წმინდა ნიკიტა მღვიმელის, დაყუდებულის, ნოვგოროდელი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (+1108) - ხსენება 30 აპრილი (13 მაისი)
წმინდა ნიკიტა მღვიმელის, დაყუდებულის, ნოვგოროდელი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (+1108) - ხსენება 30 აპრილი (13 მაისი)
30 აპრილს (ძველი სტილით) ეკლესია ნოვგოროდელი მღვდელმთავრის წმინდა ნიკიტას წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს.

დაახლოებით XII საუკუნის დასაწყისში წმინდა ნიკონ მღვიმელის წინამძღვრობის დროს კიევის მღვიმევის მონასტერში ერთი ახალგაზრდა მივიდა და ბერობა ითხოვა. წინამძღვარმა ბერად აღკვეცა ახალგაზრდა და ნიკიტა დაარქვა. ბერმა მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენი აფრთხილებდა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტა ყურად არ იღებდა რჩევას.

წინამძღვარი ეუბნებოდა:

- შვილო ჩემო! რა სიკეთეს მოგიტანს უქმად დაყუდება? ჯერ ახალგაზრდა ხარ, სჯობს ძმებთან დარჩე. მათი სამსახურით არ დაკარგავ შენს ჯილდოს. ეშმაკი გაცდუნებს, ჯერ გამოუცდელი ხარ.

ნიკიტა პასუხობდა:

- ვერასოდეს მაცდუნებს ბოროტი, უფალს ვთხოვ სასწაულმოქმედების ძალა მომცეს. ამაზე ნიკონმა უთხრა ახალგაზრდა ბერს:

- მაგის თხოვნა შენს ძალებს აღემატება, გაფრთხილდი, ხიბლში ხარ და მიწას არ დაენარცხო. ჩვენი მორჩილება გავალებს მონასტრის საძმოს ემსახურო. ამის გამო ღმერთისგან მორჩილების გვირგვინს მიიღებ.

წინამძღვრის შეგონება უშედეგო აღმოჩნდა, ნიკიტა მაინც დაეყუდა მღვიმეში. ერთხელ ბერი გალობდა, უეცრად გამოუთქმელი კეთილსურნელება იგრძნო და გაიგონა, რომ მასთან ერთად სხვაც გალობდა. ნიკიტამ იფიქრა, ანგელოზიაო, ასე რომ არ იყოს, ჩემთან ერთად არ ილოცებდა და აქაურობას სულიწმიდის კეთილსურნელება არ მოიცავდაო. გახარებულმა ბერმა უფრო ბეჯითად დაიწყო ლოცვა, გულში ამბობდა: "უფალო, გამომეცხადე, მსურს გიხილო." უეცრად მოესმა ხმა:

- არ გამოგეცხადები, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ასე ამპარტავნებით დაეცემი. ცრემლმორეულმა ნიკიტამ უპასუხა:

- არა, არ შევცდები, უფალო! წინამძღვარმა მასწავლა, ყური არ ვუგდო ეშმაკის ცდუნებას. რასაც მიბრძანებ, ყველაფერს შევასრულებ.
იმ წუთიდან გაბატონდა ნიკიტაზე ბოროტი, ისევ მოესმა დაყუდებულ ბერს ხმა:

- მოკვდავს არ შეუძლია ჩემი ხილვა, მაგრამ ჩემს ანგელოზს გიგზავნი, მუდამ შენთან იქნება, მას დაემორჩილე.

ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო და ბერს გამოეცხადა. ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა:

- არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენს მაგივრად კი მე ვილოცებ!

ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. ამის გამო ყველა მიხვდა, რომ ნიკიტა ეშმაკმა აცდუნა.

სავანის ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმინდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. 13 წელი მართავდა წმინდა ნიკიტა ნოვგოროდის ეპარქიას. მან მშვიდობით მიისვენა 1108 ან 1109 წელს. 1558 წელს წმინდა ნიკიტა ნოვგოროდელის წმინდა ნაწილები აღმოიყვანეს და დაასვენეს ნოვგოროდში წმინდა მოციქულ ფილიპეს სახელობის ტაძარში.

ბეჭდვა