ღირსი იაკობ აღმსარებელი (VIII-IX) - 24 მარტი (6 აპრილი)
ღირსი იაკობ აღმსარებელი (VIII-IX) - 24 მარტი (6 აპრილი)
ზოგიერთ სვინაქსარში ღირს იაკობ აღმსარებელს აიგივებენ წმინდა იაკობ ეპისკოპოსთან, რომელიც 21 მარტს იხსენიება. იაკობ აღმსარებელიც იაკობ ეპისკოპოსის მსგავსად გახლდათ თეოდორე სტუდიელის მოწაფე და სტუდიის მონასტრის ერთ-ერთი ბერი. ორივე იაკობი ხატმებრძოლობის ერესის დროს იდევნებოდა. სავარაუდოდ, ღირსი იაკობ ეპისკოპოსი დევნას განიცდიდა კონსტანტინე V-ის (741-775წწ.) ზეობისას, ხოლო ღირსი იაკობ აღმსარებელი ლეონ V სომეხის დროს (813-820 წწ.)

ეს მწვალებლური სწავლება კი ასე დაიწყო: მაჰმადიანებზე სამხედრო გამარჯვებებით სახელგანთქმულმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741 წწ.) მოინდომა, ხატების განადგურებით "ცრურწმენისგან" გაეწმინდა ეკლესია და ამ გზით გაექრისტიანებინა მაჰმადიანები და იუდეველები. 728 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად იკრძალებოდა ხატების თაყვანისცემა ტაძრებსა და სახლებში. იმპერატორმა დეკრეტის გამოცემა არ იკმარა და ბრძანა: ტაძრებიდან და სახლებიდან გამოეტანათ და სახალხოდ დაეწვათ ხატები. ხალხი უკიდურესად აღშფოთდა. ხატმბრძოლობა გაგრძელდა ლეონ ისავრიელის მემკვიდრეების დროსაც. მისმა ძემ, კონსტანტინე V კოპრონიმოსმა 754 წელს მოიწვია თანამზრახველთა უკანონო კრება, რომელზეც დაიგმო ხატთა ნებისმიერი სახით თაყვანისცემა და მისი მიმდევრები შეადარეს არიოზის, ნესტორისა და ევტიქის მომხრეებს. აგრეთვე სახიფათო ცრურწმენად მიიჩნიეს მონაზვნობა, ღვთისმშობლის, წმინდანებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა. ამის შემდეგ ეკლესიის კედლებიდან ჩამოფხიკეს სახარებისეულ მოვლენათა გამოსახულებები და ისინი ბუნების, ნადირობისა და სხვა სურათებით შეცვალეს. 775 წელს კონსტანტინე კოპრონიმოსი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ლეონ IV ავიდა. ახალი იმპერატორი, მამის დარად, ხატმებრძოლობის ერესის მიმდევარი გახლდათ, თუმცა თავისი წინამორბედივით ფანატიკოსი არ ყოფილა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცოლად ჰყავდა ათენელი ირინე, გონიერი და განათლებული ხატთაყვანისმცემელი ქალი. ლეონ IV-მ მხოლოდ ხუთი წელი იმეფა. 780 წელს მის ტახტზე მცირეწლოვან ვაჟთან, კონსტანტინეს¬თან ერთად მისი თანამეცხედრე აბრძანდა. დედოფალს ხატმებრძოლთა წინააღდეგ ძალადობა არ გამოუყენებია, მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ირინემ უწინდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომელთაც მწვალებლები დაუნდობლად შეურაცხყოფნენ. თუმცა ხატთაყვანის¬მცემლობის საბოლოო აღდგენისთვის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იყო საჭირო.

