წმინდა ლავრენტი პეჩორელი (+1194) - 29 (11.02) იანვარი
წმინდა ლავრენტი პეჩორელი (+1194) - 29 (11.02) იანვარი
ნიკიტას შემდეგ კიდევ ერთ გამოუცდელ ახალგაზრდა ბერს, სახელად ლავრენტის მოუნდა დაყუდება კიევ-პეჩორის მღვიმეთა მონასტერში. კიევ-პეჩორის მონასტრის მამები არ აძლევდნენ მას ამის უფლებას, ამიტომ ლავრენტი გადავიდა წმინდა დიმიტრის მონასტერში, რომელიც იზიასლავს ეკუთვნოდა და იქ დაეყუდა. მტკიცე რწმენისთვის უფალმა ლავრენტი მკურნალის ნიჭით დააჯილდოვა. ერთხელ ბერთან კიევიდან მოიყვანეს ეშმაკით შეპყრობილი. ლავრენტის სურდა განედიდებინა თავისი მშობლიური კიევ-პეჩორის მონასტერი და სნეულის პატრონებს ურჩია, კიევის მღვიმეთა მონასტერში წაეყვანათ. სწორედ ამ დროს შეპყრობილმა იყვირა:

- ვისთან მგზავნი?! არ შემიძლია მივუახლოვდე იმ მღვიმეთა მონასტერს იქ დასვენებული წმინდა მამების გამო, თვითონ მონასტერში კი ოცდაათი ბერის მეშინია, დანარჩენებს შევებრძოლები.

შეპყრობილის ახლობლებს გაუკვირდათ მისი ნათქვამი, რადგან ავადმყოფი მღვიმეთა მონასტერში არასდროს ყოფილა. ღირსი ლავრენტი ჩაეკითხა შეპყრობილს, - ვინ არიან ისინი, ვისიც ასე გეშინია იმ მონასტერშიო. შეპყრობილმა ოცდაათივე ბერის სახელი თქვა და თან დასძინა, მათ ერთი სიტყვითაც შეუძლიათ ჩემი განკურნებაო. სნეულს უთხრეს, რომ ჩაკეტავდნენ მღვიმეში, იქ, სადაც გარდაცვლილი წმინდა მამების სხეულები ესვენა.

- რას მარგებს მკვდრებთან ბრძოლა, - გაიოცა შეპყრობილმა, - თუ ჩემი ბრძოლის ნახვა გინდათ, მონასტერში მიმიყვანეთ.

მოულოდნელად შეპყრობილმა ებრაულად, ბერძნულად და ლათინურად დაიწყო საუბარი. მანამდე მან არც ერთი ეს ენა არ იცოდა. შეშინდნენ სნეულის ახლობლები, უკვირდათ ის, რაც მათი ახლობლის თავს ხდებოდა, წაიყვანეს კიევის მღვიმეთა მონასტერში. მონასტერთან მისულებიც არ იყვნენ, რომ შეპყრობილი მოულოდნელად განიკურნა. შევიდნენ მონასტერში, სტუმრებს წინამძღვარი მონასტრის ძმებთან ერთად შეხვდა, თუმცა განკურნებული არავის იცნობდა, არც იმათ, ვისი სახელებიც მანამდე ჩამოთვალა. ჰკითხეს, ვინ მოგარჩინაო? მან შეხედა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და თქვა, - აი, მასთან ერთად შემოგვხვდა ჩვენ ოცდაათი წმინდა მამა და განვიკურნეო.

ყველას სახელი იცოდა, ოღონდ სახეზე ვერც ერთს ვერ ცნობდა. ყველამ ერთად ადიდა უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

წმინდა ლავრენტის ცხედარი მისი გარდაცვალების შემდეგ კიევ-პეჩორის ლავრაში დაასვენეს, ის დღემდე უხრწნელია.

ბეჭდვა
1კ1