.

ბეჭდვა
1კ1