788 წელს VII მსოფლიო კრებაზე წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით დაიგმო ხატმბრძოლობის ერესი და დადგინდა ხატთა თაყვანისცემა. ოცი წლის კონსტანტინემ დედა - კეთილმსახური ირინე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად განაგებდა ქვეყანას, მმართველობას ჩამოაცილა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. ვნებებს აყოლილმა ახალგაზრდა იმპერატორმა კანონიერი მეუღლე ძალით აღკვეცა მონაზვნად და მის ნაცვლად ხორციელი ნათესავი შეირთო. მალე მეფის მაგალითს სხვა დიდ-გვაროვნებმაც მიჰბაძეს. თეოდორე სტუდიელმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე. მან მონასტერში დაგზავნა ეპისტოლეები, რომლებშიც იმპერატორი კონსტანტინე VI (780-797) ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილებების უგულებელყოფისთვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელი ჯერ ლიქნით ეცადა წმინდა მამის გადაბირებას, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, მხედართა რაზმი გაგზავნა სტუდიის მონასტრის დასარბევად. ამის შემდეგ სასტიკად ნაწამები თეოდორე თავის ათ თანამოსაგრესთან ერთად, ქალაქ თესალონიკში გადაასახლა. დედოფალმა ირინემ, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიბრუნა, ნეტარი თეოდორე საპყრობილიდან გაათავისუფლა და კოპრონიმოსის დროს დაცარიელებული სტუდიონის მონასტერი გადასცა. მალე სავანეში ათასამდე ბერმა მოიყარა თავი. სწორედ ამ დროს უნდა შემდგარიყო ბერად სტუდიის მონასტერში ღირსი იაკობ აღმსარებელიც.

ხანმოკლე სიმშვიდის შემდგომ ხატმბრძოლობის ერესი ისევ აღმოცენდა. იმპერიას სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, რომელმაც ხატმბრძოლობის ერესის აღსადგენად ყოველ ღონეს მიმართა. ლეონ სომხის მმართველობის წლებს (813-820) ბიზანტიის ისტორიაში ხატმბრძოლობის მეორე პერიოდად იხსენიებენ. სწორედ მის დროს, მოძღვარ თეოდორე სტუდიელთან ერთად იდევნებოდა ღირსი იაკობიც. ლეონი ყველა ღონისძიებას მიმართავდა ხატმბრძოლობის აღსადგენად, მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა მსოფლიო კრების განჩინებანი და ისევ შეავიწროვა ხატთა თაყვანისმცემლები. თეოდორე სტუდიელი უშიშრად მიმართავდა: "მეფეო, ნუ დაარღვევ ეკლესიაში მშვიდობას! მოციქულმა ბრძანა, რომ უფალმა ეკლესიას მისცა "რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი" (ეფეს. 4,11), მაგრამ მას მეფეები არ უხსენებია. დაუთმე ეკლესია მწყემსებსა და მოძღვრებს. თუ არა და, დაიჯერე, თავად ზეციურმა ანგელოზმაც რომ მოგვთხოვოს ჩვენი სარწმუნოებისათვის მიუღებელი რამ, არც მას მოვუსმენთ!" თეოდორეს შეგონებანი სულით ყრუ იმპერატორს არ ესმოდა. დევნა ძლიერდებოდა. ერთხელ, დღესასწაულის დროს, თეოდორემ მონასტრის ირგვლივ მოაწყო საზეიმო მსვლელობა ხატებით, რასაც თან ახლდა იოანე დამასკელის საგალობელი: "უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვცემთ, ქველის-მოქმედ..."

როდესაც ეს იმპერატორმა შეიტყო, წმინდანის გვემა ბრძანა, შემდეგ კი გადაასახლა შორეულ ქალაქში, სადაც ნესტიან და ბნელ საპყრობილეში დაამწყვდიეს. მასთან ერთად იყო მისი რამდენიმე მოწაფე, მათ შორის ღირსი იაკობიც. ღირსი იაკობის დევნულობა, ისევე როგორც თეოდორე სტუდიელის ლეონ სომხის გარდაცვალებისთანავე დასრულდა. ღირსი იაკობი დაბრუნდა სტუდიის მონასტერში და იქ გარდაიცვალა. წმინდა თეოდორე სტუდიელიც დააბრუნეს კონსტანტინოპოლში, მაგრამ ვერ აიტანა დედაქალაქში გამეფებული უზნეობა და განმარტოებულ ადგილას დასახლდა.

იაკობ აღმსარებლის შესახებ ცნობებს გვაწვდის თეოდორე სტუდიელის და სტუდიის მონასტრის იმჟამინდელი იღუმენის მიმოწერა. იღუმენი ატყობინებს წმინდა თეოდორეს იაკობის მიცვალების ამბავს, ღირსი თეოდორე მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს იმ ღვაწლს, რომელსაც იაკობი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ეწეოდა, იცავდა ხატთა თაყვანისცემას და იტანდა დევნას ამის გამო.

ბეჭდვა
1კ1